ქართული პრესის მიმოხილვა 04.10.2021

ვახტანგ ძაბირაძე - “კალაძემ პირველივე ტურში რომ ვერ გაიმარჯვა, ეს გახარიას “დამსახურებაა”

რეფერენდუმზე საუბარს წერტილი დაესვა - რა ბერკეტი რჩება ოპოზიციას ვადამდელი არჩევნების მისაღწევად

კახა გოგოლაშვილი - “ოპოზიციური ერთობა ყველაზე მეტად “ნაციონალურმა მოძრაობამ” დააზარალა”

მეორე ტური თბილისში და “ოცნების” უმრავლესობა საკრებულოში - რას ნიშნავს დედაქალაქში დაფიქსირებული შედეგები

კობა დავითაშვილის მეუღლე - “კობამ ყველას აპატია, გარდა სააკაშვილისა”

* * *

ვახტანგ ძაბირაძე - “კალაძემ პირველივე ტურში რომ ვერ გაიმარჯვა, ეს გახარიას “დამსახურებაა”

“სიმართლე გითხრათ, ჩემთვის ამ შედეგებში მოულოდნელი ბევრი არაფერი ყოფილა. დარწმუნებული ვიყავი, რომ არჩევნების პროპორციულ ნაწილში პირველ ადგილზე “ქართული ოცნება”გავიდოდა, მეორეზე “ნაციონალური მოძრაობა”, მესამეზე კი გიორგი გახარიას პარტია. სავარაუდოდ, პროცენტული მაჩვენებელი იქნებოდა განსხვავებული, რომ არა ის მოვლენები, რაც 1-ლ ოქტომბერს განვითარდა. ჩემი აზრით, ამან ახეირა “ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა” და დაარტყა გახარიას პარტიას, თუმცა, ვფიქრობ, მის მიერ მოპოვებული მხარდაჭერა მაინც ანგარიშგასაწევია. წვრილი პარტიები მართლაც გაიკრიფნენ თვალსაწიერიდან, მაგრამ ამას მხოლოდ მიშას ჩამოსვლას ნუ დააბრალებენ, უპირველესად, საკუთარ თავს დააბრალონ. შარშანდელი არჩევნებიდან მოყოლებული ამ პარტიებმა, ჩვენდა სამწუხაროდ, ყველაფერი გააკეთეს, რომ დღეს სწორედ ამგვარი შედეგი მიეღოთ“, - აცხადებს ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “კალაძემ პირველივე ტურში რომ ვერ გაიმარჯვა, ეს გახარიას “დამსახურებაა” / “რიგგარეშე არჩევნების ჩატარების შესაძლებლობას ისევ არ გამოვრიცხავ, იმის მიუხედავად, თუ რა მხარდაჭერა მიიღო “ქართულმა ოცნებამ”.

“რაც შეეხება თბილისის მერის არჩევნებს, მას შემდეგ, რაც გიორგი გახარიამ დააყენა კანდიდატურა, ცხადი იყო, რომ აუცილებელი გახდებოდა მეორე ტურის ჩატარება, კალაძემ პირველივე ტურში რომ ვერ გაიმარჯვა, ეს გახარიას “დამსახურებაა”, თუმცა დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, კალაძე მეორე ტურში აუცილებლად გაიმარჯვებს. პირველ ტურში მოპოვებულ მის ხმებს დაემატება გახარიას მხარდამჭერთა ხმების აბსოლუტური უმრავლესობა და ასევე იმ პატარა პარტიების ხმებიც, როგორიცაა, მაგალითად, ანა დოლიძის პარტია, “ლელო” და “პატრიოტთა ალიანსი”... ჩემთვის სასიამოვნო მოულოდნელობა ის იყო, რომ არჩევნებზე ასეთი აქტიურობა ვნახეთ, მილიონ რვაასი ათასზე ცოტა მეტი მოქალაქე მივიდა საარჩევნო ურნებთან, რაც ნიშნავს, რომ უამრავი იმედგაცრუების მიუხედავად, საზოგადოებაში მაინც არსებობს იმედი იმისა, რომ ქვეყანაში არჩევნების გზით შესაძლებელია ცვლილებები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთი აქტიურობა ადგილობრივ არჩევნებზე არ იქნებოდა. ამ მიმართულებით სააკაშვილის ჩამოსვლამ და ოპოზიციის განცხადებებმა, რომ ეს არჩევნები უნდა ექციათ რეფერენდუმად, ნაყოფი გამოიღო, თუმცა მოლოდინი, რომ “ოცნება” 43%-იან მხარდაჭერას ვერ მიიღებდა და ოპოზიცია რიგგარეშე არჩევნებისთვის ბრძოლას დაიწყებდა, არ გამართლდა”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“ქართულმა ოცნებამ” მიიღო სასურველი პროცენტები, რასაც, ჩემი აზრით, სააკაშვილის ჩამოსვლამ დიდად შეუწყო ხელი. რომ არ დაგიმალოთ, მეგონა, სააკაშვილის ჩამოსვლა უფრო დიდი დარტყმა იქნებოდა გიორგი გახარიასთვის, ვიდრე აღმოჩნდა. თუმცა, ჩემი აზრით, მან სააკაშვილის ფაქტორის გათვალისწინებით, საკმაოდ კარგი შედეგი აჩვენა. რაც მთავარია, ნამდვილად გამოიკვეთა მესამე ძალა, რომელიც პროპორციულ ნაწილში ორჯერ უსწრებს მის შემდგომ ოპოზიციურ პარტიას. ორიოდე სიტყვით ამ პატარა პარტიებსაც შევეხები. იმის ნაცვლად, მათ ეს ერთი წელი მოეხმარებინათ იმისთვის, რომ დაფუძნებულიყვნენ ამომრჩევლის თვალში როგორც მესამე, დამოუკიდებელი ძალა, მთელი წელი თავიანთ ამომრჩევლიანად შეწირეს “ნაციონალურ მოძრაობას”. არ შეიძლებოდა თუნდაც საპარლამენტო არჩევნების შემდგომი პროტესტისას ასე შეზრდილიყვნენ “ნაციონალურ მოძრაობასთან”. აუცილებელი იყო დამოუკიდებლად პოზიციონირება, რაც არ გააკეთეს”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ნაციონალურმა მოძრაობამ~ და მასთან შექმნილმა ოპოზიციურმა ერთობამ სწორი სტრატეგია შეარჩიეს, როდესაც მერობის კანდიდატებად ლიდერები დაასახელეს - ხატია დეკანოიძის, გიგი უგულავასა და დავით კირკიტაძის დასახელება სწორი ნაბიჯი იყო, მაგრამ რა იქნება მეორე ტურში? არაერთგზის მითქვამს, რომ დღევანდელი ოპოზიციის პრობლემა მისი ლიდერების განსხვავებულ ხედვაში კი არა, სრულიად განსხვავებული პოზიციის ამომრჩეველშია. ლიდერებმა შეიძლება ერთმანეთში მოილაპარაკონ ბევრ რამეზე, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ოპოზიციონერ ლიდერთა ერთიანობა ვერ უზრუნველყოფს ოპოზიციონერი ამომრჩევლის გაერთიანებას. მაგალითად, “ლელო” თავის ამომრჩეველს მოუწოდებს, რომ მეორე ტურში მხარი დაუჭიროს ოპოზიციის კანდიდატებს, მაგრამ არა ვარ დარწმუნებული, რომ “ლელოს” მხარდამჭერების მნიშვნელოვანი ნაწილი მზად იყოს “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატების მხარდასაჭერად”, - თვლის ექსპერტი.

“ოპოზიციამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ სადაც მეორე ტური ჩატარდება, მათმა წარმომადგენლებმა გაიმარჯვონ, ეს უმნიშვნელოვანესია. თუ მართლაც გაიმარჯვებენ და შემდგომ სწორად წარმართავენ საქმიანობას, ეს იქნება ერთი ნაბიჯი პოლარიზაციის ხარისხის შემცირებისა და თანამშრომლობისკენ, რამაც საბოლოოდ კოალიციურ მმართველობამდე უნდა მიგვიყვანოს. მით უფრო საინტერესოა, რომ რამდენიმე ქალაქში, მაგალითად, ზუგდიდში, წინასწარი მონაცემებით, საკრებულო ოპოზიციური იქნება. მაგრამ შეძლებენ კი ამ წარმატების გამყარებას? მაგალითად, ხატია დეკანოიძეს საკმაოდ შთამბეჭდავი შედეგი აქვს ქუთაისში და ცოტა სჭირდება საბოლოო გამარჯვებამდე, მაგრამ არის კი ამომრჩეველში ამის მისაღწევად საჭირო რესურსი? რა მხარდაჭერაც მიიღო დეკანოიძემ პირველ ტურში, ეს მისთვის და მისი ძალისთვის პიკია, ანუ ის ოპოზიციური ხმები, რაც მიიღეს სხვა ოპოზიციური პარტიების კანდიდატებმა წავა კი “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატის მხარდასაჭერად? მეეჭვება, ასე მოხდეს. დიდი იმედი მაქვს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” არ გაიმეორებს, მაპატიეთ და, იმ პოლიტიკურ სიბეცეს, რაც 2016 და 2021 წლებში დაემართათ, როდესაც მაჟორიტარები მოხსნეს და მეორე ტურში მონაწილეობა არ მიიღეს. იმედია, ისევ აქციებისა და არეულობის გზით არ წავლენ”, - მიიჩნევს ვახტანგ ძაბირაძე.

“ვერ ვიტყვით, რომ ეს არჩევნები ძალიან განსხვავდებოდა წინასგან - ან უარესი იყო, ან უკეთესი. არ შველის საარჩევნო გარემოს გაჯანსაღებას მხოლოდ საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებები. ბევრი სხვა ფაქტორიც მუშაობს და ეს კომპლექსური პრობლემაა. შესაძლოა ხმის მიცემის პროცედურა შედარებით მოწესრიგებული იყო, მაგრამ არსებითი უკეთესობა და ახალი საარჩევნო ერის დასაწყისი ნამდვილად არ გვინახავს. ჩვენთან ტრადიციულად ხელისუფლება მაშინ იცვლება, როდესაც ოპოზიციონერი ამომრჩეველი ერთიანია არა არითმეტიკული ჯამით, არამედ ერთი კონკრეტული ჯგუფის მხარდასაჭერად რომ ერთიანდება. ასე მოხდა 2003 და 2012 წლებშიც. ეს უნდა გაიაზროს ოპოზიციამ, მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებს ქმედითი ნაბიჯების გადადგმას”, - განმარტავს რესპონდენტი.

“სიმართლე გითხრათ, რიგგარეშე არჩევნების ჩატარების შესაძლებლობას ისევ არ გამოვრიცხავ, იმის მიუხედავად, თუ რა მხარდაჭერა მიიღო “ქართულმა ოცნებამ”. იმიტომ კი არა, რომ არჩევნების არალეგიტიმურობის გამო გამოვა ხალხი ქუჩაში, არა, უბრალოდ, იმდენად რთული სოციალურ-ეკონომიკური ვითარებაა, შესაძლოა ამან გაიყვანოს ხალხი ქუჩაში. ოპოზიცია უნდა ჩამოყალიბდეს და გაიაზროს, რა სურს. სააკაშვილის ჩამოსვლით ოპოზიცია ჩამოვიდა ყველაზე მაღალ კოზირს, რაც კი მის ხელში იყო. ეს ქმნის ახალ რეალობას, რის შედეგადაც, ბოლოს და ბოლოს, იქნებ მართლაც მოხდეს “ნაციონალური მოძრაობის” რეალური რებრენდინგი. იმედია, ხედავენ, რომ მათი ძველი პოლიტიკური კაპიტალი, მათ შორის სააკაშვილის ფაქტორიც, გახარჯულია”, - ამბობს ექსპერტი და შეკითხვაზე - “მივედით გასული კვირის ყველაზე უცნაურ ამბამდე, რასაც სააკაშვილის საქართველოში დაბრუნება ჰქვია...” - პასუხობს:

“გულწრფელად გითხრათ, ვფიქრობდი, რომ მისი ჩამოსვლის ალბათობა ძალიან მცირე იყო, მაგრამ ჩამოვიდა, თან სრულიად გაუგებარი რამ მოხდა - კაცი, რომელიც ამდენი წელია ქვეყნიდან გაქცეულია, ჩამოვიდა და, ფაქტობრივად,­- ჩაბარდა. უნდა ვაღიარო, ვერ გავიგე, რეალურად რა მიზანი ჰქონდა მის ჩამოსვლას. ის, რომ ხელისუფლება შოკში იყო, როცა სააკაშვილმა განცხადება გაავრცელა, გამოჩნდა იმათ განცხადებებში, ვისაც ეკრანზე ვხედავდით. ათასი სისულელე მოვისმინეთ მათგან, რაც თავისთავად ცალკე აუხსნელი რამაა. დავუშვათ ვიღაცამ იცოდა სააკაშვილის შემოსვლის ამბავი, მაგრამ ქვეყნის პირველ პირებს რატომ არ ჰქონდათ ეს ინფორმაცია?! თუ ასეა, ეს არის უნდობლობის კატასტროფული დონე. როგორ შეიძლებოდა პარტიის თავმჯდომარეს, პარლამენტის სპიკერს, მმართველი პარტიის ფრაქციის ლიდერს არაფერი სცოდნოდათ და ამდენი სისულელე ელაპარაკათ. თუ უშიშროება ოპერაციას ატარებდა, ის მაინც ერჩიათ მათთვის, რომ ამგვარი განცხადებები არ გაეკეთებინათ”...

“მეორე მხარეა თვითონ სააკაშვილი. ახლა ამტკიცებს, ლეგალურად შემოვედიო, თუმცა, როგორც ვიცი, ბრალს საზღვრის უკანონო კვეთისთვის წაუყენებენ. უნდა გაირკვეს, როგორ, რა გზით შემოვიდა საქართველოში? დღევანდელი ინფორმაციით, ვიცით, რომ შემოიპარა და რამდენიმე დღე დასეირნობდა ქვეყანაში, მაგრამ გაუგებარია, რომ არ დაეჭირათ, რას აპირებდა, რა ჰქონდა მიზნად? უამრავი კითხვის ნიშანი და ვერსიაა, ვერაფერს გამოვრიცხავთ. უკვე ვთქვი, რომ მისმა ჩამოსვლამ ოპოზიციის ხელში არსებული ყველაზე დიდი კოზირი გაათამაშა. ამით დასრულდა პროცესი, როდესაც სააკაშვილი იყო საარჩევნოდ პოლარიზაციის მნიშვნელოვანი ფაქტორი. უფრო სწორად, ის აქამდე იყო “ნაციონალურ მოძრაობასა” და “ქართულ ოცნებას” შორის შეთამაშებული საარჩევნო ხრიკი, რომელსაც ამგვარი გზავნილით სთავაზობდა მმართველი პარტია საზოგადოებას, ჩვენ თუ არ აგვირჩევთ, მიშა მოვაო... ეს “მგელი მოდის” ძახილი სააკაშვილის ჩამოსვლამ დაასრულა. თავის მხრივ, “ნაციონალური მოძრაობის” ამომრჩეველში იყო განცდა, რომ მიშა ჩამოვიდოდა და ყველაფერს დაალაგებდა, მაგრამ ციხეში ჩაჯდა და მათი მოლოდინიც გაცრუვდა”, - დაასკვნის ძაბირაძე.

“სააკაშვილის ჩამოსვლამ იმუშავა, მაგრამ, ჩემი აზრით, იმუშავა ბოლო ჯერზე. დასრულდა ეპოქა, რომ გვაშინებდნენ, არიქა, “ნაციონალები” მოვლენო. სააკაშვილი დარჩება საქართველოს ციხეში თუ გადასცემენ უკრაინას, აღარ აქვს მნიშვნელობა, მან პოლიტიკური კაპიტალი სრულად ამოწურა. ამიტომაც ამის შემდეგ მისი გავლენა არჩევნებზე ეფემერული იქნება, თუ, რა თქმა უნდა, ხელისუფლება ისეთ პირობებს არ შექმნის, რომ სააკაშვილს ეს კაპიტალი კიდევ შეუნარჩუნოს და მომავალში კვლავაც გამოიყენოს. ჩემი აზრით, სწორი ნაბიჯი ის იქნებოდა, თუ 3-ში მართლაც გაიმართებოდა საპროტესტო აქცია და სააკაშვილი იქ გამოჩენილიყო. ეს იქნებოდა ხელისუფლებისთვის გამანადგურებელი დარტყმა, მაგრამ ესეც არ გააკეთა”, - აღნიშნავს ექსპერტი.

“როდესაც ლოგიკური ბმა არა აქვს ადამიანის მოქმედებებს, ჩნდება უამრავი ეჭვი და ვერსია. მაგალითად, სულაც არ გამოვრიცხავ, რომ სამეული შეთანხმდა მაშინ, როდესაც ღარიბაშვილი და ზელენსკი შეხვდნენ ერთმანეთს და სწორედ იქ გადაწყვიტეს, რომ სააკაშვილი ჩამოვიდოდა, მერე უკრაინა მოითხოვდა მისი მოქალაქის გადაცემას და ესენიც გადასცემდნენ. მაგრამ სააკაშვილი რის ფასად დათანხმდა ამას, თუ ამგვარი რამ მოხდა? თუ ასეთი გარიგების ვერსიას მივყვებით, სააკაშვილის მოტივაციისთვის ორი შესაძლებლობა რჩება - დიდი ფული, რომელიც ძნელი მისახვედრი არ არის ვის შეიძლება გადაეხადა და ჩვენი მეზობელი ქვეყნის ინტერესი. აბა, ევროპიდან და დასავლეთიდან ვნახეთ მიშას ჩამოსვლის თაობაზე რა კატეგორიული განცხადებები გაკეთდა. მოკლედ, ამ ყველაფერს დეტალური და არგუმენტირებული ახსნა-განმარტება სჭირდება. სააკაშვილმა უპირველესად საკუთარ მომხრეებს უნდა აუხსნას, რა იყო მისი საქართველოში ჩამოსვლის მიზანი”, - დასძენს ვახტანგ ძაბირაძე.

რეფერენდუმზე საუბარს წერტილი დაესვა - რა ბერკეტი რჩება ოპოზიციას ვადამდელი არჩევნების მისაღწევად

“მას შემდეგ რაც “მმართველმა პარტიამ” ადგილობრივ არჩევნებში 43%-ზე მეტი უკვე აიღო, შარლ მიშელის დოკუმენტის შესრულებას “ოცნებას” ვერც ოპოზიცია და ვერც დასავლეთი ვეღარ მოსთხოვს. მით უმეტეს, თუ არჩევნები ეუთო-ოდირმა აღიარა და განაცხადა, რომ ის არ ჩატარებულა იმ დონის დარღვევებით, რომ არჩევნების შედეგებზე გავლენა მოეხდინა. ამ შემთხვევაში ოპოზიციას ისღა დარჩება, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს დაელოდოს. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ოპოზიციამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა, როცა ადგილობრივი არჩევნები რეფერენდუმად გამოაცხადა და ირწმუნებოდა, რომ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები გარდაუვალი იქნებოდა. ახლა საკუთარი განცხადებების ტყვეობაში იმყოფებიან და თუ ქვეყანაში რაიმე მნიშვნელოვანი პოლიტიკური რყევები არ მოხდა, მათ 3 წელი ლოდინი მოუწევთ და 2024 წლამდე რიგგარეშე არჩევნების ჩატარების საფუძველი არ იარსებებს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რეფერენდუმზე საუბარს წერტილი დაესვა - რა ბერკეტი რჩება ოპოზიციას ვადამდელი არჩევნების მისაღწევად.

“ცენტრალურმა საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, არჩევნების პროპორციულ ნაწილში პარტიების მიხედვით ხმები ასე გადანაწილდა: “ქართული ოცნება” - 46.68%, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” - 30.7%, “გიორგი გახარია საქართველოსთვის” - 7.8%, “ლელო” - 2.71%, “ევროპული საქართველო” - 1.66%, “პატრიოტთა ალიანსი” - 1.46%, “მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებელი” - 1.34%, “ლეიბორისტული პარტია” - 1.38%, “გირჩი - მეტი თავისუფლება” - 1.44%, “გირჩი” - 0.95%, “ანა დოლიძე ხალხისთვის” - 0.85%, “მოქალაქეები” - 0.83%, “დროა” - 0.61%, “კანონი და სამართალი” - 0.02%. პარალელური დათვლის შედეგები თითქმის იდენტურია - “ქართულ ოცნებას” 47.8 % აქვს, “ნაციონალურ მოძრაობას” - 32,2% და გიორგი გახარიას პარტიას “საქართველოსთვის” - 8,2 %. დამკვირვებლები 2 ოქტომბრის არჩევნების მთავარ პრობლემად საარჩევნო უბნების გარე პერიმეტრზე მიმდინარე მოვლენებს ასახელებენ - ამომრჩევლების აღრიცხვას, მათზე სავარაუდო ზეწოლისა და მოსყიდვის ფაქტებს. “პროცედურები უბნის შიგნით მეტ-ნაკლებად კანონის ფარგლებში მიმდინარეობდა... პრობლემური მოგვეჩვენა უბნის გარე პერიმეტრები. ამ ეტაპისთვის, სამართლიან არჩევნებს შეტანილი აქვს 260-მდე საჩივარი”, - აცხადებს “სამართლიანი არჩევნების” აღმასრულებელი დირექტორი ნინო დოლიძე. არჩევნების დღე ჩატარდა ორგანიზებულად და გამჭვირვალედ. მიუხედავად მცირე პროცედურული გამოწვევებისა, დათვლის პროცესი იყო შეფასებული გამჭვირვალედ, - ამის შესახებ ეუთო/ოდირისა და ევროპარლამენტის დელეგაციის წევრებმა ევროპის საბჭოს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან ერთად შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისიის წევრი კორინა კრეცე აცხადებს, რომ საარჩევნო გარემო კონკურენტული და გამჭვირვალე იყო. “ვამთავრებთ სადამკვირვებლო მისიას. მოხარულები ვართ, რომ საზოგადოებას ჰქონდა იმის სურვილი, გამოეხატა საკუთარი არჩევანი. ვფიქრობ, ეს დემოკრატიის ნიშანია. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია საქართველო წინ წავიდეს ევროპულ გზაზე. მე ქართველ ხალხს ყველაფერს უკეთესს ვუსურვებ, რომ გაიზარდოს სამუშაო ადგილები და ეკონომიკა”, - აცხადებს კრეცი. ევროპარლამენტის წევრი, სადამკვირვებლო მისიის წევრი ტომაშ ზდეჰოვსკი კი აღნიშნავს, რომ საარჩევნო პროცესი დემოკრატიულ გარემოში წარიმართა. “მინდა ვთქვა, რომ პროცესი წარიმართა დემოკრატიულად. არ იყო დარღვევები, იმედი მაქვს, რომ ოპოზიცია და ხელისუფლება გამონახავს საერთო ენას”, - აცხადებს ზდეჰოვსკი. ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილი ფიქრობს, რომ ოპოზიციის მხრიდან რეფერენდუმზე და რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი დასრულებულია. მისი აზრით, ოპოზიციამ თავშივე დაუშვა შეცდომა, როცა ადგილობრივი არჩევნები რეფერენდუმად გამოაცხადა და მასზე ძალიან მაღალი თამასა დააწესა”, - განაგრძობს გამოცემა.

“მას შემდეგ რაც უკვე ცნობილა, რომ “ოცნებამ” პროპორციულ ნაწილში 48% აიღო. შარლ მიშელის დოკუმენტის ამოქმედებას ოპოზიცია ვეღარ მოითხოვს. არც დასავლეთი დაიწყებს ხელისუფლებაზე ზეწოლას. მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა-არჩამოსვლის საკითხიც დღის წესრიგიდან მოიხსნა. ამიტომაც ოპოზიციას ამის მოთხოვისთვის ხელში არანაირი ბერკეტი აღარ უჭირავს. გვახსოვს ალბათ ევროპარალმენტარების განცხადებები, რომ ყველა ეუთო-ოდირის დასკვნას უნდა დავემორჩილოთ. დაიღალნენ გაუთავებელ მედიაციაში მონაწილეობით და სააკაშვილის გათავიუსფლების მოთხოვნითაც თავს არ შეიწუხებენ. ამიტომ ოპოზიცია უნდა დაყაბულდეს იმას, რა შედეგიც დადგა და მონახონ გამოსავალი 2024 წლისთვის ქვეყანაში ორპოლუსიანი პოლიტიკური ველი როგორ დაასრულონ. არ ველი, რომ 2024 წლამდე რიგგარეშე არჩევნები იქნება. თუ ეკონომიკურ-სოცილური პრობლემებით შეწუხებული ხალხი ამ ხელისუფლებას არ აუმხედრდა, სხვაგვარად ოპოზიცია ხალხის ქუჩაში გამოყვანას ვეღარ შეძლებს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

“ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე კი მიიჩნევს, რომ, მართალია, ოპოზიციას რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნის საფუძველი აღარ აქვს, მაგრამ ყველა ბერკეტს გამოიყენებენ იმისთვის, რომ ეს მოთხოვნა გაჩნდეს. ანჯაფარიძის თქმით, დიდი ალბათობით, ოპოზიცია დასავლეთის დარწმუნებას შეეცდება, რომ “ოცნებამ” საგარეო კურსი შეიცვალა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა აუცილებელია. “რა თქმა უნდა, მას შემდეგ, რაც “ოცნებამ” 48% აიღო, ოპოზიციას რეალურად აღარ აქვს ბერკეტი რიგგარეშე არჩევნები მოითხოვოს. თუმცა, ყველაფერს გააკეთებს ოპოზიცია იმისთვის, რომ ეს ბერკეტი ისევ გაჩნდეს”, - ამბობს ანჯაფარიძე, რომლის აზრით, “შეეცდებიან დასავლეთის დარწმუნებას, რომ “ოცნება” საგარეო კურსს უხვევს”, - დასძენს გამოცემა.

“ჩვენ ბოლო დროს ვნახეთ, რომ ხელისუფლებასა და დასავლეთს შორის გარკვეული დაძაბულობა გაჩნდა. ამიტომაც არც ერთ შანს ხელიდან არ გაუშვებენ. ქუჩაში ხალხის გამოყვანის მცდელობაც ექნებათ და ნებისმიერ დესტრუქციულ ქმედებაზე იქნებიან წამსვლელები, რათა 2024 წლისთვის რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს. მართალია, ევროპარლამენტარებმა გააკეთეს განცხადება, რომ ისინი დაიღალნენ და აღარ აქვთ სურვილი დაუსრულებელ მედიაციაში ჩაერთონ, მაგრამ თუკი ოპოზიცია მათ დაარწმუნებს, რომ ხელისუფლება კურსს იცვლის, მაშინ დასავლეთიდან ეს ზეწოლა დაიწყება. საქართველო რეგიონში მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყანაა და ასე ადვილად არ დათმობენ. ვნახოთ, დაველოდოთ ეუთო-ოდირის დასკვნასაც და მერე უფრო დარწმუნებით შეგვიძლია საუბარი ოპოზიცია რას იზამს და რისი შანსები ექნება. მე რა განცხადებებიც მოვისმინე, როგორც ჩანს, ისინი სამოქალაქო საარჩევნო კომისიისგან იღებენ ინფორმაციას. ამიტომ მაინც და მაინც დადებით განცხადებები, რაც მოვისმინე, ჯერ არ ყოფილა”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.

კახა გოგოლაშვილი - “ოპოზიციური ერთობა ყველაზე მეტად “ნაციონალურმა მოძრაობამ” დააზარალა”

“სამწუხაროდ, აგრესიული და სახიფათო პოლიტიკური ძალები გვყავს. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები უკვე დიდი ხანია შეშფოთებული არიან საქართველოში არასტაბილური ვითარების გამო და იმედოვნებენ, რომ არჩევნები რეალობას შეცვლის. მათ არც სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა ახარებთ და არც მისი დაკავება. საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებაც არ იყო ფეიკნიუსი. გერმანიის პრეზიდენტმა ეს ინფორმაცია უარყო, მაგრამ არსებობს ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირის წევრი ქვეყნები შეიკრიბნენ და იმსჯელეს რიგი ქვეყნებისთვის უვიზო რეჟიმის დროებით შეჩერებაზე. ეს არაფრით არ იყო დაკავშირებული საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასთან, როგორც ამის წარმოჩენა “ნაციონალებს” სურდათ. სინამდვილეში ევროკავშირის წარმომადგენლები წუხდნენ იმის გამო, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში 50%-ით გაიზარდა საქართველოდან წასულ თავშესაფრის მთხოვნელთა რიცხვი. ეს უვიზო რეჟიმის სწრაფი შეჩერების საფუძველს იძლევა”, - აცხადებს ექსპერტი კახა გოგოლაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ოპოზიციური ერთობა ყველაზე მეტად “ნაციონალურმა მოძრაობამ” დააზარალა”.

“ქვეყანაში მწვავე პოლიტიკური დაპირისპირებაა. პოლიტიკოსების ერთი ნაწილი არაფერს ერიდება ხელისუფლების შესანარჩუნებლად, მეორე კი არაფერს ერიდება ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად. რადიკალიზმით გამოირჩევა “ნაცმოძრაობა”. თუმცა ასევე ძალიან სარისკოა მმართველი გუნდის საგარეო მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები. ვგულისხმობ თუნდაც 19 აპრილის შეთანხმებიდან გამოსვლას და ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულ ფინანსურ დახმარებაზე უარს. ცალკე თემაა ფარული მოსმენები, რაც ძალაუფლების შენარჩუნების არალეგიტიმური გზაა. ჩვენი დასავლელი პარტნიორები გამუდმებით იმის ცდაში არიან, ხელისუფლებისა და ოპოზიციის პოლიტიკური ბრძოლა როგორმე სამართლებრივ ჩარჩოებში მოაქციონ. ცხადად ხედავენ, რომ პოლიტიკური ძალები წესების გარეშე იბრძვიან. არიან გამონაკლისებიც - თუნდაც “ლელო” და “სტრატეგია აღმაშენებელი”, რომლებიც ცდილობენ მაქსიმალურად კორექტული იყვნენ პოლიტიკურ ბრძოლაში მაგრამ მათ არა აქვთ ელექტორატის შესაბამისი მხარდაჭერა”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კახა გოგოლაშვილი.

“ხოლო ელექტორატის სიმრავლით სწორედ ის ორი პარტია რომ გამოირჩევა, რომელიც აგრესიული და პროვოკაციულია, ეს პოლიტიკური კულტურის დაბალ დონეზე მეტყველებს. ჩვენი საზოგადოება არ არის მზად დემოკრატიული მოწყობისთვის. რადიკალური ძალები ყველგან არიან, მათ შორის ევროპაშიც და ამერიკაშიც, მაგრამ იქ მათი მარგინალიზაცია ხდება. არა მარტო რადიკალიზმს, პოლიტიკაში ყველა უკანონო ხერხის გამოყენებას ხალხი თავად სჯის. დასავლეთში პოლიტიკური ბრძოლა წესების დაცვით მიმდინარეობს. საქართველოში წესების დაცვას არაფრად დაგიდევენ, უფრო მეტიც, კანონზე მაღლა ისეთ იდეალიზებულ ლოზუნგებს აყენებენ, როგორიცაა პატრიოტიზმი, სამშობლოს სიყვარული და ასე შემდეგ... პატრიოტიზმი და სამშობლოს სიყვარული დასავლეთში მატერიალიზებულია კანონის უზენაესობაში, დემოკრატიის განვითარებაში, ადამიანის უფლებების დაცვაში, სამართლიანი პოლიტიკური გარემოს ჩამოყალიბებაში. ჩვენ პატრიოტიზმი სხვაგვარად გვესმის _ თითქოს კრწანისის ველზე ვართ და ყველანაირი ხერხი უნდა გამოიყენო მოწინააღმდეგის გასანადგურებლად. მეტოქე პოლიტიკოსს ვუყურებთ როგორც პირად მტერს”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ჰკითხეთ “ნაციონალური მოძრაობის” ნებისმიერ წევრს, რას ფიქრობს, “ქართული ოცნების” წევრებზე და პირიქით და ორივესგან ისეთ პასუხს მიიღებთ, გული გაგისკდებათ. რატომ ვერ ამჩნევს ქართველი ამომრჩეველი სხვა პოლიტიკურ ძალას “ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” გარდა? იმიტომ, რომ მათი მთავარი ფაქტორი ძალაა. რისთვის სჭირდებათ ძალა? მტრის დასამარცხებლად. თითქოს პერმანენტული ომი იყოს ქვეყანაში, პატივს მხოლოდ იმას სცემენ, ვისაც ხმალი აქვს ქარქაშიდან ამოღებული. ვინც სიტყვით ცდილობს ბრძოლას, არც უსმენენ. სიტყვამ ფასი დაკარგა იმიტომ, რომ მმართველმა ძალამ, რომელიც ძალაუფლების შენარჩუნებას ხალხის გულის მოგებით ცდილობს, სამჯერ გატეხა სიტყვა, სამჯერ თქვა დიდი ტყუილი. საარჩევნო დაპირებებზე არაფერს ვამბობ, შენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო შეიძლება ვერ შეასრულო წინასაარჩევნოდ გაცემული დაპირება. ეს მინუსია, მაგრამ არ არის ტრაგედია. ნამდვილი ტრაგედიაა, როდესაც შეთანხმებას არღვევ, სიტყვის გატეხა შეგიძლია”, - მიიჩნევს ექსპერტი.

“ჯერ პროპორციულ არჩევნებზე გაცემული პირობა გატეხეს და ყველაფერი გადააბრალეს მაჟორიტარებს. შემდეგ 43%-იანი დათქმა გადათქვეს. შარლ მიშელის შეთანხმება არც იყო დადებული, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ახალი დამთავრებული იყო, რომ პარტიის თავმჯდომარემ ტელეეთერებიდან არაერთხელ თქვა, თუ თვითმმართველობის არჩევნებზე 50%-ზე ნაკლებს მივიღებთ, ვადამდელ არჩევნებს დავნიშნავთო. შემდეგ 43%-ზე ჩამოვიდნენ, ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს და მერე უცებ ყველაფერზე უარი თქვეს. ნორმალური პოლიტიკური კულტურის ქვეყანაში ასეთი ქმედებების გამო მმართველი ძალა აუცილებლად დაკარგავდა ამომრჩევლის დიდ ნაწილს. დემოკრატიულ სამყაროში ტყუილების ლაპარაკს არავინ გაამართლებდა. თქვენ ეს უვნებელი ტყუილი არ გეგონოთ, საერთაშორისო ასპარეზზე ძალიან მძიმე ზიანი მოგვაყენეს. მესამე ტყუილი სასამართლო რეფორმების გატარებას უკავშირდება. თქვეს, ვენეციის კომისიის შენიშვნებს გავითვალისწინებთო. ხელი მოაწერეს საგრანტო ხელშეკრულებას, რომლის ძალითაც ქვეყანამ 75 მილიონი ევრო მიიღო. ამავე ხელშეკრულების მიხედვით, სასამართლო რეფორმის დასრულების შემდეგ 75 მილიონი კიდევ უნდა მიგვეღო. `ქართულმა ოცნებამ~, იმის გამო, რომ სასამართლო რეფორმის გატარება არ უნდოდა (კონკრეტულად კი მოსამართლეების არჩევის წესის შეცვლა) ქვეყანას 75 მილიონი ევროს მიღების შესაძლებლობა დაუკარგა”, - დაასკვნის კახა გოგოლაშვილი.

“ეს ყველაფერი რატომ შეგახსენეთ? ქვეყანაში პოლიტიკური კულტურა რომ იყოს, ასეთ ტყუილებს პოლიტიკურ პარტიას, მმართველი ძალა იქნება თუ ოპოზიცია, ამომრჩეველი არ აპატიებდა, “ოცნების” ამომრჩეველმა კი ეს ამბავი ერთ ყურში შეუშვა და მეორიდან გაუშვა. მეორე ნაწილმა ისიც კი თქვა, ძალიანაც კარგი, თუ მოატყუესო. ახლა “ნაციონალებზე” მოგახსენებთ. ოპოზიციაში ლიდერი პარტია კი არის, მაგრამ ყველაზე მეტად მან დააზარალა ოპოზიციური ერთობა, როდესაც შარლ მიშელის დოკუმენტზე დროულად არ მოაწერა ხელი. თუ მართლა უნდოდათ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, მარტო 43%-იანი ბარიერის დათქმის გამო უნდა მოეწერათ ხელი ხელშეკრულებისთვის და “ქართული ოცნებისთვის” უკანდასახევი გზა არ დაეტოვებინათ. არც ვიცი, “ნაციონალების” მიერ “ოცნებისთვის” მიცემულ შანსს რა დავარქვა”, - დასძენს

მეორე ტური თბილისში და “ოცნების” უმრავლესობა საკრებულოში - რას ნიშნავს დედაქალაქში დაფიქსირებული შედეგები

“მეორე ტური თბილისში და უმრავლესობა დედაქალაქის საკრებულოში - ასეთია ადგილობრივი არჩევნების შედეგები, რომელსაც ოპოზიცია რეფერენდუმად განიხილავდა. დედაქალაქის მერობისათვის მეორე ტურში “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი კახა კალაძე და “ნაცმოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია იბრძოლებენ. აქ შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს მეორე ტურის მიღმა დარჩენილი კანდიდატების - გიორგი გახარიას, ანა დოლიძისა და ანა ბიბილაშვილის მხარდამჭერთა პოზიცია, რომელთაც ჯამში ხმების დაახლოებით ხმების 17%-მდე მიიღეს. ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ დედაქალაქში მეორე ტური გახარიას დამსახურებაა და როგორც მოსალოდნელი იყო, მან “ოცნებას” ხმების ნაწილი წაართვა. თუმცა, ამასთანავე მან ხმები წაართვა პატარა პარტიებსაც, რომლებიც თბილისის საკრებულოს მიღმა დარჩნენ. თუმცა ანალიტიკოსები ელიან, რომ მეორე ტურში გახარიას, ანა დოლიძისა და “ლელოს” კანდიდატის ანა ბიბილაშვილის ამომრჩეველი ხმას კახა კალაძეს მისცემენ. მათი აზრით, როცა ერთმანეთის პირისპირ ეს ორი ძალა რჩება, უკვე 9 წელია “ოცნება” იმარჯვებს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით მეორე ტური თბილისში და “ოცნების” უმრავლესობა საკრებულოში - რას ნიშნავს დედაქალაქში დაფიქსირებული შედეგები.

“ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბოლო მონაცემებით, თბილისის მერის არჩევნებში ხმები ასე გადანაწილდა: კახა კალაძე (“ქართული ოცნება”) - 44.96%, ნიკა მელია (“ნაციონალური მოძრაობა”) - 33.94%, გიორგი გახარია (“საქართველოსთვის”) - 9.33%, ანა დოლიძე (“ხალხისთვის”) - 4.64%, ანა ბიბილაშვილი (“ლელო”) - 2.53%. თბილისის მერობის სხვა კანდიდატების შედეგები კი 1 პროცენტზე ნაკლებია. კახა კალაძემ, რომელმაც მმართველი პარტიის ოფისში შაბათს ღამით ეგზიტპოლებზე დაყრდნობით წინასწარ იზეიმა არჩევნების პირველივე ტურში მოგება, მეორე ტურთან დანიშვნასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გააკეთა და საკუთარ ამომრჩეველს ბოდიში მოუხადა. კონსტიტუციონალისტი ვლადიმერ ბოჟაძე აცხადებს, რომ თბილისში მეორე ტურის დანიშვნა ექსპრემიერ გიორგი გახარიას კანდიდატად ყოფნის ფაქტორმა განაპირობა და ეს მოსალოდნელი იყო. ბოჟაძის აზრით, “ლელოს” და დოლიძის ამომრჩეველიც ანტინაციონალური ამომრჩეველია. ამიტომაც მოლოდინია, რომ მათი ხმები კალაძეზე გადანაწილდება. რაც შეეხება გახარიას, გამორიცხულია, რომ მისმა ამომრჩეველმა მხარი მელიას დაუჭიროს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“რა თქმა უნდა, კალაძის მეორე ტურში გადასვლა, სამწუხაროდ, გიორგი გახარიას ფაქტორმა განაპირობა. მან ზუსტად ის ხმები წაიღო, რაც კალაძეს პირველივე ტურში უპირობოდ გაამარჯვებინებდა. რაც შეეხება მეორე ტურს და მოლოდინს, მაინც მგონია, რომ ანა დოლიძის, “ლელოს” და გახარიას ამომრჩეველიც მხარს კალაძეს დაუჭერს. მათი ამომრჩევლები სწორედაც რომ “ნაციონალური მოძრაობის” მოწინააღმდეგეები არიან და პრინციპულად მელიას ისინი მხარს არ დაუჭერენ. ქვეყნის მასშტაბითაც და თბილისშიც გახარიას ფაქტორთან ერთად, ასევე მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლამაც იმოქმედა. თუმცა, ციხეში ჩასმული და ბორკილებდადებული პრეზიდენტის და ლიდერის ნახვა ალბათ მისი ამომრჩევლისთვის მარტივი გადასატანი არ იყო. მესმის გახარიასიც - რომ ის თუ თავის კანდიდატურას არ დააყენებდა, მაშინ ქვეყნის მასშტაბით მის პარტიას უფრო დაბალი შედეგი ექნებოდა. თუმცა, კალაძე 30 ოქტომბერს დამაჯერებლად გაიმარჯვებს და ყველას აჩვენებს ქალაქის მერობას ვინ იმსახურებს. ადამიანს, რომლსაც ქალაქის განვითარებაზე ერთი სიტყვაც კი არა აქვს დაწერილი, ის მერი ვერ გახდება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვლადიმერ ბოჟაძე.

“რაც შეეხება იმას, თუ რას იძლევა პოლიტიკურად დედაქალაქში დანიშნული მეორე ტური, რადგანაც თბილისის არჩევნებს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაზე დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია, ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ როცა მეორე ტურში “ნაციონალები” და “ოცნება” ერთმანეთს უპირისპირდებიან, უკვე მე-9 წელია მოსახლეობა „ნაცების“ ხელისუფლებაში არდაბრუნების შიშით მობილიზებას ახდენს. ამიტომაც ისევ მმართველი გუნდის კანდიდატი იმარჯვებს. ასე მოხდა 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნების დროსაც. ამიტომ საყვარელიძე დარწმუნებულია, რომ, როგორც გიორგი გახარიას, ასევე “ლელოს” და ანა დოლიძის ამომრჩეველიც, ხმას კალაძეს მისცემს”, - აგრძელებს გამოცემა.

“რა თქმა უნდა, როგორც კი გიორგი გახარიამ თბილისის მერობაზე საკუთარი კანდიდატურა დააყენა, გასაგები იყო, რომ ხმებს კალაძეს წაართმევდა. ამიტომ მეორე ტური გასაკვირი არ არის. თუმცა, როცა მეორე ტურები იმართება, ყოველთვის ხმას მმართველ გუნდს აძლევენ. გახარიამ თავის ამომრჩეველს რომც არ მოუწოდოს კალაძეს მხარი დაუჭირეთო, ისინი ხმას მეორე ტურში მაინც კალაძეს მისცემენ. რაც შეეხება ოპოზიციის განცახდებას, რომ თუ გახარია რეალური ოპოზიციონერია, მან თავის ამომრჩეველს მელიას მხარდაჭერისკენ უნდა მოუწოდოს, ეს აბსურდია. გახარიას, რა თქმა უნდა, პატარა პარტიების მხარდამჭერებმაც მისცეს ხმა, მაგრამ მისი ელექტორატი მაინც “ოცნების” ნაწილია. ამიტომ გახარია თუ ამას იზამს, რაშიც ეჭვი მეპარება, ის იმ მხარდაჭერას დაკარგავს, რაც მოპოვებული აქვს. პირიქით, მას თუ მესამე ძალად ჩაამოყალიბება უნდა, საერთოდ არც ერთის მხარე არ უნდა დაიკავოს”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

“რაც შეეხება იმ რეალობას, რაც პოლიტიკურად როგორც დედაქალაქში, ასევე ქვეყანაში მივიღეთ, ის რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული. პირველ რიგში საინტერესოა ანა დოლიძის რეიტინგი, რაც ასევე მოსალოდნელი იყო. ეს არის მისი პიროვნული რეიტინგი ქალაქში, რაც ძალიან კარგია და მას საშუალებას აძლევს, რომ როგორც პოლიტიკოსი კიდევ უფრო განვითარდეს. გახარიას ხმებს რაც შეეხება, მან დიდი ალბათობით “ოცნების” ელექტორატთან ერთად სხვა პატარა პარტიების ხმებიც წაიღო. ფაქტიურად ოპოზიციის ნაწილი თამაშგარეთ დარჩა. ეს კი იმით არის განპირობებული, რომ ისინი 2020 წელს “ნაციონალურ მოძრაობას” აჰყვნენ. პოლიტიკური ველი ისევ პოლარიზებულია და ისევ ორ პარტიას შორის გავიჩხირეთ. თუმცა გახარიას მესამე პარტიად ყოფნა იძლევა შანსს, რომ 2024 წლამდე ის მესამე ძალად ჩამოყალიბდეს. მას ძალიან დიდი ბრძოლა მოუწევს. თუმცა მერის არჩევნებში ისევ კალაძე გაიმარჯვებს. საპრეზიდენტო არჩევნებში მსგავსი სცენარი განმეორდება”, - თვლის საყვარელიძე.

“დედაქალაქის 10 მაჟორიტარული ოლქიდან, 9 მმართველმა პარტიამ მოიგო. 30 ოქტომბერს მეორე ტური მხოლოდ საბურთალოზე გაიმართება, სადაც “ოცნების” მიერ წარდგენილ კანდიდატს მხოლოდ 38.16% აქვს მიღებული და მისი მეტოქე “ენმ”-ის წარმომადგენელი იქნება. საკრებულოს არჩევნების პროპორციულ ნაწილში კი თბილისისთვის დადგენილი 2.5%-იანი საარჩევნო ბარიერი ექვსმა საარჩევნო სუბიექტმა გადალახა. წინასწარი მონაცემებით, მანდატები თბილისის საკრებულოში სავარაუდოდ ასე განაწილდება: “ქართული ოცნება” - 28 მანდატი (19 პროპორციული და 9 მაჟორიტარული); “ნაციონალური მოძრაობა” - 13 მანდატი; “გახარია საქართველოსთვის” - 4 მანდატი; “ლელო” - 2 მანდატი; “ზურაბ გირჩი ჯაფარიძე” - 1 მანდატი; “ანა დოლიძე ხალხისთვის” - 1 მანდატი. ბოჟაძის თქმით, თბილისში “ქართული ოცნების” მონაცემები პროპორციულ ნაწილში 40%-ია. თუმცა თბილისის საკრებულოში ხელოვნური ბარიერი საერთოდ არ არსებობს. ეს არის ბუნებრივი 2.5%-იანი ბარიერი, რაც ერთ მანდატს უდრის, თუ მას პროცენტულად შევხედავთ. რამაზ საყვარელიძე კი ფიქრობს, რომ თბილისის საკრებულოში ისევ “ოცნების” მიერ უმრავლესობის აღება ოპოზიციის სერიოზულ დამარცხებას ნიშნავს. მისი აზრით, ამაში თავად ოპოზიციაა დამნაშავე”, - დასძენს გამოცემა.

“თბილისში მაჟორიტარულ ოლქებში ბარიერი 6-მა პარტიამ უკვე გადალახა. ანუ, მინიმუმ 2.5% პროცენტი ვისაც ექნება, ეს ერთ მანდატს უდრის. ხოლო რომელმა პარტიებმაც ეს ბუნებრივი ბარიერი ვერ გადალახეს, მათი კუთვნილი ადგილებიც ამ ბარიერგადალახულ პარტიებზე გადანაწილდება. ამიტომაც, პროპორციულ ნაწილში “ოცნებას” უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ 19 მანდატი აქვს. ისევე როგორც მოგებული 9 მაჟორიტარულ ოლქში თბილისში და მხოლოდ 1-ში მეორე ტური ინიშნება. შესაბამისად, კალაძე როცა გაიმარჯვებს, მას მყარი უმრავლესობა უკვე ეყოლება, რადგანაც უმრავლესობის შესაქმნელად 26 მანდატია საჭირო“, - განმარტავს ბოჟაძე.

“გასაგებია, რომ მეორე ტური დაინიშნა მერობის კანდიდატებთან დაკავშირებით, მაგრამ საკრებულოში უმრავლესობა ისევ “ოცნებას” ექნება. რომც გაიმარჯვოს, პირობითად ოპოზიციურმა ლიდერმა, რა აზრი აქვს? მას იმდენი პრობლემა შეექმნება, ვერც იმუშავებს. ასე რომ, კალაძის გამარჯვება საკრებულოში უმრავლესობის აღებით დამატებით დაზღვეული იქნება. ეს კი ისევ ოპოზიციის ბრალია. ჩვენ გვახსოვს როგორ არასერიოზულად ეკიდებოდნენ საარჩევნო რეფორმას და ფაქტიურად “ოცნების” და “მოქალაქეების” მიერ შემუშავებული საარჩევნო სისტემა უპრობლემოდ მიიღეს, ამიტომაც გარეთ დარჩენა მოუწიათ. საკრებულოში უმრავლესობის მოპოვება კალაძის გამარჯვების კიდევ ერთი წინაპირობაა. ოპოზიციურმა მერმა თუ გაიმარჯვა, მისთვის საკრებულო ყველაზე დიდი პრობლემა იქნება, ფაქტიურად ვერ იმუშავებს”, - დაასკვნის რამაზ საყვარელიძე.

კობა დავითაშვილის მეუღლე - “კობამ ყველას აპატია, გარდა სააკაშვილისა”

“რატომ დაიწყო სააკაშვილისა და ჩემი მეუღლის დაპირისპირება? მხოლოდ იმის გამო, რომ სააკაშვილმა ხელისუფლების ბოროტად გამოყენება დაიწყო, რასაც უამრავი სიბინძურე და არაერთი ადამიანის განადგურება მოჰყვა. კობა გიჟდებოდა, ქვეყნის ასეთი მიზანმიმართული გახრწნა, კაცობის განადგურება და შვილების მომავლის დაღუპვა როგორ უნდა ავიტანოო და შუბლით ეჯახებოდა ამხელა უსამართლობას. ვინც კობას კარგად იცნობდა, იცის, რომ ჩემს ქმარს მუშტი-კრივი სძულდა, მაგრამ სულ მუშტი-კრივში ყოფნა უწევდა, რადგან სხვანაირად შეუძლებელი გახდა. ტელევიზიებით სულ მისი ცემა-ტყეპის კადრები ტრიალებდა”, - აცხადებს ექსპარლამენტარ კობა დავითაშვილის მეუღლე ინგა ბიწაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით „კობამ ყველას აპატია, გარდა სააკაშვილისა“.

“კობა და მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში დამეგობრდნენ. მაშინ ორივე ერთი მიზნისთვის იბრძოდა. სააკაშვილი ამ დროს იდეებით აღსავსე გახლდათ და ძნელი იყო იმის წარმოდგენა, როგორ შეცვლიდა ხელისუფლება... თუმცა ჩემი ქმრის გულში ბზარი ჯერ კიდევ “ვარდების რევოლუციამდე” გაჩნდა, როცა ბათუმში კობას და მის რამდენიმე თანაპარტიელს ასლან აბაშიძის სპეცრაზმმა დასისხლიანებამდე სცემა, სააკაშვილი კი არც გამოჩენილა. გაოგნებული დაბრუნდა ბათუმიდან - მიშამ ეს როგორ გააკეთა, სპეცრაზმს სასიკვდილოდ როგორ შეგვატოვა, მასზე წარმოდგენა დავკარგეო. იყო მხოლოდ ერთადერთი საკითხი, კერძოდ, ასლან აბაშიძის პრობლემა, რაშიც კობა სააკაშვილს სრულად ეთანხმებოდა. რადგან ჩემს მეუღლეს აჭარაში სისხლისღვრის დაწყების ძალიან ეშინოდა, სააკაშვილს აბაშიძის უმტკივნეულოდ აყვანის გეგმაც კი შესთავაზა. მაშინ აბაშიძე უცხოეთში იყო და კობას უნდოდა, ის დაბრუნებისთანავე, აეროპორტში უმტკივნეულოდ აეყვანათ. ამ გეგმამ სააკაშვილი აღაფრთოვანა. სხვათა შორის, ამას გიგა ბოკერია და ზვიად ძიძიგური შეესწრნენ. მაგრამ იმავე წამს მიშამ უცნაური რამ ჩაიდინა - ტელეფონი აიღო და ასლან აბაშიძეს დაურეკა, როგორც კი ჩამოხვალ, აეროპორტშივე დაგიჭერთო...”- აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ინგა ბიწაძე.

“კობას მუდამ უკვირდა, რომ სააკაშვილს, უცნაური ქცევის მიუხედავად, უამრავი მხარდამჭერი ჰყავდა. ამბობდა, ეს კაცი გამუდმებით ტყუის და როგორ შეიძლება, ამდენი მიმდევარი ჰყავდესო! მახსოვს, 2006 წლის ივნისში, დილის 8 საათზე უცნობმა მამაკაცმა დამირეკა, კობა როდის გამოდის სახლიდან, სალაპარაკო მაქვსო. ვკითხე, ვინ ბრძანდებით-მეთქი და, მეგობარი ვარო. კი ვუთხარი, მეგობარი რომ იყოთ, გეცოდინებოდათ, რომ კობა ამ დროს სახლიდან არ გადის-მეთქი... ცოტა ხანში მეზობლებმა ეზოში ვიღაც უცნობი ახალგაზრდა დაინახეს, რომელმაც ღამე ეზოში გაატარა და დღისითაც იქ იყო. რამდენიმე დღე ასე რომ გაგრძელდა, მერე მივიდნენ და ჰკითხეს, აქ რა გინდაო. ის გაიქცა, მაგრამ ჩანთა დაუვარდა, სადაც მეზობლებმა იარაღი და კობას ფოტო იპოვეს. ცოტა ხანში ამ ფაქტზე ფორმალურად საქმე აღიძრა და ამ პიროვნების ვინაობაც გაირკვა. ის 25 წლის გიორგი კურტიევი იყო, ქალაქ ორჯონიკიძიდან, დედით - ქართველი, მამით - ოსი, მაგრამ სააკაშვილის ხელისუფლებას ის, რა თქმა უნდა, კილერად არ მიუჩნევია და გაუშვეს იმ მოტივით, რომ ჩვენს ეზოში შემთხვევით მოხვდა. კობა ამბობდა, არა მგონია, გაეშვათ, სავარაუდოდ, მოკლესო, 2018 წელს კი “რუსთავი 2”-ის ეთერში სააკაშვილმა არხეინად განაცხადა, ვინმე გიორგი კურტიევი ჩემმა ხელისუფლებამ კი არა, რუსეთმა მიუგზავნა კობას მოსაკლავადო...”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ვიცი, ამ მკვლელობის მცდელობამდე ორი კვირით ადრე სააკაშვილის ხელისუფლებამ ტელევიზიით ფარული ჩანაწერები რატომ უჩვენა - სურდათ, მისთვის ჩირქი მოეცხოთ და გაეტეხათ, რასაც, ნაწილობრივ, მიაღწიეს კიდეც... ფარული ჩანაწერების გაკეთება კანონით აკრძალული იყო. ამქვეყნად არაფერი მეგულება ამაზე საზიზღარი, თუმცა ეს დღემდე გრძელდება. სხვათა შორის, სააკაშვილმა 2018 წელს ამ საქმეშიც ხელი ვანო მერაბიშვილს დაადო... ეს ამბავი უფრო მძიმე იყო მისთვის, ვიდრე ხელკეტებით ცემა 2007 წლის 7 ნოემბერს, თუმცა მისი განუკურნებელი დაავადებისთვის მაპროვოცირებლად იქცა. ჩემი მეუღლე იმ დღეს ელიავას ბაზრიდან გაიტაცეს და სასიკვდილოდ სცემეს”, - იხსენებს კობა დავითაშვილის მეუღლე.

“ეს ამბავი მთელმა საქართველომ იცის. მაშინ კობას სურდა, რიყეზე დარბეულ და შეურაცხყოფილ ხალხთან ესაუბრა, რისთვისაც მეგაფონი სჭირდებოდა. სწორედ მის შესაძენად წავიდა ელიავაზე. დაუშალეს, მაგრამ არ დაიშალა. ხალხმრავალ ადგილებს იმ დღეს ადეიშვილი აკონტროლებდა. სპეცრაზმმა კობა იცნო, გამვლელ “მარშრუტკაში” შეაგდო და თბილისიდან წაიყვანეს, გზაში კი სულ სცემდნენ. კობა ამბობდა, ამის შემხედვარე “მარშრუტკის” მძღოლი ტიროდა და იხვეწებოდა, ოღონდაც ნუ მოკლავთო. ასე ცემით ჩაიყვანეს იგოეთამდე, იქ გადმოიყვანეს და ცემა განაგრძეს. კასპის რაიონი კობას მშობლიური კუთხეა. არ ვიცი, როგორ შეძლო, მაგრამ ამოულუღლუღია, ბიჭებო, რას შვრებით, მამულში მკლავთო? ამ სიტყვებზე თავდამსხმელებმა ცემა შეწყვიტეს და ხელებიც გაუხსნეს. ერთს ისიც უთქვამს, არ გვინდა ამის გაკეთება, მაგრამ გვავალებენო. მერე ამ ხალხმა სადღაც დარეკა და ვიღაცის ბრძანებით კობა გორის ჰოსპიტალში გადაიყვანეს. იქ გასისხლიანებული ადამიანი, გაჩეხილი თავით, საათნახევარი უპატრონოდ ეგდო, ვიდრე ერთმა სანიტარმა ტელეფონი არ მიუტანა თბილისში დასარეკად. მოგვიანებით ამ სანიტარს ჰკითხეს, როგორ გარისკე, ოთხი შვილის დედა ხარ და არ შეგეშინდაო? მან კი მიუგო, ერთხელ უკვე გავრისკე, როდესაც ქმარი აფხაზეთში გავუშვი და იქ მოკლეს, მეორედ გარისკვა არ გამჭირვებიაო”, - ამბობს ინგა ბიწაძე

“დასახიჩრებული კობა ერთი ამბის ატეხის შემდეგ დამიბრუნეს. გადაჩეხილ თავს რომ ვბანდი, აბაზანა ტალახით აივსო - ცემის დროს ტალახში იყო ნათრევი, თუმცა მას ეს მორალურად არ განუცდია, პირიქით, კობასნაირი ადამიანები ამაყობენ ღირსებისა და პატიოსნებისთვის გაღებული მსხვერპლით, მაგრამ ის რკინა არ იყო და ასეთი ფიზიკური ძალადობა მისმა სხეულმა ვერ აიტანა. სწორედ მაშინდელმა ტრავმებმა გამოიწვია ბეხტერევის დაავადება, რომელმაც შეიწირა კიდეც... კობა ბოლომდე იბრძოდა უზნეობის წინააღმდეგ, ვიდრე არ ჩავარდა” - დასძენს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “ვის აპატია მისთვის მიყენებული ტკივილები და ვის - არა?” - პასუხობს:

“ყველას აპატია, გარდა სააკაშვილისა, რომელიც არასოდეს მიუჩნევია პირად მტრად. მისთვის სააკაშვილი ქვეყნის, მომავლის, ზნეობის დამანგრეველი იყო. სხვები სასაცილოდ არ ჰყოფნიდა, ამბობდა, ეგენი არავინ არიან, რასაც მიშა დაავალებს, იმას გააკეთებენო... კობას ბოლო სურვილი სოფლად წასვლა და იქ ცხოვრება იყო, მაგრამ ვეღარ შეძლო. მისი სიკვდილი ჩვენთვის ტრაგედია იყო, მაგრამ მისი სიცოცხლე დღეს სიამაყედ გვექცა. კობას სახელის ხსენებისას ჩემი შვილები ყველგან ისეთ საოცარ მადლიერებას აწყდებიან, წელში გამართული არიან”.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა