დავით კაჭარავა რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარედ აირჩიეს

საქართველოს რაგბის კავშირის ახლად არჩეული გამგეობა მუშაობას შეუდგა. პირველი სხდომა „თბილისი მარიოტში“ გაიმართა და მთავარ საკითხს გამგეობის თავმჯდომარის არჩევა წარმოადგენდა.

რაგბის კავშირის ინფორმაციით, რაგბის კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ, გამგეობის თავმჯდომარის პოსტზე ვეტერანი ბორჯღალოსანის, ცენტურიონი დავით კაჭარავას კანდიდატურა წარადგინა, რომლის ანგარიშზე ყველაზე მეტი – 121 სანაკრებო კეპია და მას ყველამ ერთხმად დაუჭირა მხარი.

„ჩემთვის ეს დიდი პასუხისმგებლობაა და მადლობა ყველას, ვინც ნდობა გამომიცხადა. ჩემი შრომით აუცილებლად გავამართლებ ამ ნდობას და დარწმუნებული ვარ, წარმატებით წარვუძღვები ამ საქმეს. რაგბის კავშირში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების შემდეგ, პასუხისმგებლობა რამდენჯერმეა გაზრდილი და ვალდებულნი ვართ საქმე ძალიან კარგად და გამჭვირვალედ წარვმართოთ“ , - განაცხადა დავით კაჭარავამ.

მისივე თქმით, კრიზისის დაძლევის კუთხით რამდენიმე ნაბიჯი უკვე გადადგმულია:

„საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებამ, რომელიც რაგბის კავშირის ბიუჯეტის ზრდას შეეხებოდა, დავალიანების ნაწილის დაფარვის შესაძლებლობა მოგვცა; შეიქმნა ქართული ფრენჩაიზი “შავი ლომი”, რაც სპორტული კუთხით უმნიშვნელოვანესია. ბიჭებს მრავლად უნდა ჰქონდეთ მაღალი დონის თამაშები, რათა იქ მიღებული გამოცდილება ეროვნულ ნაკრებში გამოიყენონ; მნიშვნელოვანი ძვრებია ინფრასტრუქტურის კუთხით. უკვე დაანონსებულია ახალი მოედნების მშენებლობა. ამ მხრივაც დიდი მადლობა საქართველოს მთავრობას, რადგან ასეთი კრიზისისა და შეზღუდვების ფონზე რაგბის მოედნების მშენებლობა რომ ანონსდება, ეს უდიდეს მხარდაჭერაზე მეტყველებს; მეოთხე უნიშვნელოვანესი პუნქტია ბავშვთა რაგბი და მასობრიობა. ჩვენ გვჭირდება გადამზადებული მწვრთნელები, რომლებიც ბავშვებს რაგბის ფასეულობებზე გაზრდიან“, - განაცხადა კაჭარავამ.

კაჭარავა ამბობს, რომ გამგეობის ნებისმიერი გადაწყვეტილება მხოლოდ რაგბისთვის სასიკეთოდ იქნება მიღებული.

„ჩემთვის მნიშვნელოვანია იდეა და ფასეულობა, რის გარშემოც გამგეობა შეიკრა. ეს ფასეულობაა რაგბი და მისი განვითარებისთვის ხელშეწყობა. გადაწყვეტილებებს ვიღებთ არა პიროვნებების, ან რეგიონების მიხედვით, არამედ იმისათვის, რომ ის უკეთესი იქნება რაგბისთვის. რაგბი მხოლოდ მორაგბეების კი არა, გულშემატკივრების, მთელი ქვეყნისაა და ვეცდებით ყველა ჩვენს გადაწყვეტილებაში გატარებული იყოს მათი ინტერესები“, - აღნიშნა კაჭარავამ.

კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ გამგეობის წევრებს განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები გააცნო. გამგეობამ დაამტკიცა სადისციპლინო სააპელაციო კომისიის წევრები, განიხილა ცვლილებები თამაშის წესებში, დაამტკიცა ანტიკორუფციული რეგულაციები და განიხილა კლუბებთან დაკავშირებული რამდენიმე საკითხი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა