ქართული პრესის მიმოხილვა 13.09.2021

გია ხუხაშვილი - “ძალაუფლების ბედი დღეს თბილისში წყდება

„ვინც სახელმწიფოს პატივს არ სცემს, თვითონ გადაიხადოს...“ - ოთხშაბათიდან აუცრელთა ტესტირება ფასიანი ხდება

“მიშა მოდის” მეჩვიდმეტედ...

“არ გამოვრიცხავ მან სხვებზე მისცეს ჩვენებები” - რა მოხდება მეგის ქარდავას საქართველოში ექსტრადირების შემთხვევაში

„ქართველი მეომრების სისხლის ფასად მაშინ ძალიან ბევრი ბინძური გარიგება მოხდა“

* * *

გია ხუხაშვილი - “ძალაუფლების ბედი დღეს თბილისში წყდება

“ხელისუფლების მიმართ ნდობა ყოველდღიურად იკარგება და ამას ხელს უწყობს “ქართული ოცნების” საარჩევნო კამპანია, რომელმაც აბსურდული, ზოგჯერ კი კომიკური სახეც მიიღო. ისინი კვლავ ჩვეულ მატრიცაში არიან - ამომრჩეველს სთავაზობენ არჩევანს წარსულსა და აწმყოს შორის, არადა, საზოგადოება მომავლის არჩევანსა და პოზიტიურ დღის წესრიგს ითხოვს. ამის ნაცვლად ხელისუფლება ფსონს ჩამოვიდა ე.წ. ოხლოკრატიულ სისტემასა და ურაპატრიოტიზმზე... წინა არჩევნებზეც იგივე ტექნოლოგია გამოიყენეს, როდესაც მთელი პროცესი მიმდინარეობდა ლოზუნგით - “გარეჯი საქართველოა”. ამან ახლა უფრო ოდიოზური, სახიფათო მიმართულება მიიღო, რაც დაიწყო 5 ივლისის ცნობილი მოვლენებით, როდესაც ჟურნალისტებზე უპრეცედენტო ძალადობის მომსწრენი გავხდით”, - აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით, სათაურით “ძალაუფლების ბედი დღეს თბილისში წყდება” / “წინასწარ რევოლუციურ სცენარებზე ლაპარაკი პროცესს მხოლოდ აზიანებს, აფრთხობს ამომრჩეველს და კარგი არაფერი მოაქვს”.

“ეს ხდება მაშინ, როცა ამ ქვეყანაში ადამიანებს აქვთ კონკრეტული, ძალიან მძიმე პრობლემები: პანდემია, უმუშევრობა, სოციალური სიდუხჭირე და ა.შ. ნაცვლად იმისა, რომ შექმნას უკეთესი მომავლის იმედი, ხელისუფლება ისევ მტრის ხატს ქმნის და ადამიანების აგრესიულად განსაწყობად ვექტორს ეძებს. ეს არის კლასიკური ოხლოკრატიული სისტემის მშენებლობის მცდელობა, ბრბოს ინსტინქტების დანერგვით. მათი გზავნილი დაახლოებით ასეთია: “გონება გათიშე და მხოლოდ ინსტინქტებით იხელმძღვანელე!” ცდილობენ ადამიანებს ჩააგონონ, რომ მათი პრობლემები ხელისუფლების ბრალი კი არა, რომელიღაც სხვა ჯგუფის, მაგალითად, სექსუალური უმცირესობის ბრალია... ნაწილობრივ ეს შეიძლება ეფექტიანიც კი იყოს, მაგრამ ხანმოკლეა და ერთჯერადი. სხვა პრობლემაა ის, რომ ჯერჯერობით ამომრჩეველი სხვა, ღირსეულ მომავალზე ორიენტირებულ ალტერნატივასაც ვერ პოულობს. დღეს ქვეყანაში გვყავს ე.წ. სამობილიზაციო ამომრჩეველი, რომელიც, ფაქტობრივად, გადაწყვეტს ამ არჩევნების ბედს. ელექტორატის ეს ნაწილი გადაწყვეტილებას მიიღებს არჩევნებამდე ბოლო ორი კვირის განმავლობაში”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

“ხელისუფლება ცდილობს, გამოიყენოს მთელი ის მანკიერი გამოცდილება, რომელიც დაგროვილია უახლოესი ისტორიის განმავლობაში არჩევნებთან დაკავშირებით. ცდილობს ყველა ამ მამაძაღლობის მონოპოლიზაციას, იქნება ეს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება თუ საარჩევნო პროცესში სპეცსამსახურებისა და ძალოვანი სტრუქტურების აქტიური მონაწილეობა და ასე სურს მიაღწიოს შედეგს. როგორც ვთქვი, ამომრჩეველს ისევ სთავაზობენ არჩევანს აწმყოსა და წარსულს შორის და უმტკიცებენ, რომ აწმყო წარსულზე უკეთესია. რა იქნება მომავალში, არ აინტერესებთ. ფიქრობენ, რაც იქნება, იქნება, მთავარია ჩვენ ვიყოთ კარგადო... ვფიქრობ, რომ ივანიშვილი მონაწილეობს პოლიტიკურ პროცესში. თუნდაც ღარიბაშვილი ავიღოთ - მისი პრემიერ-მინისტრობის არავის სჯერა, მგონი, ამას თვითონაც ვერ იჯერებს - თუ დააკვირდებით, თავის ბოლო გამოსვლებში სულ ბიძინა ივანიშვილს იშველიებს. მართალია, ძირითადად, დითირამბებს უმღერის, მაგრამ ცხადია ამას რისთვისაც აკეთებს. ბიძინა ივანიშვილი რჩება ძალის ცენტრად. მის ორბიტაზე ტრიალებს პოლიტიკური პროცესი და, მით უმეტეს, “ქართული ოცნების” ელიტა, რომელსაც პოლიტიკური წონა და ლეგიტიმაცია არ გააჩნია”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ქართული ოცნება” და `ნაციონალური მოძრაობა~ ერთგვარ სიმბიოზად ჩამოყალიბდნენ, რომლებიც ერთმანეთის გარეშე სიცოცხლისუნარიანობას კარგავენ. ბუნებაში არსებობს ასეთი ანტაგონისტური სიმბიოზები, რომლებიც თითქოს ერთმანეთის მტრები არიან, სინამდვილეში კი ერთმანეთს კვებავენ და აძლიერებენ. მიხეილ სააკაშვილის აქტიურობას თავისი მოტივი აქვს. ის მიიჩნევს, რომ ასე საკუთარი ელექტორატის მობილიზებას ახერხებს, მაგრამ როგორც კი იწყება “ნაციონალური მოძრაობის” ელექტორატის ამგვარი აგრესიული მობილიზება, ამის პარალელურად იწყება მეორე ბანაკის აქტიურობაც. აღსანიშნავია, რომ “ქართული ოცნების” სამობილიზაციო რესურსი აღმატება ”ნაციონალური მოძრაობის” რესურსს და, შესაბამისად, ჩვენ ვრჩებით იმავე ვითარებაში, როცა ეს სამობილიზაციო ელექტორატი, აწმყოსა და წარსულს შორის არჩევნისას, ისევ აწმყოზე დებს ფსონს, რადგან ხშირად წარსულის დაბრუნების ირაციონალურ შიშს ვერ სძლევს. თუმცა გაჩნდა სიმპტომები იმისა, რომ პროცესის ეს სიმბიოზური განვითარება შეიძლება დაიძლიოს. აქ უნდა აღინიშნოს გახარიას ფაქტორი, რომელმაც გარკვეული დისონანსი შეიტანა ამ ყველაფერში. გაჩნდა შანსი, რომ ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს დავუბრუნდეთ”, - მიიჩნევს ექსპერტი.

“არანაირი საფუძველი არ მაქვს, რომ სააკაშვილის ჩამოსვლის დაპირება დავიჯერო. მას მსგავსი განცხადება არაერთხელ გაუკეთებია და მერე სხვადასხვა მიზეზით გადაუთქვამს. ერთი მხრივ, შეიძლება ვთქვათ, რომ ხელისუფლებას დაკარგული აქვს ლეგიტიმაცია, მაგრამ ძალოვანი სისტემა კარგად არის მობილიზებული, შესაბამისად, საფრთხე, რომ თუ სააკაშვილი ჩამოვა, აქ დესტაბილიზაცია დაიწყება, არ არსებობს. ხელისუფლებას შესწევს ძალა, რომ ჩამოსვლის შემთხვევაში ის ციხეში აღმოჩნდეს. სხვა საკითხია, რა შეიძლება მოხდეს, თუ ის ციხეში აღმოჩნდება. ჩემი აზრით, ამით ქვეყანაში დესტაბილიზაციის ელემენტი გაჩნდება, მაგრამ უნდა გვესმოდეს ერთი რამ - კი ბატონო, სააკაშვილს ჰყავს მომხრეები და ეს მნიშვნელოვანი სეგმენტია, მაგრამ არა - კრიტიკული მნიშვნელობის. მათ არ შესწევთ პროცესების რევოლუციურად წარმართვის ძალა. ის სამობილიზაციო ელექტორატი, რომელიც მუდმივად წყვეტს არჩევნების ბედს, ძნელი დასაჯერებელია, დესტაბილიზაციის პროცესს მიეხმაროს. ამ სეგმენტისთვის უმნიშვნელოვანესია სტაბილურობა, მით უფრო, რომ ძალიან ბევრი პრობლემა არსებობს ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, ამას, ალბათ, მოჰყვება ხმაური, მაგრამ მყისიერად არ განვითარდება იმგვარი პროცესები, რომლებიც არჩევნების შედეგზე მოახდენს გავლენას. სააკაშვილის ჩამოსვლით `ნაციონალურ მოძრაობას~ ელექტორალურად არაფერი მიემატება”, - დაასკვნის გია ხუხაშვილი.

“ქვეყანაში მთელი საპროტესტო მუხტის კაპიტალიზაცია რომ მოხდეს, ანუ მთელი ოპოზიციური სპექტრი ჩაერთოს რევოლუციურ პროცესში, კიდევ შეიძლება რაღაც შედეგი გამოჩნდეს, მაგრამ ამის გაკეთება, ფაქტობრივად, შეუძლებელია. საქმე ის არის, რომ სხვა პარტიებს მხოლოდ ხელისუფლებასთან არ აქვთ პრობლემა, ძალიან ბევრისთვის მიუღებელია “ნაციონალური მოძრაობაც” და არ სურთ, მის რევოლუციურ სცენარს შეუერთდნენ. საზოგადოების დიდ ნაწილს არ უნდა ქვეყანაში დესტაბილიზაცია, მით უფრო, რომ გამოიკვეთა შესაძლებლობა, არჩევნების შედეგადაც შეიცვალოს ხელისუფლება, მიუხედავად “ქართული ოცნების” არაერთი საარჩევნო მამაძაღლობისა.. წინასწარ რევოლუციურ სცენარებზე ლაპარაკი პროცესს მხოლოდ აზიანებს, აფრთხობს ამომრჩეველს და კარგი არაფერი მოაქვს”, - თვლის რესპონდენტი და შეკითხვაზე - “რას ფიქრობთ გიორგი გახარიას საარჩევნო შანსზე?” - პასუხობს:

“ჯერჯერობით გახარია ზუსტად და მიზანმიმართულად მოქმედებს. მას არ აქვს ილუზია, რომ მიიმხრობს ორთოდოქს “ოცნებისტებსა” და “ნაციონალებს”. ის აპელირებს იმ ამომრჩეველზე, რომელიც უკმაყოფილოა აწმყოთი, მაგრამ წარსულში დასაბრუნებლადაც არ არის მზად. რატომ არის დღეს ასე შეშფოთებული “ქართული ოცნება”? იმიტომ, რომ ელექტორატის ე.წ. სამობილიზაციო რესურსი მიაჩნია თავის ამომრჩევლად, მაგრამ ახლა გაჩნდა გახარია, რომელიც ამაში ეცილება. ამიტომაც არის დღეს ის “ქართული ოცნების” მტერი და მთელი აგრესია მისკენ არის მიმართული...”

“ნახეთ, არ ვითარება მივიღეთ - ძალაუფლების ბედი დღეს წყდება თბილისში, რადგან სამი პოლიტიკური ცენტრის მძიმეწონიანი ფიგურა სწორედ აქ იყრის კენჭს. ჩემი აზრით, მეორე ტური აუცილებლად იქნება, თუმცა, ვფიქრობ, რომ პირველ ტურში კონკურენცია იქნება კალაძესა და გახარიას შორის. მელიას ჰყავს თავისი ელექტორატი, რომელიც მოსაგებად საკმარისი არ არის, მაგრამ მეორე ტურში გადასასვლელად ეყოფა. შესაბამისად, მეორე ტურში გადასასვლელად ბრძოლა იქნება გახარიასა და კალაძეს შორის. დღევანდელი მდგომარეობით, კალაძეს აქვს უპირატესობა. მის მხარეზეა ძალიან სერიოზული რესურსები, თუმცა გახარიას მხარეს არის სულ სხვა ფაქტორები, მათ შორის ის, რომ “ქართული ოცნების” ამომრჩეველი გახარიას კალაძეზე მეტად იღებს. არსებობს კვლევები, რომლებშიც ეს ჩანს. ის, როგორც პოლიტიკური ფიგურა, უფრო მომზადებულია, ამიტომ ითხოვს დებატებს, კალაძე კი ყველაფერს აკეთებს, რომ ამას თავი აარიდოს... აბსურდია იმაზე ლაპარაკი, რომ გახარია ნარკომომხმარებელია. იმ ხალხს, ვინც დღეს გახარიაზე თვალის ჩაკვრით რაღაცას მიანიშნებს, ის ჯერ ბიზნესომბუდსმენად ჰყავდა, მერე ეკონომიკის მინისტრად, მერე შს მინისტრად და შემდგომ ორგზის - პრემიერად. მას დითირამბებს უმღეროდნენ, ახლა კი ნარკომომხმარებლობაზე ლაპარაკობენ”, - ამბობს ექსპერტი.

“ჩემი აზრით, სრულიად სკანდალური რაღაც თქვა სოზარ სუბარმა, რომელსაც არავინ მიაქცია ყურადღება. პირდაპირ მოვიტან ციტატას: “არიან კანდიდატები, რომლებმაც თქვეს, რომ ისინი არ გაიკეთებენ ტესტს. გასაგებია, მათ აქვთ რაღაც დასაფარი, მაგრამ არიან კანდიდატები, რომლებმაც თქვეს, რომ გაიკეთებენ, ოღონდ არ დაასახელეს ვადა. ნარკოლოგიაში ცნობილია, რომ არის გარკვეული ვადა, რის შემდეგაც ძალიან ძნელი ხდება აღმოჩენა. როგორც სპეციალისტები ამბობენ, ხვალ გადის ეს ვადა და კარგი იქნება, თუ ხვალ მოასწრებენ ტესტის გაკეთებას და დაარწმუნებენ საზოგადოებას, რომ ცხოვრების ჯანსაღი წესი მათთვისაც მნიშვნელოვანია~. ეს არის აღიარებითი ჩვენება, რომ რაღაცას მაიმუნობენ: ვინ შეიძლება იცოდეს, სხვას როდის გასდის ტესტის ვადა? მისი ნათქვამით, უნდა ვივარაუდოთ, რომ არსებობს რაღაც თარიღი, როცა ჩაატარეს სპეცოპერაცია, ვიღაცას რაღაც გაურიეს წყალში ან საჭმელში და ზუსტად იციან, ეს როდის მოხდა. ახლა შეშფოთდნენ, რომ მათთვის ხელსაყრელ ვადაში არ გაიკეთა მავანმა ტესტი და სუბარსაც წამოსცდა, ხვალ ბოლო დღეაო... ჩემი აზრით, ჩვენ სოზარ სუბარისგან მოვისმინეთ სავარაუდო დანაშაულის აღიარებითი ჩვენება. ვფიქრობ, ეს არის საკითხი, რომელზეც გამოძიება უნდა ჩატარდეს... ეს ყველაფერი წამოიწყეს გახარიას საწინააღმდეგოდ, მაგრამ, ვფიქრობ, არაფერი გამოუვიდათ და სულ ტყუილად მოშარდა კალაძემ. ამით მხოლოდ თავისი არასერიოზულობა აჩვენა”, - დასძენს გია ხუხაშვილი.

„ვინც სახელმწიფოს პატივს არ სცემს, თვითონ გადაიხადოს...“ - ოთხშაბათიდან აუცრელთა ტესტირება ფასიანი ხდება

“იმ მოქალაქეებისათვის, ვისაც აცრა გაკეთებული არ აქვთ, 15 სექტემბრიდან კორონავირუსზე ტესტირება ფასიანი ხდება. სპეციალისტთა ნაწილი შიშობს, რომ ამას ერთის მხრივ ვაქცინაციის ტემპის გაზრდასთან ერთად უარყოფითი ეფექტიც ექნება - აუცრელი მოქალაქეები საეჭვო სიმპტომების შემთხვევაშიც არ გაიკეთებენ ტესტს, რაც სტატისტიკას დაამახინჯებს და ეპიდსიტუაციაზე არასწორ წარმოდგენას შეგვიქმნის. ამასთან, სპეციალისტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ვისაც აცრის გაკეთება არ სურს, ის სერიოზულ პრობლემებს უქმნის გარშემო მყოფებსაც და ამავე დროს სახელმწიფოსაც, რადგანაც მისი ტესტირება ბიუჯეტიდან ფინანსდება. შესაბამისად, ლოგიკურია, რომ სახელმწიფომ მოიხსნას ეს ვალდებულება იმ მოქალაქეების მიმართ, ვინც მის რეკომენდაციებს არ იზიარებს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით „ვინც სახელმწიფოს პატივს არ სცემს, თვითონ გადაიხადოს...“ - ოთხშაბათიდან აუცრელთა ტესტირება ფასიანი ხდება.

“პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე ლადო კახაძე “რეზონანსთან” საუბარში აღნიშნავს, რომ სახელმწიფომ ეს გადაწყვეტილება წამახალისებელ ლატარიასთან ერთად ვაქცინაციის სტიმულირებისთვის მიიღო. “ეს საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებაა. რამდენადაც მე ვიცი, ეს ასე იმიტომ გადაწყდა, რომ აცრების სტიმულირება ორმხრივად მოხდეს - ერთი ლატარიით და მეორე ამ საკითხით, რომელსაც მეც ვიზიარებ. მთავრობა ძალას ვერ დაატანს, აცრები საყოველთაოა, მაგრამ ნებაყოფლობითი. მაგალითად, ამერიკამ აცრები სავალდებულოდ გადააქცია - ბაიდენმა თქვა, რომ არც ერთ სამსახურში აუცრელი კაციშვილი არ იქნება დასაქმებულიო; პირბადის გარეშე ყოფნისთვის ჯარიმა ხუთასი დოლარი დაუწესეს, განმეორებისას - სამი ათასი. ამერიკამ უმკაცრესი ზომები მიიღო. აცრა სარგებელია. ჩვენს შემთხვევაში ვერ გეტყვით ეს გადაწყვეტილება გაზრდის თუ არა ვაქცინაციის ტემპს, რადგან თუ ადამიანი გაჯიუტდა და სიკვდილი ურჩევნია, კი, ბატონო, ეს მისი არჩევანია. მაგალითი მაქვს, რომ ჩემი მეგობრის ოჯახის წევრმა სიმპტომები დამალა, ბებია-ბაბუასთან მივიდა და ბებია გარდაიცვალა, ოჯახის ყველა წევრი კი დაავადდა”, - ამბობს კახაძე, რომლის თქმით, “მისი გადასაწყვეტია დააავადოს თუ არა თავისი ოჯახი”, - აღნიშნავს გამოცემა.

“როცა ადამიანი სხვაზე ფიქრობს, სახელმწიფოსკენ ნაბიჯს გადადგამს და აიცრება, ნებისმიერ მომსახურებას სახელმწიფო უფასოდ გაუკეთებს. ვინც სახელმწიფოს არაფრად არ აგდებს, არც მის რეკომენდაციას და არც აზრს არ იზიარებს და თავისი აზრით მოქმედებს, მაშინ თავისი თავიც თვითონ დაიცვას. სახელმწიფოს ხომ პატივს არ სცემს და მის აზრს ხომ, არ ითვალისწინებს, მაშინ თვითონ გადაიხადოს... ვაქცინა თუ არ გაუკეთებია მასწავლებელს და ბავშვებთან არ შევუშვებთ, მასწავლებლის უფლება ირღვევა? ამ შემთხვევაში ბავშვების უფლებები არ დაირღვევა, დაავადებული რომ შევიდეს? ვაქცინებს მიაქვს ქვეყანა და ხალხი რატომ არ იცრება? პაატა იმნაძე, ამირან გამყრელიძე, ყველა მეცნიერი, ჯანმო პირველი დღიდანვე იძახდნენ, რომ ჩვენი გადარჩენა საყოველთაო ვაქცინაციაა. თუ ამის მოწინააღმეგე ხარ, ვეღარ გავიგე სახელმწიფოს რაღაცას ავალდებულებ? ადამიანი აცრას რომ გაიკეთებს, ამის შემდეგ ყველაფერი სახელმწიფოს ვალდებულებებია. რადგან ის სახელმწიფოსთან თანამშრომლობს, ადამიანის ჯანმრთელობაზე და სიცოცხლეზე, მომავალზე ფიქრობს, ასეთ ადამიანს სახელმწიფო გვერდით ყოველთვის დაუდგება; ხოლო სახელმწიფოსთან ჭიდილში ვინცაა და იძახის - „არაო", ძალიან დიდი ბოდიში თითოეულ ადამიანთან, მაგრამ თავის თავს თვითონ უნდა მიხედოს”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლადო კახაძე.

“პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი ხელმძღვანელი და ექსპერტი აკაკი ზოიძე კი “რეზონანსთან” საუბარში აღნიშნავს, რომ მისი ინფორმაციით, როცა ადამიანს სიმპტომები აქვს და ავადობის დადგენა-არდადგენაზეა საუბარი, ამ შემთხვევაში ტესტირება, სავარაუდოდ, უფასო დარჩება. დანარჩენი კატეგორიებისთვის კი აღნიშნული რეგულაცია ლოგიკურია. ექიმ-ინფექციონისტ ალექსანდრე გოგინავას კი ამ გადაწყვეტილების ეფექტიანობის შეფასება უჭირს, რადგან თუ ტესტირება ფასიანი გახდა, შესაძლოა ყოველდღიური ტესტების რაოდენობაც შემცირდეს, რაც სტატისტიკას დაამახინჯებს”, - დასძენს გამოცემა.

“ბევრმა ქვეყანამ მიიღო ეს გადაწყვეტილება, რომ ადამიანები ან უნდა იაცრან, ან ყოველკვირეულად ტესტის პასუხები უნდა წარმოადგინონ. ჩვენთანაც გარკკვეული დამსაქმებლებიც იგივეს ითხოვენ - როგორც კერძო, ისე სახელმწიფო. ამ სიტუაციაში, როცა არჩევანს აკეთებ, რომ კვირაში ერთხელ ტესტი ჩაიტარო, ლოგიკურია მოითხოვო, რომ ეს იყოს ფასიანი, რადგან გადასახადის გადამხდელთა ფული ამას ნამდვილად არ ეყოფა. თუ ადამიანი არჩევნას შეგნებულად აკეთებს, რომ არ აიცრას, როცა უსაფრთხო და ეფექტიანი ვაქცინების არჩევანია, მის გარშემო ყველას პრობლემებს უქმნის იმით, რომ შესაძლოა ის ვირუსის მატარებელი და გადამდები იყოს, ვიდრე აცრილი. შესაბამისად, ამ შემთხვევაში ესაა ლოგიკური”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას აკაკი ზოიძე.

“დეტალები არ ვიცი, თუმცა წესით ასე უნდა იყოს, რომ ავადობაზე და სიმპტომებზე თუა საუბარი, ოჯახის ექიმი როცა გამოგიწერს და დაგინიშნავს, საავადმყოფოში, როგორც მე ვიცი, უფასო რჩება. მაგრამ ისე, რუტინული ტესტირებისთვის ისედაც უმეტესობა თანხას იხდიდა, ოღონდ ოჯახის ექიმის დანიშნულებით არ იხდიდნენ და ახლა ოჯახის ექიმიც არ დაუნიშნავს იმ შემთხევაში, თუ ისეთ პრინციპზე გადავა, რომ აცრის ნაცვლად ყოველკვირეულ მოთხოვნად ტესტირებაზე იქნება საუბარი; ანუ როცა ადამიანი თვითონ აირჩევს, რომ ნაცვლად იმისა, რომ აიცრას ყოველ კვირა ტესტი გაიკეთოს. ეს მისი არჩევანია, შესაბამისად, ფინანსური პასუხისმგებლობაც მისია. ასევე გამონაკლისი უნდა იყოს მათთვისაც, ვისაც აცრასთან მიმართებაში აბსოლუტური უკუჩვენება აქვს”, - დაასკვნის ზოიძე.

“ძალიან რთული საკითხია და არ ვიცი ამას კარგი ეფექტი ექნება თუ ცუდი. შესაძლოა გარკვეულ პოპულაციაში ასე იყოს, რომ თუ უფასო ტესტი არ იქნება, მაშინ მოტივაცია მიეცეს, რომ ვაქცინაცია ჩაიტაროს. თუმცა ვიღაცეები პირიქით, ხელს ჩაიქნევენ და არც ვაქცინაციას ჩაიტარებენ, არც ტესტირებას და ამან შესაძლოა უფრო ცუდი შედეგი მოგვცეს, რადგან ადამიანს შეილება დაავადება ჰქონდეს და ვერ გაიგოს, ეს კი სხვა ადამიანებს და მოსახლეობას პრობლემას შეუქმნის. ამიტომ ამ გადაწყვეტილების ეფექტიანობის შესაფება გამიჭირდება. თუ იქნება მოსახლეობაში ეს განწყობა, რომ თუ ტესტი უფასო არ იქნება, მაშინ საერთოდ არ გავიკეთებო, რა თქმა უნდა ეს სტატისტიკას დაამახინჯებს”, - თვლის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ალექსანდრე გოგინავა.

“არის კატეგორიები - მედპერსონალი, სასწავლო დაწესებულებებში მომუშავე ადამიანები და სხვა, ვისაც, ჩემი აზრით, ვაქცინაცია უნდა ჩაუტარდეთ და მათთან მსგავსი მანდატორული მოთხოვნის უფლება გამართლებულია, რადგან პანდემიაა და შესაძლებელია, რომ იმ ადამიანებს, ვინც მაღალი რისკის მატარებელია, მოვთხოვოთ ვაქცინაცია ჩაიტაროს. ამიტომ გარკვეული კატეგორიებისთვის ასეთი მიდგომა მისაღებია. თუმცა განზოგადებულად მოსახლეობაზე ეს, ჩემი აზრით, სწორი არაა, რადგან ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ადამიანებმა იცოდნენ, რომ ვაქცინაცია იცავს. ამით უფრო მეტი ადამიანი ჩაიტარებს, ვიდრე დააძალო და გააკეთებინო ის, რასაც ის შინაგანად არ ეთანხმება. ამიტომ ჩვენი მიზანი ადამიანის შეგნების და პასუხისმგებლობის ამაღლებაა და არა ძალით რაღაცის გაკეთება, რაც მერე შესაძლოა რაღაცეებზე ცუდად აისახოს”, - განმარტავს გოგინავა.

“მიშა მოდის” მეჩვიდმეტედ...

“საქართველოს მესამე პრეზიდენტი და “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი მიხეილ სააკაშვილი კვლავაც გვპირდება, რომ საქართველოში ჩამოვა. მსგავსი პირობა არაერთხელ დადო, თუმცა ქვეყნის საზღვარი ჯერ არ გადმოუკვეთავს. რა მოხდება, მიხეილ სააკაშვილი რომ ჩამოვიდეს / “მეორედ მოსვლა თუ გინდა, ციხეშიც უნდა გაძლო!”? - ამ კითხვით რამდენიმე პოლიტოლოგს მივმართეთ”, - წერს გაზეთი “კვირის პალიტრა” სტატიაში, სათაურით “მიშა მოდის” მეჩვიდმეტედ...

“ვფიქრობ, სააკაშვილი არ ჩამოვა. უამრავი მიზეზი აქვს, რომ არ ჩამოვიდეს, თუმცა მთავარი მიზეზი მაინც ხალხის წინააღმდეგობაა. ამასაც რომ თავი დავანებოთ, რისთვის უნდა ჩამოვიდეს? დავუშვათ, მოითხოვეს ვადამდელი არჩევნები მიშელის დოკუმენტის გათვალისწინებით. ვადამდელი არჩევნების შემთხვევაში, დღევანდელი გამოკვლევებით, ვინ იმარჯვებს? “ქართული ოცნება”... შეიძლება მას უნდა შტურმით ძალაუფლების აღება, რადგან იცის, რომ არჩევნებით, გინდ ვადამდელით, გინდ უვადოთი, ვერაფერს მიიღებს. რევოლუციის დროს ძალაზე მიდგება საქმე და დღეს, საბედნიეროდ, “ნაცმოძრაობას” არა აქვს საიმისო ძალა, რომ ხელისუფლება ამ გზით დაიბრუნოს. არც ხალხი ჰყავს იმდენი, ფერადი რევოლუციების სტილით, ხალხის რაოდენობით წალეკოს ხელისუფლება. არც იარაღი აქვს, რომ შეიარაღებული კონფლიქტი წამოიწყოს - ამისგან ღმერთმა დაგვიფაროს! მაგრამ რადგან გამორიცხული არაფერია, უნდა დათვალო, არის თუ არა იარაღი მეორე მხარეს. იყო საფრთხე, რომ შეიძლებოდა მეორე მხარე შეიარაღებული ყოფილიყო; იყო საფრთხე საჯარისო ან პოლიციური ფორმირებების მიზიდვის, მაგრამ ამაზე მხოლოდ ლაპარაკობდნენ. მერე გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯები. მათ შორის იყო ღარიბაშვილის მინისტრად დანიშვნა, რამაც ძალოვან სტრუქტურებში ასეთი ქაოსური პროცესები¬ შეაჩერა. დღეს აღარ არის მოსალოდნელი ქაოსი ძალოვან სტრუქტურებში, მაგრამ როცა გაქვს საქმე ხალხთან, ვინც გამუდმებით რევოლუციას გაიძახის, ასეთი საფრთხე მუდამ უნდა გვახსოვდეს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

“წარმოვიდგინოთ, რომ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვიდა. მაშინ მას, ადრე თუ გვიან, დაიჭერენ და ჩასვამენ. აი, ამის მერეა საინტერესო - რამდენ ხანს შეინარჩუნებს ციხეში სიმშვიდეს და მხნეობას. თუ ციხეს რამდენიმე კვირა გაუძლო, შეიძლება ქვეყანაში რაღაც ტალღა აგორდეს, ქვეყნის გარეთაც ზეწოლა გაიზარდოს. უკრაინაში აშკარად ვერ გაუძლო და ამიტომ მალევე გამოუშვეს. როგორც ამბობენ, პოროშენკოს დაუკავშირდა და იმან გამოუშვა. არ ყოფილა არასდროს ციხეში და მისთვის ჩაკეტვა რისკია. მთავარი გამოწვევა ეს არის მისთვის. მისი მთავარი იმედი იქნება ზეწოლა გარედან, ამ ზეწოლას კი დასჭირდება დრო და ამდენ ხანს გაძლებს ციხეში მშვიდად? თუ ვერ გაძლო და მოითხოვა, ჩქარა გამომიშვითო, მისი ეს მცდელობა ჩაფლავდება. არ იქნება ლამაზი მისი ასეთი საქციელი. იტყვიან, ჩამოვიდა და ვერ გაუძლოო, არადა, ციხეში გაძლეს მერაბიშვილმა, უგულავამ, ახალაია აქამდე უძლებს... რაღა ლიდერია, თუ ასეთ პრობლემებს ვერ გაუმკლავდება?! ლიდერობა, მესიობა, მეორედ მოსვლა თუ გინდა, ციხეშიც უნდა გაძლო!” - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თორნიკე შარაშენიძე.

“ რა მოხდება, თუ მიშა ჩამოვა საქართველოში? უსათუოდ დააპატიმრებენ. ის ვერ შემოვა ვერც სომხეთიდან, ვერც აზერბაიჯანიდან, ვერც აფხაზეთიდან, ვერც რუსეთიდან. რუსეთიდან შემოსული სააკაშვილი თავის პროევროპულობას ბოლოს მოუღებს, სომხეთი და აზერბაიჯანი ამით ჩვენთან ურთიერთობას არ გაირთულებენ, ამიტომ ერთადერთ გზად თურქეთი რჩება, თუმცა, არც თურქეთი დაუშვებს ამას, ამიტომ ყველაზე რეალური, თუ ჩამოსვლას გადაწყვეტს, საჰაერო გზაა, თუმცა ამ შემთხვევაშიც პრობლემებს ვერ გაექცევა. საქმე ის არის, რომ ეს თემა ისეთი პოლიტიზებულია, მისი მუქარა და გამოხდომები - ისეთი არაადეკვატური, რომ ხელისუფლება იძულებული იქნება, ის დააპატიმროს. განაჩენი არსებობს და ის უნდა აღსრულდეს. სხვაგვარ მოქმედებას ნეიტრალური ამომრჩეველიც და სააკაშვილის მომხრეც ხელისუფლების მარცხად მიიჩნევს, ამიტომ ამ შემთხვევაში ხელისუფლებას არჩევანი არ აქვს”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“დასავლეთი სააკაშვილს მხარს არ დაუჭერს იმიტომ, რომ დასავლეთისთვის სააკაშვილი არის გაჭრილი პოლიტიკური ფიგურა. მისი ერთადერთი საყრდენია ის ამომრჩეველი, რომელიც მას ყოველთვის მხარს უჭერდა. ისინი ცოტანი არ არიან, მაგრამ არც იმდენი, რომ მათმა აქტიურობამ საზოგადოება აიყოლიოს და ევროპა ამას ხედავს... ერთ-ერთ ინტერვიუში ვურჩიე სააკაშვილს, ლეხ ვალენსას ბიოგრაფიას გაეცნოს, რომელიც მასთან შედარებით გაცილებით მაღალი დონის პოლიტიკური ფიგურა იყო, სოლიდარობის თავკაცი, პატიმრობაში ნამყოფი, ანტიკომუნისტური მოძრაობა მთელ აღმოსავლეთ ევროპაში, მათ შორის, საქართველოშიც ვალენსას სოლიდარობის ტალღით იყო გამოწვეული, მაგრამ ხუთწლიანი პრეზიდენტობის შემდეგ ურჩიეს, რომ მისთვის ეს საკმარისი იყო და შემდეგ არჩევნებზე კენჭი აღარ ეყარა, რადგან პოლონეთში უკვე სხვა პოლიტიკური რეალობა იყო და ვალენსასნაირი ფიგურა იქ აღარავის სჭირდებოდა. ამიტომ ვამბობ, რომ სააკაშვილს დასავლეთი მხარს არ დაუჭერს”, - განმარტავს რესპონდენტი.

“არც იმაზე ფსონის დადება გაამართლებს, რომ თუ დააპატიმრებენ, მას ხალხი გაათავისუფლებს. დარწმუნებული ვარ, თუ მართლაც გადაწყვიტა ჩამოსვლა, ის გამართავს კონსულტაციებს პარტნიორ ქვეყნებთან და ამ კონსულტაციებზე მას ამას დაუფარავად ეტყვიან, ისევე, როგორც 2012-ში ურჩიეს, ხელისუფლება გადაებარებინა. რაც შეეხება ამდენი ფუჭი დაპირების გავლენას მის მხარდამჭერებზე - ეს რომ გავაანალიზოთ, მაშინ ის კორპუსი უნდა განვიხილოთ, რომელიც სააკაშვილს უჭერს მხარს _ ვინ არის ეს ხალხი და საზოგადოების რა ნაწილია. დავიწყოთ იმით, რომ დღეს გაჩნდა რაღაც გაუგებარი წარმონაქმნი - ვგულისხმობ “ნაცმოძრაობას”, “ევროპულ საქართველოს”, ხოშტარიასა და კიდევ არის ვიღაც ერთი, რომლებიც ადგილობრივ არჩევნებზე ხან ერთად გამოდიან, ხან ცალ-ცალკე. ეს წარმონაქმნი გაუგებარია იმიტომ, რომ თუ გინდა 43% არ აიღოს ხელისუფლებამ, რა თქმა უნდა, ჯობია პარტიებმა ცალ-ცალკე იყარონ კენჭი... განსხვავებული ამომრჩეველი ამ გუნდს მაინც არ შეუერთდება”, - ამბობს პოლიტოლოგი.

“ნაცმოძრაობის” ამომრჩეველი შეიძლება სამი ნაწილისგან შედგებოდეს: 1. ყოფილი ხელისუფლება, ანუ ის ადამიანები, ვინც იყვნენ თანამდებობებზე, მუშაობდნენ ბიუროკრატიულ აპარატში და ჰქონდათ ყველაფერი. ისინი ფიქრობენ, რომ თუ სააკაშვილი ჩამოვა, ისინი დაუბრუნდებიან თავიანთ ადგილებს; 2. ბიზნესსისტემა, ანუ ისინი, ვინც იგებდნენ ტენდერებს და ჰქონდათ შემოსავალი; 3. ყველა ქვეყანაში არის ამომრჩეველთა კატეგორია, რომელიც მკაცრი პოლიტიკის მომხრეა, მნიშვნელობა არა აქვს, ვინ გაატარებს ამ პოლიტიკას: სააკაშვილი, სტალინი თუ ჰიტლერი. არის კიდევ პატარა ჯგუფი, რომელიც სააკაშვილს აღმერთებს. აი, სულ ეს არის... ამ ჯგუფების ნაწილმა შეიძლება დაიწყოს აქტიურობა, მაგრამ ეს არ იქნება განსაკუთრებული მოძრაობა. ამ ჯგუფებმა, განსაკუთრებით ელიტამ, მშვენივრად იციან, რომ სააკაშვილთან ურთიერთობა განსაზღვრავს, მაგალითად, მომავალი საპარლამენტო არჩევნების პარტიულ სიაში მათ ადგილს, ამიტომ ეს არ არის ის კატეგორია, რომელიც შეიძლება პოლიტიკური პროცესის დამწყები და გამგრძელებელი იყოს”, - მიიჩნევს ვახტანგ ძაბირაძე.

“ფანატიკურად განწყობილი და რეპრესიების მომხრე მხარდამჭერთა ნაწილი შეიძლება გულგატეხილი აღმოჩნდეს, მაგრამ ისინი თვლიან, რომ სააკაშვილი რეგიონული მნიშვნელობის კი არა, როგორც თვითონაც ამბობს, უზენაესისგან მოვლენილი ფიგურაა და მათი დამოკიდებულება არ შეიცვლება. ისინი იტყვიან, რომ მათი ლიდერი ვერ ჩამოვიდა რაღაც მიზეზის გამო, მაგალითად, თვითმფრინავმა მარშრუტი შეიცვალა და თბილისის მაგივრად, ვთქვათ, ერევანში დაჯდა, თუმცა ასეთი ხალხი ცოტაა... დარწმუნებული ვარ, ყოფილი ნომენკლატურა და ყოფილი ბიზნესგარემო ისედაც მშვენივრად ხვდებიან, რა და როგორ ხდება, მაგრამ ხმამაღლა არაფერს იტყვიან. ასე რომ, თუ სააკაშვილი კიდევ ერთხელ გაუცრუებს მოლოდინს თავის მხარდამჭერებს და არ ჩამოვა, მისი რეიტინგი შემცირდება, თუმცა არ განულდება...”, - დასძენს ძაბირაძე.

“არ გამოვრიცხავ მან სხვებზე მისცეს ჩვენებები” - რა მოხდება მეგის ქარდავას საქართველოში ექსტრადირების შემთხვევაში

“საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას უკრაინიდან საქართველოში საექსტრადაციო პროცედურები მიმდინარეობს. კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილის თქმით, აუცილებელია, რომ ქარდავა კანონის შესაბამისად დაისაჯოს. ის ასევე არ გამორიცხავს, რომ ქარდავამ სხვებზეც მისცეს ჩვენებები, თუმცა აღნიშნული მის საქმეს აღარ უშველის. საქართველოში 10 სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებული და მსჯავრდებული მეგის ქარდავა უკრაინაში 2017 წლის პირველ ნოემბერს დააკავეს. ქარდავას ექსტრადირებას ქართული მხარე მისი დაკავების დღიდან ითხოვს. ამასთან, 2018 წლის დეკემბერში მეგის ქარდავას საექსტრადიციო პატიმრობა შინაპატიმრობით შეეცვალა. წინასწარი ინფორმაციით, ქარდავა უკრაინაში შეღწევას რუმინეთის ტერიტორიიდან ყალბი პასპორტის მეშვეობით ცდილობდა” - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “არ გამოვრიცხავ მან სხვებზე მისცეს ჩვენებები” - რა მოხდება მეგის ქარდავას საქართველოში ექსტრადირების შემთხვევაში.

“კონფლიქტოლოგი, პაატა ზაქარეიშვილი “რეზონანსთან” ამბობს, რომ მეგის ქარდავას ბრალი მიუძღვის ძალიან ბევრი ადამიანისა და ოჯახის გაუბედურებაში, ამიტომ ის კანონის სრული სიმკაცრით უნდა დაისაჯოს. “ზოგადად, მეგის ქარდავას მიმართ ყოველთვის ცუდი დამოკიდებულება მქონდა და ყოველთვის ცუდი რაღაცები მესმოდა მასზე ციხეებიდან, ვინაიდან ციხეებთან მეტ-ნაკლებად ახლოს ვიყავი. “ნაციონალური მოძრაობიდან” ბოროტების განსახიერება ყოველთვის იყო მეგის ქარდავა. თუ ის კანონის შესაბამისად დაისჯება, ნამდვილად იქნება ეს სამართლიანი”, - ამბობს ზაქარეიშვილი. მისივე თქმით, ის არ გამორიცხავს, რომ ქარდავა მზადაა ყოფილ მაღალჩინოსნებზე მისცეს ჩვენებები თავის გასამართლებლად, რადგან მისგან არც აღნიშნული ქმედება იქნება გასაკვირი. კონფლიქტოლოგი ასევე ფიქრობს, რომ ქარდავას საკითხი წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია”, - აღნიშნავს გამოცემა.

“მან უამრავი ადამიანი და ბევრი ოჯახი გაამწარა. არ გამოვრიცხავ მან სხვებზე მისცეს ჩვენებები, თუმცა რეალურად მას იმდენი ბოროტება აქვს ჩადენილი, რომ, სავარაუდოდ, ძირითადად მის საქმეებზე იქნება საუბარი და მას აღარაფერი უშველის არავის გამტყუნება. მეგის ქარდავა უშუალოდ აწამებდა ადამიანებს, ეს კი ადამიანში ზნედაცემულობის შედეგია... რასაკვირველია, მისი ამბავის წამოწევა წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია, ამაში ორი აზრი არ არსებობს. აშკარად შენახული საქმე იყო და “ქართულმა ოცნებამ” არჩევნების წინ მოახერხა ამ თემის წინ წამოვა. ეს მათ სინდისზეა, მაგრამ როდესაც მეგის ქარდავასნაირი ადამიანი დაკავებულია, მე ამას მივესამლები ნებისმიერ შემთხვევაში”, - დასძენს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

„ქართველი მეომრების სისხლის ფასად მაშინ ძალიან ბევრი ბინძური გარიგება მოხდა“

“უზენაესმა სასამართლომ თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების გამამართლებელი განაჩენი გააუქმა და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხის გაფლანგვისათვის საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი დამნაშავედ ცნო. ყოფილი თავდაცვის მინისტრი და ტელეკომპანია “ფორმულის” 51%-იანი წილის მფლობელი განაჩენს “ფეისბუკზე” გამოეხმაურა. ის სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში აპირებს ბრძოლას. “...უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულ სამარცხვინო გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებ სტრასბურგის სასამართლოში... ჩემთვის ცნობილია, რომ უშუალო ინიციატორი და ორგანიზატორი ამ უმსგავსობისა ივანიშვილის ხელის ბიჭი ირაკლი ღარიბაშვილია. სწორედ ის ფიქრობს, რომ ამდაგვარად დამაშინებს ან დამაშანტაჟებს მე, ან ჩემ მიერ მხარდაჭერილ ტელევიზიას. ეს კიდევ ერთხელ მარწმუნებს, რომ ისტორიის სწორ მხარეს ვარ და მიმყარებს მოტივაციას, უფრო მეტი ენთუზიაზმით დავეხმარო თავისუფალ სიტყვას და ზოგადად, თავისუფლებისთვის ბრძოლას საქართველოში”, - წერს დავით კეზერაშვილი. ექსპერტ მამუკა არეშიძის თქმით, “კეზერაშვილმა რაც თქვა, ღიმილს იწვევს”, - წერს გაზეთი “კვირის პალიტრა” სტატიაში, სათაურით „ქართველი მეომრების სისხლის ფასად მაშინ ძალიან ბევრი ბინძური გარიგება მოხდა“.

“ის ბრალდება, რის გამოც კეზერაშვილს 10 წელი მიუსაჯეს, სხვა დანაშაულებთან შედარებით მეასეხარისხოვანია... 2014 წლის თებერვალში მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს უფრო მნიშვნელოვან საქმეზე, რომელიც “იმედის” წილის მითვისებას ეხება. ჯოზეფ ქეი ჩიოდა, რომ კეზერაშვილმა “იმედის” წილი გადააფორმებინა პანამურ ოფშორში, რომელიც მასვე ეკუთვნის და 10 მილიონ დოლარს დაჰპირდა. თანხა გიგი უგულავას უნდა გადაეხადა, მაგრამ არ გადაუხადა. ქეის რამდენად კეთილსინდისიერად ეკუთვნოდა კომპანია, ეს სხვა საკითხია... კეზერაშვილს უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი იარაღით ვაჭრობასა თუ გადასახადების დაფარვასთან დაკავშირებით - არ ვიცი, რომელი ერთი ჩამოვთვალო, ან საიდან დავიწყო. ჩვენ უნდა დავეყრდნოთ “ვიკილიქსში” გამოქვეყნებულ წერილებს, რომელთა ავტორები არიან ცალკე ჰილარი კლინტონი, ცალკე ჯონ ტეფტი, რომლებიც იარაღით ვაჭრობასთან კავშირში ადანაშაულებენ საქართველოს ხელისუფლებას და მთავარი ფიგურანტი კეზერაშვილია. საერთაშორისო სამართალდამცველმა ორგანიზაციებმა არაერთხელ წამოსწიეს კეზერაშვილის წინააღმდეგ დევნის საკითხი, მაგრამ ყველაფერი ჩაიფარცხა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.

“იარაღით საერთაშორისო ვაჭრობა ისეთი რთული თემაა, რომ ამას ხშირად სხვადასხვა ქვეყანაში გავლენიანი ჩინოვნიკები მფარველობენ. თუ კონკრეტული პირის დანაშაული მეტისმეტად შემაწუხებელ ფაქტორად არ იქცა, ყველაფერი კეთდება, რომ საქმე სასამართლომდე არ მივიდეს. “ვიკილიქსის” მასალებითაც ჩანს, რომ კეზერაშვილი ფართო ქსელში მონაწილეობდა, კოლუმბიური, პარტიზანული ჯგუფებით დაწყებული, ახლო აღმოსავლეთის სხვადასხვა სახელმწიფოთი დამთავრებული. იარაღით მოვაჭრე რუსი ბუტი ვახსენე... მას ოფისი დუბაიში ჰქონდა, ძირითადად, იქიდან იმართებოდა ქსელი. კეზერაშვილს ამ ოფისთან მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა, შუამავალი კი იყო ვინმე ნინუა. 2007 წელს კეზერაშვილს ებრაული მხარე ედავებოდა, რომ ნეთანიაჰუს ნდობით აღჭურვილი პირის, სორიანოს, მეშვეობით შეიძინა სამი ვერტმფრენი და საქართველოში ჩამოიტანა, რაც გამჭვირვალე სქემით კი არ მოხდა, არამედ ფულის გათეთრებისა და გარკვეული ფინანსური გარიგების შედეგად. მაშინ ისრაელში ამის გამო დიდი სკანდალი აგორდა. მეორე სკანდალიც მის სახელს უკავშირდება. საქმე ეხება იმას, თუ როგორ შეიძინა ბულგარულ იარაღის ფირმა “არსენალში” იარაღი და როგორ “გადააგდო” ისინი 100 მილიონ დოლარში, როცა თავდაცვის მინისტრი იყო. ეს ოპერაცია ხორციელდებოდა ოფშორის მეშვეობით, არა - პირდაპირი მიყიდვის გზით, არადა, თუ სახელმწიფოს რეპუტაცია შერყეული არ აქვს, მას შეუძლია ეს იარაღი ოფიციალურად შეიძინოს, მაგრამ მაშინდელი ხელისუფლება და კეზერაშვილი ამას აკეთებდნენ ოფშორის მეშვეობით. ოფშორში ირიცხებოდა ბიუჯეტის თანხა და ამ თანხით ყიდულობდნენ იარაღს. სწორედ მაშინ `გადააგდეს~ ბულგარელები და დიდი სკანდალიც აგორდა”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ამერიკელმა ჟურნალისტმა კამენსმა თავის დროზე ვრცელი სტატია მიუძღვნა კეზერაშვილის იარაღით ვაჭრობას და, საერთოდ, იარაღის საერთაშორისო ვაჭრობაში ქართული მხარის დანაშაულებრივ ქმედებებს. ბულგარელებთან, რუმინელებთან, სერბებთან ოფშორული სქემებით იარაღით ვაჭრობასთან დაკავშირებული ფაქტებიც დაასახელა. მთავარი კი აქ უკრაინასა და საქართველოს შორის იარაღით ვაჭრობის ამბავია, რომელშიც უზარმაზარი ფული გაკეთდა და ეს 2008 წლის ომთან არის დაკავშირებული - თავის დროზე დიდი ეჭვი გამოიწვია თავდაცვის ბიუჯეტის გაორმაგებამ. 2007 წლის გადაწყვეტილებით, 2008 წლის ბიუჯეტი 400 მილიონის ნაცვლად 800 მილიონი გახდა. როგორც გაირკვა, ამ ფულის დიდი ნაწილი მოხმარდა უკრაინულ ორგანიზაციას, რომელიც ოფიციალურად უკრაინაში ვაჭრობს იარაღით. იარაღის დიდი ნაწილი, რომელიც იქ საქართველოსთვის შეიძინეს, მესამე ქვეყნებში მოხვდა. კამენსის წერილში წერია, რომ ეს იარაღი მოხვდა ირანსა და სირიაში. თუ გინდათ, თავი დავანებოთ იმას, ვინ რას წერს, ხომ ფაქტია, რომ საქართველოში შემოვიდა ცხრა ცალი ჰაერსაწინააღმდეგო საშუალება და მათგან მხოლოდ ორი იყო ვარგისი. იმ ორმა მიიღო ბრძოლებში მონაწილეობა და შედეგიც ჰქონდა, მაგრამ დანარჩენი შვიდი არ ვარგოდა, მოძველებული იყო, თუმცა ისინიც გაფორმებული იყო, როგორც ახალი, უხინჯო. მერე გაირკვა, რომ კარგი ტექნიკა სხვა ქვეყნებში მოხვდა, მაგრამ ყველა ეს საქმე ჩაიფარცხა. კეზერაშვილი დღემდე არ დასჯილა, საქართველოში მისი შექმნილი ტელეკომპანიის ფუნქციონირება კი, მეჩვენება, რომ ვიღაცების გარიგების შედეგია...” - ამბობს მამუკა არეშიძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა