არ წარმოგვიდგენია, რომ საველე ჰოსპიტლები კარვის ტიპის იყოს, რადგან მნიშვნელოვანია პაციენტებისა და ექიმების უსაფრთხო და კომფორტული გარემოს შექმნა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ბათუმში ჟურნალისტებთან განაცხადა.
მინისტრის თქმით, საველე ჰოსპიტლებისთვის კონკრეტული ადგილები არის შერჩეული, რომლებიც მეტად შეესაბამება ჰოსპიტალური სექტორის მოწყობას.
„საველე ჰოსპიტლებთან დაკავშირებით, ჩვენ არ წარმოგვიდგენია, რომ ეს იყოს კარვის ტიპის საველე ჰოსპიტლები, ვინაიდან მნიშვნელოვანია, როგორც ექიმებისთვის, ასევე პაციენტებისთვის შეიქმნას მაქსიმალური კომფორტი და უსაფრთხოება. დღესდღეობით გვაქვს შერჩეული გარკვეული ლოკაციები, რომლებიც უფრო მეტად შეესაბამება ჰოსპიტალური სექტორის მოწყობას. ასევე ზუსტად ვიცით, თუ რომელი მაღალკვალიფიციური ექიმთა ჯგუფი შეძლებს უფრო დიდი რაოდენობის პაციენტების მართვას“, - განაცხადა ტიკარაძემ.
აქვე, მინისტრმა აღნიშნა, რომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილები, ინფექციის ზრდის დასტაბილურების საიმედო საფუძველს იძლევა.
„მინდა აღვნიშნო, რომ დღეს უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს მიღებული გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, რომლებიც საკმაოდ ხანგრძლივი თათბირის და დისკუსიის შემდეგ მიიღო საბჭომ, გვაძლევს საიმედო საფუძველს, რომ აღმავალი ინფექციის გარდატეხვა მოხდება. რაც უკვე ხორციელდება არის აღსრულების კომპონენტის მნიშვნელოვნად გამკაცრება. თქვენ იცით, რომ შრომის ინსპექციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან უკვე ხორციელდება შესაბამისი მონიტორინგი, სადაც განხორციელდა, როგორც ობიექტების დაჯარიმება, ასევე დალუქვა, ყველა ეს პროცესი აქტიურად გაგრძელდება. დაწმუნებულები ვართ, რომ უახლოეს მომავალში ინფექციის გავრცელების დადებითი დინამიკა გვექნება“, - განაცხადა ტიკარაძემ.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"