„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ - განსაკუთრებით ბევრი დარღვევა მარნეულის საარჩევნო უბნებზე დაფიქსირდა

2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების კენჭისყრის დღის ბოლო საათებში რიგ საარჩევნო უბნებზე ვითარება დაიძაბა და დაფიქსირდა ინციდენტები, რითაც ჩრდილი მიადგა კენჭისყრის მშვიდ და სამართლიან გარემოში წარმართვის პროცესს. ამის შესახებ ინფორმაციას „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დამკვირვებლებს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეების მხრიდან შეხვდათ წინააღმდეგობები საჩივრების დარეგისტრირების პროცესში. ერთი დამკვირვებელი უსამართლოდ გააძევეს საარჩევნო უბნიდან. როგორც „ადამიანის უფლებათა ცენტრში“ განმარტავენ, ხარვეზები და დარღვევები იყო ხმების დათვლის პროცესშიც.

საერთო ჯამში, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მონიტორებმა საარჩევნო უბნების დახურვამდე დაწერეს 24 საჩივარი და 48 შენიშვნა შეიტანეს ჩანაწერთა წიგნში. 11 საჩივარი წარედგინა საოლქო საარჩევნო კომისიებს. რამდენიმე საარჩევნო უბანზე ვითარება დაიძაბა დღის მეორე ნახევარში და უბნების დახურვის წინ.

„კენჭისყრის დასრულებისას იმ საარჩევნო უბნების უმრავლესობაზე, სადაც ადამიანის უფლებათა ცენტრი მონიტორინგს ახორციელებს, დაფიქსირდა ისეთი სახის დარღვევები და ხარვეზები, როგორიც არსებით გავლენას ვერ მოახდენს არჩევნების საბოლოო შედეგებზე. იმერეთის რეგიონის საარჩევნო უბნებზე, სადაც ორგანიზაცია არჩევნებს აკვირდებოდა, დარღვევები არ ყოფილა. შესაბამისად, დამკვირვებლებს საჩივარი არ დაუწერიათ და მხოლოდ ერთი საჩივარი წარედგინა საოლქო საარჩევნო კომისიას. საარჩევნო უბნებზე მხოლოდ ერთი საჩივარი დაიწერა და ერთიც საოლქო საარჩევნო კომისიას წარედგინა კახეთში - ყვარლის, თელავისა და ლაგოდეხის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში (ყარაჯალა, კაბალი, ჩანტლისყურე, თივი, სარუსო), საგარეჯოს სოფლებიდან კი მხოლოდ 3 საჩივარი დაიწერა უბნებზე და სამივე დარეგისტრირდა საოლქო საარჩევნო კომისიაში განსახილველად.

სერიოზული პრობლემებით მიმდინარეობდა როგორც კენჭისყრა, ისე ხმების დათვლა ქვემო ქართლის რეგიონში, ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტების იმ სოფლებში, სადაც ეთნიკური უმცირესობები ცხოვრობენ. ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ დაფიქსირებული დარღვევებისა და საჩივრების ნახევარზე მეტი მარნეულის მუნიციპალიტეტში არსებულ საარჩევნო უბნებს ეხება (16 საჩივარი; 32 შენიშვნა ჩანაწერთა წიგნში; და 4 საჩივარი საოლქო კომისიაში). ბოლნისის მუნიციპალიტეტის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში საარჩევნო უბნებზე დამკვირვებლებმა 4 საჩივარი დაწერეს, საოლქო საარჩევნო კომისიას კი 2 საჩივარი წარუდგინეს.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს საოლქო საარჩევნო კომისიებს და ცესკოს, ობიექტურად, მიუკერძოებლად განიხილონ დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ წარდგენილი საჩივრები. არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე, მნიშვნელოვანია, კენჭისყრის მიმდინარეობისას დაფიქსირებულ დარღვევებსა და ინციდენტებზე საოლქო და ცენტრალურმა საარჩევნო კომისიებმა მიიღონ კანონით განსაზღვრული ობიექტური გადაწყვეტილებები და გაატარონ მკაცრი ზომები საუბნო საარჩევნო კომისიების კანონდამრღვევი წევრების თუ თავმჯდომარეების მიმართ,“-ნათქვამია განცხადებაში.

მათივე ცნობით, 2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ადამიანის უფლებათა ცენტრი 51 კვალიფიციური დამკვირვებლით საქართველოს სამ რეგიონში დააკვირდა: 1. კახეთში - საგარეჯოს, ყვარლის, თელავის და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტების ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში (ყარაჯალა, ჩანტლისყურე, თივი, სარუსო, კაბალი); 2. ქვემო ქართლში - გარდაბნის, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში (ნახიდური, ტალავერი, სავანეთი, ჭაპალა, მამხვითი, ქვემო ართევანი, ქეშალო, ლამბალო, დუზაგრამა, საზათენდი, კალინინო, მარნეული, აზიზქენდი, საბირქენდი და ყიზილაჯლო); 3. იმერეთში ქუთაისის, ხონის, თერჯოლის და წყალტუბოს მუნიციპალიტეტების სპეციფიკურ საარჩევნო უბნებზე, სადაც შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს დარღვევებს არჩევნების მიმდინარეობისას.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის პირველადი შეფასებით, საქართველოში ბოლო წლებში ჩატარებული არჩევნების მსგავსად, დამკვირვებელთა მიერ იდენტიფიცირებული დარღვევების დიდი ნაწილი გამოწვეულია საუბნო საარჩევნო კომისიის წარმომადგენელთა დაბალი კვალიფიკაციით. კომისიის წევრებისა და თავმჯდომარეების მიერ დაშვებულ ტექნიკური ხასიათის შეცდომებსა თუ დარღვევებზე დამკვირვებელთა სამართლიანი შენიშვნები და საჩივრები ხშირად იწვევს მათ გაღიზიანებას და ამის გამო საარჩევნო უბნებზე იქმნება დაძაბულობა, ზოგჯერ კი - კონფლიქტები.

ადამიანის უფლებათა ცენტრმა მარნეულის 22-ე საარჩევნო ოლქის 48-ე საარჩევნო უბნის შედეგების ბათილობა მოითხოვა.

მარნეულის 22-ე საარჩევნო ოლქის 48-ე საარჩევნო უბანზე კომისიის წევრები ზეწოლას ახდენდნენ ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელზე - ეუბნებოდნენ, რომ პრეტენზია არაფერზე გამოეთქვა და არ დაეწერა საჩივრები. ცენტრის დამკვირვებელს კომისიის წევრები არ აძლევდნენ მობილური ტელეფონით ვიდეოს გადაღების საშუალებას და მას „თითების დამტვრევით“ ემუქრებოდნენ. დამკვირვებლის მიმართ აგრესია გამოხატა კომისიის თავმჯდომარემაც. მან დამკვირვებელს ხელი კრა და კედელს მიანარცხა. დამკვირვებელი იძულებული გახდა, დაერეკა მარნეულის #22-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში. კომისიის წარმომადგენლების საარჩევნო უბანზე მოსვლის შემდეგ სიტუაცია დროებით განიმუხტა, მაგრამ მათი წასვლის შემდეგ უბანზე კვლავ ქაოტური სიტუაცია გაგრძელდა.

ამ უბანზე დამკვირვებელმა დააფიქსირა რამდენიმე ამომრჩევლის მიერ ხმის ორჯერ მიცემის ფაქტი. ყუთთან მდგომი კომისიის წევრი მათ არ აძლევდა კონვერტის ყუთში მოთავსების საშუალებას იმ არგუმენტით, რომ ამ კონკრეტულ ამომრჩევლებს უკვე მიცემული ჰქონდათ ხმა სასურველი კანდიდატისთვის. ამის შემდეგ რამდენიმე პირმა ძალის გამოყენებით შეძლო კონვერტის ყუთში მოთავსება.

ადამიანის უფლებათა ცენტრმა #48-ს საარჩევნო უბნის ბათილობა მოითხოვა.

ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლების ინფორმაციით, საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე ხშირად აქვს ადგილი უმეტესწილად მმართველის პარტიის - „ქართული ოცნების“ კოორდინატორებისა და აგიტატორების მობილიზებას და მათ მიერ ამომრჩეველთა აღრიცხვას. ისინი აღწერენ მოსულ ამომრჩევლებს, ნიშნავენ თავიანთ სიებში, ესაუბრებიან და ზოგჯერ ამ საუბარს აგიტაციის ფორმა აქვს. მსგავსი ფაქტები, პირდაპირ თუ არაპირდაპირ, ხელს უშლის საარჩევნო პროცესში მოქალაქეთა თავისუფალი ნების გამოვლენას. საქართველოს საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში ან კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება. ასევე, დაუშვებელია კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრება და ამომრჩეველთა აღრიცხვა. საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიებზე მმართველი პარტიის წარმომადგენელი კოორდინატორებისა და აგიტატორების უკანონო ქმედებებზე არ ხორციელდება სათანადო მონიტორინგი, კონტროლი და რეაგირება სახელმწიფო უწყებების მხრიდან. მსგავსი ფაქტების აღკვეთაზე პასუხისმგებელი უწყება არის პოლიცია. პოლიციას კი ინფორმაცია უნდა მიაწოდონ საუბნო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეებმა, რომელთა უბნის უშუალო სიახლოვეს მიმდინარეობს ამომრჩეველთა ნების თავისუფალი გამოვლენის ხელშემშლელი და ჯანსაღი საარჩევნო პროცესის დამაზიანებელი მოქმედებები. თუმცა, უმრავლეს შემთხვევებში, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეები თავს იკავებენ პოლიციის მისამართით მსგავსი შეტყობინების გაკეთებისაგან და აცხადებენ, რომ ამ ფაქტებზე რეაგირება არ მიეკუთვნება მათ უფლებამოსილებას.

კენჭისყრის მიმდინარეობისას საარჩევნო უბნებზე იდენტიფიცირებული დარღვევების თაობაზე რეგისტრირებული საჩივრები ადამიანის უფლებათა ცენტრმა საოლქო საარჩევნო კომისიებს წარუდგინა. სამომავლოდ, საჭიროების შემთხვევაში, ორგანიზაცია სასამართლოსაც მიმართავს სარჩელებით, რათა არც ერთი დარღვევა არ დარჩეს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირების გარეშე.

ადამიანის უფლებათა ცენტრი შემდეგი დღეების განმავლობაში და შემდეგ - მონიტორინგის საბოლოო ანგარიშში დეტალურად აღნუსხავს ყველა დარღვევას, რაზეც დაიწერა საჩივარი და შენიშვნები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

2 ოქტომბერს ადამიანის უფლებათა ცენტრი მთელი დღის განმავლობაში აწვდიდა მედიას ინფორმაციას სხვადასხვა უბნებზე დაფიქსირებული დარღვევების ფაქტებისა და ტენდენციების შესახებ. დამკვირვებელთა მიერ მოწოდებული ინფორმაცია, ასევე ქვეყნდებოდა ორგანიზაციის ინტერნეტ-გაზეთში - www.humanrights.ge, ქართულ და ინგლისურ ენებზე, ასევე - ფეისბუკგვერდზე - https://www.facebook.com/humanrights.ge იუთუბ-არხზე და ტვიტერზე,“- ნათქვამია ინფორმაციაში.

ადამიანის უფლებათა ცენტრის პროექტები ასევე ითვალისწინებდა წინასაარჩევნო პერიოდზე დაკვირვებას გრძელვადიანი დამკვირვებლების საშუალებით. დაკვირვებისას ყურადღება გამახვილდა შემდეგ საკითხებზე: ადმინისტრაციული რესურსის საარჩევნო მიზნით გამოყენება, საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება, ამომრჩევლებზე ზეწოლა, იძულება და მოსყიდვა, საარჩევნო სუბიექტების დაშინების, მუქარისა და ძალადობის შემთხვევები და სხვა მნიშვნელოვანი დარღვევები.

ადამიანის უფლებათა ცენტრმა 1 ოქტომბერს გამოაქვეყნა შემაჯამებელი ნიუსლეთერი, რომელშიც წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგისას გამოვლენილი ტენდენციები და მიგნებებია ასახული.

ადამიანის უფლებათა ცენტრმა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციამ (FIDH), ასევე, 1 ოქტომბერს გაავრცელა დოკუმენტი - „სიახლეები საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ“, სადაც შეფასებულია წინასაარჩევნო პერიოდის პოლიტიკური კონტექსტი, სასამართლოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული საკითხები - სავარაუდოდ პოლიტიკური მოტივით მიმდინარე სასამართლო პროცესების ჩათვლით, მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებული პრობლემები და უკანონო მოსმენების შემაშფოთებელი ფაქტები. ადამიანის უფლებათა ცენტრი არის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციის (FIDH) წევრი ორგანიზაცია საქართველოდან.

2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მონიტორინგის პროექტებს ადამიანის უფლებათა ცენტრი ახორციელებს საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის და შავი ზღვის ფონდი - რეგიონული თანამშრომლობისთვის მხარდაჭერით.

გიორგი ბილანიშვილი - სამწუხაროდ, ხელისუფლებას, რომელსაც განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება ქვეყნის უსაფრთხოებაზე და მომავალზე, არ გააჩნია ფართო ხედვა და ვერ ახერხებს საერთაშორისო მოვლენების განვითარების სწორად აღქმასა და გააზრებას
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2022
ლევან ცუცქირიძე - საქართველოში აუცილებელია პოლარიზაციის დასრულება, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ რთულ საკითხზე შეთანხმება
კავკასიაში პირველი ციფრული ლოგისტიკის მენეჯმენტის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა - კავკასიის უნივერსიტეტისა და TH Wildau-ის პარტნიორობის პერსპექტივები
"ლიბერთიმ" -,,გაზარდე შენი ბიზნესი“ კამპანიის ფარგლებში აგრო და ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრები დაიწყო