გიორგი გახარია - ისეთ სისტემაზე მივდივართ, მთავრობა შეიძლება 6 თვეში ერთხელ სხვადასხვა გვყავდეს

ისეთ სისტემაზე მივდივართ, შეიძლება, მთავრობა 6 თვეში ერთხელ სხვადასხვა გვყავდეს, - ამის შესახებ „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ განაცხადა.

გიორგი გახარიამ მხარდამჭერების გუნდთან შეხვედრა გამართა და პოლიტიკურ მიზნებსა და სახელმწიფოებრივ გამოწვევებზე ესაუბრა.

გიორგი გახარიამ შეხვედრაზე ხაზი გაუსვა, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება სახელმწიფო ინტერესებზე წინ , ვიწროპარტიული და პირადი ინტერესების დაყენების ბოლო პერიოდში გამოკვეთილი ტენდენციის გამო მიიღო, რაც ქვეყნისათვის სახიფათოა.

„ეს იყო პრინციპულად მიუღებელი, როგორც კი ვნახე, რომ რაღაც ვიწრო პარტიული ინტერესი - სავარძელი, რაღაც აქეთ-იქით - ბევრად უფრო მნიშვნელოვანი გახდა გადაწყვეტილების მიღებისთვის, ვიდრე ქვეყნის ინტერესი და ბოლო პერიოდში ასეთი ბევრი იყო - ბევრ ვალდებულებებზე უარის თქმა, იქ მეზობლებთან რაღაც გარკვეულ დავებში შესვლა. ეს ყველაფერი ისე ხდებოდა, რომ პარტიის ინტერესებიდან გამომდინარე, სახელმწიფო ინტერესები და ხალხი დავიწყებული იყო. მე ვთვლი, რომ ეს ყველაფერი უკვე სახიფათო ხდება, განსაკუთრებით მას შემდგომ, რაც ჩვენ 30 წელია ვცდილობთ, მაგრამ ნორმალური სახელმწიფო და ძლიერი სახელმწიფო ვერ შევქმენით. ეს ყველაფერი ხდება სახიფათო, იმიტომ,რომ ადამიანებში არის უზარმაზარი იმედგაცრუება”, - განაცხადა გახარიამ.

გიორგი გახარიამ ასევე ისაუბრა, რომ ნეპოტიზმი, კორუფცია და უსამართლობის განცდა ქვეყანას საუკეთესო ადამიანურ რესურსს აკარგვინებს და განვითარების პერსპექტივას უსპობს.

„სამართლიანობა იყო ძირითადი მონაპოვარი და როდესაც ადამიანები ხედავენ სამართლიანობის განცდა არ არის, დამთრგუნველია და ქვეყანას განვითარების პერსპექტივას უკარგავს. მართლა ვთვლი, რომ ამ ქვეყნის ერთადერთი რესურსი ადამიანია. ნავთობი ჩვენ არ გვაქვს, გაზი ჩვენ არ გვაქვს, ყველანი კარგად ვხვდებით, რომ ჩვენი ძირითადი რესურსი ადამიანია. აქ ნიჭიერი ახალგაზრდები იკარგებიან ამ გაუგებრობაში, მერე ეს ადამიანები ტოვებენ ქვეყანას, მიდიან და აშენებენ სხვა ქვეყნის სახელმწიფოებს. როდესაც ადამიანური რესურსი შენი ძირითადი რესურსია გამოდის, რომ შენს ძირითად რესურსს უბრალოდ ღვრი იმის გამო, რომ ვიღაცის ბიძაშვილი, მამიდაშვილი, მეზობელ-საძმაკაცოს, რაღაც... ეს ფუნდამენტურად არასწორია და ვერ აშენდება სახელმწიფო საუკეთესო ადამიანების გარეშე. თუ ყველაზე საპასუხისმგებლო პოზიციებზე საუკეთესო ადამიანები არ იქნებიან და თუ უსასტიკეს ბრძოლას არ გამოვუცხადებთ კორუფციას, არაფერი არ იქნება ჩვენნაირ ქვეყანაში! ჩვენ ახლა ერთიც რისკი გვაქვს და მეორეც. ჩვენ როგორც კი რაღაც გამოგვივა, მინდა იცოდეთ, რომ პირველი, რასაც გავაკეთებთ ეს იქნება ძლიერი, დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახური და მეორე იქნება ძლიერი, დამოუკიდებელი საკადრო სამსახური”, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პარტია „საქართველოსთვის" ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ საპარლამენტო დემოკრატიაში მთავრობები შესაძლოა, სწრაფად შეიცვალოს, მაგრამ ადმინისტრაციული რესურსი ძლიერი და ურყევი და საუკეთესო პროფესიონალებზე დაფუძნებული უნდა იყოს და საჯარო სექტორის პოლიტიზება საპარლამენტო დემოკრატიაში მიუღებელია.

„როგორ წარმოგიდგენიათ, ჩვენ ამდენი წელია რაღაცას ვაკეთებთ, ვაკეთებთ და საბოლოოდ მივედით საპარლამენტო დემოკრატიამდე და პოლიტიზებული საჯარო სექტორიც როგორ წარმოგიდგენიათ... ჩვენ ახლა ისეთ სისტემაზე მივდივართ, რომ მთავრობა შეიძლება 6 თვეში ერთხელ სხვადასხვა გვყავდეს. 6 თვეში ერთხელ სხვადასხვა მთავრობა რომ იყოს, ჩვენი მენტალიტეტით და იმ წესებით, როგორც ახლა ვცხოვრობთ, გამოდის რომ ნებისმიერ სამინისტროში სამმართველოს უფროსიდან დაწყებული ზემოთ სულ ყველა უნდა გამოცვალონ. ეს წარმოუდგენელია საერთოდ . ამიტომ, თუ პრინციპების დონეზე საზოგადოება არ შეთანხმდა, რომ კორუფცია ფუნდამენტში ანგრევს ქვეყნის განვითარების ნებისმიერ პერსპექტივას და თუ ყველაზე საუკეთესო ხალხი საპასუხიმგებლო პოზიციებზე არ იქნება, არაფერი არ გამოვა. ყველგან, სეა სპორტშიც, ხელოვნებაშიც, ყველგან”, - განაცხადა გახარიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა