გიორგი გახარია - მიუხედავად იმისა, როგორ ჩაგვიქრობენ შუქს პრეზენტაციის დღეს, დაგვიხურავენ ოფისს, ზეწოლას მოახდენენ და სამსახურებიდან გამოყრიან ადამიანებს, ჩვენ გავაგრძელებთ ქვეყნის მსახურებას

პარტია „საქართველოსთვის“ კიდევ ერთი ოფისი გორში გაიხსნა. ახალი ოფისი პარტიის თავმჯდომარე გიორგი გახარიამ პოლიტსაბჭოს წევრებთან ერთად გახსნა.

„დღეს, ჩვენ, შიდა ქართლში, საქართველოს გულში, გორში ვხსნით პარტიის ახალ ოფისს და ასე დაიწყება პარტია „საქართველოსთვის“ საარჩევნო კამპანია მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად. მინდა, თითოეულ გორელს მადლობა გადავუხადო დღეს აქ, ჩვენთან მობრძანებისთვის, მხარდაჭერისთვის და მინდა გითხრათ, რომ ჩვენ არ ვუღალატებთ ჩვენს პრინციპებს, ჩვენ ვიშრომებთ და ვიზრუნებთ ქვეყნის მომავლისთვის, ჩვენი მოქალაქეების მომავლისთვის.

ჩვენ არ ვებრძვით არავის, არავის წინააღმდეგ არ ვართ, ჩვენ ვართ მხოლოდ საქართველოსთვის და საქართველოს მომავლისთვის მიუხედავად იმისა, რას მოგვიგონებენ, მიუხედავად იმისა, როგორ იჭორავებენ და გაგვლანძღავენ, მიუხედავად იმისა, როგორ ჩაგვიქრობენ შუქს პრეზენტაციის დღეს, რომელიც დღეს აქ მოგვიწყვეს, მიუხედავად იმისა, რომ დაგვიხურავენ ოფისს, მიუხედავად იმისა, რომ ზეწოლას მოახდენენ და სამსახურებიდან გამოყრიან ადამიანებს, რომლებიც წლებია საჯარო მოსამსახურეები არიან და ემსახურებიან სახელმწიფოს და ქვეყანას, მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩვენ გავაგრძელებთ თითოეული ჩვენი მოქალაქის და ჩვენი ქვეყნის მსახურებას იმისთვის, რომ ავაშენოთ ძლიერი სახელმწიფო", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამასთან, როგორც გახარიამ აღნიშნა, არ უნდა დავრჩეთ წარსულში.

"მე მინდა ყველამ იცოდეთ, რომ პირველი ნაბიჯი, რომელიც ჩვენ პოლიტიკაში დარჩენით გადავდგით - ეს ნაბიჯი განსაზღვრული იყო პასუხისმგებლობით, რომელსაც ვგრძნობთ თქვენს წინაშე - ჩვენი მოქალაქეების წინაშე. ჩვენ - ეს არის აბსოლუტურად გულწრფელი სიტყვები - ყველამ ერთად უნდა გავაგრძელოთ ქვეყნის განვითარება და ქვეყნის წინსვლა. ჩვენ არავის არ უნდა ვებრძოლოთ, არავის არაფერი არ უნდა ვუმტკიცოთ - ჩვენ უბრალოდ უნდა მოვკიდოთ ხელი საქმეს, მოვკიდოთ ხელი მოქალაქეებს და წავიდეთ წინ. ჩვენ არ უნდა დავრჩეთ წარსულში, - არ უნდა ვიყოთ იმ რეალობაში, როდესაც ქვეყანა გაყოფილია 2 ნაწილად - ერთი ამტკიცებს თავის სიმართლეს, მეორე ამტკიცებს თავის სიმართლეს - თან ერთმანეთს უმტკიცებენ ამას და საერთოდ, ჩვენი მოქალაქეები საერთოდ დავიწყებული ჰყავს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

როგორც გახარიამ აღნიშნა, მისი პარტიის ძირითადი პროგრამა, 3 კომპონენტისგან შედგება.

"ქვეყნის განვითარება, ქვეყნის დემოკრატიზაცია და რა თქმა უნდა უსაფრთხოება - და გორში ახლა აქ, სიმბოლურია რა თქმა უნდა, რომ ჩვენ უსაფრთხოებაზე ვილაპარაკოთ. როდესაც ვსაუბრობთ ოკუპაციაზე, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ მიწის 20% ოკუპირებული - ეს ჩვენი ქვეყნის განვითარების პოტენციალია შეზღუდული. შეუძლებელია ჩვენ არ გვქონდეს ქვეყანაში დეოკუპაციის გამართული და ძლიერი სტრატეგია, შეუძლებელია, რომ ქვეყანაში არ იყოს დებორდერიზაციის სტრატეგია. ეს ყველაფერი საჭიროა იმისთვის, რომ ჩვენ ხვალ, ზეგ შევძლოთ ჩვენი ქვეყნის მთლიანობის აღდგენა. და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს წარმატება უბრალოდ წარმოუდგენელია ქვეყნის გაერთიანების გარეშე. ამიტომ, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი დეოკუპაციის გააზრებული, გონივრული სტრატეგია, ჩვენი გონივრული ურთერთობა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, ჩვენი გონივრული , ცივი, გათვლილი პრაგმატული პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში - ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. არავის არ უნდა ეგონოს რომ ჩვენს გასაკეთებელს ვინმე გააკეთებს, არავინ არ უნდა ფიქრობდეს რომ ვინმე დაელაპარაკება მტერს - ეს ჩვენი გასაკეთებლია“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს