ქართული პრესის მიმოხილვა 06.09.2021

ხათუნა ლაგაზიძე - “პრეზიდენტმა მკვეთრი პოზიციის გამოხატვა დააგვიანა, მაგრამ...“

ოკუპანტებმა ავტობანთან ახლოს, სავარაუდოდ, ე.წ. საზღვარი დანაღმეს

ზაზა ფირალიშვილი - ”ქუჩის ბიჭების დიპლომატია ქვეყნისთვის დამღუპველია”

სიკვდილიანობის შემცირება 12 სექტემბრიდან დაიწყება - “მოსახლეობის უმეტესობა რომ აცრილი იყოს, დღეში 2-3 გარდაცვლილი გვეყოლებოდა”

გიორგი გობრონიძე - “თუ არ გჭირდება პარტნიორის დახმარება და არ გსურს ვალდებულების აღება, თავიდანვე უნდა თქვა”

* * *

ხათუნა ლაგაზიძე - “პრეზიდენტმა მკვეთრი პოზიციის გამოხატვა დააგვიანა, მაგრამ...“

“როცა “ქართული ოცნების” პოზიციის მოტივაციაზე ვლაპარაკობთ, ამას რამდენიმე ასპექტი აქვს, თუმცა უმთავრესი მაინც ისაა, რომ ეს გზა “ქართულმა ოცნებამ” ორ ცუდ არჩევანს შორის მისთვის ნაკლებად უარესის პრინციპით აირჩია - ან უნდა დაეთმო სასამართლო ხელისუფლებაზე კონტროლი, რაც, როგორც ჩანს, მისთვის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია, ან დაეკარგა ევროკავშირის კეთილგანწყობა. როგორც ჩანს, დაასკვნეს, რომ პირველი “ოცნების” ძალაუფლებისთვის გაცილებით საშიშია, მეორე არჩევანი კი დასავლელი პარტნიორების შეშფოთება-აღშფოთებას გამოიწვევდა, ასევე მოკლევადიან პერიოდში ფინანსური მხარდაჭერის დაკარგვას. საბოლოოდ, ეს გზა უფრო ეიოლათ”, - აცხადებს ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “პრეზიდენტმა მკვეთრი პოზიციის გამოხატვა დააგვიანა, მაგრამ...“

“გავიხსენებ აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებას, აშშ გაითვალისწინებს, რომ საქართველოს ხელისუფლებას ფინანსური დახმარება აღარ სჭირდებაო. უფრო გასაგებად თუ ვთარგმნით, ეს ნიშნავს, რომ ფინანსური დახმარების შეწყვეტას უნდა ველოდოთ აშშ-ისგანაც. კიდევ ერთი მოტივი ხელისუფლების ამ ნაბიჯისა არის ისიც, რომ წინასწარ იცოდნენ, ევროკავშირი ამ დახმარებაზე უარს ეუბნებოდა, რაც წინასაარჩევნოდ არ აწყობდათ. მიიჩნიეს, რომ ეს “ქართული ოცნების” ამომრჩეველზე ნეგატიურად იმოქმედებდა და დაასწრეს ევროკავშირს და თვითონ გამოაცხადეს, არ გვჭირდება ფინანსები და უარს ვამბობთო. დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ არც ერთი ქვეყნის პროდასავლური ხელისუფლება ანალოგიურ შემთხვევაში ასეთ გზას არ დაადგებოდა. შეეცდებოდა სხვა ფორმები მოენახა საკუთარი ინტერესების დასაცავად, როგორც ძალაუფლების, ისე იმიჯის შენარჩუნების მიზნით. ეს მეტყველებს მხოლოდ იმაზე, რომ “ქართული ოცნებისთვის” პროდასავლური გზა არ არის ორგანული არჩევანი. კრემლი კარგად გრძნობს იმ იმპულსებს, რაც საქართველოდან მიდის. ამის პასუხია ლავროვის განცხადება...”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ხათუნა ლაგაზიძე.

“პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადება საკმაოდ ხისტი და მკაცრი იყო. ბევრი ამბობს, რომ მან ამგვარი მკვეთრი პოზიციის გამოხატვა დააგვიანა და ასეც არის, მაგრამ ქვეყნისთვის სახის შენარჩუნებისთვის ნამდვილად მნიშვნელოვანი განცხადება მოვისმინეთ. სალომე ზურაბიშვილის პოზიცია ღიას ტოვებს დიალოგის დერეფანს დასავლეთთან ურთიერთობაში, რაც ასე აუცილებელია. რამდენად სტაბილური იქნება ის ამ მისწრაფებაში, რამდენად შეძლებს საქართველოს ხელისუფლების მზარდი ანტიდასავლური ნაბიჯების შემთხვევაში კვლავაც ასეთი პრინციპული პოზიციის გამოხატვას ან როგორ გაუძლებს, თუ მასზე ისეთივე მასირებული შეტევა დაიწყო “ქართულმა ოცნებამ”, როგორც გიორგი მარგველაშვილის შემთხვევაში მოხდა, ამას დრო გვიჩვენებს”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“თუ მომავალ არჩევნებში “ქართულმა ოცნებამ” დამაჯერებლად გაიმარჯვა, მივიღებთ უფრო აგრესიულ “ქართულ ოცნებას”, მით უფრო მან აშკარად აჩვენა, რომ დასავლეთის აზრის გათვალისწინებას დიდად აღარ აპირებს. თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ არჩევნების შემდგომ დასავლეთთან ურთიერთობის დალაგება სცადონ კიდეც. ისეც არ არის, რომ “ოცნება” ვერ აცნობიერებდეს დასავლეთის ფინანსური დახმარების მნიშვნელობას. ნიშანდობლივი იყო პრეზიდენტის აქცენტი ავღანეთში მიმდინარე პროცესების ფონზე საქართველოს უსაფრთხოების დამატებითი გარანტიების საჭიროებაზე. მან თქვა, ახლა განსაკუთრებით გვჭირდება უსაფრთხოების დამატებითი გარანტიები და დასავლეთის მხარდაჭერაო, რაზეც საქართველოში ნაკლებად ფიქრობენ. ამაზე დიდად არც ხელისუფლება ნერვიულობს და არც ოპოზიცია, რომელიც, პირდაპირ ვიტყვი, ამ ქვეყნის დამატებით თავსატეხად იქცა. ყოველივეს ფონზე უაღრესად საინტერესოა ბაიდენის ადმინისტრაციის ახალი დოქტრინა. ამერიკელები ამბობენ, რომ ეს არის სახეცვლილება ტრამპის ხედვისა _ ამერიკა უპირველეს ყოვლისა! აშშ-ის დღევანდელი ხელისუფლებაც იმ პოლიტიკას აგრძელებს, რომ აშშ აღარ ჩაერიოს იმ ქვეყნების შიდა საქმეებში, რომლებსაც თვითონ არ სურთ ცვლილებები და ტრანსფორმაცია”, - მიიჩნევს ექსპერტი.

“ავღანეთიდან გამოსვლა ჯო ბაიდენმა სწორედ ამით ახსნა. ეს ყველაფერი ჩვენთვის დამაფიქრებელი უნდა იყოს. რა თქმა უნდა, ავღანეთი საქართველოს ანალოგად არ გამოდგება, თუნდაც იმიტომ, რომ ფინანსურად სად ავღანეთში გაწეული ხარჯი და სად საქართველო, მაგრამ ის კი აშკარაა, რომ დღევანდელ საქართველოში მნიშვნელოვანი ცვლილებებისა და უკეთესი სახელმწიფოს აშენების მოსურნეთა რიცხვი ძალიან შემცირებულია, განსაკუთრებით პოლიტელიტაში. აქვე დავსვამდი ერთ შეკითხვას - რაში დაიხარჯა ის მილიარდები, რომელიც აშშ-მა და ევროპამ საქართველოს პანდემიასთან ბრძოლისთვის ჯერ კიდევ გახარიას პრემიერობის დროს მისცეს? რამე ეტყობა ქვეყანას, რომ ამდენი თანხა დაიხარჯა კორონავირუსთან ბრძოლაში? ლოგიკურად, ეს თანხები უპირველესად ვაქცინების შეძენას უნდა მოხმარებოდა, მაგრამ ამ პროცესმა ძალზე დაიგვიანა და დღეს ასეთი მძიმე მდგომარეობა სწორედ ამიტომ გვაქვს. რეალურად ხომ გახარია ისევეა პასუხისმგებელი დღევანდელ უმძიმეს ვითარებაზე, როგორც დღევანდელი ხელისუფლება. საინტერესოა, რატომ არ ითხოვს ოპოზიცია პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას იმის გასარკვევად, რატომ არ დაიწყო დროულად ვაქცინაცია? სად წავიდა მილიარდები?! ოპოზიციას აზრადაც არ მოსდის მსგავსი ინიციატივით გამოსვლა. არადა, ქვეყნის თავდაცვის ხაზი დღეს სწორედ პანდემიასთან ბრძოლაზე გადის”, - თვლის ხათუნა ლაგაზიძე.

“დღევანდელ კრიზისულ ვითარებაზე დიდწილად პასუხისმგებელია ოპოზიციაც. ბოლო თვეებში რეგიონები შემოვიარე და რაც იქ ვნახე და მოვისმინე, გამაოგნებელია. ამაზე თვალის დახუჭვა სირაქლემას პოზაა. თბილისიდან და ტელევიზორიდან საქართველო თავისი რეალური პრობლემატიკით არ ჩანს და არც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის არსებული სიამტკბილობა ჩანს, რაც რეგიონებში განსაკუთრებით შესამჩნევია. სამეგრელოს ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში მიამბეს, რომ თურმე იქ ერთ-ერთი ძლიერი ოპოზიციური პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარის მეუღლე მერის თანაშემწეა, ცოლისდაც იქვე მუშაობს. ჰოდა, სიმწრით ხუმრობდნენ, ეს ოპოზიციის ლიდერი რომ მიადგება მერს “გადადექის” ძახილით, გამოიხედავენ ფანჯრიდან ცოლი და ცოლისდა და ეძახიან, ჩვენ გვიკეთებ ამასო?! თითქოს სასაცილოა, მაგრამ სატირალი უფროა, რადგან ეს არ არის გამონაკლისი და ასეთი ვითარებაა თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში”, - ამბობს რესპონდენტი.

“ქართულმა ოცნებამ” კარგად გამონახა გზა იმისთვის, რომ ოპოზიციასთან “საერთო ენა” გამონახოს ბიუჯეტის ხარჯზე. იმას კი არ ვამბობ, რომ ოპოზიციის ოჯახის წევრები საჯარო სამსახურებში არ უნდა დასაქმდნენ. ამ თვალსაზრისით სეგრეგაცია ყოვლად დაუშვებელია, მაგრამ ასევე დაუშვებელია, რომ მათი დასაქმება ხდება ხელისუფლების მიმართ ლოიალობის პირობით, რაც მხარდამჭერებისთვის თვალებში ნაცრის შეყრაა. თორემ იმათ, ვინც არ არის ხელისუფლების გავლენაში და მათი ოჯახის წევრებს ოპოზიციისკენ გაუწევს გული, საჯარო სამსახურებს რა სისწრაფით ატოვებინებენ, კი ვხედავთ. ან ის რით აიხსნება, რომ ოპოზიციის დიდ ნაწილს მოსახლეობასთან შეხვედრები არც დაუწყია. მეტიც, ბევრს საარჩევნო პროგრამაც არა აქვს. ისე ჩანს, რომ ოპოზიციური პარტიების უმეტესობას ამ არჩევნებისადმი წინასწარ აქვთ კაპიტულანტური განწყობა და ამასთან, მომხმარებლის პოზიციაში არიან - ნარის გლეჯა სხვისი ხელით სურთ. ამ შემთხვევაში გახარიას ვგულისხმობ, სწორედ მისი იმედი აქვთ, მოახერხებს და რაღაცას მაინც წაჰგლეჯს “ქართულ ოცნებასო”, - დასძენს ექსპერტი.

“გახარია ტექნოლოგიურად სწორად მუშაობს: მუშაობს “ქართული ოცნების” ამომრჩეველზე. ნიშანდობლივი იყო მისი განცხადება, რომლითაც ტოლობის ნიშანი დასვა “ქართულ ოცნებასა” და “ნაციონალურ მოძრაობას” შორის და ეს კონკრეტული ფაქტებით გაამყარა. ამით ცდილობს “ოცნებას” ის ამომრჩეველი ჩამოაშოროს, ვინც მას მხარს მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში დაბრუნების შიშით უჭერს. როცა გახარიას ჰკითხეს, თუ ვისთან შეიძლება შეკრას კოალიცია, მან “ნაციონალური მოძრაობა”გამორიცხა, სამაგიეროდ, თქვა, არჩევნების მერე “ქართული ოცნება” დაიშლება და ამ სახეცვლილ და ნაწილებად დაშლილ ჯგუფებთან არ გამოვრიცხავ პარტნიორობასო. ეს დანარჩენი ოპოზიციისთვის ყურადსაღები გზავნილი უნდა იყოს: ისინი კი ფიქრობენ, რომ გახარიაა “მესიის მახვილი” და მან უნდა ჩამოშალოს “ოცნება”, მაგრამ საბოლოოდ გახარია ისევ სახეცვლილი `ოცნების" სიცოცხლის გახანგრძლივებას მოემსახურება” - დაასკვნის ხათუნა ლაგაზიძე.

“თუმცა მანამდე ვერც მარტო აღებული გახარია და ვერც “ნაციონალური მოძრაობა” ერთად “ოცნების” 43%-ისთვის ხელის შეშლას ვერ შეძლებენ. თუ ოპოზიციაში ნამდვილად სურთ, რომ “ქართულმა ოცნებამ” ვერ აიღოს 43%, მაშინ სხვა პარტიებმაც უნდა გამოიღონ ხელი. მეჩვენება, რომ ოპოზიციის ნაწილი მუშაობს პრინციპით: გამოცხადებული წაგების ქრონიკა. არადა, 43%-ის ვერაღების შემთხვევაში, ცხადია, “ქართული ოცნების” ჩამოშლა დაჩქარდება. ამიტომაც არის ასე მნიშვნელოვანი “ქართული ოცნებისთვის” 43%-ის აღება. ეს მისთვის უპირველესად ფსიქოლოგიური ბარიერია”, - ამბობს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია ექსპრემიერის თბილისის მერობის კანდიდატად დასახელებამდე გახარია-კალაძის შეხვედრის ამბავმა...” - პასუხობს:

“დარწმუნებული ვარ, მოსახლეობის უდიდეს ნაწილს სულ არ აინტერესებს, ვინ ვის ხვდება და ვინ ვის რას ეჩურჩულება, მაშინ როცა რეალური პრობლემები და სატკივარი გვერდზე რჩება. რაც შეეხება შანსებს, თბილისში აუცილებლად იქნება მეორე ტური. რაც შეეხება იმას, თუ ვის ვიხილავთ მეორე ტურში: გახარია ნამდვილად ძლიერი კანდიდატია, მაგრამ “ნაციონალურ მოძრაობას” ჰყავს სტაბილური ამომრჩეველი, რომლის მაქსიმალური მობილიზებაც მოხდება მელიას გარშემო. არ დაგვავიწყდეს ისიც, რომ “ოცნებამ” საპარლამენტო არჩევნებზე თბილისი წააგო. ამიტომაც მელიას აქვს გარანტირებული პროცენტები, რაც მეორე ტურში გადასვლის უპირატესობას აძლევს. რა მოხდება კალაძესა და გახარიას შორის? - გახარიას არ ეყოფა “ოცნებიდან” წამოღებული ხმები მეორე ტურში გადასასვლელად, მაგრამ თუ მოახერხა და ამ ხმებთან ერთად ოპოზიციური, არა “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერი ელექტორატიც შემოიკრიბა, შესაძლოა სწორედ ის ვიხილოთ მეორე ტურში”.

ოკუპანტებმა ავტობანთან ახლოს, სავარაუდოდ, ე.წ. საზღვარი დანაღმეს

“ოკუპანტებმა შიდა ქართლში, სოფელ ხურვალეთის ტერიტორიაზე ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი კიდევ ერთი კიდევ ერთი ბანერი დაამონტაჟეს. ეს ბანერი ცენტრალური ავტომაგისტრალიდან დაახლოებით ერთი კილომეტრით არის დაშორებული და სხვა მსგავსი ბანერებისგან განსხვავებით, რუსულად გაკეთებულ აქვს წარწერა: “ყურადღება! სახიფათო მონაკვეთი!” ეს ფაქტი ადგილობრივებს უჩენს ეჭვს, რომ ბანერი და მის გარშემო მდეგბარე მინდორი დანაღმულია. დავით ქაცარავა “რეზონანსთან” ამბობს, რომ ოკუპანტებმა აგვისტოდან ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების დამონტაჟება აქტიურად დაიწყეს. მისი თქმით, ეს მინი ბანერი პირდაპირ ავტობანს უყურებს, ამიტომ მას აქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ შესაძლოა რუსებმა ტერიტორია დანაღმეს. ქაცარავა იმედს იტოვებს, რომ ხელისუფლებამ ცხელი ხაზი მაინც გააქტიურა და გაარკვევს რას ნიშნავს წარწერა “სახიფათო მონაკვეთი” და რით შეიძლება ეს ადგილობრივ მოსახლეობას ემუქრებოდეს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ოკუპანტებმა ავტობანთან ახლოს, სავარაუდოდ, ე.წ. საზღვარი დანაღმეს.

“ხურვალეთიდან რამდენიმე მეტრში ბანერი აღმოვაჩინეთ, სადაც რუსულად წერია - “ყურადღება სახიფათო მონაკვეთია”. ასეთი ტიპის ბანერი არსად არ შეგვხვედრია. მართალია, ე.წ. საზღვრის ამსახველ ბანერებს უკვე აგვისტოდან აყენებენ, მაგრამ მსგავსი წარწერით არა. ამიტომ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ შესაძლოა ტერიტორია დანაღმეს. აქ ჩვენს მოსახლეობას მინდორში ნახირი დაჰყავს და კაცმა არ იცის რა შეიძლება მოხდეს. იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენებმა ცხელი ხაზი მაინც აამოქმედეს და გაიგებენ ეს გამაფრთხილებელი ბანერები რას ნიშნავს. ხელისუფლებას, როგორც ყოველთვის, ამ ყველაფერზე ნული რეაქცია აქვს. ეს ბანერი რომ არსებობს, ჩვენგან გაიგეს. ოკუპანტები აქტიურად მუშაობენ და მათი შემწუხებელი კაციშვილი არ არის”, - ამბობს ქაცარავა. სოფელ ხურვალეთის მცხოვრებლები “რეზონანსთან” ყვებიან, რომ ოკუპანტებმა 15 აგვისტოს ვალია ვანიშვილის სახლის გარშემო არსებული მავთულხლართები კიდევ უფრო აამაღლეს, რათა ქართველებმა დავით ვანიშვილის მეუღლეს დახმარება არ გაუწიონ. მას ადგილობრივები და მოძრაობა “ძალა ერთობაშიას” წევრები პროდუქტებით ეხმარებოდნენ. ამის შემდეგ კი ბატონისაშვილების სახლთან გზა ჯერ მავთულხლართით გადაღობეს, შემდეგ კი იქვე ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი მწვანე ბანერი დაამონტაჟეს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები სოფელ ხურვალეთში აგვისტოს შუა რიცხვებში გამოჩნდნენ და იქ არსებული ღობეების შეკეთებას და ამაღლებას შეუდგნენ. პარალელურად ახალი ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერიც დაამონტაჟეს. მათი გააქტიურება მალევე შევამჩნიეთ, მაგრამ ჩვენ რისი გაკეთება შეგვიძლია? მავთულხლართებს კიდევ უფრო ამატებენ, რომ ზედ გადასვლა ან რამის მიწოდება არ შეგვეძლოს. ბატონისაშვილების ბაღი საერთოდ მიითვისეს და იქ ვერავინ შედის. დადიან და რასაც უნდათ და სადაც უნდათ იმას აკეთებენ. ახლა ამბობენ მინდორი დაუნაღმავთ და იქ საქონელი აღარ გარეკოთო”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ერთ-ერთი ადგილობრივი მცხოვრები.

“ავტობანის სიახლოვეს განთავსებული ახალი ბანერის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განცხადება გაავრცელა, თუმცა მასში არ არის დაკონკრეტებული, რას ნიშნავს “სახიფათო მონაკვეთი”. უწყება ადასტურებს ოკუპირებული ტერიტორიის სიღრმეში ე.წ. გამაფრთხილებელი ბანერის აღმართვის ფაქტს. “2008 წლიდან რუსეთის საოკუპაციო ძალები ოკუპირებულ ტერიტორიებზე ახორციელებენ უკანონო აქტივობებს, მათ შორის, უკანონო ე.წ. ბორდერიზაციას, სამხედრო ინფრასტრუქტურის უკანონო მოწყობას და ა.შ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აფიქსირებს საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებულ დესტრუქციულ ქმედებებს, თითოეულ მათგანზე აქტიურდება ცხელი ხაზი და ინფორმაცია რეალურ დროში მიეწოდება საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას. მსგავსი უკანონო აქტივობები ასევე განიხილება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში”, - ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში”, - დასძენს გამოცემა.

ზაზა ფირალიშვილი - ”ქუჩის ბიჭების დიპლომატია ქვეყნისთვის დამღუპველია”

“სამწუხაროდ, ამ ეტაპზე არ აღმოგვაჩნდა “ნაციონალებისა” და “ოცნების” დაპირისპირების პოლიტიკური ალტერნატივის შექმნის რესურსი. ამიტომაც ძნელი წარმოსადგენია, ადგილობრივმა არჩევნებმა პოლიტიკური რელიეფი მნიშვნელოვნად შეცვალოს. ჩვენს პოლიტიკურ სპექტრს არ სურს დაინახოს, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ის მკვეთრად გაუუცხოვდა საზოგადოების უდიდეს ნაწილს. უკვე რამდენიმე განაცხადი მოვისმინეთ იმის შესახებ, რომ მესამე ძალა ჩამოყალიბდა. როდესაც განცხადებას აკეთებენ უკვე კარგად ნაცნობი და წარსულით დამძიმებული აქტორები, ან ისეთები, ვის შესახებაც არაფერი ვიცით გარდა ხელისუფლებაში მოსვლის პრეტენზიისა, ამ წამოწყებათა პერსპექტიულობაზე ლაპარაკი ძნელია. და მაინც, საზოგადოება ამგვარი ძალის გამოჩენას ელის”, - აცხადებს ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ”ქუჩის ბიჭების დიპლომატია ქვეყნისთვის დამღუპველია”.

“მერის თანამდებობაზე რამდენიმე საინტერესო პირი იყრის კენჭს. ანა დოლიძეს კარგად იცნობენ, თუმცა ამ ეტაპზე მას ნაკლებად აქვს ხისტი ბიპოლარული სისტემის დანგრევის რესურსი. რაც შეეხება გიორგი გახარიასა და მის პარტიას, ხშირად გამოთქვამენ ვარაუდს, რომ როგორც ოპოზიციონერი, გახარია ივანიშვილმა ხელოვნურად შექმნა, რათა ვითარების გაკონტროლება ხელიდან არ გაუშვას. ცხადია, კულუარული ინფორმაცია არა მაქვს, თუმცა გიორგი გახარია არ ტოვებს ისეთი ადამიანის შთაბეჭდილებას, ვინც “ოცნების” დანამატის როლს დასჯერდება და ამით თავს პოლიტიკური მოუსავლეთისთვის გაწირავს. თუნდაც ვარაუდები მართალი იყოს, ეს ყოველთვის სარისკო თამაშია. გავიხსენოთ, რომ ე.წ. ახალგაზრდა რეფორმატორები თავის დროზე სწორედ შევარდნაძემ გამოარჩია და მათ დღემდე აბრალებენ, შევარდნაძის კრეატურები იყვნენო. არადა, სწორედ მათ შეძლეს ის, რაც იმდროინდელმა ოპოზიციამ ვერ შეძლო. გიორგი გახარიას მოქმედებებში ჩანს თანამიმდევრულობა და რაციონალიზმი - სწორედ ის თვისებები, რომელთა დეფიციტიცაა ჩვენს მუდმივად ყალყზე შემდგარ კვაზირევოლუციურ პოლიტიკურ ცხოვრებაში”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაზა ფირალიშვილი.

“პოლიტიკური მიზნებისთვის მართლმსაჯულების სისტემის გამოყენებაში “ოცნება” ნამდვილად არ ჩამოუვარდება “ნაციონალურ მოძრაობას” და საეჭვოა, ხელიდან გაუშვას ასეთი ძლიერი ინსტრუმენტი. მათთვის ძალაუფლების შენარჩუნების ინტერესები ქვეყნის მომავალზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. დახმარებაზე უარის თქმა ხომ არსებითად იმას ნიშნავს, რომ უარს ამბობ მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირებაზე და არ გინდა ამის შედეგები დაინახო. წარმოუდგენელია, პრემიერმა არ იცოდეს, რომ მისი განცხადება სწორედ ასე იქნება აღქმული. მართალია, ამგვარი განცხადებები პრემიერს კლერიკალისტური და პრორუსული ჯგუფების მხარდაჭერით უზრუნველყოფს, მაგრამ ვეჭვობ, გაცილებით მეტ ხმას დაკარგავს. სანუკვარი 43%-ის გადალახვა შეიძლება შეუსრულებელ ამოცანად იქცეს. თუმცა ჩემთვის მთავარი კითხვა ისაა, თუ ვინ შეძლებს ამ ხმების აღებას”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“როგორც ჩანს, ხელისუფლებაში დიდხანს იფიქრეს, სანამ პრემიერი განცხადებას გააკეთებდა, რომ ტრანშზე უარი თავად თქვეს. “თქვენ ვერ იტყვით უარს იმაზე, რისი მიღების უფლებაც არ გქონდათო”, - გაისმა პასუხად. ის ეშმაკობები, რაც ყოველდღიურ ურთიერთობებში ჯერ კიდევ დასაშვებია, ხოლო ზოგიერთ წრეებში ჭკუის ნიშანიცაა, პოლიტიკაში, მით უმეტეს, ევროპულ პოლიტიკაში არცთუ შორსმჭვრეტელ ხედვაზე, უფრო მეტიც, პოლიტიკური კულტურის დეფიციტზე მიგვანიშნებს. კაკუტასა და ქუჩარას ლოგიკით ევროპული პოლიტიკა არ კეთდება. შედეგად კი ის მიიღეს, რომ ევროკავშირის წარმომადგენლებს, რბილად რომ ვთქვათ, ამის შემდეგ უფრო ნაკლებად ესმით მათი. ასე თუ გააგრძელეს, საბოლოოდ მიიღებენ არასასურველი პარტნიორის დამღას (თუ უკვე არ მიიღეს) და ეს სავალალოდ აღიბეჭდება ქვეყნის ბედზე”, - მიიჩნევს ფილოსოფოსი.

“გვსურს თუ არა, რუსეთის ორბიტაში მოქცევის რისკი იზრდება. მხოლოდ სასამართლო სისტემას არ ეხება საქმე. როგორღაც იოლად მიივიწყეს ანაკლიის პორტის ისტორია. ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა სატრანზიტო გზების განვითარების გარეშე გეოპოლიტიკურ ჩიხად შეიძლება იქცეს. ანაკლიის პორტი ერთ-ერთი უდიდესი ინსტრუმენტი შეიძლება იყოს იმისა, რომ 1453 წელს კონსტანტინოპოლის დაცემის შედეგად ჩამოყალიბებულ გეოპოლიტიკურ ჩიხს დავაღწიოთ თავი და ქვეყანამ განვითარების უმნიშვნელოვანესი ისტორიული იმპულსი მიიღოს. უამისოდ ჩვენს სახელმწიფოებრიობას მტკიცე საძირკველი ვერ ექნება. სწორედ ასეთივე ისტორიული მნიშვნელობა ჰქონდა ნავთობსადენს და გავიხსენოთ, თუ როგორ უპირისპირდებოდნენ რუსები მის გაყვანას. კითხვას დავსვამ - პრემიერის უარი დახმარების მიღებაზე და ლავროვის მიერ გამოთქმული რუსეთის მზაობა, ჩვენთან კეთილმეზობლური ურთიერთობა აღადგინოს, დროში ლამის რომ დაემთხვა ერთმანეთს - შემთხვევითია? პრემიერისთვის ყველაზე კარგი ის იქნებოდა, გვევარაუდა, რომ ის უბრალოდ დააბნია პოლიტიკურმა ცხოვრებამ და უნებურად უშვებს შეცდომებს, რომელთა გამოც კრემლში სიამოვნებით იღიმებიან...”, - დაასკვნის ზაზა ფირალიშვილი.

“ქვეყანა როდესაც ის ვერ იღებს ევროკავშირის მიკროფინანსური დახმარების მეორე ტრანშს იმის გამო, რომ მთავრობამ მისი მიღების პირობები არ შეასრულა, ხოლო პრემიერი აცხადებს, რომ თურმე ხელისუფლებამ თავად თქვა უარი ტრანშზე, აშკარაა, რომ ჩვენი ხელისუფლება და ევროკავშირი სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობენ. ხელისუფლების ყოველგვარი განცხადება 2024 წელს განაცხადის შეტანის თაობაზე თანდათან ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე ახალი ტენდერის გამოცხადებას ემსგავსება. ამას ისიც დავუმატოთ, თუ როგორი სოლიდარობა დამყარდა პრორუსულ კლერიკალისტურ ძალებსა და ხელისუფლებას შორის და სურათი უფრო და უფრო ნათელი ხდება. როგორ ფიქრობთ, ვის გაახარებდა პრემიერის განცხადება, რომ ევროკავშირი არ არის მისი უფროსი? განა შემთხვევითია სწორედ ამ დღეებში ლავროვის განცხადება? ახალგაზრდა “ოცნებელების” პოლიტიკური ქცევა იმდენად უხერხული აღმოჩნდა, აქამდე მდუმარედ მყოფმა პრეზიდენტმაც აღიარა, რომ “ნაციონალები” და “ოცნება” ერთნაირად ვნებენ სახელმწიფოს”, - ამბობს რესპონდენტი.

“არჩევნებზე, როგორც ჩანს, ძველი სცენარი განმეორდება. მოსახლეობაში იქნება დიდი უკმაყოფილება, მაგრამ არ იარსებებს პოლიტიკური აქტორი, ვინც ამას პოლიტიკურ ფაქტად აქცევს. დღევანდელ ოპოზიციას ამის უნარი არ შესწევს. ამიტომაც ველი, რომ არჩევნები ამომრჩევლის პასიურობით ჩაივლის. ამასთან, “ნაციონალური მოძრაობის” ამომრჩეველი ტრადიციულად აქტიური იქნება და არჩევნების შემდეგ განსაზღვრული დროის განმავლობაში ვითარებაც დაიძაბება. “ნაციონალური მოძრაობის” მთელი პოლიტიკური რესურსი იმაში გამოჩნდა, რომ არ უერთდებოდა მიშელის დოკუმენტს, სანამ “ოცნება” იყო მიერთებული, და ხელი მოაწერა ახლა, როცა “ოცნება” გამოვიდა შეთანხმებიდან. ძნელია, ასეთ პოლიტიკურ ქცევას სერიოზული უწოდო. სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ ამ წლების განმავლობაში “ნაციონალური მოძრაობის” ქცევის წესი დიდად არ შეცვლილა, რის გამოც ამომრჩეველთა დიდი ნაწილი ხელისუფლების სათავეში მათ დაბრუნებას კვლავ საფრთხედ აღიქვამს” - თვლის ფილოსოფოსი.

“ხელისუფლება კი თავისი უუნარობით, ძალაუფლების ნებისმიერი ხერხით შენარჩუნების მცდელობით, რისთვისაც ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობის გაფუჭებასა და მარგინალურ ძალებთან თანამშრომლობასაც არ უკადრისობს, მორალური მარცხისთვის არის განწირული. თუმცა მოსახლეობაში არსებობს 2012 წლამდე “ნაციონალების” ქცევის შესახებ ძალზე მძიმე ხსოვნა. “ოცნების” მთავარი პოლიტიკური რესურსი დღემდე ესაა, თუმცა თვალნათლივ რომ ილევა, აშკარაა. როგორც ჩანს, ხელისუფლება და მათი ლიდერი ნაკლებად ითვალისწინებენ, თუ რა მნიშვნელოვანი სიმპტომი იყო ამ რამდენიმე წლის წინანდელი ახალგაზრდული გამოსვლები და რომ პრორუსულ კლერიკალიზმთან თამაშებმა შეიძლება ეს მოძრაობა ხელახლა გაააქტიუროს. მის მონაწილეებს დღეს უკვე დიდი გამოცდილება აქვთ და იმედია, მაშინდელ შეცდომებს აღარ დაუშვებენ”, - დასძენს ზაზა ფირალიშვილი.

სიკვდილიანობის შემცირება 12 სექტემბრიდან დაიწყება - “მოსახლეობის უმეტესობა რომ აცრილი იყოს, დღეში 2-3 გარდაცვლილი გვეყოლებოდა”

“საქართველოში ყოველდღიურად კორონავირუსისგან, საშუალოდ, 80 ადამიანი იღუპება. სპეციალისტები ამას აგვისტოში ინფიცირების რეკორდულ მაჩვენებელს უკავშირებენ და სექტემბერში ახალი შემთხვევების კლების ფონზე მიახლოებით თარიღს ასახელებენ, თუ როდიდან უნდა ველოდოთ გარდაცვალების ყოველდღიური შემთხვევების კლებას. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, სექტემბრიდან ინფიცირების ახალი შემთხვევები თანდათანობით მცირდება. 31 აგვისტოს ინფიცირებულთა რაოდენობა 4 778 იყო, 5 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 2 210 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის ფონზე, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო ხუთი დღის მონაცემებით რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს და სექტემბრის პირველი ხუთი დღეში კოვიდით 398 ადამიანი გარდაიცვალა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი აკაკი ზოიძე ასეთ მაღალ სიკვდილიანობას გასულ თვეში ინფიცირებულთა მაღალ მაჩვენებელს - დღეში 5-დან 6 ათასამდე ახალ შემთხვევას უკავშირებს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით სიკვდილიანობის შემცირება 12 სექტემბრიდან დაიწყება - “მოსახლეობის უმეტესობა რომ აცრილი იყოს, დღეში 2-3 გარდაცვლილი გვეყოლებოდა”.

“სამწუხაროდ, ინფიცირებულთა მაღალი რაოდენობა სიკვდილის მაჩვენებელს მალე ზრდის, ხოლო ინფიცირებულთა დაბალ რიცხვს სიკვდილიანობის მაჩვენებლის შემცირება რომ მოჰყვეს, ამისთვის ერთიდან სამ კვირამდეა საჭირო. საუკეთესო შემთხვევაში, ინფიცირებულთა რაოდენობის შემცირების შემდეგ, მინიმუმ, ერთ კვირა გვჭირდება, რომ ინფიცირებულთა რაოდენობის შემცირებამ გავლენა იქონიოს სიკვდილიანობის შემცირებაზე და სტატისტიკაში შესამჩნევი და შედარებით დაბალი იყოს გარდაცვლილთა რაოდენობა, ხოლო ცუდ შემთხვევაში, ამ ინფიცირებულთა რაოდებობას თუ შევინარჩუნებთ და ვეღარ შევამცირებთ, სამ კვირაში გვექნება შედეგი. ნაკლები ინფიცირებული გვაძლევს ნაკლებ გარდაცვლილ ადამიანს”, - თქვა ზოიძემ. მისი შეფასებით, ვაქცინაციის არასაკმარისი ტემპი დიდ გავლენას ახდენს როგორც ინფიცირებულთა რაოდენობაზე, ასევე გარდაცვლილთა ასეთ რეკორდულ მაჩვენებელზე”, - აღნიშნავს გამოცემა.

“საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა რომ აცრილი იყოს, არ გვეყოლებოდა ამდენი ინფიცირებული და არც გარდაცვლილებს დავითვლიდით. მსოფლიოში ვაქცინაციის შემდეგ გარდაცვალება, საშუალოდ, 15-ჯერ უფრო ნაკლებია, ხოლო საქართველოში 45-ჯერ უფრო მცირეა გარდაცვალება აცრილ პაციენტებში. მოსახლეობის უმეტესობა რომ აცრილი იყოს, სამედიცინო პერსონალიც შედარებით მსუბუქად იმუშავებდა, გარდაცვლილთა რიცხვი 80-ჯერ მცირე იქნებოდა და გვეყოლებოდა 2-3 გარდაცვლილი დღეში და არა _ 60-დან 80-მდე ადამიანი”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას აკაკი ზოიძე.

გიორგი გობრონიძე - “თუ არ გჭირდება პარტნიორის დახმარება და არ გსურს ვალდებულების აღება, თავიდანვე უნდა თქვა”

“საქართველოში ხელისუფლებაში მყოფი ყველა ძალა მაქსიმალურად ცდილობს რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნოს ძალაუფლება. ამას აკეთებენ არადემოკრატიული გზებით და იმ ინსტიტუტებს, რომლებიც, წესით, დემოკრატიის გარანტია უნდა იყოს, საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის პრაქტიკაში გასატარებლად იყენებენ. ამ დროს არსებობს სერიოზული რისკი იმისა, რომ ქვეყანა დაშორდეს დემოკრატიულ სამყაროს. ჩვენ ვლაპარაკობთ ინტეგრაციაზე და არა პარტნიორობაზე”, - აცხადებს საერთაშორისო საკითხების ექსპერტი გიორგი გობრონიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “თუ არ გჭირდება პარტნიორის დახმარება და არ გსურს ვალდებულების აღება, თავიდანვე უნდა თქვა”.

“რითი განსხვავდება პარტნიორობა ინტეგრაციისგან? საუდის არაბეთი, რომელიც არ არის დემოკრატიული ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორი და მოკავშირე, არ ცდილობს დასავლეთთან ინტეგრაციას, რაც გულისხმობს სახელმწიფოს ცხოვრების წესის ჰარმონიზაციას, განსაკუთრებით პოლიტიკური კულტურის. ძალიან ბევრს ეშლება ეს საკითხი და ჰგონია, რომ მენტალურ რევოლუციასთან გვაქვს საქმე. არა, ეს არის პოლიტიკური კულტურის ჰარმონიზაცია დასავლეთთან. ჩვენ უნდა ვიყოთ იმ ფასეულობათა და ღირებულებათა გამზიარებელი, რაზეც დგას ევროპელი საზოგადოება - ანუ უნდა ვაშენებდეთ დემოკრატიულ სისტემას, რაც გულისხმობს ხალხის მეტად ჩართულობას სახელმწიფოს მართვაში”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი გობრონიძე და შეკითხვაზე - “ესე იგი, ევროკავშირის დახმარებაზე უარი იმან განაპირობა, რომ მმართველი გუნდი მზად არ არის ხელისუფლების დათმობისთვის, და არა იმან, რომ საგარეო ვექტორს ვიცვლით, როგორც ოპოზიცია ამბობს?” - პასუხობს:

“დიახ, და ეს ყველაფერი არ ჩაივლის საგარეო პოლიტიკური გადააზრების გარეშე. რატომ? იმიტომ, რომ თუ ჩვენ არადემოკრატიული გზით წავალთ, გავხდებით არადემოკრატიული სამყაროს ნაწილი, ჩვენს რეგიონში კი არადემოკრატიული სამყაროს ერთ-ერთი ცენტრი რუსეთია. შემთხვევითი არ არის, რომ საქართველოში რყევების ფონზე რუსეთი საქართველოსთან კეთილმეზობლური ურთიერთობის აღდგენისთვის მზადყოფნას გამოხატავს. რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობა ნამდვილად არის საქართველოს ეროვნული ინტერესი, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსკოვი აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და არ დაარღვევს ჩვენს საზღვრებს. მეგობარი სახელმწიფოები ერთმანეთს არ იპყრობენ, ეთნოწმენდას არ უწყობენ და ტერიტორიებს არ ართმევენ. ურთიერთობის ნორმალიზება საგარეო პოლიტიკური ინტერესების დათმობის ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს”.

“ჩვენი დიპლომატიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა ნამდვილად არის რუსეთთან გრძელვადიანი მშვიდობიანი ურთიერთობა, მაგრამ ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ექნება შესაბამისი საერთაშორისო პოზიცია, რაც ვერ იარსებებს, თუ ჩვენ არ ვიქნებით დასავლური, დემოკრატიული სამყარო. ჩვენ დეოკუპაციაზე მოლაპარაკებაში მარტონი არ უნდა ვიყოთ ჩვენს დიდ და აგრესიულ მეზობელთან. საქართველოსთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია დასავლეთთან მაქსიმალურად დაახლოება. ევროკავშირისა და ნატოს წევრობა უბრალო თვითმიზანი კი არა, შესაძლებლობაა ეროვნული ინტერესების გასატარებლად და ეროვნული უსაფრთხოებისთვის. რუსეთთან მარტო დარჩენით რისი მიღებაც შეგვიძლია, ამის ნათელი მაგალითია დაგომისის ხელშეკრულება, რომლის “წყალობითაც” აღმოვჩნდით ერთი სამის წინააღმდეგ, აბსოლუტურ უმცირესობაში, დაზიანდა ჩვენი ეროვნული ინტერესები და მივიღეთ ყველაფერი ცუდი, რისი მიღებაც კი შეიძლებოდა. დასკვნა ერთია - ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დასავლეთთან ურთიერთობა და დემოკრატიული განვითარება”, - თვლის რესპონდენტი.

“აუხსნელია ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომ თურმე ევროკავშირის დახმარებას არ ვსაჭიროებთ. ასევე უაზრო და გაურკვეველია ისეთი ფრაზებით საუბარი, რომ თურმე “ევროკავშირი არ არის ჩვენი უფროსი”. ევროკავშირიდან ვინმემ თქვა, საქართველოს ან პრემიერ-მინისტრის უფროსები ვართო?! მარტივად არის საქმე - თუ პარტნიორთან იღებ რაიმე ვალდებულებას, ასრულებ კიდეც, თუ არ გჭირდება პარტნიორის დახმარება და არ გსურს ვალდებულების აღება, თავიდანვე უნდა თქვა. არ შეიძლება დახმარება მიიღო, ვალდებულება კი არ შეასრულო, გადააგდო პარტნიორი ერთხელ, ორჯერ და მერე უთხრა, ჩემი უფროსი კი არა ხარო. ასეთი მოქმედება ნდობის დაკარგვას იწვევს. თუ ამას შეგნებულად ვაკეთებთ, ესე იგი, არაფრად ვაგდებთ პარტნიორობას. მე არ ვამბობ, რომ საქართველოს ხელისუფლება დასავლური კურსიდან უხვევს, მაგრამ პარტნიორულ ურთიერთობას კი მართლაც აზარალებს. სესხი თუ არ გვჭირდება, ამას რა ჯობია, მაგრამ სიმართლე ვთქვათ - ჩვენი ეკონომიკა, რომელიც თურმე “დუღს”, იძლევა დახმარებაზე უარის თქმის საფუძველს? სესხია თუ დახმარება, ესეც სადავოა...” - ამბობს ექსპერტი.

“ნატოს ან ევროკავშირის წევრი რომ გავხდეთ, უნდა წარმოვადგენდეთ ისეთივე სახელმწიფოს, როგორიც არიან ნატოს ან ევროკავშირის წევრი ქვეყნები. მაგალითად ნატოს ყველაზე არადემოკრატიული ქვეყანა ავიღოთ - თურქეთი. ამ ქვეყანას აქვს ჩვენზე გაცილებით მაღალი ეკონომიკური პოტენციალი, ჰყავს ძლიერი არმია და ამ თვალსაზრისით ძალიან მაღალი ღირებულება აქვს. ამასთან, ახლო აღმოსავლეთისა და სამხრეთ კავკასიის საკითხში თავისი პოზიცია აქვს, რაც ნატოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა ვნახოთ ჩვენი წევრობით რას იღებს ნატო: ჩვენ კი ვამბობთ, რომ განსაკუთრებული გეოპოლიტიკური მდებარეობა გვაქვს და სამყაროს ცენტრს წარმოვადგენთ, მაგრამ სინამდვილეში ჩვენი სახით ნატო მიიღებს ქვეყანას, სადაც ყოველი არჩევნები სავსეა პრეაპოკალიფსური მოლოდინებით! გეთანხმებით, რომ საზოგადოების ნაწილი იმედგაცრუებულია დასავლეთით, მაგრამ ეს ჩვენი პოლიტიკური ლიდერების მიერ გაჩენილი ცრუმოლოდინების შედეგია. ბუქარესტის სამიტის შემდგომ ამდენი ცრუმოლოდინის გაჩენა იყო იმდროინდელი ხელისუფლების კატასტროფული შეცდომა”, - მიიჩნევს გიორგი გობრონიძე.

“თავის დროზე გერმანიამ გასაგებად დააფიქსირა თავისი აზრი. ჩვენ შევქმენით მაპის მინიჭების მოლოდინი, როდესაც მმართველმა ოფიციოზმა იცოდა, რომ ეს სიმართლე არ იყო. ძალიან ბევრს სპეკულირებდნენ და სპეკულირებენ დღესაც, რომ ვითომ მათი მუშაობის შედეგად დიდი გარღვევა მოხდა ნატოსა და ევროკავშირთან ურთიერთობაში. ახლაც ამბობენ, 2024 წელს განაცხადს გავაკეთებთ ევროკავშირში გასაწევრებლადო. ვართ ჩვენ იმ სტანდარტების ქვეყანა, ევროპულ ოჯახს რომ შეეფერება? ხშირად მესმის მავანთაგან, ჩვენს საშინაო საქმეებში ერევიანო. არავინაც არ ერევა! უბრალოდ გვეუბნებიან, თუ ევროკავშირის წევრობა გსურთ, ევროპული სტანდარტებისა და ღირებულებების გამზიარებლები უნდა იყოთო. დასავლეთი ფრთხილობს. ვთქვათ, მიგვიღეს თავიანთ ოჯახში, რას მიიღებენ ამის გამო ხვალ? ნუ გვავიწყდება, რომ გვყავს დიდი მეზობელი, რომელსაც ძალიან არ უნდა ჩვენი ქვეყნის დასავლეთთან ინტეგრირება. ძალიან მნიშვნელოვანია, თუ რამდენად დამაჯერებელია ჩვენი არგუმენტი ჩვენი მეზობლის არგუმენტებთან შედარებით. ჩვენი დიპლომატია უნდა იყოს აქტიური, ყოველდღიურად უნდა ვმუშაობდეთ პარტნიორებთან. ჩვენი დიპლომატების მუშაობას ძალიან ვაფასებ, მაგრამ მეტია საჭირო. რაც მთავარია, მათ ხელს უნდა უწყობდეს სახელმწიფო პოლიტიკა. მხოლოდ ერთიანი, დაუღალავი შრომით შევძლებთ პარტნიორების დარწმუნებას, რომ ჩვენი მათ ოჯახში მიღება სარგებელი უფროა, ვიდრე რისკი” - განმარტავს რესპონდენტი.

“მესმის იმედგაცრუებული საზოგადოების, თუმცა, როგორც შევარდნაძე იტყოდა, “მას შემდეგ, რაც პირველად მივაკაკუნეთ ნატოს კარზე”, ქვეყანაში ძალიან ბევრი სასიკეთო ცვლილება მოხდა, ძალიან ბევრი პრობლემის მოგვარებაში დაგვეხმარნენ ევროპაც და ამერიკაც. ასოცირების ხელშეკრულება სხვა არაფერია, თუ არა დახმარების მთელი პაკეტი ევროკავშირამდე მისასვლელად. ამ სასიკეთო ცვლილებებზე არაფერს ვამბობთ და ვლაპარაკობთ მხოლოდ იმაზე, რომ ალბანეთი მიიღეს ნატოში და ჩვენ არა. ჩვენ იმიტომ არ მიგვიღეს, რომ რუსეთის ფედერაციაა ჩვენით დაინტერესებული, ევროკავშირში კი იმიტომ არ მიგვიღეს, რომ ჩვენთან გაცილებით რთულად მიდის რიგი პროცესები, ვიდრე ბალკანურ ქვეყნებში. ბევრი რამ ჩვენზეა დამოკიდებული, რათა ევროკავშირის ან ნატოს წევრობის საფუძვლიანი ამბიცია გვქონდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქმა იმისა, რომ ხვალ-ზეგ შევალთ ევროკავშირში ან ნატოში, კიდევ ერთხელ გახდება ჩვენი საზოგადოების იმედგაცრუების მიზეზი”, - დასძენს ექსპერტი და შეკითხვაზე - “პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ყველაფერს იღონებს, რათა არც ხელისუფლებამ დაუფიქრებელი ნაბიჯებით და არც დესტრუქციულმა ოპოზიციამ შეძლოს ევროპული გზის არევა...” - პასუხობს:

“პრეზიდენტი ძალიან საინტერესო განცხადებებს აკეთებს, რომლებიც არ მიჰყვება მმართველი გუნდის ხაზს. შეზღუდული უფლებამოსილებების მიუხედავად, მას აქვს ბერკეტები, რომ პოზიტიური დინამიკა შესძინოს პროცესს. რაც შეეხება საკმაოდ უხეშ პასუხს მმართველი გუნდის ლიდერებისგან, მათგან მეტს არც ველოდი, თუმცა გაიხსენონ, როგორ უჭერდნენ მხარს საპრეზიდენტო არჩევნებში და როგორ იყვნენ მის გვერდით გამოკრული საარჩევნო ბილბორდებზე. რაც აგვარჩევინეს, ეგ არის, დადგნენ ახლა და უსმინონ...”

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო