„გალტ ენდ თაგარტმა“ ღვინისა და სპირტიანი სასმელების სექტორზე მორიგი კვლევა გამოაქვეყნა

„გალტ ენდ თაგარტმა“ ღვინისა და სპირტიანი სასმელების სექტორზე კონფერენცია გამართა, სადაც უახლესი კვლევის შედეგები წარადგინა.

მათი ინფორმაციით, „გალტ ენდ თაგარტის“ კვლევაში განხილულია ღვინისა და სპირტიანი სასმელების სექტორში არსებული ვითარება, COVID-19-ის პანდემიის გავლენა და საექსპორტო ბაზრების განვითარების პოტენციალი.

კოპანიის კვლევის თანახმად, 2020 წელს ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების სექტორის შემოსავლები 2.1%-ით შემცირდა, ხოლო 2021 წლის პირველ ნახევარში ღვინის ექსპორტის ზრდა დაჩქარდა და პანდემიამდელ დონესაც გადააჭარბა.

„კვლევაში ყურადღება გამახვილებულია სექტორის ძირითად ფინანსურ ინდიკატორებზე, საექსპორტო ბაზრებსა და მათზე დამოკიდებულებაზე. ასევე, გაანალიზებულია ქართული ღვინისა და სპირტიანი სასმელების პოზიციონირება ტოპ საექსპორტო ბაზრებზე და ახალ სამიზნე ბაზრებზე ღვინის მომხმარებლების პრეფერენციები.

კვლევის მიხედვით, პანდემიის მიუხედავად, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების სექტორის შემოსავლები მხოლოდ 2.1%-ით შემცირდა 2020 წელს, რაც სტაბილური საგარეო მოთხოვნის დამსახურება იყო. 2021 წლის პირველ ნახევარში ღვინის ექსპორტის ზრდა დაჩქარდა და პანდემიამდელ დონესაც გადააჭარბა.

„გალტ & თაგარტის“ კვლევის მიხედვით, ახალი ბაზრების ათვისების პარალელურად, რუსეთზე დამოკიდებულება კვლავ მაღალია და 2017-20 წლებში ჯამური ექსპორტის 58.1%-ს შეადგენს. ეს დიდწილად გამოწვეულია რუსეთში ქართული ღვინის პოპულარობით (რაც დამატებით მარკეტინგული ხარჯების საჭიროებას აღარ ქმნის) და რუსეთთან განვითარებული სავაჭრო კავშირებით. კვლევის მიხედვით, ექსპორტის დივერსიფიკაცია ქართული ღვინის კომპანიებისთვის მთავარ პრიორიტეტად უნდა დარჩეს საშუალო და გრძელვადიან პერიოდში.

ახალ საექსპორტო ბაზრებზე პოზიციების გასამყარებლად მნიშვნელოვანია კომპანიების მხრიდან უფრო ამბიციური და რისკიანი ნაბიჯების გადადგმა. მარკეტინგთან და ღვინის საცალო ქსელებში განთავსებასთან დაკავშირებული მაღალი ხარჯები, ასევე წარუმატებლობისა და ინვესტიციების დაკარგვის შიში, დასახელდა ერთ-ერთ მთავარ დაბრკოლებებად ამ ახალ სტრატეგიულ ბაზრებზე ღვინის ტოპ კომპანიების მიერ. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს მიერ ინიცირებული მარკეტინგული ხარჯების სუბსიდირების პროექტი ამ დაბრკოლებებს ნაწილობრივ აღმოფხვრის. კვლევის მიხედვით, კომპანიების მიერ ვენახებში ინვესტიციების ზრდა, მთავრობის მიერ სექტორის მხარდაჭერა, საექსპორტო ბაზრებზე არსებული ჯანსაღი მოთხოვნა, ასევე, ევროკავშირთან და ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები,იძლევა ექსპორტის შემდგომი ზრდის შესაძლებლობას. შესაბამისად, 2025 წლისთვის ღვინის ექსპორტის თითქმის გაორმაგებაა მოსალოდნელი 350 მლნ აშშ დოლარამდე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

„ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ბიზნესი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი სექტორია და პანდემიის მიუხედავად, ზრდის ტენდენცია გრძელდება. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში ქართული ღვინის ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და ახალი ბაზრების ათვისებაშიც დადებითი ტენდენციებია. ღვინის ექსპორტის დივერსიფიცირების მნიშვნელობიდან გამომდინარე, ჩვენ ახალ კვლევაში ყურადღება გავამახვილეთ ამ ბაზრების მომხმარებლების პრეფერენციებზე, რაც ვფიქრობთ რომ ღვინის კომპანიებს დაეხმარება. ჩვენი შეფასებით, ამერიკელი და ბრიტანელი მომხმარებლის დაინტერესება უნდა მოხდეს უნიკალური და პრემიუმ ქართული ღვინით, ჩინელი მომხმარებლისთვის მიზანშეწონილია უფრო მასობრივი წარმოების ქართული ღვინის შეთავაზება, ხოლო გერმანელი მომხმარებლისთვის როგორც მასობრივი წარმოების, ისე პრემიუმ ქართული ღვინის“,- განაცხადა „გალტ & თაგარტის“ მმართველმა დირექტორმა, ოთარ შარიქაძემ.

სრული კვლევა ხელმისაწვდომია „გალტ & თაგარტის“ ვებ-გვერდზე https://bit.ly/2VwFKwT .

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა