ქართული პრესის მიმოხილვა 05.07.2021

გია ხუხაშვილი - “შარლ მიშელმა ისევ უნდა აიღოს ინიციატივა და ცესკოს ევროპელმა სპეციალისტმა უხელმძღვანელოს”

როდის ვიგრძნობთ მასობრივი ვაქცინაციის სარგებელს და რამდენად ეფექტურია ჩინური ვაქცინები “დელტა” შტამის მიმართ

ადვოკატი მამუკა ნოზაძე - “300 მოსამართლეში 20-მდე ცოლ-ქმარი და 20-მდე და-ძმაა, დანარჩენი კი ბიძაშვილ-მამიდაშვილები და ნათლიები არიან”

ევროპის ახალი ამბიციური გეგმა აღმოსავლეთ პარტნიორობასა და საქართველოსთვის

თემურ ჭყონია - “ცდების ჩატარების უფლება ქალაქზე, ხალხზე, ეკონომიკაზე, არავის გვაქვს”

* * *

გია ხუხაშვილი - “შარლ მიშელმა ისევ უნდა აიღოს ინიციატივა და ცესკოს ევროპელმა სპეციალისტმა უხელმძღვანელოს”

“დავიწყოთ იმით, რომ სისტემა ისეა მოწყობილი, მის წიაღში დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები არ მიიღება, ეს ხდება გარკვეული პოლიტიკური ტაქტიკის საფუძველზე. ადამიანს შეიძლება ძალიანაც უნდოდეს წასვლა, მაგრამ როდესაც ის არის სისტემის ნაწილი, ამ სისტემას აქვს ყველა მექანიზმი იმისთვის, რომ არ გაუშვას. მას უშვებენ მხოლოდ მაშინ, როდესაც მიიჩნევენ, რომ ბოლომდე გამოიყენეს და აღარ სჭირდებათ.სწორედ ამაზე მეტყველებდა “ქართული ოცნების” ბოლო პერიოდის რიტორიკა, რომლის მიზანი იყო ჟვანიას თამაშიდან გაყვანა მაქსიმალურად პოზიტიური შეფუთვით. გაგახსენებთ - “ქართული ოცნება” ოპოზიციისგან მისთვის ბოდიშის მოხდასაც კი ითხოვდა, რათა ჟვანია მაქსიმალურად თავაწეული გაეშვათ... სისტემის გასამყარებლად ხელისუფლებას დღეს ბევრი ამოცანა აქვს გადასაწყვეტი, რადგან მას უკვე არაერთი ბზარი გაუჩნდა. ასეთ დროს ერთი მიმართულებით ბარტყების გადაყრაა საჭირო, რათა სხვა მიმართულებით რაღაც შენთვის მნიშვნელოვანი შეინარჩუნო...“ - აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “შარლ მიშელმა ისევ უნდა აიღოს ინიციატივა და ცესკოს ევროპელმა სპეციალისტმა უხელმძღვანელოს” / “მელიას მერად გახდომის თუ ვერგახდომის შემთხვევაში სააკაშვილი მოიგებს. მით უფრო, თუ მელია დამარცხდა, იტყვის და პარტიასაც დაარწმუნებს, აბა, რაზე აქვს მას პრეტენზიაო?!”

“ვფიქრობ, სწორედ ამ ისტორიასთან გვაქვს საქმე. ჟვანია “გადააგდეს”, სამაგიეროდ, მოსამართლეების დანიშვნის პროცესს დაჩქარებული წესით აგრძელებენ. ამ ეტაპზე მათთვის მართლმსაჯულების სისტემის მონოპოლიზება გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ვიდრე ჟვანიას შენარჩუნება, რომლის ჩანაცვლებაც ძნელი არ იქნება, მით უფრო, თუ ამით გარკვეულ ტაქტიკურ უპირატესობას მოიპოვებენ. მიამიტები არ ვართ და გვესმის, რომ ჟვანია არ ყოფილა გამყალბებელი, ის იყო მხოლოდ შემსრულებელი. მისი ფუნქცია საარჩევნო პროცესში უფრო თვალის მაგრად დახუჭვა იყო, ვიდრე გაყალბებაში მონაწილეობა. ხელისუფლება დანიშნავს ადამიანს, რომელმაც საარჩევნო სისტემა კარგად იცის და თანაც, პოლიტიკური დაკვეთების შესრულებაში, ჟვანიასთან შედარებით, უფრო შორს წავა. რამდენიმე ასეთი ადამიანის ვინაობა მეც ვიცი... შეცვლილი საარჩევნო კანონმდებლობით, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევას სჭირდება უფრო მაღალი ლეგიტიმაცია. მხოლოდ ხელისუფლებას ამ გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლია. ახლა ჩვენ ვნახავთ მანევრებს. ჩემი აზრით, ფაქტობრივად, შეუძლებელია ისეთი კანდიდატურის პოვნა, რომელზეც კონსენსუსს მიაღწევენ. ასეთი შეიძლებოდა ყოფილიყო ქალბატონი ნინო ლომჯარია, მაგრამ რადგან მას ძალიან მაღალი კონსტიტუციური თანამდებობა უჭირავს, ალბათ, ამის სურვილი არც ექნება...” - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

“ჩვენ უნდა გავიაროთ ეს გარდამავალი ეტაპი, როდესაც პოლიტიკური ორპოლუსიანობა ირღვევა და გვეძლევა უნიკალური შანსი, ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ მულტიპარტიული დემოკრატია დამკვიდრდეს... ამ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესის სტაბილიზაცია და ფრთხილი ოპტიმიზმის გაჩენა უკავშირდება შარლ მიშელის ინიციატივას და შეთანხმების ცნობილ დოკუმენტს. ჩემი აზრით, რადგან ამ პროცესის გარანტია ევროკავშირი და ახლა ძალიან მნიშვნელოვანი ციკლი გვაქვს გასავლელი, შარლ მიშელმა ისევ უნდა აიღოს ინიციატივა და გარკვეული დროით, თუნდაც თვითმმართველობისა და რიგგარეშე არჩევნების ჩასატარებლად (თუ ეს საჭირო გახდა) ცესკოს ხელმძღვანელად მოვიწვიოთ ევროპელი საარჩევნო სპეციალისტი. ეს დაგვაზღვევდა ძალიან ბევრი რისკისგან. ერთი მხრივ, ხელისუფლებას არ მისცემდა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების და ბევრი სხვა ტიპის დარღვევის საშუალებას და, მეორე მხრივ, ოპოზიციის სპეკულაციებისგანაც დაგვაზღვევდა. გასაგებია, რომ თუ ევროპის წარმომადგენელი იქნება ცესკოს თავმჯდომარე, მისთვის ანგაჟირებულისა და გამყალბებლის ძახილს მოერიდებიან. ეს შეიძლება იყოს არაორდინარული გადაწყვეტილება, მაგრამ ახლანდელ ვითარებაში სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ”, - დაასკვნის რესპონდენტი.

“როდესაც ხელისუფლება ფინანსურ ნაკადებს სრულად აკონტროლებს და საარჩევნოდ ყველა ბიზნესმენი ხელისუფლების სალაროსთან რიგში დგება, რომელ კონკურენტუნარიანობაზე შეიძლება ვილაპარაკოთ?! ყველაზე მნიშვნელოვანია ხელისუფლების მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, არაფერს ვამბობ პროპაგანდაზე, სპეცსამსახურების ჩართვაზე და ა.შ. თუ გვეყოლება ევროპელი ცესკოს თავმჯდომარე, რომელთანაც გარიგება შეუძლებელი იქნება, ის, მართალია, ყველა ხვრელს ვერ ამოქოლავს, მაგრამ ყველაფრის ობიექტურად შეფასებას შეძლებს და ხელისუფლება მასშტაბურ დარღვევებს ვერ გაბედავს. მოკლედ, ჩემი აზრით, ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა ეს საკუთარ თავზე უნდა აიღონ, თორემ რაც დღემდეა გაკეთებული, შეიძლება წყალში გადაიყაროს. ვიცი, რომ ამგვარი რამ არ მოეწონება არც ხელისუფლებას და არც ოპოზიციას, მაგრამ ჩემი აზრით, ამ ვითარებაში ეს ერთადერთი სწორი გამოსავალია”, - განაგრძობს ექსპერტი და შეკითხვაზე - “რთულად წარმოსადგენია, ამას დათანხმდეს ხელისუფლება, რომელიც მოსამართლეთა დანიშვნის პროცესმა ისე გაიტაცა, არაფრად აგდებს დასავლელი პარტნიორების კრიტიკულ განცხადებებს...” - პასუხობს:

“ჩემი აზრით, ხელისუფლებას არც აქვს არჩევნის დიდი საშუალება, ის გარკვეულწილად მძევალიც კია. როდესაც მათ ამ ე.წ. კლანთან დადეს კონტრაქტი, ვალდებულებებიც აიღეს. მოგეხსენებათ, კონტრაქტი გარკვეულ პირობებზე შეთანხმებას ნიშნავს, ჰოდა, მაშინ, როდესაც მართლმსაჯულების სისტემამ ნაკისრი ვალდებულებები პირნათლად შეასრულა და პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებები მიიღო, მათ აქვთ ამბიცია, რომ ხელისუფლების ვალდებულებების ნაწილის შესრულება მოითხოვონ. ბუნებრივია, ხელისუფლებას ამაზე უარის ადვილად თქმა არ შეუძლია. ეს ხალხი ეუბნება, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რაზეც შევთანხმდით, ახლა თქვენი ჯერია და თუ არ შეასრულებთ, სულ ცოტა, მოვყვებით იმას, რა და როგორ იყოო. ამ ვითარებაში ხელისუფლებას შეიძლება უნდა კიდეც რაღაცაზე უარის თქმა, მაგრამ ამის საშუალება არ აქვს”.

“კვლევები აჩვენებს, რომ “ქართული ოცნების” ე.წ. სამობილიზაციო ელექტორატის დიდი ნაწილი, ანუ ამომრჩეველი, რომელსაც არ მოსწონს “ქართული ოცნება”, მაგრამ აქამდე როცა დგებოდა არჩევნის წინაშე - მიშა თუ ბიძინა? - ისევ ამ უკანასკნელს ირჩევდა, დღეს გახარიასთან მიდის. ჯერჯერობით “ოცნებაში” ამას ვერაფერს უხერხებენ და ამიტომ არიან ისტერიკაში... ძალიან სასაცილოა, როცა გახარიას დაფინანსებაზე “ქართული ოცნების” წარმომადგენლები ლაპარაკობენ. არ არსებობს ქვეყანაში პარტია, რომელიც მხოლოდ თეთრი ფულით ატარებს წინასაარჩევნო კამპანიას. შავ ფულს ყველაზე მეტად იყენებს “ქართული ოცნება”, მაგრამ ამაზე უარს არც სხვა პარტიები ამბობენ. შავი ფულის გამოყენება სისხლის სამართლის დანაშაულია, რა დღეში ვართ! რაც შეეხება გახარიას პარტიას, ვფიქრობ, პარტიის ელიტა შეძლებული ადამიანებისგან შედგება. არც გახარიას უჭირს. შესაძლოა, ისინი მიმოსვლისა თუ სხვა საჭიროებებისთვის საკუთარ ფულს ხარჯავენ, რასაც ვერავინ დაუშლის. თანაც, არა მგონია, გახარიამ ამ ადგილობრივ არჩევნებზე ნაციონალური მასშტაბის ინფრასტრუქტურის გაშლა სცადოს. დღეის მდგომარეობით ისე ჩანს, რომ მას ექნება ლოკალური პროექტები, დანარჩენი კი მოხდება ინერციით. რაც შეეხება კითხვას შავ ფულთან დაკავშირებით, ის გახარიას მისამართით დასასმელი არ არის. ეს მთელ პოლიტიკურ ელიტას უნდა ვკითხოთ”, - ამბობს გია ხუხაშვილი.

“სრულიად აშკარაა, რომ გახარიას შემდეგ “ქართული ოცნების” სამიზნე იქნება სწორედ კახა კალაძე, რომელიც, როგორც ძლიერი ფიგურა, ხელს არ აძლევს “ქართულ ოცნებას”. ხელისუფლის ბუნება ასეთია - მას არ მოსწონს პოლიტიკური წონისა და კაპიტალის მქონე ფიგურები. პარტია ერთი რუხი მასა უნდა იყოს. ასე რომ, “ქართულ ოცნებაში” დარჩენისა და მერად გახდომის შემთხვევაში მას “ქართული ოცნებისგან” დალხენილი ცხოვრება არ ექნება. მე, მის ადგილას, მერობისთვის ბრძოლაში არ ჩავერთვებოდი. მისთვისაც და სახელმწიფოებრივადაც ყველაზე სწორი სვლა გახარიასთან ტანდემის შექმნა იქნებოდა. კალაძეს ან არა აქვს შესაბამისი პოლიტიკური კლასი, რომ ასეთი დამოუკიდებელი ნაბიჯები გადადგას, ან არსებობს გადაულახავი ბარიერები, რაზეც ხმამაღლა არ ვილაპარაკებ”, - მიიჩნევს ექსპერტი.

“რაც შეეხება ნიკა მელიას, მას ძლიერი მხარეები აქვს. მისი სახით “ნაციონალურ მოძრაობაში” უნიკალური ფიგურა გაჩნდა, რომელსაც სისხლიანი ცხრა წლის კომპრომატი ვერ მიაკერეს, რასაც ხელისუფლება ძალიან ცდილობდა. მას აქვს პერსპექტივა, ღირსეული ბრძოლა გაუმართოს კახა კალაძეს, მაგრამ ერთ საკითხს მინდა მივაქციოთ ყურადღება - “ნაციონალური მოძრაობა” არის მთავარი ოპოზიციური პარტია, მას აქვს ხელისუფლებაში მოსვლის ამბიცია, ამიტომ არ მესმის, რატომ უნდა გახდეს მისი თავმჯდომარე თბილისის მერი? ეს მნიშვნელოვანი თანამდებობაა, მაგრამ მაინც სამეურნეო საქმეებითაა დატვირთული და სახელმწიფოებრივი პოლიტიკის განსაზღვრას არ გულისხმობს... შესაძლოა, ეს იმით ავხსნათ, რომ “ნაცმოძრაობასაც”, ისევე, როგორც “ოცნებას”, არაფორმალური ლიდერი ჰყავს და არ არის გამორიცხული, მელიას ამისკენ სააკაშვილი უბიძგებდეს, რათა პოლიტიკური თვალსაზრისით მისი დამიწება მოახერხოს, ანუ კონკურენტი მოიშოროს. მელიას მერად გახდომის თუ ვერგახდომის შემთხვევაში სააკაშვილი მოიგებს. მით უფრო, თუ მელია დამარცხდა, იტყვის და პარტიასაც დაარწმუნებს, აბა, რაზე აქვს მას პრეტენზიაო?!...” - დასძენს ხუხაშვილი.

როდის ვიგრძნობთ მასობრივი ვაქცინაციის სარგებელს და რამდენად ეფექტურია ჩინური ვაქცინები “დელტა” შტამის მიმართ

“სინოფარმით” აცრისთვის რეგისტრაცია 3 ივლისიდან, ვაქცინაციის პროცესი კი 5 ივლისიდან იწყება, ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, ვაქცინების მთელი ქვეყნის მასშტაბით განაწილების სქემა უკვე შემუშავებული აქვთ, თუმცა, კონკრეტული დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არაა. ვაქცინაციისთვის ქვეყნის მასშტაბით 350-მდე ამცრელი ბრიგადაა მობილიზებული, ხოლო მანამდე ცნობილი იყო, რომ 236 ასაცრელი პუნქტი უკვე მზადაა. საკითხზე, თუ რომელ და რამდენ ობიექტში განხორციელდება მასობრივი ვაქცინაცია, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე აღნიშნავს, რომ: “დასაწყისისთვის 170-მდეა მარტო “სინოფარმზე”. მანამდე ცნობილი იყო, რომ საქართველოს 4 დიდ ქალაქში - თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ბათუმში დიდი ამცრელი სივრცეები ჩამოყალიბდება, თბილისში საუბარი იყო “ექსპო ჯორჯიასა” და “ჰუალინგის” შენობაზე, ხოლო ივნისის ბოლოსთვის პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თამჯდომარის პირველი მოადგილის ლადო კახაძის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით 236 ასაცრელი პუნქტი უკვე მზად იყო”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით როდის ვიგრძნობთ მასობრივი ვაქცინაციის სარგებელს და რამდენად ეფექტურია ჩინური ვაქცინები “დელტა” შტამის მიმართ.

“საქართველომ ჩინური წარმოების ვაქცინები “სინოფარმი” და “სინოვაკი”, რომელიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის ავტორიზებული, 1 მილიონი დოზა 2 ივლისს მიიღო. ზაფხულის განმავლობაში ჩვენ აცრები გვექნება 4 ვაქცინით - “სინოფარმი”, “სინოვაკი”, “ასტრაზენეკა” და “ფაიზერი”, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ახალი დადგენილების მიხედვით, მასობრივი ვაქცინაციის პერიოდში სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც ჩართულები არიან ვაქცინაციის პროცესში 7 დღის განმავლობაში იმუშავებენ, რათა ადამიანებს ვაქცინაციაზე უფრო მეტი ხელმისაწვდომობა ჰქონდეთ. “ამცრელი ბრიგადების რაოდენობა სულ უფრო და უფრო ფართოვდება და მათი რაოდენობა იზრდება, შესაბამისად, გაიყოფა, იქნება ბრიგადები, ვინც აცრის “ასტრაზენეკაზე”, ვინც აცრის “სინოვაკზე” და ვინც აცრის “სინოფარმზე” და “ფაიზერზე”. ანუ, ამ ზაფხულის განმავლობაში აცრები გვექნება 4 ვაქცინით - “სინოფარმი”, “სინოვაკი”, “ასტრაზენეკა” და “ფაიზერი”, - განაცხადა გამყრელიძემ, რომლის განმარტებით, “აცრებმა უნდა დაასრულოს ეპიდემია ჩვენთან და პანდემია მსოფლიოში და ჩვენ ყველა ერთად უნდა შევეცადოთ, რომ სამიზნე მაჩვენებელზე გავიდეთ”, - აღნიშნავს გამოცემა.

“გამყრელიძის თქმით, მას შემდეგ რაც საქართველოში “„ფაიზერის” ვაქცინა შემოვა, 16 წლიდან ზემოთ მოსახლეობა აიცრება. როგორც გამყრელიძემ განაცხადა, აღნიშნულს განაპირობებს ის, რომ “ფაიზერით” უკვე იცრებიან 16 წელს ზემოთ მოქალაქეები. “რაც შეეხება შემდგომ გადაწყვეტილებებს, რასაც უკვე ზოგიერთი ქვეყანა “ფაიზერთან” მიმართებაში ახორციელებს - მოზარდების აცრას, ამაზე, რა თქმა უნდა, დაველოდებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებას. ხვალიდან ჯავშნები გაიხსნება. დავაკვირდებით, როგორი იქნება აქტიურობა და მერე უკვე მთელი თვის განმავლობაში გაიზრდება ჯავშანი და შეიძლება მთელი ზაფხულის განმავლობაშიც. ვიწყებთ “სინოფარმით” და ამას შემდგომ დაემატება “სინოვაკი” და “ფაიზერი”, - ამბობს გამყრელიძე. მისი მოადგილის პაატა იმნაძეს განცხადებით, საქართველოში სამივე ვაქცინით აცრილთა შორის კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა მაჩვენებელი ძალიან მცირეა - ამის შესახებ პაატა იმნაძემ “ღამის კურიერის” ეთერში განაცხადა”, - განაგრძობს გამოცემა.

“გეტყვით ერთს, ჯერჯერობით, რაც გვაქვს საქართველოში მონაცემები, დაახლოებით ერთნაირად არის სულ ყველა ვაქცინით, ორჯერ აცრილებზეა საუბარი, დაახლოებით 0.3-0.4%, ვინც მაინც გახდა ავად ორჯერ აცრილებში. ეს არის ძალიან მიზერული ციფრი”, - განაცხადა პაატა იმნაძემ. ეპიდემიოლოგი და ექსპერტი ირაკლი ხმალაძე “რეზონანსთან” საუბარში აღნიშნავს, რომ მისი ინფორმაციით, ჯერჯერობით იმის შემოწმება მიმდინარეობს თუ დამატებით რომელი კლინიკა იქნება მზად ვაქცინაციის შემდეგ შესაძლო გართულებების პროფილაქტიკისთვის. “როგორც ვიცი, ჯერჯერობით ვაქცინაცია იგივე კლინიკებში იქნება, სადაც აქამდე ტარდებოდა და დამატებით ვინ იქნება მზად, ამის შემოწმება მიდინარეობს. იგივე შეცდომები რომ არ გავიმეოროთ, რაც “ასტრაზენეკასთან” დაკავშირებით ახალციხეში მოხდა, ამის შემოწმება ხდება, თუ რამდენად მზად არიან დაწესებულებები გართულებების პროფილაქტიკისთვის. მასობრივი ვაქცინაცია სიტუაციას დადებითობისკენ წასწევს, ასაკობრივი ცენზიც იქნება გათვალისწინებული, რადგან ერთი ვაქცინა უფრო ახალგაზრდებზე მოქმედებს, მეორე უფრო ასაკიანებში. კარგია, რომ ძალიან მალე “ფაიზერი” შემოვა, რომელიც ლიტერატურული და მეცნიერების მონაცემებით ინდური შტამის წინააღდეგ ეფექტურია”, ამბობს ხმალაძე, რომლის თქმით, “დელტა შტამის წინააღმდეგ არანაკლებ ეფექტურია “ასტრაზენეკა” და ჩინური ვაქცინებიც”, - დასძენს გამოცემა.

“არსებული ეპიდსიტუაცია სტაბილურია, თუმცა საყურადღებო, რადგან მაინც დიდი რიცხვია. რა თქმა უნდა, ყოველი გარდაცვლილი ყველა ჩვენთაგანისთვის ტრაგედიაა, მაგრამ ამის პროცენტული სტატისტიკური მონაცემები წინა პერიოდთან შედარებით, ბევრად უკეთესია”, - მიიჩნევს ხმალაძე. რაც შეეხება არსებულ ეპიდსიტუიაციას, ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის დირექტორი დავით გადელია წერს, რომ კოვიდით ინფიცირებულთა მაჩვენებელი გაიზარდა. ექიმი საზოგადოებას მოუწოდებს არ მოადუნონ ყურადღება და ხალხმრავალ ადგილებში სიარულისგან თავი შეიკავონ. “შეიძლება ვიღაც ვიგინდარებმა გამლანძღონ, ან ის საყვარელი და დიდი ხნის მეგობრები გამინაწყენდნენ, ჩემზე უკეთ რომ იციან ეპიდემიოლოგია, მაგრამ ჩემს სინდისთან უნდა ვიყო მართალი და ამიტომ გავაფრთხილო თანამემამულენი: არანაირი ობიექტური საფუძველი არ არსებობს მოადუნოთ ყურადღება - გადაყაროთ პირბადეები, ან დასასვენებლად წახვიდეთ ხალხმრავალ ადგილებში. გირჩევთ მუდმივად გეკეთოთ პირბადე, თუ მარტო არ ხართ. მათ შორის ქუჩაში. მოერიდეთ პანაშვიდებს და მით უფრო ადგილებს, სადაც ბევრი ადამიანი ერთად იკვებება. ჩვენი კლინიკის მოთხოვნის მიხედვით ვგრძნობ, რომ დაავადებულთა რიცხვი მატულობს”, - აღნიშნავს გადელია. როგორც ექიმი-ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა აღნიშნავს, მასობრივმა ვაქცინაციამ რომ მოგვისწრო, კარგია, თუმცა, თვენახევრის განმავლობაში სანამ გარკვეული იმუნური ფენა ჩამოყალიბდება, სიტუაცია ფეთქებადსაშიშია”, - წერს სტატიის ავტორი.

“ზუსტად ეს დეტალები - ვაქცინაცია რომელ ცენტრებში იქნება, არ ვიცი. როგორც დაანონსებული იყო, იმ ცენტრებში იქნება, სადაც არის მაღალტექნოლოგიური საშუალებები და იმის საშუალებაა, რომ პაციენტებს ყველანაირი საჭირო დახმარება გაწეულ იქნას. მაგრამ ზუსტად რომელ ქალაქებში იქნება ამაზე ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს. ზოგადად, ჯანმოს განცხადებით, ყველა ლიცენზირებული ვაქცინა არსებულ შტამებზე ეფექტურია, თუმცა, საბოლოო შედეგი ჯერ არ შემხვდერია, თუ დელტა შტამისგან ჩინური ვაქცინა რამდენად იცავს. კვლევები მიდის, მაგრამ საბოლოო დადასტურებული ინფორმაცია, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის ხელმოუწვდომელია. “ფაიზერმა” კი კვლევებზე დაყრდნობით გააკეთა განცხადება, რომ მისი ვაქცინა დელტა შტამისგან მეტ-ნაკლებად იცავს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ალექსანდრე გოგინავა.

“მასობრივმა ვაქცინაციამ რომ მოგვისწრო, კარგია, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ეპიდსიტუაციის სტაბილიზაციას ასე უცებ ხელს ვერ შეუწყობს. როცა დაიწყება ვაქცინაცია და თვენახევარი გავა და გარკვეული ნაწილის იმუნიზაცია მოხდება, მერე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ეპიდსიტიუაციის სტაბილიზაციას ხელს შეუწყობს. თუმცა, მანამდე, ამ ხნის განმავლობაში საფრთხეები მაინც მაღალია და განსაკუთრებით უფრო მაღალი გახდება იმ საკურორტო ზონებში, სადაც მობილობა გაიზრდება, ვაქცინაციის დაწყება ძალიან კარგია, მაგრამ მნიშვნელოვანია გაცემული რეკომენდაციების დაცვა, პლიუს საზღვრების კონტროლი და იმ ქვეყანაში, სადაც დელტა შტამის მაღალი გავრცელებაა, აქტიური სახმელეთო მიმოსვლის გადახედვა”, - დასძენს გოგინავა.

ადვოკატი მამუკა ნოზაძე - “300 მოსამართლეში 20-მდე ცოლ-ქმარი და 20-მდე და-ძმაა, დანარჩენი კი ბიძაშვილ-მამიდაშვილები და ნათლიები არიან”

“სასამართლო სისტემას პრივილეგირებულ მოსამართლეთა ჯგუფი მართავს. მიუხედავად იმისა, რომ სისტემაში 300-ზე მეტი მოსამართლეა დასაქმებული, მხოლოდ რამდენიმე პირი წყვეტს, ვინ უნდა გამწესდეს მოსამართლედ, ვინ ჩაირიცხოს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში და ა.შ. ამ ჯგუფს ხელმძღვანელობენ მიხეილ ჩინჩალაძე და მასთან დაახლოებული რამდენიმე პირი. კლანი არ შექმნილა “ქართული ოცნების” პირობებში. ის შეიქმნა და გაძლიერდა “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობისას და ის პირები, რომლებიც მაშინაც იყვნენ პრივილეგირებულ მდგომარეობაში, უკვე ახალ ხელისუფლებას გაურიგდნენ. ფაქტობრივად, მურუსიძე-ჩინჩალაძის დაჯგუფების მოთხოვნილების შესაბამისად შედიოდა კანონმდებლობაში ცვლილებები და ამას ერქმეოდა რეფორმები - პირველი, მეორე, მესამე ტალღა, რაც სინამდვილეში, სისტემაში მოსამართლეების ამ ჯგუფის გაბატონება-ჩაბეტონებას უწყობდა ხელს. მათი მიზანი იყო, დასავლეთისთვის ეჩვენებინათ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებლობა”, - აცხადებს ადვოკატი მამუკა ნოზაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “300 მოსამართლეში 20-მდე ცოლ-ქმარი და 20-მდე და-ძმაა”.

“ქართულმა ოცნებამ” საბჭოს დამოუკიდებელ წევრებად თავისი ინტერესების გამტარებელი და კლანთან დაახლოებული პირები გაამწესა. თუნდაც ბოლო ფაქტი რად ღირს, როცა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთ-ერთი წევრის ლევან გზირიშვილის შვილი დაინიშნა მოსამართლედ. ისინი ამბობენ, ჩვენ ვართ დამოუკიდებლები, ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას და ჩვენს საქმიანობაში არავინ არ უნდა ჩაერიოსო. არ არსებობს არანაირი კონსტიტუციური მექანიზმი მათ საქმიანობაში ჩარევის წინააღმდეგ. კლანის წყალობით ამ 300 მოსამართლეში დაახლოებით 20-მდე ცოლ-ქმარი და 20-მდე და-ძმაა, დანარჩენი კი ბიძაშვილ-მამიდაშვილები და ნათლიები არიან. მათ არჩევენ იმის მიხედვით, თუ ვინ ვისი ახლობელია. ამბობენ, რა ვქნათ, თუ ჩვენი ოჯახის წევრი იურისტია, არ უნდა მიეცეს მუშაობის საშუალებაო? ყველას უნდა მიეცეს, მაგრამ რატომ ხდება სისტემატურად, რომ ერთი ოჯახის წევრები, ცოლ-ქმარი ხდებიან მოსამართლეები? კლანის სათავეში ჩინჩალაძე, ირაკლი შენგელია და ყველა ის პირი დგას, ვინც დღეს იუსტიციის საბჭოს წევრია, ვინც აგრესიულობით გამოირჩევა და პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს, რაც დასჯადია. იცით, კლანურობას რა განაპირობებს? თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას დანიშვნაზე, დაწინაურებაზე”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა ნოზაძე.

“დღეს სასამართლო სისტემაში ფორმალურად არის მოსამართლეების დამოუკიდებელი ინსპექტორი, რომელსაც თვითონ იუსტიციის საბჭო ნიშნავს და ის დამოუკიდებელი კი არა, დამოკიდებულია. რა გადაწყვეტილებაც უნდა მიიღოს ამა თუ იმ მოსამართლის გადაცდომაზე, ის მაინც ვერ დაისჯება, ვინაიდან საბოლოო გადაწყვეტილებას იუსტიციის უმაღლესი საბჭო იღებს, ის კი თავისი დაჯგუფების წევრს არ გაწირავს. ამიტომაც გასდით კანონის დარღვევა. სააკაშვილის დროს იყო პარტიაზე დამოკიდებულება და დღესაც ასეა. მაშინაც იღებდნენ ისეთ გადაწყვეტილებებს, როგორიც “ნაცმოძრაობას” სურდა, ახლა კი “ქართული ოცნების” დაკვეთით იღებენ გადაწყვეტილებებს. მათ ჰყავთ კლანთან დაკავშირებული საკომუნიკაციო პირი, რომელიც ამ საკითხებს აგვარებს”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“სასამართლოს დისკრედიტაცია თავად მოსამართლეების ბრალია. ეს პოსტსაბჭოთა აზროვნებაა. ამით, ფაქტობრივად, ევროატლანტიკური მისწრაფებები დაგმეს და თქვეს, დამოუკიდებლები ვართო. ამერიკას და ევროკავშირს მილიონობით თანხა აქვთ ჩადებული სასამართლო რეფორმებში, მოსამართლეების მომზადებაში. რადგან ამხელა თანხებს გამოყოფენ სისტემის განვითარებისთვის, ბუნებრივია, სასამართლო სისტემის ხარვეზებსაც კარგად ხედავენ. მათ კომუნიკაცია აქვთ ადვოკატებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და კარგად იციან, რომ სასამართლო სისტემას კლანი მართავს. ამიტომ უნდა არსებობდეს მექანიზმი, რომლის საშუალებითაც დამოუკიდებელი ხალხი შევა სისტემაში. დღეს მხოლოდ მათი ოჯახის წევრები და თანაშემწეები ინიშნებიან მოსამართლეებად, იქ გარედან არავინ შედის, ჩაკეტილი სფეროა. უამრავი ჩვენი მოქალაქე იღებს იურიდიულ განათლებას უცხოეთში, აქვთ წარმატებული იურიდიული პრაქტიკაც, მაგრამ არ ენდობიან იუსტიციის საბჭოს, არც კონკურსებში არ მონაწილეობენ, რადგან აზრი არა აქვს. როდესაც ამას ხედავს ევროკავშირი, ამიტომაც მოგვიწოდებს სასამართლო სისტემაში მეტი გამჭვირვალობისკენ. პუტინური რუსეთის გარდა, ვერც ერთ ქვეყანაში ვერ ნახავთ, რომ მოსამართლეები მსგავს მიმართვას ავრცელებდნენ”, - განმარტავს ადვოკატი.

“ხშირად, როცა კრიზისული მომენტი დგება ქვეყანაში, მოსამართლეები გამოხტებიან და იცავენ კლანს. გავიხსენოთ, როცა კლანს აკრიტიკებდნენ, იუსტიციის უმაღლესი საბჭო შეიკრიბა და ყველამ განაცხადა, მე მურუსიძე ვარ, მე მურუსიძე ვარო. “ყველა ერთისთვის და ერთი ყველასთვის” პრინციპით მოქმედებენ და ერთმანეთს ამყარებენ. 300 კაცში ამდენ ნათესაურად გადაჯაჭვულ ადამიანს ვერც ერთი ქვეყნის სასამართლო სისტემაში ვერ ნახავთ. როგორ ფიქრობენ ქართველი მოსამართლეები, გერმანიასა და ინგლისში მოსამართლეებს არა ჰყავთ იურისტი ოჯახის წევრები? ჰყავთ, მაგრამ არ კადრულობენ სასამართლო სისტემაში დასაქმებას. არსებობს თვითცენზურის, თავშეკავების გამოხატულება და ამას უნდა დაექვემდებაროს ყველა”, - მიიჩნევს მამუკა ნოზაძე.

“ქართულ ოცნებას” რეფორმის გატარება რომ სურდეს, როგორ ფიქრობთ, მოსამართლეები გაბედავდნენ და ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებდნენ? ამ ხელისუფლების ხელში წარმოუდგენლად მიმაჩნია სასამართლოს რეფორმირება... სასამართლოს დამოუკიდებლობა არც ერთი ხელისუფლების ინტერესში არ არის. არავის სურს გამომზეურდეს ის უსამართლობა და უკანონობა, რასაც ხელისუფლება სჩადის, ან მათი გადაწყვეტილებები იქნეს ბათილად ცნობილი. სასამართლო ყველაზე ქმედითი ბერკეტია ხელისუფლების ხელში. იქ სულ რამდენიმე, სამი-ოთხი კაცი იღებს გადაწყვეტილებას, დანარჩენები კი მათი მონა-მორჩილი და ნება-სურვილის აღმსრულებელი არიან, მაგალითად, გვრიტიშვილი, მიქაუტაძე და სხვები. არ დაემორჩილებიან კლანს და მათ კომფორტს საფრთხე შეექმნება. კლანის შექმნაში დიდი წვლილი მიუძღვის “ნაცმოძრაობას” და ამას აღიარებს კიდეც. აღიარებს, რომ სასამართლო რეფორმა არ გატარდა. მაშინაც მოსამართლეების თანაშემწეებსა და მდივნებს ნიშნავდნენ მოსამართლეებად. ხელისუფლება კომფორტს უქმნის კლანს, მის ყველა ნება-სურვილს ასრულებს”, - დასძენს ნოზაძე და შეკითხვაზე - “სასამართლო რომ დამოუკიდებელია, ამის დამადასტურებელ ერთ-ერთ არგუმენტად მოსამართლეებს სტატისტიკა მოჰყავთ უკანასკნელი წლების განმავლობაში 15-ჯერ გაიზარდა გამამართლებელი განაჩენების მაჩვენებელიო. მაგალითად მოჰყავთ კემბრიჯის უნივერსიტეტის ექსპერტთა ჯგუფის კვლე­ვა, რომლის თანახმადაც, რეიტინგით საქართველოს მართლმსაჯულება ევროპის ქვეყნების ოცეულშია” - პასუხობს:

“დაკვეთილი კვლევები სანდო არ არის. ბუნებრივია, არის გამამართლებელი განაჩენები, ამას ვერავინ უარყოფს, მაგრამ ძალიან ცოტა, და მოსამართლეები ამასაც შერჩევით უდგებიან, მაინც იღებენ გადაწყვეტილებას იმ შეხედულების მიხედვით, რაც მავანთ მოეწონებათ, ან მათი ინტერესების გამტარებელია. იუსტიციის საბჭო იმგვარად უნდა დაკომპლექტდეს, რომ მოსამართლე წევრებს არ ჰქონდეთ გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების საშუალება. უნდა იქნეს დაცული ბალანსი, კვორუმი მაღლა აწეული, ანუ გადაწყვეტილება უნდა გამოიტანონ ყველა წევრის თანხმობით და კლანი დათმობაზე წავიდეს. ამასთან, გარდა მოსამართლე წევრებისა, საბჭოში უნდა იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ადვოკატთა ასოციაციის, სახალხო დამცველის წარმომადგენელი, რათა ერთმა ჯგუფმა ვერ შეძლოს გაბატონებული მდგომარეობის მოპოვება. არსად მინახავს, კლანს ასე ჰქონდეს ხელში ჩაგდებული ყველაფერი...”

ევროპის ახალი ამბიციური გეგმა აღმოსავლეთ პარტნიორობასა და საქართველოსთვის

“ევროკომისიამ აღმოსავლეთ პარტნიორებთან თანამშრომლობის განახლებული დღის წესრიგი წარადგინა, რომლის მიზანია ქვეყნებში ეკონიმიკის განვითარება, დემოკრატიული ინსტიტუტების და კანონის უზენაესობის გაძლიერება, მწვანე და ციფრული ტრანსფორმაციების მხარდაჭერა და ადამიანის უფლებების დაცვა. ანალიტიკოსთა ნაწილის აზრით, ეს ჩინეთის შეკავებას გულისხმობს, სადაც საქართველო “ორწყალშუაა”, ხოლო ნაწილი აცხადებს, რომ იმას, თუ აქედან საქართველო რა სარგებელს მიიღებს, ხელისუფლებასა და საზოგადოებაზეა დამოკიდებული. ინიციატივა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან თანამშრომლობის პრიორიტეტების შესახებ ევროკომისიამ და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო ურთიერთობებსა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელმა წარადგინეს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ევროპის ახალი ამბიციური გეგმა აღმოსავლეთ პარტნიორობასა და საქართველოსთვის.

“ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ეს დღის წესრიგი ხუთ გრძელვადიან მიზანს ემყარება. მათივე ცნობით, დღის წესრიგს 2.3 მილიარდი ევროს ოდენობის ეკონომიკურ და საინვესტიციო გეგმა გაამყარებს, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პოსტპანდემიურ სოციალურ-ეკონომიკური აღდგენასა და გრძელვადიან მდგრადობას ხელს შეუწყობს. “ყოვლისმომცველი დღის წესრიგის მიზანია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ვაჭრობის, ეკონომიკური ზრდის გაძლიერება, სამუშაო ადგილების შექმნა, დემოკრატიული ინსტიტუტების და კანონის უზენაესობის გაძლიერება, მწვანე და ციფრული ტრანსფორმაციების მხარდაჭერა, სამართლიანი, გენდერულად თანასწორი და ინკლუზიური საზოგადოების ხელშეწყობა”,- ნათქვამია ინფორმაციაში. ახალი ინიციატივის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა პიტერ სტანომ ბრიფინგზე მის მნიშვნელობაზე ისაუბრა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“აღმოსავლეთ პარტნიორობის მიზანია, ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრებს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება. ინიციატივა ეფუძნება ხუთ გრძელვადიან მიზანს და ფოკუსირებულია ჩვენი მომავალი თანამშრომლობის პრიორიტეტებზე, რომელთა მიზანია ხალხისთვის ხელშესახები შედეგების მოტანა. ეს ყოვლისმომცველი დღის წესრიგი მოიცავს ვაჭრობის და ეკონომიკის განვითარებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, ინვესტიციებს, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და კანონის უზენაესობის გაძლიერებას, მწვანე და ციფრული ტრანსფორმაციის მხარდაჭერას, სამართლიანი, გენდერული თანასწორობით, ინკლუზიური საზოგადოების ხელშეწყობას. მიღებული ინიციატივა მოიცავს რეგიონულ ეკონომიკურ და საინვესტიციო გეგმას, რომლის ღირებულებაა 2,3 მილიარდი ევრო და რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების კორონავირუსის შემდგომი ეკონომიკური აღდგენისა და გრძელვადიანი მდგრადობისკენ იქნება მიმართული”, - განაცხადა პიტერ სტანომ. ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია “რეზონანსთან” საუბარში აღნიშნავს, რომ ეს ინიციატივა უფრო მეტად ფინანსურ-ეკონომიკური დახმარების გაზრდას გულისხმობს, სადაც თავისთავად ჩინეთის შეკავებაც იგულისხმება, საქართველოს კი ამ მხრივ “ორ წყალს შუა” აყენებს, რადგან ჩინეთი პარტნიორი სახელმწიფოა”, - დასძენს გამოცემა.

“ეს უფრო მეტად ფინანსურ-ეკონომიკური დახმარების გაზრდა და უფრო მეტი ინიციატივების განვითარება მედიის და ადანმიანის უფლებების დაცვის მიმართულებით, ასევე დასახულია მეგა ეკონომიკური პროექტების განხპრციელება, რომელიც ხელს შეუწყობს ჩინური “ერთი გზა ერთი სარტყელის” საპირისპირო ღონისძიებას. როგორც მოგეხსენებათ, ბრიუსელში გამართული ევროკავშირის, ასევე ევროკავშირისა და ამერიკის ერთობლივ სამიტებზე, პირდაპირ გამოიკივეთა, რომ ჩინეთი მიწინააღმდეგეა, როგოც ევროკავშირის, ასევე ამერიკის. როგორც ჩანს ამ ღონისძიების ფარგლებში ჩინეთის შეკავებაა გათვალისწინებული, თუმცაღა აღმოსავლეთ პარტნიორობიდან ბელარუსი გამოვიდა და ლუკაშენკომ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოების მიმართ სანქციები განახორციელა. აზერბაიჯანს ევროკავშირთან ურთიერთობა ნაკლებად აინტერესებს. მოლდოვაში სიტუაცია ჯერ გაურკვეველია, რუმინეთის მეშვეობით ევროინტეგრაციისკენ კი მიისწრაფვის, მაგრამ შიდა პოლიტიკური სიტუაცია გაურკვეველია, პრეზიდენტი სანდუ კი პროდასავლურია, თუმცა მთავრობა პრორუსულია და აქ სიტუაცია როგორ შემოტრიალდება, არავინ იცის”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

“რჩება უკრაინა და საქართველო. უკრაინას თავისი პრობლემები აქვს, ჩინელები ამ ქვეყანაში თავის ეკონომიკურ ექსპანსიას ახორციელებენ და რბილი ძალით გამოყენებით შეეცდება, რომ უკრაინაში ევროკავშირს და აშშ-ს მეტი პრობლემები შეუქმნას, ასევე სისტემური ელიტარული კორუფციაა და აქაც სიტუაცია საკმაოდ გაურკვეველია. ევროკავშირის, ევროკავშირი-ამერიკასა და ნატოს სამიტმა დაადასტურა, რომ ჩინეთი სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს, ეს ლოგიკურიცაა, რადგან ის ეკონომიკურად ძლიერია, ამიტომაც ამ დღის წესრიგს აქცენტი ეკონომიკის მხრივ აქვს. ჩვენთანაც არაა ამ მხრივ იოლად საქმე, ჩინეთი, როგორც ამერიკა ჩვენი სტრატეგიული მეგობარია, პარადოქსული სიტუაციაა, სტრატეგიული მეგობრები არიან - ევროკავშირი, ამერიკა და ჩინეთი, ამ დროს ევროკავშირი და ამერიკა ჩინეთს უპირისპირდება”, - განმარტავს ექსპერტი.

“ჩვენ ჩინეთთან აწყობილი ურთიერთობა გვაქვს, აქ სერიოზულ პროექტებს ახორციელებს და ევროკავშირის დღის წესრიგი რა თქმა უნდა არ აწყობს, აქედან გამომდინარე შესაძლოა ეკონომიკური დახმარების პაკეტი შემოგვთავაზონ. ასევე, ანაკლიის პორტის საკითხიც გაურკვეველია - რომელი კომპანია შემოვა, დიდი ეჭვი მაქვს, რომ აქ ჩინურ კომპანიაზეა საუბარი. აქედან გამომდინარე, ჩინეთის ინტერესები შავი ზღვის ქვეყნებთან საკმაოდ სერიოზულია, ჩვენც “ორწყალშუა” ვართ გაჩხერილები, ყველაზე მსხვილი სავაჭრო ეკონომიკური იმპორტიორი ჩინეთია - ქართული პროდუქცია აქ უფო მეტი გადის, ვიდრე, სამწუხაროდ, ევროკავშირსა და აშშ-ში. ასევე, ჩინეთი ჩვენთვის არაღიარების პოლიტიკის მიმართულებითაც მნიშვნელოვანია, რადგან ამ მხრივ რუსეთს საკმაოდ კარგად ბოჭავს, ამით ჩვენ გვეხმარება, რომ რუსეთის სატელიტებმა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღიარება არ მოახდინონ, სეპარატისტულ რეჟიმებზე მაქვს საუბარი”, - დაასკვნის მაისაია. რაც შეეხება ანალიტიკოს ნიკა ჩიტაძის მოსაზრებას ის აღნიშნავს, რომ ევროკავშირის მხრიდან ბევრი ძირითადი მოთხოვნა უცვლელია, თუმცა ახალი გეგმით მათ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატეს”, - წერს სტატიის ავტორი.

“შესაძლოა, ბევრი ძირითადი მოთხოვნა უცვლელი დარჩა, რომელიც დემოკრატიას, ადამიანის უფლებების დაცვასა და კანონის უზენაესობას, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას უკავშირდება, მაგრამ, აქ საუბარია ასევე სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, აღმოსავლეთ პერტნიორობის ქვეყნებში დაახლოებით 3 000 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია უნდა მოხდეს.ანუ, ინფრასტრუქტურულ პროექტებზეა მიმართული, გარდა ამისა სამი მილიარდი ევროს მოცულობა ნაწილი კრედიტია, მაგრამ ძირითადი ნაწილი გრანტია. საერთო ჯამში ევროკავშირმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა. გარკვეულწილად ეს იყო მინიშნება ბელარუსის მიმართ, რომ ლუკაშენკოს რეჟიმის გამო დახმარების მნიშვნელოვან ნაწილს ქვეყანა ვერ იღებს, ანუ ბელარუსის ხალხს რომ ევროკავშირის მიმართ სიმპატიები გაუჩნდეს” - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე და შეკითხვაზე - “რა ბედი ელის აღმოსავლეთ პარტნიორობას თუ ბელარუსი საბოლოოდ გავიდა?” - პასუხობს:

“პარტნიორობა გაგრძელდება და შედარებით უფრო მჭიდრო კავშირები ექნება საქართველოსთან, უკრაინასთან და მოლდოვასთან, თუმცა, ამავე დროს გარკვეული კავშირები იქნება შენარჩუნებული აზერბაიჯანთან და სომხეთთან, მაგრამ ეს თანამშრომლობები ევროკავშირთან დამსახურებების მიხედვით გაგრძელდება”.

“იმის გამო, რომ საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელშეკრულებას მოაწერეს, შესაბამისად, ამ ქვეყნების მოქალაქეები შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლით სარგებლობენ. ის თუ განახლებული დღის წესრიგი საქართველოსთვის რა შესაძლებლობებს იძლევა, ბევრი რამე ჩვენს ხელისუფლებაზე და საზოგადოებაზეა დამოკიდებული, ანუ რამდენად შევძლებთ, რომ ამ დახმარებისგან სარგებელი მივიღოთ, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირმა და ამერიკამ საქართველოს უზარმაზარი თანხა გამოუყვეს, სადაც პრიორიტეტები იყო დემოკრატია და ადამიანის უფლებების დაცვა, სამწუხაროდ საქართველოში კანონის უზენაესობა მიღწეული არაა, ამიტომაც ეს ერთ-ერთი პრობლემატური საკითხია. სამწუხაროა, რომ საქართველო ასეთ შესაძლებლობებს ხშირ შემთხვევაში ხელიდან უშვებს ხოლმე, რომელსაც დასავლეთის დემოკრატიული საზოგადოება აძლევს, მათ შორის ევროკავშირი და აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამა”, - დასძენს ჩიტაძე.

თემურ ჭყონია - “ცდების ჩატარების უფლება ქალაქზე, ხალხზე, ეკონომიკაზე, არავის გვაქვს”

“ამ თემაზე სერიოზულად არ მიფიქრია, რადგან მიმაჩნია, რომ კარგი პოლიტიკოსი, კარგი მერი, კარგი პრემიერ-მინისტრი, კარგი მინისტრი არ უნდა იყო შემთხვევითი ადამიანი ამ თანამდებობაზე. რადგან წარმატებას მიაღწიე ერთ სფეროში, ეს არ ნიშნავს, რომ გქონდეს ამბიცია უფრო მეტი გააკეთო აბსოლუტურად სხვა სფეროში. შეიძლება გამომივიდეს, შეიძლება არა, მაგრამ ცდების ჩატარების უფლება ქალაქზე, ხალხზე, ეკონომიკაზე, არავის გვაქვს. დღეს ასე მგონია და არ გეგონოთ, რომ ვიპრანჭები. ერთი რამ არის მნიშვნელოვანი, რომ ვუთხრა საზოგადოებას - არა მაქვს მერობაზე პრეტენზია, არ მინდა მერე ლანძღვა დამიწყონ, რადგან შემდეგ ამ ყველაფერს ჩემი მეუღლე კითხულობს და არ მინდა ინერვიულოს...”, - აცხადებს “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას” პრეზიდენტი, ბიზნესმენი თემურ ჭყონია გაზეთ “კვირის პალისტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ცდების ჩატარების უფლება ქალაქზე, ხალხზე, ეკონომიკაზე, არავის გვაქვს”.

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მენეჯერები, ეკონომისტები და ფინანსისტები არიან. ამის გამოუყენებლობა და იგნორირება ჩემთვის ძალიან საწყენია. ზოგჯერ პარლამენტს ვუყურებ და ვფიქრობ, რომ იქ ყველას თანაბარი ჰგონია თავი. კი, ყველას ერთი სტატუსი აქვს, ყველა დეპუტატია, მაგრამ ჭკუა, გამოცდილება, შედეგები აქვთ განსხვავებული. ზოგჯერ მამუკასა და ბადრის რომ ეკამათებიან ის დეპუტატები, თავი პოლიტიკოსები რომ ჰგონიათ, თუ ასე სურთ, ეგონოთ, მაგრამ სტატუსის გათანაბრება არ ნიშნავს, რომ თანაბარნი არიან გამოცდილებითა და შედეგებით. არიან ტიპები, პარლამენტში რომ მოხვდებიან, ბრძენი პოლიტიკოსებივით იწყებენ საუბარს, ფაქტობრივად, ჩერჩილები ჰგონიათ თავი და ფიქრობენ, რომ შეუძლიათ ადამიანების მართვა. ჩვენ კი, ვისაც გვაინტერესებს პოლიტიკა მხოლოდ იმიტომ, რომ ქვეყანა იყოს ბედნიერი, გვაბრაზებს ასეთი ზედაპირული დამოკიდებულება ქვეყნის მიმართ და დატოლების მცდელობა იმ ადამიანებთან, ვისაც მართლაც აქვთ საკმარისი ცოდნა და გამოცდილება მართვისთვის. ხანდახან არ გაკვირვებთ ის, რომ, მაგალითად, ერთი პროცენტი აქვს მხარდაჭერა პოლიტიკოსს და ისე ლაპარაკობს, თითქოს მას გადამწყვეტი სიტყვის უფლება აქვს?! არ შეიძლება გამოცდილი და ჭკვიანი ადამიანის ცოდნა არ გამოიყენო”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თემურ ჭყონია.

“ხშირად მითქვამს და მთელი ჭკვიანი საზოგადოების მოთხოვნაცააა, რომ კოალიციური მთავრობა იყოს. კოალიციურ მთავრობაზე გართულება კი არა გვაქვს, ეს აუცილებლობაა, მთელ მსოფლიოში გამოცდილი თემა. ეს არის კოალიციური ინტელექტუალური აზროვნება, რომელიც ორიენტირებულია შეთანხმებულ, გონივრულ გადაწყვეტილებებზე... არაჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს კახა კალაძესთან და პატივს ვცემ ჩვენს ურთიერთობას. თუ კენჭი იყარა კახა კალაძემ და ის წარადგინა პარტიამ, ეს ნიშნავს, რომ კახა კალაძე იქნება ერთი რომელიმე პარტიის მერი. რამდენიც უნდა იძახოს მერე, მე მთელი თბილისის მერი ვარო, მაინც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან იქნება ასოცირებული. ამიტომ, ჩემი აზრით, კახა კალაძისგან ყველაზე თანამედროვე მიდგომა იქნება თანხმობა კოალიციურ მთავრობაზე. როცა იცი, რომ შენ იმარჯვებ, მაგრამ თბილისში არსებობს ოპოზიციის დიდი ნაწილი, ამ ოპოზიციას ხომ უნდა სცე პატივი? რას ითხოვს ოპოზიცია? ითხოვს კოალიციურ მთავრობას და თუ შენ გინდა იყო ქალაქის ლიდერი, მაშინ მათი აზრიც უნდა გაითვალისწინო”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“როგორ შეიძლება ერთ პარტიაში იყოს მთელი საქართველოს ჭკუა გაერთიანებული. ამიტომ საქართველოს ინტელექტი გადანაწილებულია სხვადასხვა პარტიაში და თუ ქვეყნის გამარჯვება გინდა, ყველა პარტიის ინტელექტუალური რესურსი უნდა გამოიყენო... ისტორიულად თბილისის ყველაზე კარგი მერი იყო ის, ვისაც ჩამოყვანილი ჰყავდა ფრანგი, ინგლისელი და იტალიელი არქიტექტორები და რომლებიც ქმნიდნენ არაჩვეულებრივ თბილისს, რომელიც კავკასიის ცენტრი გახდა... დიმიტრი ყიფიანი იყო ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ქალაქისთავი თბილისში და სულ არ სჭირდებოდა რომელიმე პარტიული კუთვნილება, რომ სიყვარულით ეზრუნა თბილისზე. აი, მაშინ იყო სწორედ კოალიციური აზროვნება, როცა დიმიტრი ყიფიანის სასარგებლოდ თბილისის სათათბიროში ხმა მისი კონკურენტის შვილმა მისცა. ეს არის ისტორია! სამწუხაროდ, ხშირად ისტორიას იმიტომ არ ვკითხულობთ, რომ საუკეთესო მაგალითები გავიზიაროთ”, - ამბობს ბიზნესმენი და შეკითხვაზე - “როცა მამუკა ხაზარაძემ თბილისის მერობის სასურველი კანდიდატის კრიტერიუმები დაასახელა, გაჩნდა ასოციაცია, რომ ის “დიმიტრი გელოვანს” ეძებდა. ისე გამოვიდა, რომ ქალაქში “დიმიტრი გელოვანი” თემურ ჭყონია ყოფილა...” - პასუხობს:

“სხვათა შორის, ჩემი მეუღლე უსმენდა მამუკას, როცა მერობის სასურველ კანდიდატზე საუბრობდა და გადმომილაპარაკა, “მგონი, შენ გგულისხმობს და არ გაბედოო”... სერიოზულად რომ მივუდგეთ ამ საკითხს, საქართველოდან უცხოეთში წასული ბევრი კარგი ეკონომისტი, წარმატებული ბიზნესმენი, გამოცდილი მმართველი გვყავს. რატომ არ ვთავაზობთ მათ მერობის კანდიდატობას? შევთავაზოთ მათ, ვისაც უფრო მეტი საერთაშორისო გამოცდილება აქვს, ვიდრე ჩვენს ამ პატარა ქვეყანაში. თბილისს, ჩემი აზრით, უფრო დიდი ფუნქცია აქვს და უნდა ჰქონდეს, ვიდრე მხოლოდ დედაქალაქობაა. ის უნდა იყოს დიდი ფინანსური ცენტრი კავკასიაში, ქალაქი, სადაც ყველა ადამიანი იგრძნობს, რომ ეს არის ქალაქი, სადაც შეიძლება უფრო დიდი წარმატების მიღწევა, ვიდრე სხვაგან. თბილისს ეს ფუნქცია ისტორიულად ჰქონდა და უნდა დავუბრუნოთ. თუმცა, ჯერ გარეცხვა სჭირდება, რადგან ძალიან ჭუჭყიანია”.

“რაც შეეხება ანტიკორუფციული საგამოძიებო კომისიის შექმნის იდეას, სხვადასხვა დოზით კორუფცია აბსოლუტურად ყველა ქვეყანაშია. ვერც ერთი ქვეყანა, რაც უნდა განვითარებული იყოს, ვერ იტყვის, რომ მასთან კორუფციის რისკები არ არსებობს. რა თქმა უნდა, არის სახელმწიფო უწყებები, რომლებიც ანტიკორუფციული მიმართულებით მუშაობენ, მაგრამ ეს სხვა თემაა. ამ შემთხვევაში ლაპარაკია ანტიკორუფციულ საპარლამენტო კომისიაზე, როგორიც ბევრ ქვეყანაშია, და იკვლევს სისტემურ კორუფციაში ჩართული ქვეყნის დამღუპავი საჯარო მოხელეების საქმიანობას. ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გენიალური ქალბატონი გოლდა მეირი ამბობდა, კორუმპირებული ადამიანი ქვეყნის მოღალატეაო. ჩვენ უნდა ვუსმენდეთ ასეთ გენიალურ ადამიანებს, რომლებმაც ისტორია, ქვეყნები შექმნეს და არ უნდა ვუსმენდეთ იმ პოლიტიკოსებს, ვინც სამი დღის წინ მოვიდნენ პოლიტიკაში, იმათ ციტატებს არ უნდა ვიმეორებდეთ. განათლება და გენიალური ადამიანების ცხოვრების გაზიარება ან მიბაძვა არის ქვეყნის წარმატება და არა ქიშპობა, იმის წამოძახება, ვინ “ქოცია” და ვინ “ნაცი”. ეს დაბალი დონის კამათია”, - მიიჩნევს თემურ ჭყონია.

“დავუბრუნდეთ კორუფციის თემას - მამუკა ხაზარაძემ დააანონსა, რომ უნდა შეიქმნას ანტიკორუფციული კომისია პარლამენტში და საზოგადოება ამას ისე უყურებს, თითქოს ანტიკორუფციული კომისია პარლამენტში იქმნება და არა ქვეყნისთვის. ჩვენ ყველაფერს შორიდან ვუყურებთ, როგორც სეირს, ნაცვლად იმისა, პოლიტიკოსებს ვუთხრათ, სეირის ყურება მოგვბეზრდა, ჩვენ გველაპარაკეთ და გვითხარით, რას გვთავაზობთო. საზოგადოება მომთხოვნი უნდა იყოს, ჩვენ კი არაფერს ვითხოვთ. ველოდებით, როდის მოვა არჩევნები, რომ ჯიბრით ავირჩიოთ ეს და გადავირჩიოთ ის. ეს კარგად იციან იმ პოლიტიკურმა ლიდერებმა, ვინც არჩევნებში მონაწილეობენ. იციან, რომ პროგრამები კი არ არის საჭირო, არამედ მანიპულაციები. არ გინახავთ, ზოგჯერ ილუზიონისტს უფრო დიდი ინტერესით უყურებს ადამიანი, ვიდრე ცნობილ მომღერალს უსმენს. ზოგჯერ “ფოკუსნიკების” უფრო სჯერათ, ვიდრე ხელოვანების”, - დაასკვნის რესპონდენტი.

“ქვეყნის განვითარების ათწლიან გეგმას იმ შემთხვევაში დავუჭერ მხარს, თუ დამისახელებენ მათ გვარ-სახელებს, ვინც ათწლიან გეგმას ადგენს. ათწლიან გეგმაში სხვადასხვა მიმართულებაა. უნდა ვიცოდეთ, სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიაზე რომელი ჯგუფი მუშაობს, რომელი ჯგუფია პასუხისმგებელი ინდუსტრიაზე, რომელი - სამშენებლო სფეროზე და ასე შემდეგ. გეგმის ავტორები უნდა იყვნენ იმდენად ძლიერი სპეციალისტები, რომ ახალი მთავრობის მოსვლის შემთხვევაშიც ამ გეგმას არავინ შეეხოს. იმდენად სწორი, ფუნდამენტური ნაშრომი უნდა იყოს, ანგარიშგასაწევი მეცნიერებისა და პროფესიონალების დამუშავებული, რომ ვინც გნებავთ მოვიდეს ხელისუფლებაში, უნდა მოერიდოს მის შეცვლას. აი, მაშინ იქნება ქვეყანა განვითარებული. თუ მარტო ერთი პიროვნება, ირაკლი ღარიბაშვილი დადებს ამ გეგმას, ჩათვალეთ, რომ შემდეგი ვინც ხელისუფლებაში მოვა, გადახაზავს და დაიწყებს ნულიდან. შესაბამისად, ათწლიანი გეგმის შედგენა შესაძლებელია, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, ვინ არის შემდგი. როდესაც წიგნს ვყიდულობთ, ჯერ ავტორს ვკითხულობთ და შინაარსს მერე ვეცნობით. ფილმში თუ ბრედ პიტი თამაშობს, ჩემი საყვარელი მსახიობი, ესე იგი, კარგი ფილმი იქნება...”, დასძენს ჭყონია.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს