სალომე სამადაშვილი - თუ პარლამენტის თავმჯდომარე რიგგარეშე სხდომის მოწვევაზე უარს იტყვის, აღიარებს, რომ ფარულ მოსმენასთან დაკავშირებული დანაშაულის მონაწილეა

თუკი პარლამენტის თავმჯდომარე რიგგარეშე სხდომის მოწვევაზე უარს იტყვის, მაშინ უკანონო ფარულ მოსმენა-მიყურადებაზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას იღებს და აღიარებს, რომ პირადად ის და უმრავლესობის ყველა წევრი ამ დანაშაულის მონაწილე არიან, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრმა სალომე სამადაშვილმა განუცხადა.

სამადაშვილის ინფორმაციით, საგანგებო სხდომის მოსაწვევად დეპუტატთა ხელმოწერების ნაწილი შეგროვდა, რაც საჭირო რაოდენობის ნახევარზე მეტია და დანარჩენი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების ხელმოწერებს ელოდებიან.

სამადაშვილის თქმით, მას არ მესმის, ვინმეს რატომ ჰქვია პარლამენტის წევრი და რატომ იღებს ხელფასს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, თუკი პარლამენტის საგანგებო სხდომის გამართვას მხარს არ უჭერს. მისივე განცხადებით, ყველა, ვინც პარლამენტში ხალხის წარმომადგენლად მიიჩნევს თავს, არსებულ ვითარებაში საგანგებო სხდომის მოწვევას გადაუდებელ საქმედ უნდა მიაჩნევდეს.

„გასულ დღეებში ყველამ ნათლად დაინახა, რომ ადგილი აქვს სახელმწიფოს ჩამოშლას. აღმოჩნდა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დაკავებულია ერთადერთი რამით - ჩვენი თანამოქალაქეების, დიპლომატიური კორპუსის ტოტალური მოსმენით, თვალთვალითა და მიყურადებით. ის, რაც ჩვენ დავინახეთ, არის არა მხოლოდ შემაშფოთებელი და შემაძრწუნებელი, რეალური საფუძველია იმისა, გადადგეს არა მხოლოდ სუს-ის ხელმძღვანელი, არამედ მთავრობის მთელი შემადგენლობა. ამიტომ დღეს მე ვერ ვხედავ, რა შეიძლება იყოს პარლამენტის უფრო მნიშვნელოვანი ფუნქცია, რომელსაც კონსტიტუციით მთავრობის კონტროლი ევალება, გარდა იმისა, რომ უახლოეს დღეებში შევიკრიბოთ, ამ თემაზე პოლიტიკური დებატები მოვაწყოთ, მოვიწვიოთ სუს-ის ხელმძღვანელი, პრემიერ-მინისტრი და ყველა სხვა პირი, ვისაც საჭიროდ ჩავთვლით", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა