ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2021

აპირებს თუ არა "ოცნება“ ოპოზიციონერი დეპუტატების პარლამენტიდან გაყრას, რომლებიც იქ დიდი ხვეწნა-მუდარით შეიყვანა

"ძალიან გაგვიჭირდება "დელტა“ შტამის გავრცელების აცილება“ - როგორი გახდება ეპიდვითარება ვაქცინაციის დაბალი ტემპის პირობებში

***

აპირებს თუ არა "ოცნება“ ოპოზიციონერი დეპუტატების პარლამენტიდან გაყრას, რომლებიც იქ დიდი ხვეწნა-მუდარით შეიყვანა

"საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს კანონმდებლებს ოპოზიციონერი დეპუტატების უფლებამოსილების შესაძლო შეწყვეტის შესახებ უნდა ემსჯელათ, მაგრამ გადაიდო. გადადების მიზეზი კვორუმის არქონა გახდა, რადგან სხდომაზე მხოლოდ კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი და ოპოზიციონერი დეპუტატი პაატა მანჯგალაძე გამოცხადდნენ. როგორც ქადაგიშვილმა განაცხადა, კომიტეტის სხდომა მომავალ კვირას აუცილებლად ჩატარდება, ამიტომ ამ საკითხის გადაწყვეტა მაინც მოუწევთ. საუბარია იმ დეპუტატებზე, რომელებიც პარლამენტში გამართულ სხდომებს არასაპატიო მიზეზების გამო არ ესწრებოდნენ. შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერამდე ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმში იმყოფებოდა, შესაბამისად, გაცდენა ამ ფაქტს უკავშირდება. მმართველი გუნდის წევრებს ამ საკითხზე საკუთარი არგუმენტები აქვთ და აცხადებენ, რომ პოლიტიკოსებმა ვალდებულებები აუცილებლად უნდა შეასრულონ. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ თითოეული დეპუტატის ამბავი კონკრეტულად გაირჩევა სამართლებლივად, რის შემდეგადაც გადაწყვეტილებას მიიღებენ”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, აპირებს თუ არა "ოცნება“ ოპოზიციონერი დეპუტატების პარლამენტიდან გაყრას, რომლებიც იქ დიდი ხვეწნა-მუდარით შეიყვანა

"ოპოზიციონერი დეპუტატების უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის დღის წესრიგში დაყენება არასაპატიო გაცდენებმა გამოიწვია. ამ კონტექსტში აღსანიშნავია რეგლამენტით დადგენილი ვადა - კერძოდ, თუკი პარლამენტის წევრი მორიგი სესიის განმავლობაში მორიგი სხდომების ნახევარზე მეტს არ დაესწრო, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი მორიგი სესიის დასრულებიდან 10 დღის ვადაში გამოარკვევს გაცდენის მიზეზს და თუ დადასტურდა, რომ მიზეზი არასაპატიოა, შესაბამის დასკვნას ამზადებს. კომიტეტისთვის მინიჭებული 10-დღიანი ვადა სწორედ დღეს იწურებოდა. "ვფიქრობ, რომ საკითხთან დაკავშირებით რაიმე განსაკუთრებული წინააღმდეგობა არ უნდა იყოს. ყველა შემთხვევაში, კომიტეტი თავის დასკვნას მოამზადებს და პლენარულ სხდომას გადასცემს. დგება 52 დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი და პარლამენტი თითოეულ მათგანზე გადაწყვეტილებას ცალ-ცალკე მიიღებს. კომიტეტი ჩატარდება დღეს თუ ხვალ, საკითხი აუცილებლად გავა პარლამენტის სხდომაზე,“ - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა”, - აღნიშნავს გამოცემა.

"ქადაგიშვილი არ საუბრობს, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ამ საკითხთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ თავად, ისევე როგორც სხვა დეპუტატები, კენჭისყრისას გამოხატავენ ამ გადაწყვეტილებას. "პოლიტიკოსებმა უნდა შეასრულონ ვალდებულებები, რომელიც კანონით ეკისრებათ და მათ დააკისრეს მოქალაქეებმა არჩევნების გზით. ამიტომ, ჩვენ კი არ ვუწევთ ანგარიშსწორებას პოლიტიკოსებს, მათ შორის, შალვა ნათელაშვილს, ხშირ შემთხვევაში, შალვა ნათელაშვილი უწევს ხოლმე თავის თავს, თავის ამომრჩეველს ანგარიშსწორებას. ამიტომ, ჩვენი პოზიცია როგორი იყო არჩევნების შემდეგ, საზოგადოებამ დაინახა. ჩვენ მაქსიმუმი გავაკეთეთ იმისთვის, რომ დესტრუქციული ტალღა ნელ-ნელა ჩაგვექრო და გვეიძულებინა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, რომ პარტიები შემოსულიყვნენ პარლამენტში და უარგუმენტო, ყოვლად დამაზიანებელი პოლიტიკური კურსი, რომელიც ჰქონდათ არჩეული და ბოლომდე არ აქვთ მოშორებული, არ განხორციელებულიყო. რეგლამენტით მკაფიოდ არის გაწერილი, რას ნიშნავს ბოიკოტი და ეს არის საპარლამენტო ცხოვრების ერთ-ერთი ფორმა. ის, რასაც ახლა ისინი აკეთებენ, ეს იყო საბოტაჟი და დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა. ჩვენი გადაწყვეტილება, უნდა გაგრძელდეს თუ არა პარლამენტის საბოტაჟი, იცით, როგორიც არის,“ - განაცხადა ქადაგიშვილმა”, - განაგრძობს გამოცემა.

"პარლამენტის ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის” წევრი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ "ქართული ოცნების“ ქმედებები სასოწარკვეთილი პარტიის ქმედებებს ჰგავს. "ეს უსუსური მცდელობაა დასჯის მექანიზმის შემოღება. რასაც "ქართული ოცნება“ აკეთებს სასოწარკვეთილი პარტიის მოქმედებებია,“ - აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ. პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” წევრი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ "ქართული ოცნების“ მორიგი ქმედება არასერიოზულია. პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი” თავმჯდომარის იაგო ხვიჩიას თქმით, "ქართულმა ოცნებამ“ დეპუტატებს უფლებამოსილება რომ შეუჩეროს, უცნაური იქნება. "რაზეც გვედავებიან, რომ ცუდად ვიქცეოდით და გაკვეთილებს ვაცდენდით? სწორედ ამის მერე იყო შარლ მიშელის ამბავი და ეს ხალხი მოკრძალებით მოგვმართავდა შემოდითო, ახლა რომ გაგვრიცხონ უცნაური იქნება,“ - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ”, - წერს სტატიის ავტორი.

"ძალიან გაგვიჭირდება "დელტა“ შტამის გავრცელების აცილება“ - როგორი გახდება ეპიდვითარება ვაქცინაციის დაბალი ტემპის პირობებში

„საქართველოში ეპიდსიტუაცია კვლავ აქტიურ ფაზაშია, ეპიდემიოლოგები და ჯანდაცვის წარმომადგენლები მოუწოდებენ მოსახლეობას რეგულაციების დაცვისა და მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის გამოჩენისაკენ. მათი თქმით, აუცილებელია ქვეყანაში დაჩქარდეს მასობრივი ვაქცინაციის პროცესი. ეპიდსიტუაციის გამწვავების შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ბრიფინგზე ისაუბრა. „ეპიდსიტუაცია ნამდვილად საყურადღებოა, შემთხვევების რაოდენობა ამ კვირაში 1000-ია, რა რა თქმა უნდა, ყურადსაღებია. ჩვენ პირბადის ტარებაზე უარს დიდი ხანი ვერ ვიტყვით, ყველამ უნდა გავაცნობიერეთ, უნდა დავიცვათ წესები. სხვა გამოსავალი იქნება ვაქცინაციის პროგრამის სწრაფი განხორციელება. თუ ვაქცინაციას სწრაფად არ გავავრცელებთ და წესებს არ დავიცავთ, რისკები სხვა ახალ შტამზე, რაც შესაძლებელია გამოჩნდეს, მაღალია", - განაცხადა გაბუნიამ”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, "ძალიან გაგვიჭირდება „დელტა“ შტამის გავრცელების აცილება“ - როგორი გახდება ეპიდვითარება ვაქცინაციის დაბალი ტემპის პირობებში

"თამარ გაბუნიას თქმით, აუცილებელია მოსახლეობის სწრაფი ვაქცინაცია, მოსალოდნელი შედეგების გამწვავებისგან თავის ასარიდებლად. "მომართვიანობა დღეს "სინოფარმზე" არის, მაგრამ არ არის ისეთი მაღალი, როგორც იყო "სინოფარმის" პირველი პარტიის შემოტანის დროს. შესაძლოა, ეს უკავშირდებოდეს იმას, რომ მოსახლეობის უმეტესი ნაწილი უპირატესობას ანიჭებს "ფაიზერს". მათი მოლოდინები რეალისტურია და ეს მალე დასრულდება და ჩვენ გადავალთ უკვე "ფაიზერით" ვაქცინაციის ფართო კამპანიაზე. ძვირფას დროს ვკარგავთ მოლოდინის პროცესში - "სინოვაკი", "სინოფარმი", "ასტრაზენეკა" მაღალი ეფექტურობისაა", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ”, - აღნიშნავს გამოცემა.

"განცხადება გააკეთა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემაც, მისი განცხადებით, ქვეყანაში ამჟამად ე.წ ინდური შტამის 52 შემთხვევაა დადასტურებული და კიდევ გრძელდება მსგავს შემთხვევებზე კვლევა. "დელტა" შტამი იმატებს. წინა კვირაში გვქონდა 25 ახალი შემთხვევა. ახლა სულ სადღაც 52 შემთხვევაა, კიდევ კვლევაშია დამატებითი შემთხვევები. ამაში არაფერი გასაკვირი არ არის იმიტომ, რომ "დელტა" შტამი ევროპულ ქვეყნებში თანდათან ანაცვლებს "ალფა" შტამს. პროგნოზი გახლავთ, რომ აგვისტოს შუა რიცხვებში, აგვისტოს ბოლოს ის მთლიანად ჩაანაცვლებს. ჩვენ გლობალური სამყაროს ნაწილი ვართ და მისგან დაცული არ ვართ. პრევენციული ღონისძიებები უნდა გატარდეს, ვატაროთ პირბადე, არ იყოს დიდი თავშეყრები, დავიცვათ დისტანცია. დღეს მთავარი გახლავთ ინტენსიური ვაქცინაცია", - განაცხადა გამყრელიძემ. მისივე თქმით, დელტა შტამი ჯერ არ დაფიქსირებულა ბავშვებში თუმცა შესაძლოა ასეთი შემთხვევებიც იყოს”, - განაგრძობს გამოცემა.

„ინფექციონისტ ალექსანდრე გოგინავას თქმით, რთული იქნება "დელტა" შტამის გავრცელების თავიდან აცილება. მისი მაჩვენებელი ყოველდღიურად იზრდება მსოფლიოს მასშტაბით, ამიტომ აუცილებელია ეპიდ სიტუაციის სტაბილიზაცია, რისთვისაც რამდენიმე ფაქტორია გასათვალისწინებელი. "ძალიან გაგვიჭირდება "დელტა" შტამის გავრცელების თავიდან აცილება, ჩვენ უბრალოდ უნდა მოვახერხოთ ეპიდსიტუაციის სტაბილიზაცია. ამ პროცესისთვის კი რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებაა საჭირო. პირველ რიგში, აუცილებელია ვაქცინაციის პროცესი სწრაფი ტემპით მიმდინარეობდეს და განხორციელდეს სრული მასშტაბით. მეორე - აუცილებლობას წარმოადგენს მოსახლეობის მიერ რეკომენდაციების მკაცრი დაცვა, განსაკუთრებით სანაპირო ზოლებსა და საზაფულო კურორტებზე”, - დასძენს გამოცემა.

"ამასთან დაკავშირებით, საჭიროა სახელმწიფოს მხრიდან გატარდეს რეგულაციები. ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს კი წარმოადგენს იმ ქვეყნებთან მიმოსვლის საკითხი, სადაც გამწვავებულია ეპიდემიოლოგიური სიტუაცია და ფიქსირდება "დელტა" შტამის მაღალი მაჩვენებელი. თუ ჩვენ შევძლებთ და კომპლექსურად დავიცავთ წესებს, შესაძლოა ქვეყანას თავიდან ავაცილოთ გამწვავებული ეპიდ სიტუაცია" - განაცხადა ეპიდემიოლოგმა. ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელთა რეკომენდაციების მიხედვით, აუცილებელია მოსახლეობამ გამოიჩინოს მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა, დაიცვან მოცემული რეკომენდაციები, თავი აარიდონ ხალხმრავალ ადგილებს, ატარონ პირბადე და დაიცვან დისტანცია”, - წერს სტატიის ავტორი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა