მოსამართლეების დანიშვნა არის დაუშვებელი, სასწრაფოდ უნდა შეწყდეს ეს პროცესი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, თუ ხელისუფლება ამ პროცესს არ შეაჩერებს, დიდი პოლიტიკური საფასურის გადახდა მოუწევს.
„ფეხქვეშ გათელეს ეს შეთანხმება იმიტომ, რომ მათთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სწორედ იმ მოსამართლეების დანიშვნას, რომელიც საბოლოოოდ, მერე დაუსვამს წერტილს „ქართული ოცნებისა“ და ივანიშვილის ფინანსურ და პოლიტიკურ ინტერსებს, ამიტომ ჩქარობენ. მოსამართლეების დანიშვნა არის დაუშვებელი, სასწრაფოდ უნდა შეწყდეს ეს პროცესი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ხელისუფლებას ძალიან ძვირად დაუჯდება, დიდ პოლიტიკურ ფასს გადაიხდის. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ. კიდევ ერთხელ დარწმუნდება ჩვენი ამომრჩეველი და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, თუ როგორ ხელისუფლებაასთან გვაქვს საქმე, ხელისუფლებასთან, რომლის მთავარი ინტერესი არის ფული და ძალაუფლება. ძალაუფლების შენარჩუნების ერთ-ერთი ბერკეტი არის მოსამართლეები, რომლებიც შემდეგ გაყალბებულ არჩევნებს გაუფორმებენ“,-განაცხადა გოცირიძემ.
შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საქართველოს პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 9 - კაციანი სია წარუდგინა. წარდგენილი კანდიდატები არიან: გიორგი გოგიაშვილი, გოჩა აბუსერიძე, ლევან თევზაძე, ქეთევან მესხიშვილი, გიორგი შავლიაშვილი, რევაზ ნადარაია, ბიძინა სტურუა, ეკა ზარნაძე და ლაშა ქოჩიაშვილი.