სალომე სამადაშვილი - „ქართული ოცნება“ ძალიან დამაჯერებლად აგებს მოახლოებულ არჩევნებს, შესაბამისად, დღის წესრიგში დადგება ვადამდელი არჩევნების ჩატარება

ჩვენთვის ნათელია, რომ „ქართული ოცნება“ ძალიან დამაჯერებად აგებს მოახლოებულ არჩევნებს. შესაბამისად, ცხადია, დღის წესრიგში დადგება ვადამდელი არჩევნების ჩატარება, - ამის შესახებ ფრაქციის „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში განაცხადა, სადაც ოპოზიციის ნაწილი საქართველოში ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს ხვდება.

მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი შეეხება 2 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებს და 19 აპრილის შეთანხმებას.

„ხედავთ, რომ ამ გადამწყვეტი ადგილობრივი არჩევნების წინ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისა და თანამეგობრობის ყურადღება, ჩართულობა ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან მიმართებით უპრეცედენტოა.

ვფიქრობ, მათ ძალიან კარგად ესმით, რომ ამ არჩევნებზე გადის ჩვენი ქვეყნის დემოკრატიის, ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის ბედი. სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა მოიწვია შეხვედრა, ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის თანამონაწილეობით, სადაც ჩვენ ამომწურავად განვიხილავთ იმ წინასაარჩევნო გარემოს, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი. ვისაუბრებთ იმაზე, რა საფრთხეებს ვხედავთ მოახლოებულ არჩევნებზე. ცხადია, ჩვენი საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება იმ დოკუმენტის შესრულება, რომელიც სწორედ ევროკავშირის ეგიდით გაფორმდა. ვგულისხმობ 19 აპრილს შეთანხმებას.

ჩვენთვის ნათელია, რომ „ქართული ოცნება“ ძალიან დამაჯერებად აგებს მოახლოებულ არჩევნებს. შესაბამისად, ცხადია, დღის წესრიგში დადგება ვადამდელი არჩევნების ჩატარება მომავალ წელს ხელისუფლების შეცვლის მიზნით, არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ ეროვნულ დონეზე. ამიტომ, ჩვენ ვისაუბრებთ პარტნიორებთან ზეწოლის იმ მექანიზმებზე, რომელიც უნდა განხორციელდეს „ქართულ ოცნებაზე“ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების უზრუნველსაყოფად და მეორე, არჩევნების შემდგომ მიშელის დოკუმენტის აღებული ვალდებულების შესასრულებლად, მათ შორის ვადამდელი არჩევნების ჩანიშვნის გზით“,-განაცხადა სამადაშვილმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა