ცესკოს თავმჯდომარე - არჩევნებამდე 26 დღე დარჩა - საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნების მაღალ დონეზე და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩასატარებლად სრული დატვირთვით მუშაობს

მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებამდე 26 დღე დარჩა და საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნების მაღალ დონეზე და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩასატარებლად სრული დატვირთვით მუშაობს, - ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საოლქო და საარჩევნო კომისიის წევრების მხრიდან საარჩევნო კანონმდებლობისა და საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა ეთიკის კოდექსის დაცვას, რომელსაც ყველა დონის საარჩევნო კომისიის წევრებმა მოაწერეს ხელი.

„როგორც საოლქო, ისე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებმა უნდა დაიცვან საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა ეთიკის კოდექსი, იყვნენ სამართლიანი და მიუკერძოებელი, თავი აარიდონ ისეთ ქმედებას, რომელიც მიმართული იქნება მოხელის და საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციისკენ. კიდევ ერთხელ შევახსენებ მათ, რომ საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, კომისიის წევრს ეკრძალება წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მინდა რეკომენდაციით მივმართო საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს, თავი შეიკავონ ისეთი ქმედებისგან, რომელიც, შესაძლებელია, განხილულ იქნას რომელიმე საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერ, ანდა საწინააღმდეგო ქმედებად, მათ შორის - სოციალურ ქსელში პირადი გვერდის პოლიტიკური მოწოდებებისა და აგიტაციის მიზნებისთვის გამოყენებისგან; პარტიის ან კანდიდატის წინასაარჩევნო შეხვედრაში მონაწილეობისგან და მაქსიმალურად გამიჯნონ საკუთარი პროფესიული საქმიანობა პოლიტიკური პროცესებისგან“, - განაცხადა კალანდარიშვილმა.

მან ასევე თხოვნით მიმართა საოლქო საარჩევნო კომისიებს, რათა ზემოაღნიშნული შესაძლო ფაქტების პრევენციის მიზნით, მოახდინონ ხსენებული რეკომენდაციების თაობაზე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების დროული ინფორმირება.

„ვისარგებლებ შემთხვევით და კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ ყველა დონის საარჩევნო კომისიის წევრებს, ჯანმრთელობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული დადგენილი პროტოკოლის დაცვისა და ვაქცინაციისკენ. ამომრჩეველთა არჩევანი გადამწყვეტია, შესაბამისად, ჩვენ ერთად ვატარებთ არჩევნებს და საზოგადოების წინაშე საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის პასუხისმგელობის გათვალისწინებით, ჩვენ უნდა განვსაზღვროთ ქცევის მაღალი სტანდარტი და ხელი უნდა შევუწყოთ საზოგადოებაში საარჩევნო ადმინისტრაციის რეპუტაციის ამაღლებას. აქვე შეგახსენებთ, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადა იწყება კომისიის პირველი შეკრების დღეს და წყდება შესაბამის საარჩევნო კომისიაში შემაჯამებელი ოქმის შედგენისთანავე“, - აღნიშნა გიორგი კალანდარიშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - არ შემეშინდება გითხრათ, რომ არჩევნების შემდეგ ჩვენ განსხვავებულ პოლიტიკურ სტრუქტურას მივიღებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 27.09.2021
რამაზ საყვარელიძე - თუ „ქოც/ნაცებმა“ მიაღწიეს საწადელს, ისევ დატოვეს ამომრჩეველი ორ პოლუსს შორის, მაშინ არაფერი შეიცვლება, ამ კინოსაც ის დასასრული ექნება, რაც ადრინდელ კინოებს ჰქონდათ
წინანდლის ფესტივალის პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს
ქართველმა მეცნიერებმა და ევროკავშირის დაძმობილების პროექტის ექსპერტებმა "მწვანე გარიგების” პერსპექტივები განიხილეს