ქართული პრესის მიმოხილვა 09.08.2021

გია ხუხაშვილი - “დასავლეთის რეაქციას უნდა ველოდოთ მაშინ, თუ “ოცნება” რეალურად დაარღვევს ხელშეკრულებას”

რას გაამკაცრებენ და რას შეზღუდავენ ორშაბათიდან - ხელისუფლებამ მკაცრი ზომების მიღება გადაწყვიტა

გიორგი გობრონიძე - “აშკარაა, რომ ვითარება რუსეთის სასარგებლოდ მომწიფდა”

რუსული მედია - „ამერიკელები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში გადასასროლად დივერსანტებს ამზადებენ“

ბადრი ჯაფარიძე - “შიშმა ახადა ფარდა “ოცნებას” და მისი რეალური სახე გამოაჩინა”

* * *

გია ხუხაშვილი - “დასავლეთის რეაქციას უნდა ველოდოთ მაშინ, თუ “ოცნება” რეალურად დაარღვევს ხელშეკრულებას”

“უპირველესად უნდა ითქვას, რომ IRI-ს ახალი კვლევის შედეგი სრულიად კანონზომიერი და ლოგიკურია. პოლიტიკურ ლანდშაფტზე მთავარი ცვლილება ის არის, რომ აქამდე გამეფებული ორპოლუსიანობის დასრულების შანსი გაჩნდა. დღემდე ჩვენ ვაკვირდებოდით პროცესს, როდესაც იყო ორი მიზიდულობის ცენტრი და დანარჩენი პარტიები მათ ორბიტებზე ნაწილდებოდნენ. გახარიას ფაქტორმა ეს ორპოლუსიანობა ამ ეტაპზე დაარღვია და გააჩინა კიდევ ერთი, დამატებითი ცენტრი, რომელზეც ქართველ საზოგადოებაში დეფიციტური მოთხოვნა იყო. არჩევნებსა და არჩევნებს შორის ყველა კვლევა აჩვენებდა, რომ ამომრჩევლის მნიშვნელოვანი ნაწილი ახალ არჩევანს ითხოვდა. ეს არის ხალხი, რომელიც არ არის კმაყოფილი აწმყოთი და შესაბამისად, არც “ქართული ოცნებით”, მაგრამ არც წარსულში უნდა დაბრუნება, ანუ არ არის მზად ისევ “ნაციონალურ მოძრაობას” მისცეს ხმა და ითხოვს ახალ, მომავლის არჩევანს. ამ კვლევაში ჩანს, რომ გამოკითხულთა 66% ახალ პოლიტიკურ ძალას ითხოვს”, - აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “დასავლეთის რეაქციას უნდა ველოდოთ მაშინ, თუ “ოცნება” რეალურად დაარღვევს ხელშეკრულებას”.

“გახარიას ფაქტორი იმანაც გააძლიერა, რომ ხალხი დაიღალა ნეგატიური დღის წესრიგით. იმით, რომ პოლიტიკური პროცესი დაფუძნებულია დაპირისპირებაზე, სიძულვილზე, ურთიერთბრალდებებზე, მათ შორის ხშირად ცრუზე. მოკლედ, ნეგატიური დღის წესრიგი ცხოვრების წესად იქცა. გახარია ამ პოლიტიკურ ტატამზე, სადაც მხოლოდ ჭიდაობაა, რაც ხალხს ასე მოჰბეზრდა, არ გადის. ამით მან განსხვავებული რამ შესთავაზა ამომრჩეველს, რაც ხალხს, განსაკუთრებით მის სამიზნე ამომრჩეველს მოსწონს. მის წინააღმდეგ არც მეორე ტექნოლოგიამ იმუშავა - როგორც ერთი, ისე მეორე მხარე ცდილობს როგორმე “შეტენონ” გახარია ერთმანეთის ბანაკში. “ნაციონალური მოძრაობა” ამბობს, რომ ის ბიძინა ივანიშვილის პროექტია, რაც ბევრს არ სჯერა, მაგრამ თუ ვინმეს სჯერა, ესეც გახარიას სასარგებლოდ მუშაობს, რადგან მისი სამიზნე ელექტორატის დიდი ნაწილი ძალიან ნეგატიურად უყურებს “ქართული ოცნების” დღევანდელ ელიტას. თუმცა აღიარებს ბიძინა ივანიშვილს როგორც ძალის ცენტრს და სულაც არ ეჩვენება ნეგატიურ მხარედ ის, რომ გახარიას შესაძლოა რაღაც კავშირი ჰქონდეს პირადად ივანიშვილთან. რაც შეეხება “ქართული ოცნების” ბრალდებებს და გახარიას “ნაციონალურ მოძრაობასთან” დაკავშირებას, ეს ძალიან არადამაჯერებელი და კომიკურია”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

“აქედან გამომდინარე, პარადოქსული ვითარება შეიქმნა - ორივე მთავარი პოლიტიკური პოლუსი დღეს, ფაქტობრივად, აწარმოებს გახარიას წინასაარჩევნო კამპანიას ე.წ. მომავლის არჩევანზე ორიენტირებულ ამომრჩეველში, რომელსაც პოზიტიური დღის წესრიგი სურს და არა მუდმივად ჩხუბის და შეხლა-შემოხლის ყურება. ეს სეგმენტი დღეს უკვე დიდია და სწორედ ეს არის გახარიას წარმატების გასაღები. მეტსაც გეტყვით, “ქართული ოცნება” განაგრძობს დეგრადაციას, ამომრჩეველს კარგავს და მისი ე.წ. სამობილიზაციო ელექტორატიც ისევ და ისევ გახარიას მიჰყავს. “სამობილიზაციო ელექტორატს” ვუწოდებ მოქალაქეებს, რომლებიც ახალ არჩევანს ეძებენ, მაგრამ აქამდე ამის საშუალება არ ჰქონდათ. ყველა არჩევნებზე შუა იკრიფებოდა. ისინი ცუდი და უარესი არჩევნის წინაშე დგებოდნენ და ისევ ხელისუფლებას აძლევდნენ ხმას უარესის შიშით. დღეს ეს ე.წ. სამობილიზაციო ელექტორატი მთლიანად მიჰყავს გახარიას, რადგან მას ახალი არჩევნის საშუალება გაუჩნდა. ამ სეგმენტის მიმხრობა სხვა პარტიებმაც სცადეს, მაგრამ სუსტად. დღესაც ცდილობენ, მაგრამ არაფერი გამოსდით. ფაქტობრივად, სხვა პარტიები ისევ ამ ორი პოლიტიკური ძალის ორბიტაზე დარჩნენ, მიუხედავად “სტრატეგია აღმაშენებლის” თუ “ლელოს” განცხადებებისა”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“მოკლედ, დღეს პოლიტიკურ არენაზე სამი პოლიტიკური ცენტრი ჩამოყალიბდა.როგორ შეიძლება განაწილდეს პოლიტიკური ძალები წინასაარჩევნოდ? ულტრაკონსერვატიული ფრთა - ვასაძის “ერი” და კიდევ ვიღაცები “ქართული ოცნების” ორბიტაზე უნდა მოვიაზროთ (ბოლო კვლევის თანახმად, მათი ამომრჩევლის საერთო რაოდენობა გამოკითხულთა შორის 3%-ს არ აღემატება). ფაქტია, მმართველი პარტია იბრძვის ამ სეგმენტისთვის. ჩვენ ვნახეთ ამით განპირობებული ნეგატიური პროცესები. პოლიტიკური ელიტის ლიბერალური ფრთა, მიუხედავად იმისა, რომ ცდილობს დამოუკიდებლად ითამაშოს, მაინც რჩება “ნაციონალური მოძრაობის” ორბიტაზე. მესამე ცენტრი გიორგი გახარიას პარტიაა, რომელიც, ასე ვთქვათ, ინარჩუნებს დამოუკიდებელი ცენტრის სტატუსს, ჯერჯერობით არცერთ თამაშში არ გათქვეფილა. თუ გახარია მოახერხებს ამ პოზიციის შენარჩუნებას, მაშინ მოსალოდნელია, რომ კიდევ უკეთეს შედეგს მიიღებს არჩევნებზე, ვიდრე ამ კვლევებში ჩანს”, - მიიჩნევს ექსპერტი.

“გამომდინარე იქიდან, რომ “ქართულ ოცნებას” ე.წ. ნატურალური ამომრჩეველი უკვე აღარ ჰყავს და ის ეყრდნობა უფრო ადმინისტრაციულ რესურსს და იმ პირებს, ვინც მზად არიან ერთჯერადად გაიყიდონ. თუ მმართველმა ძალამ საარჩევნოდ ორპოლუსიანობის ფორმირება ვერ მოახერხა და პოლიტიკური პროცესი ისევ სააკაშვილის დემონიზაციაზე ვერ ააგო, აუცილებლად შეექმნება არჩევნებზე პრობლემა. რაც შეეხება შარლ მიშელის შეთანხმების ანულირებას, სიმართლე გითხრათ, მსგავსი რამ მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაში არც გამიგია. დიქტატორებიც კი, მაგალითად, პუტინი და ლუკაშენკო, თუ რომელიმე შეთანხმებას ხელს აწერენ, ცდილობენ შეასრულონ, თუ არადა, ისე მაინც წარმოაჩინონ, რომ ასრულებენ. ეს რეპუტაციის საკითხია. ეს ხომ არ არის უბრალო დოკუმენტი? ზეპირი დაპირებები “ქართულ ოცნებას” ადრეც გაუცია და გადავუგდივართ, მაგრამ ახლა საქმე გვაქვს ხელმოწერილ დოკუმენტთან, რომელსაც, ფაქტობრივად, საერთაშორისო შეთანხმების სტატუსი აქვს, რადგან მის გარანტად გამოდის ევროსაბჭოს პრეზიდენტი. ეს დოკუმენტი მხოლოდ შარლ მიშელზეც არ არის მიბმული. მას წინ უძღოდა მრავალთვიანი მუშაობა, რაშიც ჩართული იყო ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირის წარმომადგენლობა. ამ დოკუმენტის სტატუსი ძალიან მაღალია”, - ამბობს გია ხუხაშვილი.

“ცალმხრივად, უპირობოდ ხელ­შეკრულებიდან გასვლას საერთაშორისო სამართალი არ ცნობს. კი ბატონო, შესაძლებელია არ შეასრულო პირობა, მაგრამ შესაბამისი ფასი უნდა გადაიხადო სხვა ხელმომწერ მხარეებთან. თუ ასე არ გააკეთებ, შენ ხდები მინიმუმ “ნონ გრატა” იმ სფეროში, სადაც მოღვაწეობ... ნამდვილად ისმის კითხვა, “ოცნების” ხელშეკრულებიდან გასვლის შემდეგ, რატომ უფრო არ აქტიურობენ აშშ და ევროკავშირი? ეს თემა სამართლებრივ სფეროში რომ განვიხილოთ, შეიძლება ითქვას, რომ შეთანხმების დარღვევის ფაქტი ჯერ არ დამდგარა, ანუ უფრო აქტიური პასუხის ობიექტური საჭიროება არ გაჩენილა. ეს საჭიროება გაჩნდება იმ შემთხვევაში, თუ მომავალ არჩევნებში “ქართული ოცნება” ვერ გადალახავს 43%-ს და უარს იტყვის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაზე. სანამ ეს არ მოხდება, დასავლეთი “ქართულ ოცნებას” ხელშეკრულებიდან გასულად არ მიიჩნევს, მიუხედავად ვერბალური განცხადებისა. მოკლედ, ფორმალურად “ქართულ ოცნებას” ჯერ შეთანხება არ დაურღვევია. შესაბამისად, ჩვენ დასავლეთის რეაქციას უნდა ველოდოთ იმ მოცემულობის დადგომისას, როცა ისინი რეალურად დაარღვევენ პირობას. ვფიქრობ, ამის შემდეგ იქნება სერიოზული სადამსჯელო ღონისძიებები დასავლეთიდან”, - განმარტავს რესპონდენტი.

“რა თქმა უნდა, ეს კარგად იციან “ქართულ ოცნებაში”. მათი პრაგმატულ-ტაქტიკური გათვლა ძალიან მარტივია - ხვდებიან, თუ 43% ვერ გადალახეს და ვალდებულებები არ შეასრულეს, დიდი პრობლემები შეექმნებათ და ახლა ამ განცხადებებით ცდილობენ საზოგადოების გაზრდილი ინტერესი მომავალი თვითმმართველობის არჩევნებისადმი როგორმე გაანეიტრალონ. აქამდე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ჩვენში საკმაოდ ზერელედ უყურებდნენ და ხელისუფლებებსაც არასდროს უჭირდათ თვითმმართველობის არჩევნების მოგება კი არა, ყიდვა. დღეს შარლ მიშელის დოკუმენტში ამ 43%-იანი ბარიერის ჩაწერამ და, ფაქტობრივად, ამ არჩევნების რეფერენდუმად გადაქცევამ მისი ფასი გაზარდა. გაჩნდა განცდა, რომ ამ თვითმმართველობის არჩევნებზე ძალაუფლების ბედი წყდება. ხელისუფლება ახლა ცდილობს გააჩინოს ნიჰილიზმი, დაუკარგოს მომავალ არჩევნებს მნიშვნელობა და ამით უზრუნველყოს ურნასთან რაც შეიძლება ნაკლები ამომრჩევლის მისვლა, ასე გადალახოს 43%. მერე კი ილაპარაკოს, გადავლახე დათქმული ბარიერი და არც შეთანხმება დარღვეულაო. მათ კარგად ესმით, რომ თუ არჩევნებზე მუხტი მაღალი იქნა, 43%-იანი ბარიერი დაუძლეველი იქნება უმთავრესად გახარიას ფაქტორის გამო - ამიტომაც წავიდნენ სახელმწიფო ინტერესის ხარჯზე ასეთ ავანტიურაზე - გამოაცხადეს მიშელის შეთანხმებიდან გასვლა” ,- დაასკვნის ექსპერტი.

“ამ დღეებში გამოქვეყნდა რუსეთის საგარეო უწყების განცხადება გეორგიევსკის ტრაქტატის თარიღთან დაკავშირებით, გვეპატიჟებიან, მოდით, ისევ ერთად ვიყოთო. ეს არ არის უბრალო განცხადება. ჩემი აზრით, ეს არის მუქარანარევი წინადადება მას შემდეგ, რაც დაინახეს ჩვენი სისუსტეები ამ ულტრაკონსერვატიული ძალების გააქტიურების შემდგომ. ეს ძალები ხომ მათ ხელში ერთ-ერთი მთავარი იარაღია. ჩვენს ქვეყანაში პროპაგანდას სწორედ ამგვარი რადიკალური იდეების ხარჯზე აწარმოებენ. სამწუხაროდ, ამ ტალღის ძალიან აგრესიული გამოხატულება ჩვენ 5 ივლისს ვიხილეთ და ეს ამ ხელისუფლების დამსახურებაა. ხელისუფლება, რომელსაც აქვს ძალაუფლების შენარჩუნების ინტერესი, ყველაფერს იყენებს ამის მისაღწევად და ამით, ფაქტობრივად, რუსეთის საქმეს აკეთებს. მუშაობს იმ სივრცეში და იმგვარი ტექნოლოგიებით, რაც საბოლოოდ რუსეთისთვის არის სასარგებლო. ამას კრემლში მშვენივრად ხვდებიან და მოქმედებას იწყებენ. რუსეთი ბუნებრივი მოკავშირე გამოდის “ქართული ოცნებისთვის”, რომელიც რიტორიკით პროდასავლურია, მაგრამ საქმით პრორუსული”, - თვლის რესპონდენტი.

“სამწუხაროდ, მრჩება შთაბეჭდილება, რომ საქართველოს წინააღმდეგ რუსეთი გადამწყვეტ შეტევაზე გადმოვიდა. აქედან გამომდინარე, ველოდები, რომ ჩვენი სხვა სისუსტეების გამოყენება-გააქტიურებასაც შეეცდება. ეს მოხდება პროვოკაციებით კომპაქტურად ჩასახლებული ეთნიკური უმცირესობების მიმართულებით, ერთმორწმუნეობის თემის თუ სასაზღვრო საკითხების გააქტიურებითა თუ კიდევ სხვა პრობლემების გენერაციით. მოკლედ, რუსეთის მავნებლურ მოქმედებას არაერთი მიმართულებით ველი. სამწუხაროდ, კრემლს ხელთ ბევრი ინსტრუმენტი აქვს. შეიძლება დღევანდელი ხელისუფლება ისეთ ვითარებაში ჩააყენონ, როგორიც ერეკლე მეფეს შეუქმნეს. ფაქტობრივად, რუსეთს აქვს ყველა ინსტრუმენტი, რომ საქართველოს აიძულოს ტრაქტატი-2-ის დადება - ანუ ჯერ უამრავი პრობლემა შეგვიქმნას და მერე მოგვარება შემოგვთავაზოს. ასეთ ვითარებაში დასავლეთის მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია, რაზეც ვიწროპოლიტიკური ინტერესების გამო ხელისუფლება ლამის უარს ამბობს. დღეს ჩვენ ვართ საქართველოს მომავლის განსაზღვრის აქტიურ ფაზაში, ჩვენი არჩევანი კი ასეთია: დასავლეთი ან რუსეთი”, - დასძენს გია ხუხაშვილი.

რას გაამკაცრებენ და რას შეზღუდავენ ორშაბათიდან - ხელისუფლებამ მკაცრი ზომების მიღება გადაწყვიტა

“ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ 1-ელ აგვისტოს განაცხადა, რომ შემდეგი კვირა შეზღუდვების დაწესების თვალსაზრისით გადამწყვეტი იქნებოდა. ეს გადამწყვეტი კვირა გავიდა და ოფიციალური პირების მიერ გაკეთებული ბოლო განცხადებებიდან გამომდინარე, უახლოეს დღეებში მოქმედი რეგულაციების კიდევ უფრო გამკაცრებასა და შესაძლოა ახალი შეზღუდვების ამოქმედებას უნდა ველოდოთ. ამის შესახებ 8 აგვისტოს პრაქტიკულად პირდაპირ განაცხადა დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ, რომელმაც შექმნილ მდგომარეობას “ძალიან სერიოზული” უწოდა. „ძალიან სერიოზული მდგომარეობაა ქვეყანაში ეპიდვითარებასთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, ახალი შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი 3-4 ათასის ფარგლებშია. ყოველდღიური მაჩვენებლები ჯერჯერობით იზრდება. ამიტომ ახლა მუშავდება გარკვეული ღონისძიებების ადმინისტრირების გამკაცრება და შესაძლებელია, ასევე, გარკვეული შეზღუდვების შემოღება, რომ შევაკავოთ ინფექცია”, - აცხადებს გამყრელიძე. სპეციალისტები ამ თემაზე “რეზონანსთან” საუბარში აცხადებენ, რომ ახალი რეგულაციები სავარაუდოდ პირბადის ტარების აუცილებლობასა და ხალხმრავალ შეკრებებთან იქნება დაკავშირებული, ხოლო სრული ლოკდაუნს და "კომენდანტის საათს" გამორიცხავენ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რას გაამკაცრებენ და რას შეზღუდავენ ორშაბათიდან - ხელისუფლებამ მკაცრი ზომების მიღება გადაწყვიტა.

“გასული კვირის მოკლე სტატისტიკა ასეთია - 2-დან 9 აგვისტომდე კორონავირუსისგან გარდაიცვალა სულ 231 მოქალაქე. დადებითობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 8 აგვისტოს იყო - 11, 96%, ხოლო ყველაზე დაბალი 2 აგვისტოს - 8.1%. ინფიცირების ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა სამშაბათს, 3 აგვისტოს დაფიქსირდა - 4 827. ამ მონაცემებთან ერთად ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე სავარაუდოდ, ასევე გავლენა მოახდინა ექიმების ღია წერილმა. გასულ კვირას “საქართველოს ექიმთა საზოგადოებამ” 720 ექიმის ხელმოწერით ღია წერილი გამოაქვეყნა, რომლის ადრესატებიც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, პანდემიის კლინიკური მართვის გუნდი და მისი თავმჯდომარე თენგიზ ცერცვაძე, დაავადებათა კონტროლის ცენტრი და მისი ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე არიან. ექიმები მოითხოვენ რამდენიმე მკაცრი გადაწყვეტილების რაც შეიძლება სწრაფად მიღებას და აცხადებენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა შესაძლოა კოლაფსის ზღვარზე აღმოჩნდეს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ეს გადაწყვეტილებები კი უკავშირდება პირბადის ტარების აუცილებლობას დახურულ სივრცეში, მრავალრიცხოვანი შეკრებების აკრძალვას, კონცერტების და ღონისძიებების გადადებას, ასევე რესტორნებსა და კაფე ბარებში შემსვლელთათვის პისიარ უარყოფითი ტესტის აუცილებლობას, ტურისტების და კოვიდპასპორტების კონტროლს. ჯანდაცვის ექსპერტი აკაკი ზოიძე “რეზონანსთან” საუბარში აღნიშნავს, რომ მთავარია ხალხმრავალი შეკრებებისა და დახურულ სივრცეში პირბადის ტარების გაკონტროლება მოხდეს. ექიმი-ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა არსებული რეგულაციების გამკაცრების მომხრეა, ხოლო "კომენდანტის საათის" შემოღებასა და სრულ ლოკდაუნს ზედმეტად მიიჩნევს. პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლადო კახაძე კი ამბობს, რომ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა მოქმედი რეგულაციების მიმართ მოქალაქეების არასერიოზული დამოკიდებულებაა”, - განაგრძობს გამოცემა.

“ჩემი აზრით, პირველ რიგში ზედმიწევნით უნდა შესრულდეს ის, რაც უკვე დაწესებულია. მთავარი ესაა, რომ ხალხმრავალი შეკრებებისა და დახურულ სივრცეში პირბადეების ტარების გაკონტროლება მოხდეს, დღეს ესაა ყველაზე აუცილებელი საქმე და არა ის, რომ ახალი შეზღუდვები შემოვიღოთ. ეს ყველაზე უკიდურეს შემთხვევაში ცუდი გამოსავალია, თუ სხვა გზა არ დარჩება, სისტემა თუ ვერ გაუძლებს. სადღაც 6 800 საწოლია მობილიზებული და მათგან უმეტესობა დაკავებულია. თუ ინფიცირებულთა ზრდის ეს ტემპი არ დაეცა, ძალიან მძიმე სიტუაცია იქნება. არ ვიცი რა შეზღუდვებს გულისხმობს გამყრელიძე. მემგონი გააჟღერეს, რომ, მაგალითად, რესტორნებში, კაფეებში, კონცერტებზე და ა.შ. მხოლოდ აცრილები, ან კორონაგადატანილები, ან ტესტის უარყოფითი პასუხით დაიშვან და ასეთი ტიპის საბუთის წარდგინება იყოს სავალდებულო. ასეთი ტიპის შეზღუდვები საფრანგეთმა, იტალიამ, აშშ-მა შემოიღო”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას აკაკი ზოიძე.

“ექიმთა საზოგადოების” წერილში ჩამოყალიბებულია ის მოთხოვნები, რაზეც ვისაუბრე. იქ ასევე წერია, რომ არსებული შეზღუდვები მაქსიმალური სიმკაცრით უნდა შესრულდეს. ძირითადი პათოსი მაგაზეა. ამის გარდა კონკრეტული რჩევებია, რაც ეხება მართვას როგორც ტესტირების, ასევე კონტაქტების მოძიების კუთხით. რაც ჩამოწერილია, უმეტესობას ვეთანხმები. დანარჩენზე ძალიან სერიოზული მსჯელობა მაინც უნდა გაიმართოს, რადგან რაღაც ზომებზე სხვა აზრებიც შეიძლება იყოს. მაგრამ ძირითადი, რაც შემოთავაზებულია, აბსოლუტურად რაციონალური და ლოგიკურია და პანდემიის კონტროლის კუთხით რეალური შედეგის მომტანი იქნება”, - დაასკვნის ზოიძე.

“რა შეზღუდვები შეიძლება დაწესდეს, ამის საქმის კურსში არ ვარ, თუმცა წერტილოვანი შეზღუდვებისა და არსებული რეგულაციების გამკაცრების მომხრე ვარ. არც "კომენდატის საათისა" და არც სრული ლოკდაუნის მომხრე არ ვარ. ჩემი აზრით, ამ ეტაპზე პირბადის ტარების კონტროლი უნდა გამკაცრდეს. სამწუხაროდ, ახლა ამ რეგულაციას დახურულ სივრცეში თითქმის არავინ არ იცავს, განსაკუთრებით ზღვისპირა რეგიონებში, სადაც მობილობა გაზრდილია. რა თქმა უნდა მკაცრი კონტროლი უნდა იყოს, რომ იქ, სადაც თავყრილობაა, თუნდაც ღია სივრცეში, პირბადე ყველამ ატაროს. ასევე მომხრე ვარ, რომ თუ ხალხმრავალი რაიმე ღონისძიება ჩატარდება, რომლის გადადება არ შეიძლება, აქ ადამიანები პისიარის უარყოფითი პასუხებით მივიდნენ. მესმის, რომ ეს გარკვეულ თანხებთანაა დაკავშირებული, თუმცა თუ ღონისძიება გადაუდებელია, მაშინ ან ორგანიზატორმა, ან ადამიანებმა ეპიდრისკების შემცირების მიზნით ეს უნდა უზრუნველყონ”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ალექსანდრე გოგინავა.

“პლიუს ამას უცხო ქვეყნებიდან და წითელი ზონის ქვეყნებიდან, სადაც "დელტა" შტამის გავრცელება მაღალია, ამ ქვეყნებიდან შემოსული ტურისტების უფრო მეტად კონტროლი უნდა მოხდეს - ან კარანტინი გაიარონ, ან ვალდებულება უნდა ჰქონდეთ, რომ რამდენიმე დღეში პისიარ ტესტი ჩაიტარონ... იქ ისეთი საკითხებია, რომლებიც ისედაც შესაძლებელია, რომ განხილვის საგანი გამხდარიყო, საბჭომ ამ პუნქტების გარეშე ისედაც შეიძლება იმსჯელოს, წერილზე საკმაოდ ბევრი მგონი 720 ექიმის ხემოწერაა, მათი შეხედულებებიდან კი გარკვეული საკითხები შესაძლოა საბჭომ გაითვალისწინოს, ამაში არაფერი ცუდი არაა”, - დასძენს გოგინავა.

“რატომაა ასეთი მოთხოვნები აკრძალვებზე, როცა აკრძალვები ჩვენს კანონმდებლობაში ისედაც წერია და არავინ არ ასრულებს. მათ უნდათ, რომ ეს პოლიციელმა შეასრულებინოს? ადამიანს პირბადის ტარებაზე პოლიციელი უნდა დაჰყვებოდეს? ქორწილი პოლიციელმა უნდა ჩაუშალოს? თუ ადამიანის ტვინმა უნდა გადააწყვეტინოს. ხელისუფალს თავისი გადაწყვეტილება მიღებული აქვს. კანონი მოქმედია, კანონში ყველაფერი რეკომენდაციის დონეზეა გაწერილი, გაწერილია საფრთხეები, სანქციები და ჯარიმის ოდენობა. მაინცდამაინც უნდათ, რომ ადამიანი დაჯარიმდეს?”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლადო კახაძე.

“პირბადის ტარება, თავშეყრიდან თავის არიდება - ყველაფერი ეს მოწოდებულია და ახლა ადამიანმა უნდა შეასრულოს. ექიმები დღე და ღამ თავს იკლავენ, სიცოცხლეს სწირავენ და არავინ უფასებთ. ერთხელაც იტყვიან - აღარ გვინდა, თავი დაგვანებეთო... ურჩისათვის ერთი გზაა და ცხოვრებას ადრე ამთავრებს, ვინც ჭკუით ცხოვრობს - სიცოცხლეს იხანგრძლივებს. ექიმების წერილი ნაწილობრივ ვიცი. რასაც ისინი წერენ, ეს ყველაფერი ჩვენ რეკომენდაციაში გვიწერია. გამყრელიძეს, იმნაძეს და ცერცვაძეს ეს ყველაფერი 2020 წლის გაზაფხულზე აქვთ ნათქვამი, მათ შორის ვაქცინაციასა და ყველაფერზე. იქ არაფერი ახალი არაა. მე საბჭოს წევრი არ ვარ, მაგრამ რა შეზღუდვებიც არ უნდა დაწესდეს, იმას ადვილად შევასრულებ. ნებისმიერი შეზღუდვა არის მხოლოდ იმისთვის, რომ ადამიანების უსაფრთხოება დაცული იყოს”, - განმარტავს კახაძე.

გიორგი გობრონიძე - “აშკარაა, რომ ვითარება რუსეთის სასარგებლოდ მომწიფდა”

“რუსული ვერსია ასეთია: ქართლ-კახეთის მეფესა და რუსეთის იმპერატორ ეკატერინე II-ს შორის დაიდო ტრაქტატი, რომლის მიხედვითაც ქართველებმა ვაღიარეთ რუსეთის სუვერენიტეტი და საქართველომ სწორედ ამის შემდეგ დაიწყო გაერთიანება, რუსეთმა კი განმტკიცება კავკასიაში. “გეორგიევსკის ტრაქტატის” რა მოგახსენოთ, მაგრამ საქართველოს ცალკეული პოლიტიკოსის მიმართვას კი ძალიან საინტერესოდ ემთხვევა. ვგულისხმობ “პატრიოტთა ალიანსის” რუსეთის პრეზიდენტისადმი მიმართვას. რუსეთის ფედერაციის ინტერესი სამხრეთ კავკასიასა და სახელდობრ, საქართველოში გარკვეულია. საქმე მარტივადაა, მოსკოვი ცდილობს უფრო გააძლიეროს პოტენციალი, რომელიც რეგიონში ყარაბაღის მეორე ომის წყალობით შეიძინა. მართალია, ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ რუსეთ-თურქეთის კონკურენცია გამწვავდა, მაგრამ ამასთანავე, მოხდა ის, რაც აქამდე არ ყოფილა - აზერბაიჯანის ტერიტორიაზე რუსი სამხედროები არიან. ფაქტობრივად, რეგიონის სამივე ქვეყანაში არიან რუსეთის შეიარაღებული ძალები: სომხეთში­ _ სამხედრო ბაზაა, აზერბაიჯანში _ სამშვიდო­ბოები, საქართველოში _ საოკუპაციო ძალები. კრემლი რეგიონში მხოლოდ “რბილი ძალით” ყოფნას წარმატებად არ თვლის. ე.წ. სამხედრო ყოფნა რუსებისთვის უპირატესობის განცდა და ჰეგემონიის უმნიშვნელოვანესი საზომია”, - აცხადებს ანალიტიკოსი გიორგი გობრონიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “აშკარაა, რომ ვითარება რუსეთის სასარგებლოდ მომწიფდა”.

“კრემლი ცდილობს განბლოკოს კომუნიკაციები, რაც საშუალებას მისცემს კავკასია ეკონომიკურად მიიბას, და მეორე მხრივ, გახსნას გზები ახლო აღმოსავლეთისკენ, ანუ ირანისკენ, და ასევე თურქეთის გავლით, სირიისა და ერაყისაკენ. ყურადსაღებია რუსეთის აზრი ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე. კრემლი არ ცნობს საქართველოსთან კონფლიქტის არსებობას. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ, როდესაც ცხინვალისა და სოხუმის დამოუკიდებლობა აღიარეს, განაცხადეს, რომ “სააკაშვილის დანაშაულებრივ ქმედებებს მოჰყვა ომი, რაც დასრულდა ორი ახალი სახელმწიფოს წარმოქმნით. შესაბამისად, სამხრეთ კავკასიაში გაჩნდა ახალი რეალიები”. ესე იგი, კრემლის ხედვით, სამხრეთ კავკასიაში არსებობს არა სამი, არამედ ხუთი სახელმწიფო. საქართველოს ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალები კი, მათი ვერსიით, განთავსებულია ორმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე, სუვერენული აფხაზეთისა და სუვერენული ცხინვალის ტერიტორიებზე. კრემლი ამბობს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ერთი ჯარისკაციც არა ჰყავს და შესაბამისად, 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება შესრულებულია. ირწმუნება, რომ ინციდენტი­ ამოწურულია, საქართველოსთან გასაყოფი აღარაფერი აქვს, რადგან “სააკაშვილის დამნაშავე რეჟიმი” აღარ არსებობს და რეგიონში სტაბილური ვითარებაა. ამიტომ მზად არიან თანამშრომლობისთვის”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი გობრონიძე.

“კრემლის ვერსიით რუსეთს საქართველოსთან კონფლიქტი არა აქვს. ქართველები ცალმხრივად წყვეტენ ურთიერთობას და ამწვავებენ ვითარებას. იმას, რასაც რუსები სუვერენული სახელმწიფოს შექმნას უწოდებენ, ჩვენ სავსებით სწორად აღვიქვამთ საქართველოს ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილის ოკუპაციად, რომელიც ეთნიკური წმენდის საფუძველზე მოხდა. რაც შეეხება 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას, რუსეთმა არათუ არ შეასრულა, ერთი ნაბიჯიც არ გადაუდგამს რეგიონში ვითარების დეესკალაციისათვის. მნიშვნელოვანია ამ ხელშეკრულების მეორე პუნქტი, ძალის გამოყენებაზე ორმხრივად უარის თქმა. ძალის გამოყენებაზე უარი უნდა თქვას რუსეთმაც და არა მარტო ქართველებმა, აფხაზებმა და ოსებმა. შესაბამისად, რუსული შეიარაღებული ძალები უნდა დაუბრუნდნენ პირვანდელი დისლოკაციის ადგილებს. კრემლმა ასევე უგულებელყო ტვირთების მონიტორინგის შესახებ ხელშეკრულება, რის სანაცვლოდაც ჩვენ ხმა მივეცით რუსეთის სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრებას. რუსეთი გვეუბნება, რომ თუ ქართველები ვისაუბრებთ ფრენების აღდგენასა და სხვა საკითხებზე, ამ საკითხებზე იმსჯელებენ - ანუ გვთავაზობს ცხინვალისა და აფხაზეთის საკითხის ფრჩხილებს გარეთ გატანას და სხვა საკითხებზე საუბარს”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“რუსეთი ნიადაგის მოსინჯვას ცდილობს - თუ საქართველოსთან მოახერხებს დიალოგის დაწყებას, აუცილებლად შექმნის სამშვიდობო პროცესის იმიტაციას და დასავლეთსაც მიანიშნებს, ქართველებს ისედაც ველაპარაკებით და თქვენი ჩარევა საჭირო აღარ არისო. მით უმეტეს, ბოლოდროინდელი მოვლენების გამო დასავლეთში ქართველების ნდობა მნიშვნელოვნად არის შემცირებული, თუნდაც მმართველი გუნდის მიერ შარლ მიშელის ხელშეკრულების ანულირების გამო. ვერც ოპოზიციამ გაამართლა დიდად დასავლელი პარტნიორების ნდობა - “ნაცმოძრაობამ” სერიოზული პრობლემა შექმნა იმით, რომ შეთანხმების დოკუმენტს ხელი არ მოაწერა. ყველა ეს მოვლენა ერთმანეთთან კავშირშია. პოლიტიკური პოლარიზაციის, დაქსაქსულობის, სახელმწიფოებრივი ხედვების უქონლობის გამო ძალიან გაგვიჭირდება ეროვნული ინტერესების დაცვა”, - ამბობს ანალიტიკოსი.

“ოცნების” განცხადებებით თუ ვიმსჯელებთ, ხელისუფლება არ აჰყვება რუსულ თამაშს, მაგრამ პოზიციის შესანარჩუნებლად მყარი საერთაშორისო გარანტია და დასავლელ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობაა საჭირო, რასაც ნამდვილად ვერ უზრუნველყოფს მმართველი გუნდის ბოლოდროინდელი პოლიტიკური ნაბიჯები. ჩემი დაკვირვებით, “ოცნება” ცდილობს ყველაფრის ფასად შეინარჩუნოს ძალაუფლება და ამ დროს ისეთ შეცდომებს უშვებს, რაც ნამდვილად არ უწყობს ხელს ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ინტერესების დაცვას. სამწუხაროდ, ეს არ არის მხოლოდ ამ კონკრეტული ხელისუფლების პრობლემა. ასეთივე პრობლემა ჰქონდა ყველა ხელისუფლებას ჩვენი 30-წლიანი დამოუკიდებლობის ისტორიაში... მე არ ვფიქრობ, რომ ხალხი მესამე ახალ პოლიტიკურ ძალას ელოდება. ჩემი აზრით, საქმე გვაქვს პოლიტიკურ აპათიასთან, რომელიც ძალიან საშიშ ნიშნებს შეიცავს. დიახ, პოლიტიკური აპათიის ნიშნები კარგად ჩანს გადაუწყვეტელი ამომრჩევლის 70%-ში. საზოგადოება ვერ ხედავს პოლიტიკურ ძალას, რომელსაც რეალურად შეუძლია ქვეყანაში რაიმეს შეცვლა”, - დასძენს გიორგი გობრონიძე და შეკითხვაზე - “საშიშ ნიშნებში რას გულისხმობთ?” - პასუხობს:

“როგორც წესი, ამგვარი აპათია ძალიან ცუდად მთავრდება სახელმწიფოსთვის. მაგალითად, დაწყებული დესტაბილიზაციით, დამთავრებული სახელმწიფო გადატრიალებითა და ხელისუფლებაში უცნაური ძალის მოსვლით. ამის კარგი მაგალითია ირანი, სადაც შაჰის პოლიტიკურმა რეჟიმმა განგრძობადი აპათია გამოიწვია და შედეგად ხელისუფლებაში ისლამისტური რეჟიმი მოვიდა. ჩვენთანაც ყველაფერია მოსალოდნელი, თუ პოლიტსპექტრი არ მოეგება გონს”.

რუსული მედია - „ამერიკელები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში გადასასროლად დივერსანტებს ამზადებენ“

“რუსული მედიის ცნობით, ამერიკელმა სამხედროებმა საქართველოში დივერსანტების მომზადება დაიწყეს შემდგომში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში გადასასროლად. ქართველი ანალიტიკოსები ამ ცნობას ფსიქოლოგიური ტერორის კლასიკურ ნიმუშად მიიჩნევენ და იქიდან გამომდინარე, რომ რუსული მედიასივრცე პრაქტიკულად მთლიანად ხელისუფლების კონტროლის ქვეშაა, არ გამორიცხავენ, რომ ამის უკან კრემლის მორიგი პროვოკაცია იკითხებოდეს. რუსული სააგენტო “იანედი”-ს ცნობით, დივერსანტების მომზადება საქართველოში ახლახანს დასრულებული მრავალეროვანი სამხედრო წვრთნების, Agile Spirit-ის ფარგლებში დაიწყო. უფრო კონკრეტულად კი ამერიკელი ინსტრუქტორები ქართველ სპეცრაზმელებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ღრმა ზურგში ისეთი საბრძოლო ოპერაციების ჩატარებას ასწავლიდნენ, როგორიცაა ჩასაფრების მოწყობა, მოულოდნელი თავდასხმა, დივერსია და საბოტაჟი”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რუსული მედია: „ამერიკელები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში გადასასროლად დივერსანტებს ამზადებენ“.

“რუსი ანალიტიკოსი ოლეგ ლუკიანოვი სააგენტოსთან საუბრისას 2008 წლის ომის წინა პერიოდთან ავლებს პარალელს და აცხადებს, დღევანდელი ქართული არმიის შესაძლებლობების იგნორირება შეცდომა იქნება. “ქართველი სპეცრაზმელების ახლანდელ წვრთნებს სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ. მათ თავისუფლად შეუძლიათ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე შეღწევა და იქ სისხლიანი დანაშაულის ჩადენა. იანკები მათ, დიდი ალბათობით, სწორედ ამისთვის ამზადებენ”, - აცხადებს ლუკიანოვი. ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია ამ თემაზე “რეზონანსთან” საუბრისას არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებზე რაიმე დამაზიანებელ ქმედებას გეგმავდეს და აქედანვე ქმნის საფუძველს, რომ შემდგომში ეს ქართველ სამხედროებს დაბრალდეს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“როგორც ჩანს, 2008 წლის 8 აგვისტოს მოახლოებული ტრაგიკულ თარიღთან ერთად რუსეთი კლასიკური მეთოდის ფორმატით ცდილობს ფსიქოლოგიური ტერორის განხორციელებს. მსგავსი განცხადებების გაკეთებას აქვს ორი მიზანი - ქართველი და ამერიკელი სამხედროების დისკრედიტაცია და ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებზე, რომლებიც ჩაკეტილნი არიან საინფორმაციო კუთხით, დეზინფორმაციის საშუალებით მოახდინონ ზეგავლენა. მსგავსი ინფორმაცია აქამდეც ვრცელდებოდა - რომ თითქოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დააფიქსირეს გარკვეული ჯგუფები, რომლებიც ახორციელებდნენ თავდასხმებს ამერიკელების ბრძანებით. ასე რომ, ეს ქმედებები რუსეთის მხრიდან გასაკვირი არ არის. არაა გამორიცხული თავად რუსეთმა განახორციელოს იქ ძალადობრივი ქმედებები და შემდეგ საქართველოს სამხედრო ძალები დაადანაშაულოს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

“ჩვენი ხელისუფლება ახლა ყურადღებით უნდა მოეკიდოს ამ საკითხს, მით უფრო, რომ ქვეყანაში გაჩნდნენ ჯგუფები, რომლებიც საქართველოში რუსული პოლიტიკის გატარებას უჭერენ მხარს. მსგავსი ვითარება იყო 2008 წელსაც, როდესაც რუსეთმა საქართველო ჩაითრია იმ ლოკალურ ომში, რომელიც მიმდინარეობდა რუსეთ-საქართველოს სამხედრო ძალების დაპირისპირებით და დასრულდა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციით, რაც კვლავ გრძელდება მცოცავი ოკუპაციის სახით. ქართული მხარე უნდა იყოს ძალიან ფრთხილად, რათა არ მოგვიწყონ მორიგი ხაფანგი”, - დასძენს მაისაია.

ბადრი ჯაფარიძე - “შიშმა ახადა ფარდა “ოცნებას” და მისი რეალური სახე გამოაჩინა”

“დღეს საქართველო ურთულესი გამოწვევების წინაშეა როგორც ოკუპაციასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, ასევე პანდემიური, ეკონომიკური და პოლიტიკური თვალსაზრისითაც. “ოცნების” გადადგმული ნაბიჯების გამო ქვეყნის რეპუტაცია მნიშვნელოვნად დაზიანდა, ლიდერი ქვეყნიდან აუტსაიდერად გადავიქეცით. ვგულისხმობ ევროკავშირთან დაახლოების პროგრამას, ასოცირების ფარგლებში აღებულ ვალდებულებებს, ქვეყნის დეკლარირებული კურსის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას. არა მგონია, 19 აპრილის ხელშეკრულების ანულირება “ოცნებისთვის” მორიგი გადაგდება იყოს. საქმე უფრო სერიოზულადაა. მმართველმა გუნდმა დასავლელი პარტნიორების სრული უპატივცემულობა გამოხატა. დასცინა ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მონაწილეობით შედგენილ შეთანხმებას. ამას “ოცნებისთვის” ცუდი შედეგები მოჰყვება, მაგრამ არც ჩვენი ქვეყნისთვის იქნება სახარბიელო, მით უფრო მაშინ, როდესაც ქვეყანა ასეთ რთულ ვითარებაშია”, - აცხადებს “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ლიდერი ქვეყნიდან აუტსაიდერად გადავიქეცით” / “შიშმა ახადა ფარდა “ოცნებას” და მისი რეალური სახე გამოაჩინა”.

“საინტერესო მოცემულობაა - წინ გვიდევს “ოცნების” ლიდერების განცხადებები, სადაც უსინდისოდ ტყუიან ამერიკელი პარტნიორები ჩვენთან თანამშრომლობით კმაყოფილი არიანო და დასავლელი პარტნიორების შეფასებები. რომელს უნდა ვენდოთ? პირადად მე დასავლელი პარტნიორების უფრო მჯერა, ვიდრე გადამგდები “ოცნების”. სენატის რეზოლუციაში პირდაპირ არის ნათქვამი, რომ 19 აპრილის შეთანხმება აუცილებლად უნდა შესრულდეს, თუ საქართველოს ევროატლანტიკური ალიანსისკენ სწრაფვა სურს. ავიღოთ ნატოს კომუნიკეც, სადაც ასევე ნათქვამია, რომ შეთანხმება უნდა შესრულდეს. უცნაურად მეჩვენება, რომ პოლიტიკური ძალა, რომელმაც სენატის რეზოლუციასა და ნატოს კომუნიკეში ხაზგასმით ნახსენები შეთანხმება დაარღვია, ახლა ურცხვად ამბობს, საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობა უმაღლეს ნიშნულზეაო. ვისაც კი ობიექტურობა ოდნავ მაინც აქვს შენარჩუნებული, ხედავს, რომ “ოცნება” გადამგდები პოლიტიკური ძალაა, რომელსაც შეუძლია ნებისმიერ დროს გატეხოს სიტყვა, მოატყუოს საკუთარი ხალხიც და საერთაშორისო საზოგადოებრიობაც. ეს არის გუნდი, რომელიც ქართველ საზოგადოებას დაპირისპირების უფსკრულისკენ მიაქანებს და ანტიდასავლური ნაბიჯებით გვაკარგვინებს ლიდერის პოზიციას რეგიონში”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ბადრი ჯაფარიძე.

“IRI-ს კვლევებში “ოცნების” რეიტინგი მეტყველებს, რომ “ოცნება” ჩამოშლის პირასაა. მმართველი პარტიისთვის მხოლოდ 26%-იანი მხარდაჭერა სახარბიელო არ არის. 2% არც ჩვენთვის არის სახარბიელო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამ მაჩვენებლის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას ვერ შევძლებთ. ჩვენ ერთგული ვრჩებით იმ შეთანხმებისა, რომელიც ამერიკისა და ევროპის ძალისხმევით შედგა. ვიწყებთ აქტიურ საარჩევნო კამპანიას, ინტენსიურ შრომას ამომრჩევლის მობილიზაციისთვის. მალე ჩვენს კანდიდატებსაც დავასახელებთ და გარწმუნებთ, ადგილობრივ არჩევნებში შესაბამის შედეგს დავდებთ. ამომრჩევლის 75% ოპოზიციურად­ არის განწყობილი. ახლა მთავარია ყველაფერი გავაკეთოთ, რათა ამომრჩევლის მაქსიმალური რაოდენობა მოვიდეს საარჩევნო ყუთებთან და საკუთარი ობიექტური პოზიცია დააფიქსიროს”, - მიიჩნევს რესპონდენტი.

“ახლა ერთადერთი გამოსავალია საზოგადოების გაერთიანება და კოალიციური მთავრობა. თავი უნდა დავაღწიოთ რეალობას, როდესაც ერთი კონკრეტული პარტია მართავს ქვეყანას ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე. რაც შეეხება რიგგარეშე არჩევნებს, ამისთვის აუცილებელია “ოცნების” დამაჯერებლად დამარცხება. მგონი, ეს გარდაუვალია. ასე რომ არ იყოს და ამის შესახებ თავად “ოცნებამაც” არ იცოდეს, ასეთ დემარშზე არ წავიდოდა - არც შეთანხმებას დაარღვევდა და არც 43%-იან დათქმას წაიღებდა უკან. შიშმა ახადა ფარდა “ოცნებას”. ოპოზიციას ჯამში 75% უჭერს მხარს. ახლა მთავარია მოვიგოთ არჩევნები და შემდეგ დასავლელი პარტნიორების დახმარებით მმართველ გუნდს ვადამდელი არჩევნების დანიშვნა ვაიძულოთ. ამით უნდა დასრულდეს ქართველი საზოგადოების პოლარიზაცია, დაპირისპირება და ვიზრუნოთ ქვეყნის ჩიხური სიტუაციიდან გამოყვანაზე”, - დასძენს ბადრი ჯაფარიძე.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს