ქართული პრესის მიმოხილვა 27.09.2021

მამუკა არეშიძე - “ვფიქრობ, “ოცნება” გაიმარჯვებს და ოპოზიცია ისევ ქუჩაში გავა”

ვისთვისაა არჩევნები და ვისთვის - რეფერენდუმი

გიორგი გობრონიძე - “ჩვენ სანდო პარტნიორის იმიჯს ვკარგავთ”

რატომ დაუპირისპირდა გახარია ივანიშვილს - პირველი კრიტიკული განცხადება ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ

ვახტანგ ძაბირაძე - “ორივე მხარე 2 ოქტომბრისთვის კი არა, 3 ოქტომბრისთვის ემზადება”

* * *

მამუკა არეშიძე - “ვფიქრობ, “ოცნება” გაიმარჯვებს და ოპოზიცია ისევ ქუჩაში გავა”

“სამწუხაროდ, ენერგეტიკული თვალსაზრისით თითქმის ყველა მეზობელზე ვართ დამოკიდებული, ეს კი ბოლო წლების განმავლობაში ჩვენი არასწორი პოლიტიკის ბრალია. დღეს საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში სრული ქაოსია. იმდენი რამ უშლის ხელს აქ ენერგეტიკის განვითარებას, იმდენი ხალხი მუშაობს ამის წინააღმდეგ, მიკვირს, მთლად სულს როგორ არ ღაფავს ეს ქვეყანა. ენგურიდან დაწყებული, ყველა იმ პროექტით გაგრძელებული, რომელთაც რეგიონული პოტენციალი აქვს, ან კუს ნაბიჯით ვითარდება პროცესები, ან პროექტები საერთოდ იბლოკება. ხშირად ამ დაბლოკვაზე აქტიურად მუშაობენ ის არასამთავრობო ორგანიზაციები და ფსევდოეკოლოგიური ჯგუფები, რომლებიც თითქოს დასავლეთზე არიან მიბმული, არადა, ზუსტად არავინ იცის, ვისგან იღებენ ფულს და ვის ემსახურებიან. მაგალითად, რამდენიმე ჯგუფის უკან ვხედავთ რუსულ და არა მხოლოდ რუსულ ფულსა და ინტერესებს”, - აცხადებს ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ვფიქრობ, “ოცნება” გაიმარჯვებს და ოპოზიცია ისევ ქუჩაში გავა” / “არ გამოვრიცხავ, იმავე ვითარებაში აღმოვჩნდეთ, რაც იყო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. ისევ დაიწყება ქვეყნის რყევა, საზოგადოებრივი დაპირისპირება, ერთმანეთის ლანძღვა-გინება”.

“გარკვეული კაბალური პირობების გამო არ მომწონდა “ენკასთან” დადებული ხელშეკრულება, მაგრამ “ნამახვანჰესის” და, ზოგადად, ამ კასკადის აშენება უმნიშვნელოვანესია ქვეყნისთვის, მისი ენერგეტიკული დამოუკიდებლობისთვის. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ხელისუფლების წიაღში არიან ადამიანები, რომელთაც აქვთ საკუთარი ინტერესები და ისინი მნიშვნელოვნად განსხვავდება ქვეყნის ინტერესებისგან. როგორ შეიძლება დაიწყო ასეთი გრანდიოზული პროცესი და არ მოაგვარო ის საკითხები, რომლებიც, ადრინდელი გამოცდილებითაც აშკარა იყო, რომ კვლავ პრობლემური იქნებოდა. ვგულისხმობ პიარულ ნაბიჯებს, ადგილობრივ მოსახლეობასთან პრობლემების მოგვარებას და ა.შ. რა გვაჩვენა “ნენსკრას” თუ “ხუდონის” თემამ? ის, რომ ასეთი პრობლემები ყოველთვის ჩნდება”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.

“ან თუნდაც უცხოურ პროპაგანდასთან ბრძოლა ავიღოთ... როგორ შეიძლება საქართველოში არსებობდეს ისეთი ორგანიზაციები, რომლებზეც ზემოთ ვისაუბრე და რომლებიც მუდმივად განხეთქილების ჩამოგდებას ცდილობენ ქართველ საზოგადოებაში. ისინი უცხოეთში ქმნიან ქართული ეთნიკური ლანდშაფტის მახინჯ სურათს. როგორ შეიძლება ასეთ ჯგუფებს პასუხს არ ვთხოვდეთ?! ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ვფიქრობ, ხელისუფლებაში არიან ადამიანები, რომლებიც ან გულგრილად ეკიდებიან საქმეს, ან ვერ ხვდებიან პრობლემების არსს, ანაც მოღალატურად იქცევიან. ნებისმიერ შემთხვევაში ამ ხალხს პასუხი უნდა მოეთხოვოს და მოგვეცეს საშუალება, ენერგოგანვითარებისთვის სწორი სივრცე შეიქმნას. რაც შეეხება, ზოგადად, ხელისუფლებას, მისკენ ხელის გაშვერა ადვილია, რადგან მისი პასუხისმგებლობის წილი ძალიან დიდია, მაგრამ აქვე აუცილებლად უნდა ვახსენოთ საზოგადოება და დანარჩენი პოლიტიკური სპექტრიც. ვერ ვხედავ, რომელიმე საკუთარ პასუხისმგებლობას იაზრებდეს და ისე მოქმედებდეს”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ქვეყანა ასე არ შენდება. უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ როცა საქმე ეროვნული მნიშვნელობის საკითხებსა და ქვეყნის განვითარებას ეხება, კონსოლიდირებული მიდგომაა საჭირო და ამგვარ პრობლემებს მხოლოდ ხელისუფლება ვერ მოაგვარებს... ჩვენ უნდა გავიაზროთ შემდეგი: საქართველო მდებარეობს უკიდურესად მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ ადგილას. უამრავი მეთოდოლოგია არსებობს, რომელთა საშუალებით გარე ძალები ცდილობენ აქ კონტროლის დამყარებას და სარგებლის მიღებას. რას აღარ იყენებენ ამისთვის, ამას კი ერთვის ადგილობრივი პოლიტიკური სპექტრის სისუსტე და მხოლოდ ძალაუფლების ხელში ჩაგდების სურვილი. ამ ყველაფერს ჩვენი სამხრეთული ხასიათიც ემატება და საბოლოოდ ვიღებთ ამ ქაოსს. ალბათ, დრო უნდა გავიდეს, თაობა შეიცვალოს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კულტურის დონე გაჩნდეს. თანაც ქართულ პოლიტიკაში ბევრი ის ადამიანი უნდა დასაქმდეს, ვისაც დასავლური სკოლა ექნება გავლილი, თუმცა იმის მაგალითებიც ვიცით, დასავლური დემოკრატიის სკოლაგავლილი ადამიანები აქ ჩამოსვლის შემდეგ რატომღაც ყველაზე უარესი ქართველი პოლიტიკოსებივით რომ იქცევიან”- მიიჩნევს მამუკა არეშიძე.

“სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოების ნაწილს პოლიტიკური პროცესისა და არჩევნების მიმართ ჩამოუყალიბდა ე.წ. მომხმარებლის ფსიქოლოგია - არჩევნები იქცა სარგებლის მიღების საშუალებად, შესაბამისად, ამ ხალხის არჩევანიც ამ სარგებლის მიღებაზეა ორიენტირებული. მოკლედ, მთელი პოლიტიკური პროცესი ასეა გარყვნილი და შედეგიც ამ ყველაფრის შესაბამისი გვაქვს: პოლიტიკური კლასი, რომელიც მზად არის, საკუთარი ინტერესი ყველაფერზე მაღლა დააყენოს და ამ კლასისადმი უნდობლად განწყობილი ამომრჩევლის დიდი ნაწილი, რომელიც მზად არის, ხმა მიჰყიდოს იმას, ვისგანაც მეტ სარგებელს მიიღებს. ამ ვითარების გათვალისწინებით ვართ გაჩხერილი ორ ცნებას - ქვეყანასა და სახელმწიფოს შორის”, - ამბობს რესპონდენტი, და შეკითხვაზე - “არჩევნებამდე სულ რამდენიმე დღეა დარჩენილი. “ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა”, ტრადიციულად, ამ საარჩევნო კამპანიის დროსაც ცდილობდნენ, პოლიტიკური ველი ორი პოლუსის დაპირისპირების ზონად წარმოეჩინათ...” - პასუხობს:

“გეთანხმებით, ამ ორმა ძალამ ყველაფერი გააკეთა და აკეთებს, რომ ეს ორპოლუსიანობა შეინარჩუნოს. მიუხედავად იმისა, რომ, დარწმუნებული ვარ, “ქართული ოცნება” გაიმარჯვებს, ვფიქრობ, ამ ორპოლუსიანობაში გარკვეული კორექტივები შევა, ოღონდ არჩევნების შემდეგ. ჩემი აზრით, დედაქალაქში აუცილებლად გაიმარჯვებს კახა კალაძე. არ გამოვრიცხავ, ეს პირველივე ტურში მოხდეს. აი, არჩევნების შემდგომ რა მოხდება, ჩემთვის ეს უფრო რთული სათქმელია. ვნახოთ, რა დასკვნებს გააკეთებენ და როგორ კონფიგურაციას მივიღებთ. რაც მელიასა და კობახიძეს შორის მოხდა, მეც მიმაჩია, რომ წინასწარ განზრახული პროვოკაციული ქმედება იყო ნიკა მელიას მხრიდან, რათა გარკვეული ველი შეექმნა და ორი ძალის დაპირისპირება უფრო გამოეკვეთა. ხომ ნახეთ, აშკარად თვითონ იყო პროვოკატორი, მაგრამ მერე მსხვერპლად გამოიყვანა თავი. სიმართლე გითხრათ, მისგან ასეთი მოქმედება ცოტა მოულოდნელი იყო, რადგან აქამდე უფრო სხვა ტიპის პოლიტიკოსად მივიჩნევდი, თუმცა “შუბი ხალთაში არ დაიმალა” და გამოჩნდა, რეალურად რასაც წარმოადგენს”.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებებიც ორპოლუსიანობის შენარჩუნებას ემსახურება. პოზიციონირებს რა, როგორც მთავარი ოპოზიციური ფიგურა, რაც მისგან გასაკვირი ნამდვილად არ არის, ამით ცდილობს “ნაცმოძრაობის” ამომრჩევლის მობილიზებას. მან კარგად იცის, რომ რაც მეტად გამოჩნდება, დანარჩენი ოპოზიცია მით უარეს მდგომარეობაში ჩავარდება. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ურთიერთობა დამყარდა მიხეილ სააკაშვილს, “ნაცმოძრაობასა” და დანარჩენ ოპოზიციურ სპექტრს შორის, ეს ყველაფერი არის დეკორაციული. სააკაშვილისთვის ყოველთვის უფრო მნიშვნელოვანი იქნება საკუთარი პერსონა და “ნაცმოძრაობა”... რაც შეეხება გიორგი გახარიას, ეს ანტიპიარი - ნარკომომხმარებლობის თემა - ვფიქრობ, გახარიას წინააღმდეგ არ მუშაობს, მაგრამ მის ბიოგრაფიაში არის მომენტები, რომლებიც მუშაობს მის საწინააღმდეგოდ. გახარიას გარკვეული უარყოფითი სალდო ჰქონდა ოპოზიციაში გადასვლისას. მოახერხა თუ არა ამის დაძლევა, არჩევნების შედეგებით გამოჩნდება”, - თვლის ექსპერტი.

“წლებია, თითქმის ყველა არჩევნების შემდეგ შედეგებით უკმაყოფილო ოპოზიცია ცდილობს, ეს შედეგები არალეგიტიმურად გამოაცხადოს, არეულობის მოწყობა სცადოს და ა.შ. ვფიქრობ, “ქართული ოცნება” გაიმარჯვებს, თუმცა ველი, რომ ახლაც იგივე მოხდება, ანუ ოპოზიცია ამ გამარჯვებას არ მიიღებს და ისევ ქუჩაში გამოვა. რაც შეეხება რეფერენდუმზე ლაპარაკს, რაც ე.წ. მიშელის დოკუმენტში ჩაწერილი 43%-იანი ბარიერით არის განპირობებული, ვფიქრობ, ამის რეალობად ქცევის შანსი არ არსებობს, რადგან “ქართულმა ოცნებამ” ეს დოკუმენტი ანულირებულად გამოაცხადა. სამწუხაროდ, მრჩება შთაბეჭდილება, რომ ოპოზიციის ნაწილი 2-ს კი არა, 3 ოქტომბერს ელოდება და უკვე მზად არიან, ალაპარაკდნენ, რომ არჩევნები გაუყალბეს. არ გამოვრიცხავ, იმავე ვითარებაში აღმოვჩნდეთ, რაც იყო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. ისევ დაიწყება ქვეყნის რყევა, საზოგადოებრივი დაპირისპირება, ერთმანეთის ლანძღვა-გინება. აგრესია უნდა დასრულდეს, ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, თორემ ეს ვითარება ქვეყანას დაშლის და დააქცევს, მით უფრო, რომ გარედან ამას ძალიან ბევრი წამახალისებელი ჰყავს”, - დასძენს მამუკა არეშიძე.

ვისთვისაა არჩევნები და ვისთვის - რეფერენდუმი

“2 ოქტომბრის არჩევნებზე ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობაა. ნაწილისთვის ეს ადგილობრივი არჩევნებია, ნაწილისთვის კი პირველ რიგში რეფერენდუმი, რომელზეც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა-არდანიშვნის საკითხი წყდება. განსხვავებული პოზიცია აქვს ყოფილ პრემიერს და წინასაარჩევნო კვლევებში მესამე ადგილზე გასული პარტიის “საქართველოსთვის” ლიდერს გიორგი გახარიას - რომ მოუხედავად იმისა, აიღებს თუ არა “ოცნება” 43%-ს, ვადამდელი არჩევნები მაინც ჩატარდება. ანალიტიკოსთა ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ეს ადგილობრივი არჩევნები გარკვეული თვალსაზრისით მართლაც რეფერენდუმია, რომელზეც ამომრჩეველმა უნდა გადაწყვიტოს უახლოეს რამდენიმე წელიწადში საქართველოს პოლიტიკური ველი ისევ ორპოლუსიანი დარჩება, თუ გაჩნდება ყველასთვის ანგარიშგასაწევი მესამე პოლიტიკური ძალა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ვისთვისაა არჩევნები და ვისთვის - რეფერენდუმი.

“2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებს რეფერენდუმად აცხადებს “ნაციონალური მოძრაობა”, “ლელო”, “ევროპული საქართველო”, “სტრატეგია აღმაშენებელი”, “გირჩი - მეტი თავისუფლება”, “ლეიბორისტები” და “დროა”. განსხვავებული მოსაზრება აქვთ “მოქალაქეებსა” და “გირჩს”. “ჩვენთვის ეს არჩევნები არ არის რეფერენდუმი, ეს არის თვითმმართველობის არჩევნები”, - ამის შესახებ პარტია “მოქალაქეების” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა “პირველი არხის” ეთერში განაცხადა. წამყვანის შეკითხვაზე, როგორია ამომრჩეველთა განწყობები და არის თუ არა თვითმმართველობის არჩევნები რეფერენდუმი საზოგადოებისთვის, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ “ეს იმ ადამიანებს უნდა ვკითხოთ, ვისაც სახლი ენგრევა”. ამავე საკითხზე საზოგადოებრივ მაუწყებლის ეთერშივე გააჟღერა თავისი პოზიცია „გირჩის” ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშილმა. პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე კი ამბობს, რომ 2 ოქტომბრის არჩევნებს ის პოლიტიკური ჯგუფი არქმევს რეფერენდუმს, რომელიც 6 თვის მანძილზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს ბოიკოტს უცხადებდა და ამით ცდილობს მათი პოლიტიკა საზოგადოების თვალში მეტ-ნაკლებად გამართლებული იყოს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ჩვენთვის კი არ არის, ეს არის რეალურად თვითმმართველობის არჩევნები. პარტია „მოქალაქეები" მთელი ამ ხნის განმავლობაში ვცდილობდით გველაპარაკა კონკრეტულ პრობლემებზე, რომელიც კონკრეტულ ქალაქებს აწუხებს. ნუ, უფრო დიდი აქცენტი გვქონდა თბილისზე, აქ სერიოზულ ბრძოლას ვაპირებთ და ამიტომ. კანდიდატები სხვა რეგიონებშიც გვყავს, მაჟორიტარები. ჯამში 12 რეგიონში და ასევე, საკრებულოს სიები, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვლაპარაკობთ ძალიან კონკრეტულ პრობლემებზე”, - თქვა ელისაშვილმა. მეგრელიშვილმა განაცხადა - “ყველა პარტიაში და მათ შორის, ჩვენთან ძალიან მნიშვნელოვნად არის აჭრილი პოლიტიკური ველი და ახლა, ამ არჩევნებმა ფაქტობრივად, უნდა მოგვცეს გაიდლაინი, თუ როგორ ვვითარდებით და რა მიმართულებით მივდივართ. ეს არჩევნები, ამ ერთწლიანი კრიზისის შემდეგ, ფაქტობრივად, ამომრჩევლის შეფასება და ვერდიქტია იმ პარტიების, ვისაც მან მხარი დაუჭირა. მათ შორის გადაფასება შეიძლება მოხდეს და აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ეს არჩევნები იქნება მათ შორის ჩვენი საპარლამენტო მანდატების ლეგიტიმაციის არჩევნები”, - განაგრძობს გამოცემა.

“ის პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც რამდენიმე პარტიას მოიცავს და რომლისთვისაც 2 ოქტომბრის არჩევნები რეფერენდუმს წარმოადგენს, წინა არჩევნებს ბოიკოტს უცხადებდა და ნახევარი წელიწადი ქუჩაში იდგა. შემდეგ დათანხმდნენ, ოღონდ ისეთი განცხადებების ფონზე, რომ ისინი საპარლამენტო რეჟიმში ბრძოლას მაინც გააგრძელებდნენ და აი, მოვიდა ახლა ადგილობრივი არჩევნები და ხელისუფლების შეცვლისთვის ბრძოლა მათ პირობისამებრ და მათი წინაისტორიიდან გამომდინარე უნდა შეასრულონ, თუ არა და გაუმართლებელი იქნება ჯერ მათი ნახევარწლიანი ბოიკოტი და მერე შესვლა პარლამენტში. თუკი ეს ჯგუფი ახლა ამას “რეფერენდუმს” დაარქმევს, ეს უკვე იმ ბოიკოტის გაგრძელებაა და მეტ-ნაკლებად გამართლებულია. ამიტომაა მათთვის ეს არჩევნები რეფერენდუმი, მაგრამ ხელისუფლება იძახის, რომ ამ არჩევნებს ადგილობრივი ჰქვია”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

“კითხვაზე, რამდენად შეიძლება ის პარტიები, ვინც ადგილობრივ არჩევნებს რეფერენდუმად არ მიიჩნევს, “ქართული ოცნების” მოკავშირეებად ჩაითვალოს, საყვარელიძე პასუხობს, რომ ეს მართლაც ასე გამოდის. “ასე გამოდის, რადგან სახელისუფლებო პარტია რეფერენდუმად არ თვლის და შესაბამისად, ვინც არ ჩათვლის, ისიც სახელისუფლოს მოკავშირე იქნება, გინდ პარტია და გინდ ცალკეული ამომრჩეველი, რა თქმა უნდა”, - თქვა საყვარელიძემ. ყოფილი პრემიერისა და პარტიის “საქართველოსათვის” ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებაზე, რომ “ოცნება” აიღებს თუ არა 43%-ს, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მაინც ჩატარდება, ანალიტიკოსი ამბობს, რომ ის ცდილობს შუალედური პოზიცია დაიკავოს”, - დასძენს გამოცემა.

“მაგ პოზიციას მე უფრო რიტორიკულს დავარქმევდი, რადგან მაშინ, როცა ეს მოსაზრება პირველად თქვა, რომ მორალური პასუხისმგებლობის გამო მმართველი პარტია ხელისუფლებაში ვეღარ გაჩერდება, თან დაშვებული შეცდომები აქვსო, ეს რიტორიკული ფაქტორებია, ასეთი ფაქტორების გავლენით ხელისუფლებიდან არ მიდიან. 30 წლის განმავლობაში უამრავი ცვლილება გვინახავს და არც ერთ ხელისუფალს მარტო იმიტომ, რომ დემოკრატიისა თუ ქვეყნის პრინციპებში ღალატი ბრალად დასდეს, უმაღლესი თანამდებობები არ მიუტოვებიათ. ასე რომ, არ მგონია ეს მოტივი რეალური იყოს. ამ რიტორიკის მიზეზი უფრო ისაა, რომ მეტ-ნაკლებად მხარი კი აუწყოს ოპოზიციას, რომ ვადამდელი არჩევნები დასანიშნია, მაგრამ არ გაიზიაროს ოპოზიციის სხვა პუნქტები ამასთან დაკავშირებით და ის შუალედური ადგილი შეინარჩუნოს, რომლისთვისაც ეს პარტია იბრძვის”, - ამბობს რამაზ საყვარელიძე.

“მიმაჩნია, რომ ეს არჩევნები ქართული პოლიტიკისთვის კრიტიკული მომენტია, ოღონდ არა იმიტომ, დაინიშნება თუ არა ვადამდელი არჩევნები. თუ დაინიშნა, ეს ოპოზიციის გამარჯვება არ იქნება, რადგან ყველა გამოკვლევებით ვხედავთ, რომ ისედაც “ოცნება” იმარჯვებს, ვადამდელშიც ის გაიმარჯვებს. ასე რომ, კარდინალური და გარდამტეხი არაფერი არ მოხდება. ქართულ პოლიტიკაში კარდინალური და გარდამტეხი შეიძლება მხოლოდ მესამე ძალის მომწიფება იყოს. მესამე პოლუსის გაჩენა თითოეული მხარისთვის კარდინალურად შეცვლის როგორც ბრძოლის სურათს, ისე ბრძოლის სტრატეგიას. მიმაჩნია, რომ ამ არჩევნებში სწორედ ეს საკითხია რეფერენდუმის მსგავსი. ქართველმა ამომრჩეველმა სწორედ ამაზე უნდა გასცეს პასუხი - ორ წამყვან პოლიტიკურ ძალას შეემატება თუ არა მესამე ძალა იგივე გახარიას სახით”, - დასძენს საყვარელიძე. ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე მიიჩნევს, რომ 2 ოქტომბრის არჩევნები ნაწილობრივაა რეფერენდუმი, რადგან ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაშიც კი, ძალაუფლებას ისევ “ოცნება” ინარჩუნებს, - წერს სტატიის ავტორი.

“2 ოქტომბრის არჩევნები ოპოზიციისთვისაა რეფერენდუმი, რადგან ამ არჩევნებზე გამოვლინდება, თუ მოსახლეობის რა ნაწილი უჭერს მხარს ხელისუფლებას და რა ნაწილი - ოპოზიციას. ყველას თავისი აზრი აქვს, შესაძლოა რომელიმე ოპოზიციური ძალა ამ არჩევნებს რეფერენდუმად არ თვლიდეს, მაგრამ „ოცნების" მოწინააღმდეგეა. მეც ნაწილობრივ ასე ვთვლი, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ “ოცნება” ძალაუფლებას ცენტრალურ დონეზე მაინც ინარჩუნებს, ამიტომაც ეს ნაწილობრივაა რეფერენდუმი. ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, მთავრობა “ოცნებით” იქნება დაკომპლექტებული და პარლამენტში ისევ უმრავლესობას შეინარჩუნებს. რაც შეეხება გახარიას განცხადებას, ის ცდილობს, რომ მესამე ძალის როლი შეასრულოს და დამოუკიდებელი ნიშა ჰქონდეს. ამით უპირისპირდება როგორც ხელისუფლებას, ასევე “ნაციონალურ მოძრაობას”, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.

გიორგი გობრონიძე - “ჩვენ სანდო პარტნიორის იმიჯს ვკარგავთ”

“ირანის მოქმედებები არ არის პროაქტიული ნაბიჯი. ეს არის მისი რეაქცია სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე პროცესებზე, რადგან კასპიის აუზში­ აზერბაიჯანთან ერთად აქტიურად გამოჩნდა თურქეთი. შესაბამისად, ირანს ამაზე კონტრრეაქცია აქვს და ფრთხილობს, რადგან კასპიის აუზი ცენტრალური აზიის რეგიონის გასაღებია. ბუნებრივია, ირანი გულხელდაკრეფილი ვერ იქნება, განსაკუთრებით მაშინ, როცა ახლახან თურქეთის ერთ-ერთ სამთავრობო გაზეთში დაბეჭდილ სტატიაში ირანის რუკიდან გაქრობაზე წერდნენ. ამას მოჰყვა ირანის “ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის” განცხადებაც, არავის ვურჩევთ ეთამაშოს ლომის კუდს და მოგვეცით შესაძლებლობა ჩვენი ძლიერების თუნდაც ნახევარი ვაჩვენოთო. ასე რომ, აზერბაიჯანის საზღვართან სამხედრო წვრთნები ყარაბაღის მეორე ომის შემდგომ სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსის დარღვევამ განაპირობა”, - აცხადებს პოლიტოლოგი, ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი გობრონიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ჩვენ სანდო პარტნიორის იმიჯს ვკარგავთ”.

“ბოლო დროს მთიან ყარაბაღში ეთნიკური სომხების მიმართ წარმოებული პოლიტიკა ცუდად აისახა ირანისა და აზერბაიჯანის ურთიერთობაზე, ვინაიდან ტვირთები, რომლებიც სომხებს ირანიდან მიეწოდებოდა, აზერბაიჯანის გაძლიერებულ კონტროლში მოექცა, შემოიღეს საგზაო გადასახადიც 130 დოლარის ოდენობით, ამას მოჰყვა ორი ირანელი მძღოლის დაპატიმრებაც, რაც ირანმა მწვავედ მიიღო. ეს მხოლოდ სამართლებრივი პროცესი კი არა, ერთგვარი გზავნილიც იყო მეორე სახელმწიფოსთვის, რომ მიმდინარეობს გავლენებისთვის ბრძოლა - აზერბაიჯანი თურქეთის მხარდაჭერით სამხედრო და ეკონომიკური თვალსაზრისით რეგიონის ლიდერად ყალიბდება. ირანი კი ცდილობს აჩვენოს, რომ ანგარიშგასაწევი ძალაა და თუ საჭირო გახდება, თურქეთსა და აზერბაიჯანსაც ადგილს მიუჩენს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი გობრონიძე.

“ნიუ-იორკში ირანისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ორივე მხარე ამბობდა, რომ მათი სახელმწიფოების თანამშრომლობა მნიშვნელოვანია, იმავდროულად კი ირანელმა მინისტრმა აღნიშნა, რომ მესამე მხარის ჩარევა მიუღებელია. ამით განაცხადა, რომ განსაზღვრულ საკითხებში თურქეთი არ უნდა ერეოდეს. ერდოღანისა და ფაშინიანის შეხვედრაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, თუმცა ძნელია პროგნოზირება, შეხვდებიან თუ არა. სომხეთს ძალიან სჭირდება თურქეთთან ურთიერთობის ნორმალიზება. სახმელეთო საზღვრები თითქმის ჩაკეტილი აქვს, მხოლოდ საქართველოსთან აქვს გახსნილი გზა, რაც მისი ეკონომიკისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. აი, მსოფლიო ეკონომიკასთან წვდომა კი შეზღუდული აქვს. ფაქტობრივად, იზოლაციაშია, რაც რატომღაც არ ესმით სომხეთში. თურქეთთან ურთიერთობის ნორმალიზება აზერბაიჯანის წნეხსაც შეაჩერებს და დადებითად აისახება კონფლიქტის დინამიკაზეც. თურქეთთან ურთიერთობის დალაგება ძალიან გაანაწყენებს რუსეთს, მაგრამ სომხეთმა უნდა გააკეთოს სწორი არჩევანი. სომხეთმა, აზერბაიჯანმა და საქართველომ, ბოლოს და ბოლოს, უნდა ჩამოაყალიბონ საერთო თანამშრომლობის მოდელი”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“საქართველოც რთულ ვითარებაშია - ორივე მეზობელთან ცალ-ცალკე თანამშრომლობს, ერთიანი სამეზობლო პოლიტიკის შესაძლებლობა არა გვაქვს. სომხეთმა თუ შეძლო თურქეთთან ვითარების დალაგება, ეს ქართულ-სომხურ ურთიერთობასაც წაადგება. 1988 წლიდან რეგიონი “დაყავი და იბატონეს” პრინციპით არის დაყოფილი და მასზე გარე ძალები ბატონობენ. ასეთი პრინციპით მართული რეგიონი ყოველთვის სახიფათოა. “ექვსეულის პლატფორმაზე” საქართველოს ძალზე სწორი პოზიცია ჰქონდა - რუსეთის მონაწილეობით მისთვის ნებისმიერი პლატფორმაში ყოფნა მიუღებელია. “ექვსეულის პლატფორმა” გულისხმობს რეგიონულ აქტორებს შორის სამხრეთ კავკასიაში გავლენის სფეროების გადანაწილებას. რაც უნდა “ექვსეული” ეძახონ, სინამდვილეში დიდი სამეული გამოდის - ირანი, თურქეთი და რუსეთი. საქართველო რეგიონში დღის წესრიგს ვერ ქმნის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია რეგიონში დასავლეთის ყოფნა, რათა იმ სამი რეგიონული აქტორის გავლენები დააბალანსოს”, - განმარტავს ანალიტიკოსი.

“რაც შეეხება რუსეთის არჩევნებს, დუმაში ახალი სახეები შევიდნენ, მათ შორის “ფაბერლიკის” მფლობელის მოძრაობა, რომელიც პუტინის მიმართ ძალზე ლოიალურია. ასე რომ, რუსეთი იმავე ინტერესებისა და პრობლემების მქონე ავტორიტარულ სახელმწიფოდ დარჩა. ის თუნდაც შიდა ძვრების ხარჯზე არასდროს შეცვლის საგარეო პოლიტიკას და ეს მისი ისტორიიდანაც კარგად ჩანს. სხვადასხვა ფორმაციით არსებობდა, მათ შორის, აბსოლუტური მონარქიის სახით, ტრანსფორმირებული რუსეთის იმპერია - საბჭოთა კავშირი, შემდეგ რუსეთის ფედერაცია, მაგრამ თავის სიახლოვეს, სამხრეთ კავკასიაში, აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, მუდმივად სჭირდებოდა გეოპოლიტიკური პოზიციები ან კოალიციური კოშმარი, რათა ექსკლუზიური გავლენები არ დაეთმო. რუსეთის ხელისუფლება ერთ დღეს ლიბერალურ დემოკრატიად რომ გადაიქცეს, ეს მოცემულობა მაინც არ შეიცვლება...”, - მიიჩნევს პროფესორი.

“დღეს საქართველოს მთავარი პრობლემა რუსეთი და საგარეო პოლიტიკა კი არა, მუდმივი შიდაპოლიტიკური ტურბულენტობაა. ქვეყნის დამოუკიდებლობის თითქმის 30-წლიან ისტორიაში მმართველ ძალებს ყოველთვის ჰგონიათ, რომ სიცოცხლის ბოლომდე ხელისუფლებაში იქნებიან. მეორე პრობლემა ის არის, რომ მთავრობამ ევროკავშირის საშეღავათო სესხზე უარი თქვა და მნიშვნელოვანია, რატომ - ხელისუფლებამ ქვეყანა არ წაიყვანა დემოკრატიული განვითარების გზით, როგორც უნდა წასულიყო, ვინაიდან ხელისუფლების შეცვლის რისკი ჩნდებოდა და არ გარისკა. ეს პრობლემა აირეკლა კიდეც ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე. რუსეთისგან განსხვავებით, სადაც შიდატურბულენტობა არ განსაზღვრავს ქვეყნის საგარეო პოლიტიკას, საქართველოში ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ასეთი ქმედებები აზიანებს ქვეყნის იმიჯს, ძველებურად აღარ გვენდობიან სტრატეგიული პარტნიორები. ჩვენ სანდო პარტნიორის იმიჯს ვკარგავთ. ამას, როგორც მმართველი ძალა, ასევე, ოპოზიციაც უნდა გაუფრთხილდეს”, - დაასკვნის გიორგი გობრონიძე.

“თუ მუდმივად პოლარიზებულ, პრეაპოკალიფსურ რეჟიმში ვიქნებით, წინ ვერ წავალთ. მოსახლეობის კონტროლზე, მოსმენებზე, მისი ნების დათრგუნვაზე, მის წინააღმდეგ მოქმედებებზე უამრავი რესურსი დაიხარჯება და ერთ წრეზე ვიტრიალებთ. დემოკრატიული გარდაქმნა ევროპისთვის თავის მოსაწონებლად კი არა, სრულფასოვანი სახელმწიფოს ასაშენებლად გვჭირდება. თუმცა ხშირად ქვეყნის დემოკრატიზაციას ევროკავშირის გაწევრების წინა პირობად განვიხილავთ, რაც შეცდომაა. დემოკრატიული სახელმწიფო სისტემა თუ არ გვექნება, სრულფასოვანი სახელმწიფო ვერ ვიქნებით... მნიშვნელოვანია ქვეყნის მართვაში საზოგადოების ყველა ჯგუფის ინტერესის გათვალისწინება და ამგვარად პოლარიზაციის გადალახვა, რაც თითქმის 90-იანი წლებიდან მოგვყვება. სამოქალაქო ომის ფანტომი გვირგვინივით გვადგას თავზე. ახლაც მუდმივად არის ლაპარაკი სამოქალაქო­ დაპირისპირების რისკებზე, დესტაბილიზაციის საფრთხეზე, რევოლუციაზე... ეს ეპოქა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავასრულოთ. მომავალ თაობას არ უნდა ჰქონდეს მუდმივად იმის განცდა, რომ ერთ დღეს პოლიტიკური ცვლილებების გამო შესაძლოა ყველაფერი თავზე ჩამოექცეს. დემოკრატიას სტაბილურობაც მოაქვს”, - თვლის რესპონდენტი.

“დასავლეთი კი იმისთვის გვინდა, იმ ზემოთ ხსენებული სამეულის - რუსეთის, ირანისა და თურქეთის პირისპირ არ დავრჩეთ, მათი გავლენის სფეროების გაყოფის ობიექტი არ ვიყოთ, როგორც მე-18-19 საუკუნეებში ხდებოდა. იმ სამყაროს ნაწილი უნდა გავხდეთ, რომელიც ვიღაცის გეოპოლიტიკური თამაშების ობიექტად გადაქცევის საშუალებას არ მოგვცემს. ნატოს რომ თავი დავანებოთ, ევროკავშირის წევრიც რომ ვიყოთ, ბევრად ნაკლები საგარეო საფრთხეები გვექნება, ვიდრე ახლა გვაქვს. ნატოს წევრი რომ ვიყოთ, სრულად დაცული ვიქნებოდით, ასეთ ქვეყანას კი შეუძლია ძალები მშვიდად განვითარებისკენ, ეკონომიკური წინსვლისკენ მიმართოს ძალები. ქვეყნის დედაქალაქიდან 40 კილომეტრში მსოფლიოს ყველაზე აგრესიული ქვეყნის სამხედრო ძალები დგას”, - ამბობს პოლიტოლოგი.

“ყოველ არჩევნებს რყევები ახლავს, უამრავი პოპულისტური ჯგუფი ცდილობს ხალხის ემოციებით მანიპულირებას. ასეთ ქვეყანაში გავლენიანი კომპანია ინვესტიციას არ ჩადებს. მაგალითად, “ენკას” კაბალური პირობები ჰქონდა და ასეთივე გვექნება, სანამ არსებობს ხალხი, რომელიც ისეთ სახელმწიფოზე, სადაც პირადობის მოწმობით გადადიხარ, მათთან ტერიტორიული დავა არა გვაქვს, ამბობს, რომ თურქეთი ოკუპანტია და თურქოფობიური გამოსვლები არ წყდება. ვასაძის მიმდევრების ფანტაზიას ხომ საზღვარი არა აქვს... უნდა გავიაზროთ, რომ კეთილმოსურნე მეზობლები არ არსებობენ, ყველას თავისი ინტერესი აქვს. რუსეთი არ გაქრება და ვერც საქართველო და ახალი ზელანდია გაცვლიან ადგილებს რუკაზე. ჩვენ უნდა ვიყოთ ისეთი სახელმწიფო, რომ რუსეთის ინტერესები ვერ რეალიზდეს საქართველოში. პოლიტიკურ ძალებს უნდა ესმოდეთ, რომ ეროვნულ ინტერესებზე, სახელმწიფოებრიობაზე, უსაფრთხოებაზე, სუვერენიტეტზე არ შეიძლება კამათი. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების შიშიც სწორედ ამას ეფუძნება, ხელისუფლება რომ შეიცვალოს, არავინ იცის, ახალ ძალას თავში რა მოუვა”, - დასძენს გიორგი გობრონიძე.

რატომ დაუპირისპირდა გახარია ივანიშვილს - პირველი კრიტიკული განცხადება ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ

“ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და პარტიის “საქართველოსთვის” ლიდერმა გიორგი გახარიამ “ფორმულას” ეთერში განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილმა მისი და მოქალაქეების ნდობა არ გაამართლა. აღსანიშნავია, რომ აქამდე იგი ოპოზიციონერის ამპლუაში ივანიშვილის მკვეთრი კრიტიკისგან თავს იკავებდა. ანალიტიკოსი გია აბაშიძე “რეზონანსთან” ამბობს, რომ ამ განცხადების მიზანი წინასაარჩევნოდ მისი პიროვნული თუ პარტიული რეიტინგის მომატებაა, თუმცა, აბაშიძის პროგნოზით, გახარიას “მწარე წარუმატებლობა ელის”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რატომ დაუპირისპირდა გახარია ივანიშვილს - პირველი კრიტიკული განცხადება ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ.

“ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში სტუმრობისას გახარიას 2021 წლის დასაწყისში გაკეთებული განცხადება გაახსენეს. რამდენიმე თვის წინ ის ამბობდა, რომ “ქართული ოცნების” მიმართ ნდობას აქვს თავისი ახსნა, რაშიც, ივანიშვილს აქვს უმნიშვნელოვანესი როლი. ეს ის როლია, რომლითაც ქვეყანამ, “ბოლო 8 წლის განმავლობაში, მიაღწია სამართლიანობის დამკვიდრებას და ქართული პოლიტიკის ცენტრში, განსაზღვრა ადამიანი და მისი ღირსება”. ჟურნალისტის კითხვაზე, ისევ მოაწერდა თუ არა ხელს საკუთარ სიტყვებს, პარტია “საქართველოსთვის” ლიდერმა თქვა: “არა. ბიძინა ივანიშვილმა ნდობა არ გაამართლა. მარტო ჩემი არა, მოქალაქეების”. აბაშიძის აზრით, გახარიამ ყოფილ თანაგუნდელებთან და ივანიშვილთან დაპირისპირება არა ამ განცხადების მერე, არამედ გადადგომის დღიდან დაიწყო”, - აღნიშნავს გამოცემა.

“გახარია დღიდან გადადგომისა მრავალვერსიული პოლიტიკოსი გახდა, რომელიც ხან ერთს ამბობს, ხან მეორეს. ახლა, როგორც ჩანს, მისი გათვლა ისაა, რომ რადგან მის პარტიას და მის კანდიდატურას დაბალი რეიტინგი აქვს, ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილის კრიტიკით დამატებით ელექტორატს მოიპოვებს. ეს მას არანაირ პოლიტიკურ წონას ნამდვილად არ შესძენს. პირიქით, სრულიად საპირისპირო მოხდება, ელექტორატს კიდევ უფრო დაკარგავს. თუ ბიძინა ივანიშვილი გასაკრიტიკებელი იყო, ეს თავიდანვე დაეწყო... მაგრამ ახლა ამ კრიტიკით მისი დაბალი რეიტინგის ხელოვნურად აწევას ცდილობს. საკუთარ თავს ჰკითხოს, თავად გახარიამ ნდობა რამდენ ადამიანში დაკარგა? ეს უფრო მთავარი კითხვაა. ნდობა კი იმდენ ადამიანში დაკარგა, რომ ეს უკვე მის დაბალ რეიტინგზე აისახება, რომელიც ორნიშნა ციფრიც კი არაა. მას არჩევნებში ძალიან მწარე წარუმატებლობა ელის. არაა გამორიცხული, რომ ივანიშვილზე კიდევ რაღაც თქვას და იმ კოლექტიურ ეკა ბესელიებს და დავით ჭიჭინაძეებს დაემსგავსოს, რომლებიც შიდა სამზარეულოდან ვითომ რაღაცას ლაპარაკობენ და ამ დროს მითებისა და ზღაპრების ჟანრში არიან გადასულები”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია აბაშიძე.

“გახარიამ კი ეტყობა თავად გადაწყვიტა, რომ უპროცენტო ბესელიას და ჭიჭინაძის პოლიტიკურ გზას დაადგეს. ეს მისი და მისი გუნდის გადაწყვეტლებაა. ლოგიკურად სხვა ვერაფრით ვერ აიხსნება მისი ასეთი განცხადებები. გახარია ივანიშვილსა და “ქართული ოცნების” გუნდს გადადგომის დღიდან დაუპირისპირდა. როცა ქვეყანა ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე იდგა, მან მიატოვა ხელისუფლებაში ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პოსტი, გუნდს და ქვეყანას უღალატა. ეს დაპირისპირება ზუსტად მაშინ დაიწყო და შემდეგ გარკვეული მრავალვერსიულობითა და თვალთმაქცობით ის ივანიშვილის პირდაპირ გაკრიტიკებას თავს არიდებდა. ივანიშვილის წერილი კარგად გვახსოვს, როცა გახარიაზე თქვა, რომ მოღალატეაო. ეს ნამდვილადაც ასეა, დაპირისპირება კი სწორედ 18 თებერვლიდან იწყება. გახარია მრავალვერსიულია, ერთი და იგივე ფაქტსა და მოვლენაზე დღეს ერთი ვერსია აქვს, ხვალ - სხვა, ზეგ სულ სხვა ექნება, ეს მისი პიროვნებიდან გამომდინარეა, ადამიანი დროთა განმავლობაში თავს ამჟღავნებს ხოლმე. გახარიამ თავისი რეალური პიროვნება გამოამჟღავნა”, - დასძენს აბაშიძე.

ვახტანგ ძაბირაძე - “ორივე მხარე 2 ოქტომბრისთვის კი არა, 3 ოქტომბრისთვის ემზადება”

“ბოლოდროინდელმა მოვლენებმა, ფაქტობრივად, 90-იან წლებში დაგვაბრუნა. არა მგონია, საღად მოაზროვნე ადამიანი ევროკავშირის ოფისთან ინციდენტს გამართლებას უძებნიდეს _ ორივე ხულიგანივით იქცეოდა. დიდი ვერაფერი შეღავათია, მაგრამ კობახიძემ ბოდიში მაინც მოიხადა უცენზურო სიტყვების გამო, მელიამ კი არა. ეს არის ჩვენი პოლიტიკური კულტურა?! 90-იან წლებში ღირებულებების დაპირისპირება მაინც იყო, დღეს რა არის დაპირისპირების საგანი? - ძალაუფლება და ფული. რომელი დემოკრატი მყავს გუშინდელი ან დღევანდელი ხელისუფლება?! საოცარია, როცა ეს ორი პოლიტიკური ძალა ერთმანეთს აბრალებს დემოკრატიული პროცესებისთვის ხელის შეშლაში. ამ დროს ორივე ხელის შემშლელია. დასანანია, რომ ჩვენს საზოგადოებას არ აღმოაჩნდა ახალი პოლიტიკური ძალის შექმნის უნარი, რათა ეს ორი პოლიტიკური პარტია პენსიაში გაუშვას”, - აცხადებს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ორივე მხარე 2 ოქტომბრისთვის კი არა, 3 ოქტომბრისთვის ემზადება”.

“როგორც ჩანს, ნაციონალები ფიქრობენ, რომ დღევანდელი საზოგადოებრივი განწყობა მათთვის არახელსაყრელია და ტემპერატურის აწევას ცდილობენ. სხვა საკითხია, რამდენად შეძლებენ. რჩება შთაბეჭდილება, რომ ქვეყანაში საარჩევნო პროცესი არ მიმდინარეობს და პროცესის გამოსაცოცხლებლად უკეთესი ვერაფერი მოიფიქრეს. გადაწყვეტილებებს სააკაშვილი იღებს და მელია მისი ნების შემსრულებელია. მელიაც და კობახიძეც დიდ პირველ ვეზირობას “ქაჩავენ” სააკაშვილისა და ივანიშვილის კარზე. შთაბეჭდილება მრჩება, რომ ორივე მხარე 2 ოქტომბრისთვის კი არა, 3 ოქტომბრისთვის ემზადება. კონკრეტულად აქციებზე არც ერთი არ ლაპარაკობს, მაგრამ მათ რიტორიკაში მაინც იგრძნობა. ერთი ამბობს, თუ “ოცნება” არჩევნებში 43% ვერ აიღებს, ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ვაიძულებთო. მეორე ამბობს, 1%-იც რომ ვერ ავიღოთ, ვადამდელი არჩევნები მაინც არ იქნებაო. რაც უფრო ვუახლოვდებით 2 ოქტომბერს, მით უფრო ცხადი ხდება, რომ აქციები გარდაუვალია. ამის ერთ-ერთი დასტურია ევროკავშირის ოფისთან დაპირისპირება. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს - პოლიტიკური ლიდერები დაიბარეს იმისთვის, რომ წინასაარჩევნო პროცესში პოლარიზება შეემცირებინათ, ამათ კი არც აციეს, არც აცხელეს და ევროპელი კოლეგების ცხვირწინ გამართეს მუშტი-კრივი”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“რაც უნდა თქვან ევროპელმა მეგობრებმა ან ქართველმა ანალიტიკოსებმა, პროცესი შეუქცევადია, ახლა საკითხავი ის არის, აქციები მოიტანს თუ არა შედეგს. პირდაპირ გეტყვით - ოპოზიციის საპროტესტო აქციები შედეგს ვერ მოიტანს... მუდმივი საარჩევნო ისტერიით მოსახლეობის ნაწილს არჩევნების მიმართ შიში და ნიჰილიზმი გამოუმუშავეს. ამომრჩევლის ნაწილი ფიქრობს, რომ ვისაც უნდა მისცეს ხმა, მაინც თვითონ დარჩება წაგებული. ეს კლავს არჩევნების იდეას. მეორე მხრივ კი ქვეყნის განუწყვეტელი ჯანჯღარი მუდმივად ბეწვის ხიდზე გვატარებს და რეალურია საფრთხე, რომ გადავეშვათ ქაოსსა და სამოქალაქო დაპირისპირებაში. ჩვენი პრობლემა მარტო “ოცნება” და “ნაცმოძრაობა” კი არ არის, არამედ ისიც, რომ სხვა ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრი ვერ შევქმენით. ვინ იქნება პოლიტიკური ცენტრის სათავეში, ვაშაძე, გახარია თუ დოლიძე, მნიშვნელობა არა აქვს, მაგრამ რომ ვერ იქმნება?! ამაში დიდი “წვლილი მიუძღვით” თავად იმ ოპოზიციონერ ლიდერებს, ვინც ნოემბრის არჩევნების შემდგომ ნაციონალებთან ერთად “მოხარშეს კოქტეილი” და ამით დაკარგეს ამომრჩეველი”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ახალი ძალა, რომელიც ოპოზიციურ ხმებს გააერთიანებს, ჯერ არ ჩანს. თუ არ გამოჩნდა, დასავლეთმა რა ქნას, ვისთან ითანამშრომლოს?! დასავლეთის მხარდაჭერა აუცილებელია, მაგრამ არც საკმარისია და არც გადამწყვეტი. გადამწყვეტი ქართველი ხალხის არჩევანია. დასავლეთს 2012 წელს შეიძლება არ უნდოდა ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლა, მაგრამ ივანიშვილმა ოპოზიციური ელექტორატის გაერთიანება შეძლო. დღეს ასეთი ძალა არ ჩანს. პარტიები კი, რომლებმაც 1-დან 5%-მდე აიღეს, გამუდმებით შეცდომებს უშვებენ. თავიდანვე ცალკე, სხვა ალტერნატიულ ძალად უნდა დაფიქსირებულიყვნენ, რათა ხალხს დაენახა, რომ არც “ოცნებას” წარმოადგენდნენ და არც ნაციონალებს. გაუგებარია, როდესაც წვრილ-წვრილი პარტიები კოალიციაზე საუბრობენ. რომელ კოალიციაზეა ლაპარაკი, როდესაც “ნაცმოძრაობას” გაცილებით მეტი მხარდამჭერი ჰყავს, ვიდრე მათ ყველას ერთად აღებულს და შესაბამისად, პარლამენტშიც გაცილებით მეტი დეპუტატი ეყოლებათ? კოალიციას ნაციონალების გადმოგდებული თითო მინისტრის კაბინეტით ქმნიან? კოალიციის სრულუფლებიანი წევრი მაშინ ხარ, როდესაც შენი მანდატი სჭირდებათ, უშენოდ მთავრობას ვერ ჩამოაყალიბებენ. თუ ამას უშენოდ გააკეთებენ, მაშინ დეკორატიულ კოალიციას ქმნი”, - განმარტავს ანალიტიკოსი.

“ოპოზიცია ახლაც შეცდომას უშვებს,­ როდესაც იმუქრება, აუცილებლად ჩავატარებინებთ ვადამდელ არჩევნებსო. როგორ ჩაატარებინებენ, თუ ხალხს ქუჩაში ვერ გამოიყვანენ? ხალხის ქუჩაში გამოსაყვანად მარტო ის არ კმარა, მთავრობა რომ არ ვარგა. შენ თავად უნდა იყო რეაქტიული, დღე და ღამე გასწორებული გქონდეს, რათა სათქმელი მაინც გქონდეს, გამიყალბეს არჩევნებიო... მარტივ რამეს გეტყვით - როდესაც ქალაქის მერობისთვის ალეკო ელისაშვილი იბრძოდა, გაცილებით აქტიური პროცესი იყო, ვიდრე დღეს არის. არადა, დღეს კალაძის მეტოქე ორი გამოკვეთილი ლიდერია. მოდი, ვნახოთ, ვინ უჭერს მხარს ამ ორ ძალას. “ოცნებას” მხარს უჭერს ძირითადად, ნომენკლატურა, “ნაცმოძრაობას” კი ყოფილი ნომენკლატურა. ამასთან, არიან ბიზნესმენები, რომლებიც ან ამ მთავრობასთან მეგობრობენ, ან ყოფილ მთავრობასთან. 1990 წელს არჩევნებში “მრგვალმა მაგიდამ” და კომუნისტებმა გაიმარჯვეს. როგორ შეიძლებოდა კომუნისტებს გაემარჯვათ? სწორედ იმ ძველი ნომენკლატურის ხარჯზე, ახლა რომ სახელისუფლებო რესურსს უწოდებენ. ანალოგიურია დღესაც”, - დაასკვნის ვახტანგ ძაბირაძე.

“გახარიას მესამე ალტერნატიული ძალის შექმნის პერსპექტივა დღესაც აქვს, თუ “სტრატეგია აღმაშენებელზე”, “ლელოზე”, ლეიბორისტებსა და სხვა პარტიებზე მეტ ხმას მიიღებს, მესამე ძალად დაფიქსირდება, მაგრამ არა მგონია, მას ნაციონალების ჩანაცვლების პერსპექტივა ჰქონდეს. 2016 წელს, როდესაც “ევროპულმა საქართველომ” “ნაცმოძრაობა” დატოვა, ჰქონდა პერსპექტივა, მაგრამ მერე მძიმე შეცდომა დაუშვა: როდესაც ორი წლის განმავლობაში დედას იფიცებ, რომ სააკაშვილისგან არაფერი გამოვა, ჯართია და მერე უცებ მის საპრეზიდენტო კანდიდატს უჭერ მხარს, თავადვე გამოგაქვს განაჩენი საკუთარი პარტიისთვის. თუ სააკაშვილს ძაღლს უწოდებ, ბოლომდე ასე უნდა გააგრძელო, იმიტომ, რომ ეს არის შენი გენერალური ხაზი და მხარს ის ხალხი გიჭერს, ვინც ფიქრობს, რომ სააკაშვილი ძაღლია”, - ამბობს რესპონდენტი.

“ყველა ოპოზიციური პარტია ერთსა და იმავე შეცდომას უშვებს. ჯერ ემიჯნებიან სააკაშვილს, მერე მხარს უჭერენ. ნოემბრის არჩევნების შემდეგ მთელი ოპოზიცია რომ გაერთიანებულიყო და მხოლოდ ნაციონალებს გამიჯვნოდნენ, ახლა სულ სხვა რეალობა იქნებოდა ქვეყანაში. დღეს ამ ხალხმა ამომრჩეველი დაკარგა. ნახავთ, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე იმაზე დაბალ პროცენტებს მიიღებენ, ვიდრე საპარლამენტო არჩევნებზე მიიღეს”, - დასძენს ანალიტიკოსი და შეკითხვაზე - “ამომრჩევლის განწყობაზე ფარული ჩანაწერების ფაქტი არ იმოქმედებს?” - პასუხობს:

“არა მგონია. კონკრეტულად ვერც ერთ პოლიტიკურ ძალას ვერ დავასახელებ, მაგრამ თავისი არსით და გამოქვეყნების პერიოდის თვალსაზრისით ძალიან ჰგავს იმ ოპოზიციური ძალის მოქმედებას, რომელსაც არჩევნების წინ “ციხის კადრების ეფექტის” მოხდენა ხელს აძლევს. თუმცა სულ ტყუილად, მსგავსი ეფექტი რომ გამოეწვიათ, გაცილებით დიდი “საზიზღრობა” უნდა გამოეტანათ სამზეოზე. მხოლოდ იმის გახმოვანებით, რომ ხელისუფლება თურმე გვისმენდა, საზოგადოებას ვერ აღაშფოთებ. არა მგონია, საქართველოში მოიძებნებოდეს ისეთი ადამიანი, ვინც გაიოცებს, არ მეგონა, თუ მისმენდნენო. პირადად მე ერთი დღეც არ მიცხოვრია ისეთ ქვეყანაში, სადაც ხალხს არ უსმენენ. ყველა ხელისუფლება უსმენდა ხალხს... რაც შეეხება სააკაშვილს, მან უკან დასახევი გზების ძიება დაიწყო: აჯანყდით, ბატონო, გაიმარჯვეთ და ჩამოვალო. მზამზარეულზე რომ ჩამოვა, მაგაში ეჭვი ვის ეპარება?!”

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა