გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით ქედაში მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამა ხორციელდება

2021 წლის 29 ივნისს, ქედის მუნიციპალიტეტში 2021 წლის მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა. პროგრამის ფარგლებში ქედის მუნიციპალიტეტმა ადგილობრივი ბიუჯეტიდან 950 000 ლარი გამოყო მოქალაქეთა იდეებისთვის, რაც მუნიციპალიტეტის საერთო ბიუჯეტის 10%-ს შეადგენს. პრეზენტაციას ესწრებოდნენ ცენტრალური, რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების წარმომადგენლები და აქტიური მოქალაქეები.

„ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობა 2020-2025 წლის დეცენტრალიზაციის სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული მიზანია. ერთი მხრივ, მივესალმებით ქედის მუნიციპალიტეტის ინიციატივას, ჩართოს მოქალაქეები ადგილობრივი ბიუჯეტირების დაგეგმარების პროცესში, ხოლო მეორე მხრივ, სამაგალითოა ადგილობრივი მოსახლეობის აქტიურობა, რაზეც მეტყველებს შემოსული იდეების რაოდენობა. მნიშვნელოვანია, ქედის მუნიციპალიტეტის წარმატებული გამოცდილების გაზიარება მოხდეს სხვა მუნიციპალიტეტებშიც, რაშიც ჩვენი განვითარების პარტნიორების დახმარების იმედიც გვაქვს“ - აღნიშნავს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი.

მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამის ფარგლებში, ქედის მუნიციპალიტეტის მთელს ტერიტორიაზე, 64 დასახლებაში მცხოვრებ მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ წარედგინათ საპროექტო იდეები, რომელთა შერჩევას ისევ ადგილობრივი მაცხოვრებლები შეძლებენ ხმის მიცემის გზით. GIZ-ის მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა“ ადგილობრივი ახალგაზრდა სამოქალაქო აქტივისტების ჩართულობით კომპლექსური საინფორმაციო კამპანია წარმართა. კამპანიის ფარგლებში ახალგაზრდა აქტივისტები კარდაკარ დადიოდნენ, მოსახლეობას აწვდიდნენ პროგრამის შესახებ ინფორმაციას და უწევდნენ კონსულტაციებს საპროექტო იდეების წარდგენის პროცესში. ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში დაახლოებით ოთხი ათასმა ადგილობრივმა მცხოვრებმა მიიღო მონაწილეობა და ქედის მუნიციპალიტეტის მერიაში 232 იდეა შევიდა.

„ქედა მიგვაჩნია სამაგალითო მუნიციპალიტეტად, რომელმაც საკუთარი ინიციატივით გამოთქვა მზაობა, რომ მუნიციპალიტეტის საჯარო თანხის დიდი ნაწილი გამოიყოს მოქალაქეთა თანამონაწილეობის მიზნებისთვის იმ კონცეფციის შესაბამისად, რომელიც ჩვენ მუნიციპალიტეტთან ერთად შევიმუშავეთ 2019-2020 წლებში. მოხარულები ვართ, რომ წელს 230 პროექტზე მეტი შემოვიდა მოქალაქეთა მხრიდან. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ახალგაზრდების ჩართულობა ამ პროცესში. ციფრები წარმატების მაჩვენებელია და სწორედ ეს არის მიზეზი, რატომაც ჩვენ ქედასთან და აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებთანაც გავაგრძელებთ თანამშრომლობას ამ მიმართულებით“ - აღნიშნავს GIZ-ის პროგრამის - კარგი მმართველობა ადგილობირივი განვითარებისთვის - დირექტორი კრისტოფ ბაიერი.

პრეზენტაციაზე დაჯილდოვდნენ ყველაზე კრეატიული იდეისა და პროექტების ყველაზე ახალგაზრდა და უხუცესი ავტორები.

პროექტი - „ქედის მუნიციპალიტეტში მონაწილეობითი ბიუჯეტირების ინსტიტუციურ დონეზე დანერგვის ხელშეწყობა მდგრადი განვითარების მიზნების შესაბამისად“ - ხორციელდება GIZ-ის მხარდაჭერით. გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს (BMZ) დავალებით, GIZ 1992 წლიდან საქართველოს კარგი მმართველობის, დემოკრატიის, მდგრადი ეკონომიკური განვითარების, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების მიმართულებით ეხმარება. 2020 წლის 1-ლი აპრილიდან GIZ-მა დაიწყო ახალი პროგრამის - „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში“ განხორციელება. საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროსა და სხვადასხვა მუნიციპალიტეტებთან სტრატეგიული თანამშრომლობით, პროგრამა ხელს უწყობს მოქალაქეზე ორიენტირებული ადგილობრივი თვითმმართველობის ჩამოყალიბებასა და რეგიონულ განვითარებას.

გარდა ქედის მუნიციპალიტეტისა, 2021 წელს GIZ მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროექტების განხორციელებას მხარს დაუჭერს რუსთავის, საგარეჯოს, ონის, ხარაგაულის, ლაგოდეხისა და სენაკის მუნიციპალიტეტებში.

გერმანიასა და საქართველოს შორის განვითარების თანამშრომლობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე:

BMZ: https://www.bmz.de/en/countries_regions/Central-Eastern-and-South-Eastern-Europe/georgien/index.html

GIZ: https://www.giz.de/en/worldwide/359.html

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა