ლია მუხაშავრია განმარტავს, არსებობს თუ არა სამართლებრივი საფუძვლები მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში ექსტრადირებისთვის და მოუწევს თუ არა ყოფილ პრეზიდენტს პატიმრობა კიევშიც

იურისტი ლია მუხაშავრია განმარტავს, რა სამართლებრივი საფუძვლით შეუძლია უკრაინას მოითხოვოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში ექსტრადირება და რა შემთხვევაშია დასაშვები ამის განხორციელება.

როგორც იურისტმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ექსტრადირებისთვის საკმარის საფუძვლებად შეიძლება ჩაითვალოს როგორც ის გარემოებები, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქე და ამავე დროს აღნიშნულ ქვეყანაში პოლიტიკური თანამდებობის პირია, ასევე ისიც, რომ საქართველოში მის მიმართ სამართლიან მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით სერიოზული ეჭვები არსებობს.

„უფრო კონკრეტულად, ვინაიდან ბოლო წლებში ჩვენს მართლმსაჯულებაზე ცალსახად იკვეთება, რომ ის არის მიკერძოებული, რომ სასამართლოს მართავს „კლანი“, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სამართლებრივი საფუძველი, რომ საერთაშორისო სამართლისა და პრაქტიკის მიხედვით, უკრაინამ მოითხოვოს თავისი მოქალაქის მის ქვეყანაში ექსტრადირება და სასჯელის მოხდა და ამ საფუძვლით ეს მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს. თუმცა, ის განცხადებები, რაც გააკეთეს საქართველოს პოლიტიკური ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებმა, გვაფიქრებინებს, რომ მათ არ სურთ ეს, მაგრამ არსებობს სტრასბურგში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, რომელსაც შეუძლია და უფლებამოსილება აქვს, რომ ამ კატეგორიის საქმეები განიხილოს და ექსტრადიცია დააკმაყოფილოს, მათ შორის, გადაუდებელი პროცედურით“, - აცხადებს მუხაშავრია.

რაც შეეხება იმას, რა ხდება იმ შემთხვევაში, თუკი ქართული მხარე მიხეილ სააკაშვილს უკრაინას გადასცემს და რამდენად მოუწევს სააკაშვილს პატიმრობაში ყოფნა უკრაინაშიც, თუ მას პრეზიდენტი ზურაბიშვილი არ შეიწყალებს, იურისტის თქმით, მოსალოდნელია, რომ ყოფილი პრეზიდენტის უკრაინაში ექსტრადიციის შემთხვევაში, ის თავისუფალი იქნება და საპატიმროში არ განთავსდება.

„იმის გათვალისწინებით, რომ პრეზიდენტმა კატეგორიული უარი განაცხადა სააკაშვილის შეწყალებაზე, ეს ნიშნავს იმას, რომ სააკაშვილის ადვოკატები შეეცდებიან მისი ექსტრადირება მოახდინონ. ვინაიდან უკრაინის ტერიტორიაზე სააკაშვილს არანაირი დანაშაული არ აქვს ჩადენილი, ის ამ ქვეყანაში როგორც აქამდე დადიოდა თავისუფლად, ისე ივლის. ე.ი. აქ შემოდის კანონი - ტერიტორიული მოქმედების პრინციპი ანუ სასჯელი უნდა მოიხადო იმ ქვეყანაში, სადაც ჩაიდინე დანაშაული, ან სხვა ქვეყანაში თუკი ის დანაშაული იქაც ითვლება დანაშაულად, მაგრამ ვინაიდან უკრაინამ თავის დროზე არ მოახდინა მისი გადმოცემა საქართველოსთვის, უნდა ვივარაუდოთ, რომ მისი ექსტრადიციის შემდეგ სააკაშვილს არანაირი პატიმრობას არ აღუსრულებს.

და ბოლოს, საერთაშორისო სამართლით ექსტრადიციისთვის არსებობს შემდეგი საფუძვლები:

პირველი, ჩემი მოქალაქე მინდა, რომ სასჯელს იხდიდეს ჩემს ტერიტორიაზე, თუ მან ნამდვილად ჩაიდინა დანაშაული;

მეორე, როდესაც მას ქვეყანაში, სადაც დააპატიმრეს, ელოდება სიკვდილით დასჯა ან წამება, ან თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ იმ ქვეყანაში მის მიმართ მართლმსაჯულება არ განხორციელდება. აი, ეს არის ის საფუძვლები, რითაც თავისი მოქალაქის მოთხოვნა შეუძლია სახელმწიფოს და ის უნდა გადაეცეს მას“, - აცხადებს ლია მუხაშავრია.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულია ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებული პირების შეწყალების საქმეებზე. ამასთან, მიხეილ სააკაშვილის მიმართ სასამართლოში ბრალდების სისხლის სამართლის ორი საქმე - „იმედში“ შეჭრის, 7 ნოემბრის აქციის დარბევის, პატარკაციშვილის ქონების ჩამორთმევისა და ე.წ. პიჯაკების საქმეები მიმდინარეობს.

ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილს სასამართლოს განაჩენით სასჯელის ზომად, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, ხოლო თანამდებობის დაკავების უფლება სახელმწიფო სამსახურში და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში ჩამოერთვა 2 წლისა და 3 თვის ვადით.

სანდრო გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებული პირების შეწყალებისას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე მიხეილ სააკაშვილს სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს სასჯელის ზომად, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით განესაზღვრა სამი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, მასვე დამატებითი სასჯელის სახით თანამდებობის დაკავების უფლება ერთი წლითა და ექვსი თვის ვადით ჩამოერთვა.

რაც შეეხება სასამართლოში სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესებს, ე.წ. პიჯაკების საქმეზე ყოფილ პრეზიდენტს საბიუჯეტო თანხის 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავებიან.

„იმედში“ შეჭრის, 7 ნოემბრის აქციის დარბევის და პატარკაციშვილის ქონების ჩამორთმევის საქმეს, მიხეილ სააკაშვილს სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავებიან.

ამასთან, გამოძიება მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთასაც ედავება, თუმცა აღნიშნულ ფაქტზე ბრალი ოფიციალურად წარდგენილი ჯერ არ აქვს.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. რა გზით და როდის შემოვიდა ის უკრაინიდან საქართველოს ტერიტორიაზე, ჯერჯერობით უცნობია.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ფრიდმანის წინააღმდეგ სანქციების დაწესებამ იდეალური შესაძლებლობა შექმნა კომპანიის გაკოტრების და იქ სახელმწიფო მმართველის იმპერატიული დანიშვნისთვის, ამას კი „ბორჯომის“ ნაციონალიზაცია უნდა მოჰყვეს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2022
იუველ ნოა ჰარარი - ყველაფერი სასწორზე დაიდო, რადგან პუტინმა დაანგრია უდიდესი ტაბუ, გლობალური წესრიგი - მას რომ შედეგისთვის მიეღწია, ეს მთელ მსოფლიოში გამოიწვევდა დესტაბილიზაციას
თამარ ალადაშვილი - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს ახალი ფუნქციები ემატება, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს საზოგადოების გარემოსდაცვით საკითხებში ჩართულობას
„მაკდონალდს საქართველო“ Mc Happy Day-ის საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
დამზადებულია საქართველოში - „სავალი“ - კიდევ ერთი ახალი ქართული წარმოების ბრენდი „დრესაპ ჯგუფისგან“
ახალი ლიბერთი ადამიანებისთვის - ლიბერთის ახალი საპილოტე პროექტი
BTU-ს სტუდენტური სტარტაპების საგრანტო კონკურსის გამარჯვებული ცნობილია
ლიბერთი პროექტის „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ სტრატეგიული პარტნიორი  გახდა