ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი - არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ილიაუნის სტუდენტთა მონაწილეობით გრემის ტაძარში ლევან ბაგრატიონის აკლდამა აღმოაჩინა

გრემის მთავარანგელოზის ტაძარში ეროვნული მუზეუმის მიერ დაგეგმილმა არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, რომელსაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ნოდარ ბახტაძე ხელმძღვანელობდა და ილიაუნის არქეოლოგიის მიმართულების სტუდენტები მონაწილეობდნენ, ქართველი მეფის, ლევან ბაგრატიონის აკლდამა გამოავლინა.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმაციით, აკლდამაში დადასტურდა ლევან მეფის ნეშტის სავარაუდო ნაწილები და მე-16 საუკუნის რამდენიმე ნაკეთობა.

„ლევან მეფეს დიდი ღვაწლის გამო შთამომავლობამ „დიდის“ და „აღმშენებლის“ ზედწოდებანი მიანიჭა. მან 54 წელი იმეფა (1518-1574 წწ.) ერთიანი საქართველოს დაშლის შედეგად წარმოქმნილ კახეთის სამეფოში და მისი გონივრული საგარეო და საშინაო პოლიტიკის წყალობით ქვეყანამ არნახულ სტაბილურობასა და ეკონომიკურ აღმავლობას მიაღწია.

მართალია ისტორიული წყაროებისა და გადმოცემების მიხედვით (მათ შორის ვახუშტი ბაგრატიონის თხზულებითაც) ეს დიდი მოღვაწე ქალაქ გრემში, მისივე ძალისხმევით აგებულ მთავარანგელოზთა ტაძრის კომპლექსში, უნდა ყოფილიყო დაკრძალული, მაგრამ ამ განსასვენებლის კონკრეტული ადგილი უცნობი იყო, რადგან საფლავის ქვა ან სხვა ზედმიწევნითი მინიშნება არ არსებობდა.

მიმდინარე არქეოლოგიური კვლევის დროს ტაძრის დარბაზის სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში, შემაღლებული პლატფორმის ქვეშ, კედელზე გამოსახული ტაძრის გვირგვინოსანი ქტიტორის, ლევან მეფის ფერწერული გამოსახულების წინ გამოვლინდა აგურით საგულდაგულოდ გამოყვანილი, თაღური კამარით გადახურული აკლდამა, რომელშიც ორსაფეხურიანი დრომოსით ჩადიოდნენ.

აკლდამაში დადასტურდა ლევან მეფის ნეშტის სავარაუდო ნაწილები და მე-16 საუკუნის რამდენიმე ნაკეთობა. მეფესთან საბოლოო იდენტიფიცირებისთვის მოპოვებული ნეშტის ფრაგმენტებისა და აკლდამის ინტერიერიდან უკვე აღებული სხვა ნიმუშების კვლევა ტექნიკური მეთოდებით ჩატარდება საქართველოს ეროვნული მუზეუმის კვლევით ინსტიტუტებში, აგრეთვე საზღვარგარეთის სპეციალიზებულ ლაბორატორიებში.

ექსპედიციას ხელმძღვანელობდა პროფესორი ნოდარ ბახტაძე.

არქეოლოგიის დოქტორი, ვაჟა მამიაშვილი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული)

არქეოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები იყვნენ გიორგი ადუაშვილი, მარიამ წიქარაშვილი, ქეთი წივილაშვილი, საბა გაბიძაშვილი.

ექსპედიცია დაიგეგმა ეროვნული მუზეუმის მიერ ყვარლის მუნიციპალიტეტში ყოველწლიურად მიმდინარე არქეოლოგიური ექსპედიციების სერიის ფარგლებში. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ეროვნულ მუზეუმს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ილიაუნის სტუდენტები რეგულარულად მონაწილეობენ ყვარლის მუნიციპალიტეტში მიმდინარე არქეოლოგიურ ექსპედიციებში კურსის „საველე არქეოლოგიური პრაქტიკა“ ფარგლებში”,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაამართლა თუ არა მართვის მოწმობის ასაღები გამოცდის რეალურ მოძრაობაში გადატანამ და როგორია ჩაბარება-ჩაჭრის მაჩვენებელი? - ინტერვიუ შსს-ს მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2022
ირაკლი მელაშვილი - დასავლური კურსი დეკლარირებული გვაქვს, მაგრამ ხელისუფლებას მკაფიოდ აქვს გასაცემი პასუხი კითხვაზე - რატომ ამბობს საქართველო უარს დასავლეთის სამხედრო დახმარებაზე
ტერაბანკისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, „ავეჯის აკადემიის“ საამქრო ახალი დანადგარებით აღიჭურვა
თბილისში „ელიტ ელექტრონიქსის“ ახალი კონცეფციის მაღაზია გაიხსნა
თბილისში „სმარტის“ 32-ე სუპერმარკეტი გაიხსნა
ბაზისბანკმა, შეღავათიანი აგრო კრედიტის ფარგლებში, ხილის გადამამუშავებელი ქარხანა დააფინანსა
ევექსი კლინიკებმა კამპანია - „გეკუთვნის“ დაიწყო
კახა ოქრიაშვილი - ჩვენი ეკონომიკა მინუსშია! დაბეჭდავენ ფულს, როგორც აქამდე და დაარიგებენ, ოღონდ ამ ფულით უფრო ნაკლებს ვიყიდით, ვიდრე დღეს ვყიდულობთ
წარმატება, რომელსაც BTU-მ 6 წლის განმავლობაში მიაღწია
ქართული ხალხური სიმღერის გამორჩეულ ოსტატსა და ლოტბარს, ტრისტან სიხარულიძეს სპეციალური ჯილდო - „მადლიერების ჩიტი“ გადაეცა