ორგანიზაციების ICDI და IDMC შეფასებით, საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს ძირითადად მშვიდ გარემოში, გამჭვირვალედ და საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად

„დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრისა“ (ICDI) და ,,ინსტიტუციური განვითარებისა და მონიტორინგის ცენტრის“ (IDMC) შეფასებით, საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს ძირითადად მშვიდ გარემოში, გამჭვირვალედ და საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად, თუმცა მნიშვნელოვანია მედიის წარმომადგენლებმა და სხვა ჩართულმა მხარეებმა საარჩევნო კომისიებზე ზეწოლის გარეშე უზრუნველყონ საკუთარი უფლებამოსილების განხორციელება.

,,დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრი“ (ICDI) და ,,ინსტიტუციური განვითარებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (IDMC) ერთობლივი სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში 13 გრძელვადიანი დამკვირვებლის მეშვეობით აკვირდება მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებს.

აღნიშნული ორგანიზაციები ამ დროისათვის, მათივე დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე აფასებენ საარჩევნო უბნების გახსნის, კენჭისყრამდე ჩასატარებელ პროცედურებსა და კენჭისყრის პროცესს, რომლებიც ძირითადად საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად წარიმართა, კერძოდ:

„საარჩევნო უბნები ძირითადად 07:00 საათზე გაიხსნა, თუმცა დაფიქსირდა 2 შემთხვევა, როცა უბნები გაიხსნა 5 წუთიანი დაგვიანებით.

უბნების გახსნის მომენტისათვის საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა რაოდენობა საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნის შესაბამისი იყო და ძირითადად, უბნებზე გამოცხადდნენ 13-17 წევრი.

საარჩევნო უბნის გახსნიდან კენჭისყრის დაწყებამდე პროცედურები წარიმართა მშვიდ ვითარებაში საარჩევნო კანონმდებლობის დაცვით.

წილისყრით ფუნქციების გადანაწილებისას დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როცა გადასატანი ყუთის წამღები პირის გამოვლენის წილისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს ,,ევროპული საქართველოს“, „გირჩის“, ,,გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებლის“, ,,ლელოსა“ და ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დანიშნულმა წევრებმა.

ჩვენი დამკვირვებლების ინფორმაციით, 08:00 საათისთვის საარჩევნო უბნები მზად იყო ამომრჩევლების მისაღებად.

თერმოსკრინინგთან დაკავშირებით რამდენიმე უბანზე დაფიქსირდა ტექნიკური გაუმართაობა.

რამდენიმე უბანზე ნაკადის მომწესრიგებელმა ამომრჩეველს არ მოსთხოვა პირბადის დროებით ჩამოხსნა იდენტიფიცირების მიზნით.

საარჩევნო უბნებზე შეიმჩნევა ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა.

რამდენიმე უბანზე ნაკადის მომწესრიგებლებს უჭირდათ ამომრჩეველთა ნაკადის მართვა ამომრჩეველთა დიდი რაოდენობის გამო.

ამომრჩეველთა ერთიანი სიის განახლებული სია არ იყო თვალსაჩინო ადგილზე გამოკრული 1 საარჩევნი უბანზე, თუმცა ხარვეზის აღმოჩენის შემდეგ დროულად გამოსწორდა აღნიშნული გარემოება.

N4 კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიის შემავალ უბნებზე დაფიქსირდა ხმის მიცემის ელექტრონული აპარატების ტექნიკური შეფერხება, რომელთა ჩანაცვლება მოხდა ყუთებით.

დაფიქსირდა შემთხვევა, როცა რეგისტრატორმა ორი ერთი და იმავე სახის ბიულეტენი გადააყოლა, რის თაობაზეც მისი მხრიდან დაიწერა ახსნა-განმარტება.

გადასატანი ყუთების ნაწილი უკვე დაბრუნებულია საარჩევნო უბნებში.

ამომრჩევლებს შევახსენებთ, რომ დღეს კენჭისყრა მიმდინარეობს 20:00 საათამდე და კენჭისყრის პროცესში მონაწილეობისათვის თან უნდა იქონიონ: საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან/და საქართველოს მოქალაქის პასპორტი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა