ვიქტორ ყიფიანი - მოქმედება თუ უმოქმედობა: ასარჩევი აი ეს არის

საკითხის „მოთელვა“

თანამედროვე მსოფლიო რეალობაში ხელახლა დადგა სახელმწიფოს როლისა და მისი ფუნქციონალური მდგენელების გადააზრების ჯერი. ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია ეროვნულ-ისტორიულ ფესვებზე აღმოცენებული იმ ქვეყნებისათვის, რომლებსაც ამ ნიშნით დღესაც არსებობასა და ამა თუ იმ გლობალურ წესრიგთან შეწყობაზე ხვალაც ექნებათ პრეტენზია.

ასეთთა რიცხვს, მკითხველისათვის აბსოლუტურად გასაგები მიზეზით, საქართველოც მიეკუთვნება. ფაქტია ისიც, რომ არაპროგნოზირებადი გლობალური თუ რეგიონალური საერთაშორისო და უსაფრთხოების კონტექსტის გამო, ეს ამოცანა მეტად რეალურ და პრაქტიკულ გამოწვევად გვესახება: როგორ განვაგრძოთ განვითარება და როგორ ვიქცეთ მოდერნიზებულ ქვეყნად ისე, რომ არ მოვწყდეთ ჩვენს გამორჩეულ ისტორიულ წარსულს და არ გავფანტოთ ჩვენი ეროვნული ცნობიერება და იდენტობა.

მესმის, რომ თემა იმდენად ღრმაა, რომ მხოლოდ მისი ხსენება არ იკმარებს. მით უფრო, არასერიოზული იქნება გამოწვევის „ერთი ჩარბენით გაანალიზება“, როგორც ეს ჩვენში ხდება ხოლმე. ამიტომ წარმოდგენილ სტატიაში - რომელსაც ხმამაღლა ფიქრს უფრო ვუწოდებდი - ამ დიდი თემის ერთ მეტად კონკრეტულ - მის ინსტიტუციურ შემადგენელზე შევჩერდები.

ვფიქრობ, დღეს საკამათო არ არის, რომ ქვეყნის გამართული ფუნქციონირება სახელმწიფო ინსტიტუტების სწორ მუშაობაზეა დამოკიდებული. ახსნა მარტივია და მოკლედ ასე ჩამოვაყალიბებ: ჭარბი აბსტრაქტულობის გასანეიტრალებლად და მეტი კონკრეტულობის შესაძენად, სახელმწიფოებრივი სტატუსის მქონე ესა თუ ის სუბიექტი თავისი ინსტიტუციონალური მოწყობის ხარჯზე ამყარებს ორ უმნიშვნელოვანეს კავშირს: ერთი მხრივ – საკუთარ მოსახლეობასთან, ხოლო მეორე მხრივ (და ამავდროულად) – საერთაშორისო აუდიტორიასთან. სახელმწიფო სწორედ ფორმალურ ინსტიტუტებში ელექტორატის ნების განსხეულებით იძენს კონკრეტულ დანიშნულებასა და ფუნქციონალს; ხოლო რაც უკეთეს კონდიციაშია მისი ინსტიტუტები, მით ანგარიშგასაწევი და პატივსადებია კონკრეტული ქვეყანა, მით უფრო კონკურენტუნარიანია იგი აწმყოსა და ახლო მომავალში.

ვინაიდან ერთ მცირე ფორმატის სტატიაში განსჯისათვის საკითხის დიაპაზონი, თუნდაც მისი ინსტიტუტებამდე დავიწროებით, მაინც ფართოა, აქაც ჩვენი ქვეყნისათვის მეტად მნიშვნელოვან, ერთ კონკრეტულ ინსტიტუციონალურ ასპექტზე – მისი საგარეო-პოლიტიკური მიმართულების პრინციპებზე ვისაუბრებ. ზოგადად, საგარეო დღის წესრიგი იმ კატეგორიის თემაა, რომლის შეფასება, პრაქტიკულად, არავის ეზარება და საამისოდ მზადყოფნას, ფაქტობრივად, ნებისმიერი აცხადებს. მეტიც, ერთი უბედურებაა, როდესაც ამას აღნიშნული სფეროს მიღმა მდგომი ადამიანები აკეთებენ, მაგრამ, მე თუ მკითხავთ, გაცილებით საზიანოა, როდესაც საუბრობენ ისინი, ვისაც საგარეო სამსახური მხოლოდ დასაქმების, პირადი კარიერული მარკეტინგის საშუალებად ან პოლიტიკურ-პარტიული მსახურების ასპარეზად წარმოუდგენია. ასეთი მიდგომა და დამოკიდებულება ანგრევს საკუთრივ საგარეო სამსახურს, უკლავს ჯანსაღი მიზიდულობის პერსპექტივას მომავალი თაობის თვალში და, როგორც შედეგი, ასუსტებს ქვეყნის საგარეო პოზიციებს, რაც, თავის მხრივ, მეტად მოწყვლადს ხდის მის შიდა ცხოვრებასაც.

კიდევ ორიოდე აუცილებელი დათქმა საკითხის მეტ დეტალიზაციამდე: პროფესიონალურ საგარეო სამსახურთან მჭიდრო უშუალო შეხება რეალურად არასდროს მქონია. ამდენად, აქ გადმოცემული მოსაზრებები მხოლოდ საგარეო პოლიტიკის საკითხების „თვითსწავლების“ რეჟიმში შეძენილ ცოდნას უკავშირდება, ისე როგორც ამ ცოდნის სხვადასხვა პრაქტიკულ ასპექტებში გამოყენებასა და დაკვირვებას. აგრეთვე აღსანიშნია, რომ ამ მოსაზრებების მკითხველამდე მიტანას წინ უძღოდა არაერთი დისკუსია თუ საუბარი ჭეშმარიტად მცოდნე და საკითხში ჩახედულ ხალხთან, ისე როგორც ჩვენი ქვეყნის გარეთ მიმდინარე პროცესების კვლევა და არაერთგზის შეფასება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ საკითხის სამსჯავროზე გამოტანა განაპირობა იმის გარკვევის საჭიროებამაც, თუ სად იმყოფება დღესდღეობით ქართული „ფორინ ოფისი“ (საგარეო უწყება) და როგორი უნდა იყოს მისი სწორი გადაწყობისა და ხელშესახები შედეგიანობის ინდიკატორები.

აქვე დავძენ, რომ ეს მოსაზრებები თავიდან ბოლომდე სუბიექტური ხასიათისაა და მე, როგორც მათ გამხმოვანებელს, არავითარი პრეტენზია ამა თუ იმ განცხადების უტყუარობასა და სიზუსტეზე არა მაქვს. მეტიც, მოხარული ვიქნები, თუ ნებისმიერი ჩემი ნათქვამი დაუნდობელი კრიტიკის საგნად იქცევა. ასეთ დროს გაცილებით არსებითია, დაიწყოს რეალური და უკომპრომისო განხილვა იმ ინსტიტუტის რაობასა და ხვალინდელ დღეზე, რომელიც საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესის უმთავრესი გამხმოვანებელი, გამტარებელი და მეთვალყურეა. ამგვარი მსჯელობის საჭიროებაზე დღეს არაერთი ჩვენგანი და თქვენგანი საუბრობს, მაგრამ ყოველი ასეთი საუბარი მხოლოდ პირად სივრცეშია მოქცეული და საჯარო პოლიტიკამდე ჯერაც რეალუად არ მიუღწევია. რთულია გაბედულად თქმა, თუ ვინ რჩება მოგებული ამ საუბრების მხოლოდ და მხოლოდ კულუარულობით, მაგრამ დარწმუნებით შესაძლებელია ითქვას, თუ ვინ აგებს: ყოველი ჩვენგანი და ქართული სახელმწიფო.

ვიმსჯელოთ(?)

მოგეხსენებათ, პროცესებსა და მოვლენებს ცვალებადობა ახასიათებს. იგივე ხდება კონკრეტულ ცნებებთან მიმართებით: პოლიტიკური ფორმაციებისა თუ საზოგადოებრივი კატეგორიების უწყვეტი სახეცვლილება - განსაკუთრებით თანამედროვე დინამიკის გათვალისწინებით - ასევე ცვლის ამა თუ იმ ცნებისა თუ გაგების არსს, ავსებს მას, უთანაბრებს მიმდინარე მომენტს. სწორედ ასე წარმომიდგენია ეს ზოგადი შენიშვნა ჩვენს საგარეო უწყებასთან მიმართებითაც, რომელიც დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ სახელს ატარებს. ვეცდები, უკეთ განვმარტო ეს კერძო შემთხვევა.

სტატიის შესავალ ნაწილში ერთგვარ ბარბარიზმად „ფორინ ოფისი“ გამოვიყენე, რაც შემთხვევითი არ იყო. საქმე ისაა, რომ თანამედროვე სახელმწიფოს იერსახესა და მის შინაარსთან ერთად ასევე იცვლება წარმოდგენა სახელმწიფო ფუნქციების განმახორციელებელ საჯარო ინსტიტუტებზე. ქართულ საგარეო პოლიტიკურ უწყებასთან დაკავშირებით, მიმაჩნია, რომ მისი დღევანდელი სახელწოდება, გარდა იმისა, რომ საბჭოთა და პოსტსაბჭოთა კლიშეა, აცდენილია თანამედროვე დანიშნულებას. ამგვარი დანიშნულება უშუალოდ უკავშირდება საგარეო საქმიანობის იმ პრინციპებს, რომლებზეც შემდგომ ვისაუბრებ, მაგრამ ამ ნაწილში სახელის შეცვლის აუცილებლობას შემდეგნაირად დავასაბუთებ: სახელწოდებაში სიტყვა „საქმეთა“ იმპლიციტურად სახელმწიფო ნების გატარება-აღსრულებას გულისხმობს. ეს, რა თქმა უნდა, ასეა და თავის დროზე სსრკ საგარეო საქმეთა სამინისტრო სწორედ რომ საბჭოთა კავშირის სახელმწიფო ინტერესების საერთაშორისო არენაზე დაცვას ემსახურებოდა. ეს მისი უპირველესი და უმთავრესი დანიშნულება იყო, რაც, პრაქტიკულად, ყველა სხვა დანარჩენ მიზანს თუ ამოცანას შთანთქავდა.

ვფიქრობ, დღეს, თუნდაც ეს, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო და ფორმალისტური საკითხი, სხვაგვარ გააზრებასა და მიდგომას ეხება. მიმაჩნია, რომ შესაბამისი უწყების სახელწოდება არა მარტო სახელმწიფოს, არამედ კერძო ბიზნესისა და ჩვენი საზოგადოების ყოველი ინდივიდის ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს; მით უფრო, რომ თანამედროვე სამყაროში ასეთი ინტერესები გამრავალფეროვნდა და ადრინდელთან შედარებით საქმიანობისა და აქტივობის გაცილებით მეტ შრესა თუ სეგმენტში შეაღწია. პრაქტიკულად, შიდა და გარე ურთიერთობების კომპლექსურობის გამოისობით, „ჩიტაძესაც“ შესაბამისი გადაწყობა უწევს მის ზრუნვას დაქვემდებარებული მიმართულებებისა და შესაბამისი სპეციალიზაციების სახით. სწორედ ამ მოსაზრებით, ვფიქრობ, რომ რეალურ ფუნქციასა და ყოველდღიურობის შინაარსს ოფიციალური სახელწოდებაც უნდა მიესადაგოს. იგი დროსა და მოთხოვნებთან ადეკვატურად თანწყობილი უნდა გახდეს. ამიტომაც, ასეთი ადეკვატურობის სახელწოდებაში გამოსახატავად, მართებული იქნება აღნიშნულ უწყებას „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს“ ნაცვლად „საქართველოს საგარეო უწყება“ ეწოდოს: შემოთავაზებული სახელწოდება გაცილებით უფრო ტევადი და, რაც მთავარია, მიმდინარე ეტაპის დღის წესრიგთან და თანამედროვე გაგებასთან თანხვედრია.

რისთვის?

სარგებლისთვის, სრულისა და რეალურისათვის, არა სანახევროდ და არა მოჩვენებითობისათვის – ასე მოკლედ შეიძლება ფორმულირდეს საქართველოს საგარეო უწყების სახელმწიფოებრივ-პოლიტიკური და საზოგადოებრივ-სოციალური დანიშნულება. მისი არსებობა არ უნდა მოიაზრებოდეს, როგორც აუცილებლობა სახელმწიფო სისტემაში სუვერენულ ატრიბუტად ჩაშენებული ორგანიზაციისა, რომელიც უნდა გვქონდეს მხოლოდ იმიტომ, რომ ასეთია წესი; არც იმიტომ, რომ საგარეო-დიპლომატიური სამსახური ჯერ ხელისუფლების, ხოლო შემდეგ უკვე სამსახურის წარმომადგენელთა მიერ დამკვიდრებული წესისადმი მექანიკური პატივდებისა და თავმომწონეობის სიმბოლოდ დარჩეს მხოლოდ. საქართველოს საგარეო უწყება პატიოსნად და ყოველგვარი შეკითხვის გარეშე უნდა ამართლებდეს საკუთარ არსებობას როგორც ქართული სახელმწიფოს, ისე ქართველი გადასახადის გადამხდელის თვალში: პირველ შემთხვევაში ეს ეროვნული ინტერესის უკომპრომისო და კომპეტენტური დაცვით უნდა იყოს გამოხატული, ხოლო მეორე შემთხვევაში – ჩვენი ქვეყნის მოქალაქე უნდა გრძნობდეს, რომ საგარეო უწყების ეფექტიანობა მის ყოველდღიურობაზე ხელშესახებად, ალბათ ცვალებადი ხარისხით, მაგრამ – აისახება.

გამორჩეული სიამაყით უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად არსებული ინსტიტუციური სირთულეებისა, ხარვეზებისა თუ გამოწვევებისა, ჩვენს საგარეო უწყებას ყოველთვის ჰყავდა და დღესაც ჰყავს მრავალი დიპლომატი და მოხელე, რომლებმაც ქართული საგარეო გამარჯვების არაერთი პრეცედენტი შექმნეს, ღირსეულად და უანგაროდ ემსახურნენ და ემსახურებიან ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობას, მის აწმყოსა და მომავალს. აშკარაა, რომ არა მათი პროფესიონალიზმი, ენთუზიაზმი და ზოგიერთ შემთხვევაში – საქმისადმი ფანატიკური ერთგულება, დღეს უწყებრივ მომავალზე საუბრის არანაირი საფუძველი არ გვექნებოდა.

ახლა კი სწორედ მომავლის კონტურებზე გადავიდეთ. იმ მომავლისა, რომლის მრავალწახნაგიანობა და, ალბათ არასრული პროგნოზირებაც თვისობრივად ახლებურ რისკებსა და გამოწვევებს უქადის ქართული ეროვნული სახელმწიფოს ქმედუნარიანობას და, შედეგად, სრულიად ახლებურად უყალიბებს შესასრულებელ ამოცანებსა თუ განსახორციელებელ მისიას მის თითოეულ ინსტიტუტს.

უკვე ვთქვი, რომ ამ სტატიის მიზანი არ არის და ვერც იქნება საქართველოს საგარეო უწყებასთან დაკავშირებული ყველა პირდაპირი თუ არაპირდაპირი ასპექტის განხილვა. ასეთი ჩანაფიქრი უკიდურესად არასერიოზული და უპასუხისმგებლო იქნებოდა, რადგან თემის სრულ გააზრებას პროფესიონალთა ჯგუფის წარსული და ამჟამინდელი გამოცდილების მეთოდური თავმოყრა, ხვალინდელი სამყაროს ვრცელი შეფასება და, შედეგად, საქართველოს კონტექსტში ამ ორი მდგენელის კონკრეტული სამსახურის ფუნქციონალურ და სტრუქტურულ ჭრილში ანალიზი სჭირდება. ეს მეტად ამბიციური და პრეტენზიული სამუშაოა.

ამდენად, ამ სტატიის გამოქვეყნებით მხოლოდ გულწრფელად გვსურს საჯარო საუბრებში მოურიდებლად და დაუფარავად წარიმართოს მსჯელობა საგარეო ასპარეზზე ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესების გატარებისათვის უფრო უკეთესი, დროსა და გამოწვევებზე მორგებული სისტემის შესახებ, დასახელდეს ყველა ის შესაძლო ნაკლი თუ ხარვეზი, რომლებიც ამ მხრივ განვითარების პროცესს აფერხებს, ისე როგორც მოინიშნოს და გამოიკვეთოს პრობლემური უბნების სირთულეების მოგვარების გზები. იმედი მაქვს, რომ ასეთი მსჯელობა იქნება, იგი არ დააყოვნებს და, რაც მთავარია - კონკრეტულ და გასაგებ პრაქტიკულ ქმედებებსა და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში აისახება.

ახლა და ამჯერად კი დაინტერესებულ აუდიტორიას გავუზიარებ მოსაზრებას, თუ რა უნდა გახდეს ქართული საგარეო უწყების ძირეული რეფორმირების, ხოლო შედეგად კი, მისი სრულფასოვანი საქმიანობის შეფასების საზომად. რამ უნდა შეგვიქმნას იმის ფიქრის საფუძველი, რომ საგარეო სამსახურმა სახე იცვალა და ჩვენი საკუთარი გეოპოლიტიკური დღის წესრიგის, მისი სამხედრო და ეკონომიკური უსაფრთხოების, ხვალინდელზე მიმართული ეროვნულ-სახელმწიფოებრივი კონკურენტუნარიანობის, ქართული და საქართველოს ყველა მოქალაქის გამაერთიანებელი იდენტობის მყარ და საიმედო საყრდენად ჩამოყალიბდა? უხეშ ანალოგიას თუ გამოვიყენებთ, რომელი პრინციპების რეალიზება და რისი მკაფიო ინდიკაცია მოგვანიჭებს მორალურ უფლებას, რომ საგარეო ინტერესების მთავარ ინსტიტუციონალურ გარანტორს ფრიადი დავუწეროთ?

ცვლილებათა აუცილებლობის პირისპირ

დიახ, დღეს სწორედ რომ ცვლილებების აუცილებლობის პირისპირ დავდექით. თანაც ეს ცვლილებები სასურველია განხორციელდეს დინჯად, მაგრამ გაჭიანურების გარეშე; სისტემურად, მაგრამ არა არსებულის სრული ჩამოშლით; გააზრებულად და არა ხელაღებით; სიღრმისეულად და არა ნაწილობრივ-პროპაგანდისტულად; ინსტიტუციონალიზმის რეალური გაგებით და არა პოლიტიკურ-კონიუნქტურული რიტორიკის თანხლებით; ფუნქციონალური გადახალისების უკომპრომისო დაშვებით, მაგრამ არა ადამიანების ჭეშმარიტი პროფესიული და დამსახურებული კარიერული ბედის მსხვრევის ხარჯზე. ასეთი, ერთი შეხედვით, „ჭრელი“ ბალანსი მეტად მოზაიკურია და რთული მისაღწევია, მაგრამ მას ვერ ავცდებით, თუ რეალურ შედეგზე ვიქნებით ორიენტირებული.

ამდენად, მკითხველის ნებართვით, იმ პრაქტიკული თუ პოლიტიკური შემადგენლის მოკლედ მიმოხილვაზე გადავალ, რომელიც ამ ზემოთ მონიშნულ პროცესს დაეხმარება.

„საგარეოს“ ახლებური გააზრება:

საგარეო უწყების, როგორც სერვისპროვაიდერის ფუნქცია, მისი სახელწოდების ირგვლივ საუბრისას ვახსენე. უწყების გადაწყობა ქვეყნისა და ჩვენი საზოგადოების ყველა სეგმენტის მომსახურებაზე მხოლოდ ვიწროუწყებრივ საკითხს არ უკავშირდება. იგი ორგანულად ეხმიანება მოცემულ ისტორიულ ეტაპზე სახელმწიფოს თანამედროვე როლის გააზრებას. ეს ზოგადად ვრცელი თემაა და მასზე სხვადასხვა დროს რამდენიმე სტატიაში ვისაუბრე, ხოლო მისი მოკლე შეჯამება ასე მესახება: (ა) სახელმწიფო, როგორც ხარისხიანი საჯარო სერვისების მიმწოდებელი; (ბ) სახელმწიფო, როგორც უსაფრთხო ცხოვრებისა და განვითარების უზრუნველმყოფი; (გ) სახელმწიფო, როგორც მოქალაქისა თუ ბიზნესის შესაძლებლობების განვითარებისათვის თანაბარი სასტარტო პირობების შემქმნელი, ისე როგორც (დ) სახელმწიფო, როგორც სოციალური უსამართლობისა და დისბალანსის აღმოფხვრაზე პასუხისმგებელი და შესაბამისად – რეგულატორი.

„საგარეოსთან“ მიმართებით ასეთი ახლებურობა სახელმწიფო, საზოგადოებრივ, საქმიან თუ ინდივიდუალურ საჭიროებასთან ნებისმიერი გარე ხასიათის მიმართულებისა თუ ელემენტის შემცველი მომსახურების დროისა და დანახარჯის მხრივ ეფექტიან, სწრაფ და ოპტიმალურ უზრუნველყოფას უკავშირდება.

ამ მიდგომის კიდევ ერთი, პრაქტიკულად მეტად სასარგებლო შედეგია საქართველოს საგარეო უწყების „გაადამიანურება“ საკუთარი მოქალაქეების თვალში, საზოგადოების მოლოდინთან მისი მაქსიმალური დაახლოება და იმ არასასურველი მანძილის აღმოფხვრა, რომელიც დღეს საშუალო სტატისტიკურ ქართველსა და ფოტოზე სახელმწიფო სიმბოლიკის ფონზე ასახულ დიპლომატს შორის შეიმჩნევა. ნიშანდობლივია, რომ ამგვარი გაუცხოება მხოლოდ ქართული მოვლენა არ არის. ასე მაგალითად, ბაიდენის საპრეზიდენტო კამპანიის დროს მისი საგარეო მრჩეველთა გუნდი ღიად აცხადებდა, რომ აშშ-ს საგარეო პოლიტიკის წარმატება საშინაო პრობლემების გადაჭრას უნდა მოემსახუროს. ჯერ კიდევ მაშინ, ბაიდენის პროგრამის ერთ-ერთ ქვაკუთხედად ქვეყნის საშუალო ფენისა და უბრალო ამერიკული ოჯახის ინტერესებზე ქვეყნის საგარეო შესაძლებლობების გადმოტანის პრიორიტეტულობა დასახელდა, რაც უკვე მოქმედი ადმინისტრაციის გენერალური ხაზია, - ამ მომენტიც ჩათვლით მაინც.

ეს და არაერთი სხვა მსგავსი მაგალითი ჩვენთვის საჭირო გაკვეთილია, რომელიც უნდა ავითვისოთ და ჩვენსავე რეალობაში დავნერგოთ.

„საგარეოს“ ანალიტიკა:

მიმაჩნია, რომ ანალიტიკური მიმართულებით საქართველოს საგარეო უწყების მუშაობა გადასაწყობია უფრო საგნობრივ, არაზედაპირულ, ყოვლისმომცველ და პრაქტიკული პოლიტიკის შექმნის ხელშემწყობ მიდგომებზე. მაქვს განცდა, მათ შორის, რიგი წყაროების გაცნობის შედეგად, რომ აღნიშნული მიმართულებით ჯერ კიდევ დიდი რესურსი და სივრცეა ასათვისებელი.

ამასთანავე, ტექნიკური გაგებით, „საგარეოს“ ანალიტიკური როლი ორ უმთავრეს მიმართულებას მოიცავს: (1) ზემოხსენებულ მიდგომაზე დაყრდნობით, საერთაშორისო პოლიტიკაში მიმდინარე ტენდენციების კონცეპტუალური ანალიზი და, ე.წ. „პოლიტიკის დოკუმენტების“, იგივე white paper-ის ქართული ანალოგის პრაქტიკაში დამკვიდრება, ასევე (2) კონკრეტული დარგობრივი უწყებებისა და ინსტიტუტებისადმი ყოველდღიური დახმარება მათ შესაბამის დარგსა თუ სფეროს მიკუთვნებული კომპეტენციის საკითხების საკვლევად.

კიდევ ერთი, ურთიერთდაკავშირებული და თანაც დელიკატური ასპექტი, რომელიც, მინიმუმ, აღნიშვნის ღირსია, არის სპეციალიზებულ უწყებებთან ერთად ასევე სპეციალიზებული ანალიტიკის უზრუნველყოფა. საგარეო უწყების საბოლოო ბენეფიციარად ქვეყნის უსაფრთხოების სისტემა, მისი შესაბამისი სამსახურები მესახება. გარდა ამგვარი კვლევების ავტონომიურ რეჟიმში წარმართვისა, უწყების დამატებითი პოზიტიური ჩარევა შეიძლება იყოს ძალისხმევის კოორდინირება სხვადასხვა უწყების ანალიტიკური მასალის მოსაპოვებლად და მისი შეჯერება–კომპილაცია. ასე ქვეყნის საჯარო ინსტიტუტებში ანალიტიკური პროცესი ბევრად უფრო დალაგდება, სისტემური გახდება და მინიმუმამდე შეამცირებს ისეთ არასასურველ მოცემულობას, როდესაც არასასურველ შინაარსს იძენს ცნობილი ფრაზა: „მარჯვენა ხელმა არ იცის, მარცხენა რას აკეთებს“.

ასევე, მეტად მნიშვნელოვანია, რომ „საგარეოს“ ანალიტიკა, ისე როგორც ნებისმიერი სხვა სახელისუფლო ინსტიტუტისა, მჭიდროდ თანამშრომლობდეს გარე კვლევით და ანალიტიკურ ცენტრებთან, ქართულ think-tank-ებთან. მესმის, რომ თანამედროვე ქართული ექსპერტიზის სანდოობა გარკვეულ წილად დისკრედიტირებულია, რისი რეალური მიზეზების შესახებაც მკითხველს კარგად მოეხსენება. თუმცა სპეტაკ მიდგომასა და დეპოლიტიზებულ კომპეტენციაზე დამყარებულ თანამშრომლობას მრავალი ეფექტი აქვს, დაწყებული პოლიტიკური გადაწყვეტილებების მისაღებად აუცილებელი ანალიტიკური მასალის ხარისხის გაუმჯობესებით, დამთავრებული ზოგადად ქართული ანალიტიკური კულტურის განვითარებითა და შესატყვისი ტრადიციების დამკვიდრებით. ამით კი მოგებული, საბოლოოდ, ისევ ქართული სახელმწიფო და მისი საზოგადოება იქნება.

მაგრამ...

ზემოთ დასახელებული მიზნების ხორცშესხმის უპირველესი წყარო კონკრეტული ადამიანები – საგარეო პოლიტიკისა და მისი შექმნის პროფესიონალები არიან. ამ წყაროს მუდმივი რუდუნება, ზრუნვა და ხელშეწყობა სჭირდება. იგი თავისით ვერ აღმოცენდება, უცაბედად ვერ წარმოიქმნება და სასურველ შედეგს მხოლოდ ენთუზიაზმის, ფილანთროპიისა ან ვოლუნტარიზმის ხარჯზე ვერ დადებს. ქვეყნის ეროვნულ სხეულს არაერთი სხვა პროფესია ამშვენებს, რომელსაც მაღალი დონისა და ყველა სხვა საჭირო ფორმის მხარდაჭერა სჭირდება. მათ შორის, ბუნებრივია, საგარეო უწყების კორპუსი ის პროფესიულად უძვირფასესი ადამიანური კაპიტალი, რომლის რეალური „კაპიტალიზაცია“ ეროვნული საგარეო და საშინაო დღის წესრიგის გათვალისწინებით, საგარეო უწყებაში სწორად გააზრებულ მერიტოკრატიულ სისტემაზე გადის.

ამ მეტად კონკრეტულ საკითხზე საუბარს არაერთი განშტოება აქვს, იქნება ეს რეკრუტირება, უწყვეტი ცოდნისა და კვალიფიკაციის ამაღლების სისტემა, პროფესიულ-ისტორიული მეხსიერების თაობიდან თაობაზე გადაცემის - რაც ესოდენ არსებითია - პირობების შექმნა, საგარეო უწყების შიგნით შეფასების მექანიზმის გამჭვირვალობა და სამართლიანობა, ისე როგორც კორუფციის ეფექტიანი საპირწონეს შექმნა, დიპლომატთა როტაციის სისტემის გამართულობა, პროფესიულ კარიერასა და მასთან დაკავშირებულ პირად ცხოვრებაში სიმყარისა და პროგნოზირებადობის უზრუნველყოფა, იერარქიულ „ბორბალში“ გადაადგილებისას „გადმოკიდებულ მდგომარეობაში“ ყოფნის ალბათობის მინიმიზაცია, საგარეო უწყების მიერ ლატერალური დაქირავების სწორი მართვა და სხვ.

ესეც ის აუცილებელი „რუტინაა“, რომლის საფუძვლიანი და კვალიფიციური დალაგების გარეშე მაღალი იდეალების შესახებ ტელეეთერში სოლიდური გამომეტყველებით გადმოცემული სიტყვათა წყობა არც საგარეო უწყების პრესტიჟს ემსახურება და ვერც ქვეყნის ინტერესებს მოემსახურება ეფექტიანად.

პრიორიტეტი ციფრებში

ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობის საქმიანობის შეფასების ერთ-ერთი უტყუარი მაჩვენებელი საქართველოს ეკონომიკაში ამათუიმ წარმომადგენლობის გეოგრაფიული არეალიდან მოზიდული ინვესტიციები უნდა გახდეს. დიახ, საინვესტიციო ციფრები ამა თუ იმ საელჩოს წარმატებული მუშაობის უტყუარ საზომად წარმომიდგენია. ცხადია, რომ საზღვარგარეთ დიპლომატიური მისიის გახსნისას ან გაფართოებისას, მხედველობაში თანაბრად მისაღებია სხვა ორი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი: საქართველოს გეოპოლიტიკური ინტერესი და არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერა. რა თქმა უნდა, მხოლოდ ერთ-ერთის არსებობა უკვე საკმარისი საფუძველია, რათა საგარეო უწყებამ დადებითი გადაწყვეტილება მიიღოს საჭირო ადამიანური და ფინანსური რესურსის მისამართად.

ამავდროულად, იმ ეკონომიკური გამოწვევების გათვალისწინებით, რომლის წინაშეც ქართული სახელმწიფო დგას, პრაქტიკულად, იდეალურ კომბინაციად წარმომიდგენია დასახელებულ ორ ფაქტორთან (ან თუნდაც ერთ-ერთთან) საინვესტიციო ფაქტორის გაერთიანება. მეტიც, არც იმას გამოვრიცხავ, რომ ამა თუ იმ შემთხვევაში სწორედ რომ ინვესტიციის მოზიდვის პერსპექტივა იქცეს დიპმისიის დაწესების ან შენარჩუნების გადაწყვეტილების მიღების ერთადერთ მოტივაციად.

ზოგადად, ეკონომიკური ხაზის დიპლომატია დიდი ხნის პრობლემაა. მისი მოგვარების გზებზე, მათ შორის, საგანგებოდ ეკონომიკური პროფილის დიპლომატიური კადრის შემოღებასა და ხელშეწყობაზე მრავალი წელია საუბრობენ. საკვირველი მხოლოდ პრობლემის გადაუჭრელობაა. არადა, საქართველოს ირგვლივ საერთაშორისო ურთიერთობის თანამედროვე ტენდენციები - განსაკუთრებით, მზარდი ეკონომიკური ნაციონალიზმის პირობებში - ამ ხაზის სისტემურობასა და აუცილებლობაზე მკაფიოდ მეტყველებს.

ისედაც, გარე ტენდენციებს რომ თავი დავანებოთ, ეროვნული ეკონომიკის განვითარება, დასაქმება, ინფრასტრუქტურა, ეკოლოგიასთან დაკავშირებული დღის წესრიგი, ფაქტობრივად, ალტერნატივას არ გვიტოვებს. ალბათ, ყველა უნდა შევთანხმდეთ: თვითკმარი ეროვნული ეკონომიკური სისტემის გარეშე, საკუთარი წარმოების არქონის, თანამედროვე ტექნოლოგიური და კვალიფიციური ტექნოკრატიული რესურსის უკმარისობის, მასტაბილიზებელი საშუალო ფენის სითხელის პირობებში, ქართულ სახელმწიფოებრივ წინსვლასა და წარმატებაზე ფიქრიც კი შეუძლებელია.

თანამშრომლობა დიპლომატიებს შორის

შესიტყვება – „დიპლომატიებს შორის“ შესაძლოა, ზოგიერთ მკითხველს ერთგვარ ოქსიმორონად მოეჩვენოს. რეალურად, ეს ასე არ არის, თუკი მხედველობაში მივიღებთ თანამედროვე დიპლომატიის ნაირსახეობას და, „საგარეოს“ ხაზით დიპლომატიური მიმართულების გვერდიგვერდ საპარლამენტო და სახალხო დიპლომატიის თანაარსებობას.

სამივე დასახელებული კატეგორიის სინქრონული შეწყობა ასევე თანამედროვე ქართულ გამოწვევათა რიგშია. იქმნება მათი (განსაკუთრებით კი საგარეო უწყებისა და საპარლამენტო დიპლომატიის) ურთიერთმიმართების, მათ შორის კოორდინაციის უკმარისობის შთაბეჭდილება. მიზეზების მოკვლევა, ალბათ, ვრცელი (ქართული სახელმწიფოს ინსტიტუციათაშორის თანამშრომლობის კულტურის სიმწირე) და არასასიამოვნო (ქართული ხასიათისა და ეგოს გამოისობით პიროვნული შეუთავსებლობანი) განსჯის საგანია.

თუმცა, სადავო არ არის, რომ ქართული ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ამოცანების შესრულება, ისე როგორც „საგარეო საქმეთა სამინისტროს“ გადაწყობა „საგარეო უწყების“ რეალური სულისკვეთებით, სხვადასხვა დიპლომატიურ ნაირსახეობათა სრულფასოვანი მოქმედებისა და თანწყობის გარეშე მეტად გართულდება. ამავე სირთულის თანმდევ ნეგატივად, აგრეთვე ქართული „რბილი ძალის“ აუმოქმედებლობასაც დავასახელებდი: ეს ის ფენომენია, რომელიც თანამედროვე გლობალიზმის რეალიზებაში ჩვენს ე.წ. „გეოპოლიტიკურ კოზირად“ მიმაჩნია და რომლის თაობაზე წარსულში არაერთხელ მისაუბრია.

სხვათა შორის, რადგან დიპლომატიური ნაირსახეობა ვახსენე, შეუძლებელია გვერდი ავუარო დიპლომატიის კიდევ ერთ – პანდემიის ეპოქაში აღმოცენებულ და მობილობის შეზღუდვით „შეგულიანებულ“ მიმდინარეობას - ციფრულ დიპლომატიას. მის პლუსებსა და მინუსებზე დღეს ვრცლად იწერება, ისე როგორც გაციფრულებული ურთიერთობის ზოგად სირთულეებზე. თუმცა, ასევე ღიად უნდა ითქვას იმ უპირატესობაზეც, რომელსაც ციფრული დიპლომატია ქართულ მხარეს აძლევს. მიმაჩნია, რომ ჩვენი ქვეყნის ფინანსური და ადამიანური რესურსის სიმცირისას, ციფრული დიპლომატიის გააქტიურებასა და ინტენსიფიკაციას თითქმის იმავე შედეგის მოტანა შეუძლია, როგორსაც სრულფასოვნად სტრუქტურირებული და „საველე პირობებში“ მოქმედი დიპლომატიისას მივიღებდით.

საქმე ისაა, რომ..

საქართველოს დღეს არა აქვს უფლება (ფუფუნება?) სტატიკურ, ერთგვარ სტატუს–კვოდან გამომდინარე საგარეო ხაზის გატარება არჩიოს. მიმდინარე აგრესიის, ოკუპირებული ტერიტორიის, თვისობრივი ეკონომიკური გადახალისების, საზოგადოებრივ-სოციალური გადასხვაფერების და, რაღა თქმა უნდა, მისი წარსულითა და დღევანდელობით ნაკარნახევი ცივილიზაციური არჩევანის ეგიდით, ქართული საგარეო პოლიტიკის სიცოცხლისუნარიანობა მხოლოდ მის „აქტივისტურ“ რეჟიმშია. ამდენად, ახლის ძიება, არაორთოდოქსული გადაწყვეტების გამოკვეთა, ასიმეტრიული მიდგომების სახელმწიფო პოლიტიკაში შეტანა, ტრანზაქციულ და ძალისმიერ საერთაშორისო კონტექსტზე ქართული გეოპოლიტიკური რეალიზმით მორგება (ასეთის მცდელობა მაინც), ქვეყნის საგარეო უწყების მუშაობის ხელწერად უნდა იქცეს. მესმის ისიც, რომ ვერცერთი კონკრეტული უწყება, ცალკე აღებული, ამინდს ვერ შექმნის, თუ ასეთი ხელწერა საერთო-ეროვნულ ხელწერად არ იქცევა და ქართული ეროვნულ-სახელმწიფოებრივი იდენტობის პატივმოყვარე ეგოდ არ დამკვიდრდება.

ვიქტორ ყიფიანი

„ჯეოქეისის“ თავმჯდომარე

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
ახალი ზოოპარკი და ახალი ბინადრები, რომელთა ნახვაც დამთვალიერებლებს შეეძლებათ - რა ეტაპზეა თბილისის ზღვაზე ახალი ტერიტორიის მოწყობა?
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით