თბილისის საქალაქო სასამართლოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას მორიგი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
აღნიშნულ პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხებიან.
სასამართლო პროცესს არ ესწრება თავად ბრალდებული, ვინაიდან ის მოსამართლის გადაწყვეტილებით, სხდომათა დარბაზიდან სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე გაძევებულია.
მელიას ადვოკატის გიორგი კონდახაშვილის განცხადებით, შერჩევითი სამართალია, როდესაც ნიკა მელიას ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში ბრალდება მთელი სიმკაცრით წარედგინა, 5 ივლისის ძალადობაში ორგანიზატორები კი, ჯერ კიდევ არ არიან პასუხისგებაში მიცემულნი.
„როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, დღეს ვაგრძელებთ ბრალდების მოწმეების დაკითხვას, თუმცა მათი ვინაობა ჩვენთვის უცნობია. კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო და პარალელი გავავლო - მაშინ, როდესაც ნიკა მელიას ყოველგვარი სიმკაცრით სახელმწიფომ წარუდგინა ბრალდება, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში და დღემდე ეს პროცესი გრძელდება, რამდენიმე თვე პატიმრობაშიც გაატარებინეს, 5 ივლისის ორგანიზატორი პირები, რომლებმაც ცალსახად დააორგანიზეს და იძალადეს არა მხოლოდ მოქალაქეებზე, არამედ ჟურნალისტებზეც, დღემდე არ არიან პასუხისგების მიღმა, ეს არის კლასიკური მაგალითი შერჩეული სამართლის”,- განაცხადა კონდახაშვილმა.
ცნობისთვის, ნიკა მელიას ბრალი 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მისი ხელმძღვანელობისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით აქვს წარდგენილი.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"