კორონავირუსის საწინააღმდეგო მასობრივ ვაქცინაციაში სამედიცინო ქსელი ,,გორმედი“ გაზრდილი მოცულობით, კვირაში 7 დღის განმავლობაში ვაქცინაციის 5 კაბინეტით ჩაერთვება, - ამის შესახებ სამედიცინო ქსელის მთავარმა მენეჯერმა მერაბ მაისურაძემ განაცხადა.
მაისურაძის ინფორმაციით, მხოლოდ ,,გორმედში“ შესაძლებელი იქნება ყოველდღიურად 250-300 პირის აცრა.
„საქართველოში ვაქცინაციის დაწყებიდან დღემდე, „გორმედის“ ქსელის ორი კლინიკა - გორის საუნივერსიტეტო კლინიკა და ქარელის ცენტრალური საავადმყოფო ჩართულია ვაქცინაციაში ორი კაბინეტით, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ გადავდივართ ახალ ეტაპზე, მასობრივ ვაქცინაციაზე, სამედიცინო ქსელი „გორმედი“ უკვე მზად არის, რომ 5 ივლისიდან ერთდროულად აამოქმედოს ვაქცინაციის 5 კაბინეტი კვირაში 7 დღის განმავლობაში, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ ქსელმა ყოველდღიურად 250-300 პირის აცრა შეძლოს. ტექნიკურად უკვე ყველაფერი მზადაა, როგორც გორის, ასევე ქარელის კლინიკაში, მედპერსონალი გადამზადებულია, ვაქცინაციის ჯგუფები დაკომპლექტებულია და მასობრივი ვაქცინაციის პროცესში ჩასართავად შემაფერხებელი ფაქტორები არ გვაქვს, მთავარია მოსახლეობის მხრიდან აქტიურობა“, - განაცხადა მერაბ მაისურაძემ.
შეგახსენებთ, „სინოფარმის“ და „სინოვაკის“ ვაქცინების მილიონი დოზა საქართველოში 2 ივლისს შემოვიდა და ორშაბათიდან, 5 ივლისიდან, მასობრივი ვაქცინაციის დაწყება იგეგმება.