ქართული პრესის მიმოხილვა 19.08.2021

იქნება თუ არა კალაძე-მელიას დებატები და როგორ იმოქმედებს ეს თბილისის მერობის მთავარ კანდიდატთა რეიტინგებზე
ინფიცირებულების ნაწილი ქუჩაშიც დადის, მაღაზიაშიც და... სტუმრადაც
ხელისუფლება აცრის „მარათონის“ მოწყობას ფიქრობს
* * *
იქნება თუ არა კალაძე-მელიას დებატები და როგორ იმოქმედებს ეს თბილისის მერობის მთავარ კანდიდატთა რეიტინგებზე
“თბილისის მერობის კანდიდატთა დებატები საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში იგეგმება, თუმცა ამ ეტაპისთვის უცნობია როგორც დებატების თარიღი, ისე მისი ფორმატი და ასევე, ვინ მიიღებს დებატებში მონაწილეობას. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ყველაზე საინტერესო მოქმედი მერის კახა კალაძისა და “ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატის, ნიკა მელიას დაპირისპირება იქნება და თავის ვარაუდებსაც გამოთქვამენ, თუ როგორ შეიძლება შეცვალოს ამან თბილისის მერობის მთავარ კანდიდატთა რეიტინგები. როგორც “რეზონანსს” “პირველ არხში” განუცხადეს, დებატებსა და სხვა საარჩევნო თემებზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა კონკრეტული დეტალები ჯერ დაზუსტებული და საბოლოოდ შეთანხმებული არაა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით იქნება თუ არა კალაძე-მელიას დებატები და როგორ იმოქმედებს ეს თბილისის მერობის მთავარ კანდიდატთა რეიტინგებზე.
“მოსალოდნელი დებატების შესახებ პროგნოზებს ანალიტიკოსებიც აკეთებენ. გია აბაშიძე ფიქრობს, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” დებატებისთვის სერიოზული მომზადება მოუწევს, რადგან სხვა შემთხვევაში “ოცნების” კანდიდატის დამარცხება გაუჭირდება, ხოლო ვახტანგ ძაბირაძე ფიქრობს, რომ ყველაზე დიდი მოთხოვნა ოპოზიციის მხრიდან კალაძესთან დებატები იქნება. აბაშიძე “რეზონანსთან” საუბარში აბობს, რომ დებატები “ოცნების” “საქმიან კანდიდატსა” და “ნაცმოძრაობის” “დეზინფორმატორ კანდიდატს” შორის გაიმართება, სადაც მოგების მეტი შანსი “ოცნებას” ექნება. მისივე თქმით, შესაძლოა დებატებზე ნიკა მელიამ კახა კალაძეს პირადი შეურაცხყოფაც მიაყენოს. პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძის აზრით კი, პირველ არხზე გამართული დებატები, კალაძისთვის უფრო წარმატებული იქნება, ვიდრე სხვა ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის”, - აღნიშნავს გამოცემა.
“საარჩევნო დებატები დემოკრატიული ქვეყნისთვის განუყოფელი ნაწილია და მნიშვნელოვანია, რომ გაიმართოს. რაც შეეხება დედაქალაქის მერობის კანდიდატთა დებატებს, თუ გაიმართება კალაძისა და მელიას დებატები, ეს იქნება ძალიან საინტერესო. ვნახოთ კალაძის მიერ განხორციელებული უშველებელი საქმეების ნუსხას, რომელიც მან თბილისისთვის გააკეთა, რას დაუპირისპირებს მელია.... მელია და მისი გუნდი ამ ეტაპისთვის დაკავებული არიან დეზინფორმაციის გავრცელებითა და უსაფუძვლო ბრალდებების გაჟღერებით. შესაძლოა მელიას მხრიდან კალაძის მიმართ გაჟღერდეს პირადი შეურაცხყოფები, მოხდეს უაზრო გამოგონილი მითების ტირაჟირება, თუმცა ამ შემთხვევაში ამას მაყურებელი მკაფიოდ დაინახავს და რასაკვირველია, განწყობა კიდევ უფრო განმტკიცდება სწორისა და არასწორის დანახვის კუთხით”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია აბაშიძე.
“ჩემი სუბიექტური გადასახედით, ეს იქნება დებატები “ოცნების” საქმიან კანდიდატსა და “ნაცმოძრაობის” დეზინფორმატორ კანდიდატს შორის. არ გამოვრიცხოთ ასევე, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” დებატებზე უარი თქვას, ან ფორმატის ცვლილება მოითხოვოს, სხვა არხზე მოითხოვოს და ა.შ. თუმცა, თუ დებატები შედგა, აქ “ნაცმოძრაობის” ინტერესებშია, რომ ის მომზადებული მივიდეს დებატებზე და ფეიკ-ბრალდებებით არ შემოიფარგლოს. თუკი “ნაცმოძრაობამ” თავისი სტილი არ შეცვალა, ის ყოველთვის დამარცხებული იქნება და შესაბამისად, ეს მის პოლიტიკურ რეიტინგზეც იმოქმედებს”, - დასძენს აბაშიძე.
“ყველა ოპოზიციურ პარტიას მოუნდება კალაძესთან დებატები. თუმცა, როგორ დარეგულირდება ეს ფორმები, არ ვიცი. მოსახლეობას ალბათ ყველაზე მეტად აიტერესებს კალაძისა და მელიას დებატები. თავისთავად ის ფაქტი, რომ "პირველი არხი" გეგმავს დებატებს, ეს იმას ნიშნავს, რომ სავარაუდოდ, წარმატებას ამ დებატებში კალაძე უფრო მიაღწევს, ვიდრე მელია. ამასთანავე მნიშვნელოვანია ის, თუ ვინ იქნება წამყვანი ამ დებატების, რა ფორმატში განხორციელდება და ა.შ.”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
ინფიცირებულების ნაწილი ქუჩაშიც დადის, მაღაზიაშიც და... სტუმრადაც
“კორონავირუსით ინფიცირებულთა ნაწილი, ვინც სახლში მკურნალობს, ხშირად არღვევს კარანტინის წესებს - შეუზღუდავად დადის ქუჩაში, მაღაზიაში და ზოგჯერ სტუმრადაც. ამის შესახებ ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი თენგიზ ცერცვაძე ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ საუბრობდა. დღეს კი მსგავსი ფაქტების შესახებ სოციალური ქსელებითაც ვრცელდება ინფორმაცია. რა შედეგები მოყვება მსგავსი ფაქტების გაგრძელებას და რა ღონისძიებების ჩატარებაა საჭირო ამგვარი ქმედებების თავიდან ასაცილებლად?” - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ინფიცირებულების ნაწილი ქუჩაშიც დადის, მაღაზიაშიც და... სტუმრადაც.
“ნუ დადიხართ კოვიდ დადებითები გარეთ და ნუ უქმნით საფრთხეს გარშემომყოფების ჯანმრთელობას! ყველას სახელი და გვარი ვიცი, ვინც ხართ კოვიდ დადებითები და ნუ მიმიყვანთ იმ ზომამდე, რომ შესაბამისი უწყებები ჩავაყენო საქმის კურსში და კანონის სრული სიმკაცრით გაგებინოთ პასუხი! დაიცავით იზოლაცია-კარანტინის წესები!” - ვკითხულობთ “ფეისბუქში” ერთ-ერთი მომხმარებლის გამოქვეყნებულ პოსტში. მისივე ინფორმაციით, დღის განმავლობაში 20-30 კოვიდ დადებითის მიერ ხდება მინიმუმ 5-ჯერ მეტი კონტაქტი. ისინი გადაადგილდებიან სამსახურებში, მაღაზიებში, აფთიაქში და ამ დროს არ უკეთიათ ნიღაბი არც მომხმარებლებს და არც თანამშრომლებს. აღნიშნული ფაქტს აღმაშფოთებელსა და გაუგონარ უპასუხისმგებლობას უწოდებს ინფექციონისტი მარინა ენდელაძე. მისი თქმით, ეს მდგომარეობა სრულიად ხალხის შეგნებაზეა დამოკიდებული და ქვეყანა ვერ შეძლებს ბინაზე მყოფი პაციენტების გაკონტროლებას, რადგან ისინი ბევრნი არიან და ყველას თვალთვალი ფაქტიურად შეუძლებელია”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ამ სიტუაციის გაკონტროლება პრაქტიკულად შეუძლებელია, ბინაზე ძალიან ბევრია დატოვებული სამკურნალოდ. კარებზე პოლიციას ხომ ვერ დავაყენებთ, რომ არ გავიდნენ?! ეს არის ადამიანის თვითშეგნებაზე დამოკიდებული. ამგვარი ქმედებები გამოიწვევს ვირუსის მეტ გავრცელებას, რადგან გადამდებლობა მაღალი აქვს ამ ვირუსს. ეს არის ადამიანთა პასუხისმგებლობა და აუცილებელია, რომ თავად მოსახლეობაც ყურადღებით იყოს. თუკი ვინმეს მსგავს შემთხვევაზე ექნება ინფორმაცია, უნდა აუწყოს შესაბამის ორგანიზაციებს და დადგინდეს უმაღლესი ჯარიმის ფორმა დასჯის თვალსაზრისით. ეს პაციენტები აღრიცხვაზე არიან, მაგრამ თითოეულ კართან რა ხდება, ამას ვერავინ გააკონტროლებს. ამიტომ მოსახლეობას უნდა ჰქონდეს თვითშეგნება და პასუხისმგებლობის გრძნობა”, - განაცხადა ენდელაძემ, რომლის თქმით, მსგავსი ფაქტების აღსაკვეთად ჯარიმების შემოღებაა საჭირო”, - განაგრძობს გამოცემა.
“თუკი ვინმეს მსგავს ფაქტზე გამოიჭერენ, აუცილებლად მაქსიმალური ჯარიმა უნდა დაეკისროს. შეიძლება შემუშავდეს სისტემა, რომ მოხდეს ინფორმაციის გადაცემა ამ პირების შესახებ და ეს თავად საზოგადოების ჩართულობითაც უნდა მოხდეს. ეს არ ეხება 20-30 ოჯახს - ასეთი ოჯახები მთელი ქვეყნის მასშტაბით ათასობითაა და მათი კონტროლი ძალიან რთულია”, - ამბობს ენდელაძე. აქვე აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი “ფეისბუქ” მომხმარებელი თავის ტრაგედიაზე სოციალურ ქსელში წერს და პასუხისმგებლობას სწორედ უკონტროლოდ მოსიარულე კოვიდ ინფიცირებულს აკისრებს”, - დასძენს გამოცემა.
“ასეთმა მოწანწალე კოვიდ დადებითმა დამიღუპა ოჯახი და ახლა ჩემს შვილებს აღარ ჰყავთ მამა. მას რომ ჰგონია თავად უძლებს და მართავს თავის დაავადებას, ჩემი მეუღლე შეიწირა ვიღაცის დაუდევარობამ. მეც ვუჩივლებ ვიზეც გავიგებ, რომ გარეთ დადის”, - ნათქვამია კომენტარში. ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ჯერ კიდევ 10 აგვისტოს საუბრობდა ამ პრობლემაზე. იგი აცხადებდა, რომ კორონავირუსით ინფიცირებული პირების ნაწილი საქალაქო ტრანსპორტითაც სარგებლობდა, რომელიც მაშინ შეზღუდული ჯერ კიდევ არ იყო. „მაქვს ინფორმაცია, რომ ბინაზე დარჩენილი დაახლოებით 35 000 ავადმყოფიდან ნაწილი არ იცავს თვითიზოლაციას, დადის ქუჩაში და მგზავრობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით”, - ამბობს ცერცვაძე, რომლის თქმით, ეს არის ძალიან სერიოზული დარღვევა და ამავე დროს, სერიოზული ფაქტორი, რომელიც ხელს უწყობს ასეთი შემთხვევების ძალიან მაღალი რიცხვის შენარჩუნებას”, - წერს სტატიის ავტორი.
“კატეგორიულად ვთხოვ მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც კოვიდინფიცირებულია და ასევე, ჯანდაცვის სისტემას, თუ აღმასრულებელ ხელისუფლებას, არ ვიცი კიდევ ვის ხელეწიფება, გააკონტროლოს ადამიანები, რომელთაც აქვთ კოვიდის მსუბუქი ფორმა, რომ 12 დღის მანძილზე დაიცვან თვითიზოლაცია, არავითარ შემთხვევაში არ დატოვონ სახლი, არ გამოვიდნენ ქუჩაში, არ იარონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით. ისინი სტუმრადაც კი მიდიან და საფრთხეს უქმნიან მოსახლეობას”, - აღნიშნავს ცერცვაძე, რომლის განმარტებით, “თუკი ეს ძალიან ცუდი პრეცედენტი არ აღმოიფხვრა, პირბადეების ტარება რომც კარგად გავაკონტროლოთ, მაინც გაგვიჭირდება ახალი შემთხვევების კონტროლი”, - დასძენს სტატიის ავტორი.
ხელისუფლება აცრის „მარათონის“ მოწყობას ფიქრობს
“დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 18 აგვისტოს მონაცემებით ჯამურად 857 056 აცრა ჩატარდა, ამ ეტაპზე სრულად ვაქცინირებულია 251 447 ადამიანი, 17 აგვისტოს კი 25 241 პირი აიცრა. სპეციალისტები აცხადებენ, რომ ინფიცირების ყოველდღიური შემთხვევების ფონზე, ეს ტემპი ეპიდემიის შესაკავებლად საკმარისი არაა. ამირან გამყრელიძე კი რამდენიმე “მარათონული აცრის” ჩატარების იდეით გამოდის. მიუხედავად ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპის მატებისა, ინფექციონისტები ამბობენ, რომ წლის ბოლოს ზრდასული მოსახლეობის 60%-ი ორჯერადად აცრილი რომ იყოს, დღეში 35 000-მდე ადამიანი მაინც უნდა აიცრას. ამის რესურსი კი ქვეყანას აქვს. ჯანდაცვის სამინისტრომ ვაქცინების მარაგის საკმაოდ დიდი რაოდენობის მობილიზება შეძლო. ასევე შეიქმნა სპეციალური ადგილები, სადაც რეგისტრაციის გარეშე მოსახლეობას ცოცხალ რიგში აცრა შეუძლია. ამიტომაც დაავადებათა კონტროლის ცენტრში იმედი აქვთ, რომ თუკი ჩვენი თანამოქალაქეების მონდომება და ძალისხმევა იქნება, აგვისტოსა და სექტემბერში ეს რიცხვი უნდა გაორმაგდეს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ხელისუფლება აცრის „მარათონის“ მოწყობას ფიქრობს.
“დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ყოველდღიურად აცრილთა რაოდენობა მუდმივად იზრდება და აგვისტოში, ივლისის თვესთან შედარებით, ეს მონაცემი გასამმაგებულია. “ჩვენთან თანდათანობით იზრდება აცრილთა რაოდენობა. მარტში საშუალოდ გვქონდა ყოველდღიური 462 აცრა, აპრილში - 1294, ივნისში - 4030, ივლისში - 7455 და აგვისტოში საშუალო დღიური გვაქვს 21 225. ანუ, ივლისთან შედარებით გასამმაგებულია ეს მონაცემი. „ბოლო ერთ კვირაში თითქმის 24 ათასი აცრაა ყოველდღიურად. ჩვენი სამიზნეა, რომ ამ წლის ბოლომდე ავცრათ მოზრდილი მოსახლეობის 60%, რაც 1.7 მილიონი ადამიანის აცრაა ორჯერადად, ანუ უნდა გაკეთდეს 3.4 მილიონი აცრა. დღევანდელი მონაცემებით, სულ 857 056 აცრაა გაკეთებული. აქედან, ერთჯერადი ინექციით აცრილია 605 609 ადამიანი, ხოლო სრულად - 251 447 ადამიანი, რაც მოსახლოების 6.7%. რადგან დღეს მოზრდილებში კეთდება ეს, შესაბამისად გამოდის 8.8%. ჩვენ სამიზნე მაჩვენებელთან შედარებით კი ჯერ მხოლოდ 14.7 % -ია. აგვისტოში ტემპი სერიოზულად გაიზარდა, მაგრამ ესეც არ არის საკმარისი. ჩვენ გვჭირდება სტაბილურად 25-30 ათასი აცრა დღეში. თუ უფრო მეტს გავაკეთებთ, მაშინ უფრო სწრაფად გავტეხავთ წელში ეპიდემიას და უფრო სწრაფად დავასრულებთ პანდემიას მსოფლიოში“, - განაცხადა გამყრელიძემ. მისივე თქმით, რამდენიმე დიდი მარათონი რომ მოეწყოს და დღეში 50 000 ადამიანი ავცრათ, შესაძლებელია სისტემას ამის გატარება შეუძლია”, - აღნიშნავს გამოცემა.
“აცრები ძირითადად ტარდება 195 სამედიცინო დაწესებულებაში, იქ მუშაობს 389 სრული ბრიგადა. ბრიგადაში შედის: ექთანი, ექიმი და რეგისტრატორი. საშუალოდ თითოეულ ბრიგადას შეუძლია აცრას 60-დან 100-მდე ადამიანი და დღევანდელი უხეში გათვლებით ჩვენი გამტარუნარიანობა, სადღაც 28-30 ათასი ადამიანის ფარგლებშია. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, საშუალოდ 24 000-მდე ადამიანს ვცრით. რამდენიმე დიდი მარათონი რომ მოეწყოს და დღეში 50 000 ადამიანი ავცრათ, შესაძლებელია, სისტემას ამის გატარება შეუძლია, ვაქცინების მარაგიცაა. აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბერი ჩვენთვის კრიტიკულია და ძალიან მინდა, რომ საშუალოდ აცრის დღიური მაჩვენებელი 25 000-ზე ნაკლები არ იყოს”, - მიიჩნევს გამყრელიძე. იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე “რეზონანსთან” საუბრისას აცხადებს, რომ ინფიცირების ყოველდღიური შემთხვევების ზრდის გამო, ეს ტემპი არ არის საკმარისი, რაც ეპიდსიტუაციას ამწვავებს. მისი შეფასებით, თვის განმავლობაში ერთი მილიონი ადამიანი უნდა აიცრას, რათა ეპიდვითარება შედარებით დასტაბილურდეს”, - განაგრძობს გამოცემა.
“თუ გავითვალისწინებთ როგორ მოიმატა ბოლო დღეების განმავლობაში შემთხვევების რაოდენობამ, ალბათ, საქართველოსთვის უკვე ოპტიმალური ვარიანტი იქნება როგორმე მოვახერხოთ და მივაღწიოთ ერთი მილიონი ადამიანის ვაქცინაციას ერთი თვის განმავლობაში, რაც ნიშნავს 30-35 ათასი ადამიანის მისვლას ყოველდღიურად ვაქცინაციის ცენტრებში. ჩვენი სამიზნე იმუნიზაციისთვის მოსახლეობის 60%-ია. თუ დავთვლით წლის ბოლომდე დარჩენილ პერიოდს, ყოველდღიური აცრების ეს ციფრი საკმარისი არ არის. ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ ილუზია, ვინაიდან ამის უკან დგას პირველ რიგში ვაქცინების პრაქტიკულად შეუწყვეტელი მომარაგება. მნიშვნელოვნად გაფართოვდა სამედიცინო დაწესებულებების ქსელი, სადაც შესაძლებელია ვაქცინაცია ჩატარდეს. საქართველოში ორჯერადად ვაქცინირებული ადამიანების პროცენტი წლიური სამიზნე გეგმის თვალსაზრისით არის 11%-მდე მხოლოდ. რეალურად გვჭირდება სამჯერ მეტი. სწორედ ეს არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა. ამიტომაც ახლა სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ვაქცინაციის პროცესი არ შეჩერდეს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ივანე ჩხაიძე.
“ჯერი მოსახლეობაზეა. ჩვენი მოქალაქეები უნდა დავარწმუნოთ და სწორი საინფორმაცია აგიტაცია ჩავატაროთ, რათა კიდევ უფრო მეტი ადამიანი აიცრას. წინააღმდეგ შემთხვევაში ის გგემა, რაც სახელმწიფოს აქვს, რომ წლის ბოლომდე ზრდასული მოსახლეობის 60% იყოს აცრილი, არ გამოვა. ეს კი ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება”, - მიიჩნევს ჩხაიძე. ინფექციონისტ ალექსანდრე გოგინავას თქმით კი, მნიშვნელოვანია არსებული რეგულაციების მონიტორინგი და ვაქცინაციის ტემპის კიდევ უფრო გაზრდა. სხვაგვარად წლის ბოლოს ძალიან ცუდი სიტუაცია გვექნება. გოგინავა ასევე ამბობს, რომ თუ გვინდა წლის ბოლოს ზრდასული მოსახლეობის 60% 2-ჯერ იყოს აცრილი, მაშინ დღეში 30 000-მდე ადამიანი უნდა აიცრას. ეს საქართველოს ტიპის ქვეყნისთვის დიდი წარმატება იქნება, რაც მოგვიტანს იმას, რომ წლის ბოლოს გვექნება იმუნური ფენა და ვირუსის გავრცელების ჯაჭვი გაწყდება”, - დასძენს გამოცემა.
“რა თქმა უნდა, ვაქცინირებული ადამიანების დღიური რაოდენობა მომატებულია, თუმცა უმჯობესი იქნება კიდევ უფრო თუ მოიმატოს და დღიურად 30 ათასზე ავიდეთ, რაც ჩვენს ქვეყანაში სწრაფად შექმნის იმუნურ ფენას. დინამიკა დადებითია, მაგრამ ვისურვებდი, რომ კიდევ უფრო მეტი ვაქცინირებული გვყავდეს და მოლოდინი მაქვს, რომ ეს ასე იქნება. წლის ბოლოს ზრდასული მოსახლეობის 60% 2-ჯერ აცრილი რომ იყოს, დღეში 30-დან 35 ათასამდე უნდა აიცრას. სხვაგვარად ვირუსის გარცელების ჯაჭვი არ გაწყდება. ახლა ქვეყანაში ყველაფერია იმისთვის, რომ ავიცრათ. ვაქცინის მარაგი და სახეობაც საკმარისია. ავირჩიოთ და უპრობლემოდ ავიცრათ. იმედი მაქვს, ყოველდღიური რიციხვი გაიზრდება და სადღაც 2-3 კვირაში როგორც ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, ისევე იმუნიზაციის კუთხით წინსვლა გვექნება. ასევე მნიშვნელოვანია დაწესებული რეგულაციების აღსრულება, რაც ვირუსის გავრცელებას შეაჩერებს”, - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ალექსანდრე გოგინავა.
















