კახა ქემოკლიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნება“ გიორგი გახარიას და მის პარტიას მოღალატეობას აბრალებს, კულუარებში გარკვეულ შემოთავაზებებს არ ერიდება

„ქართული ოცნება“ არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც საკუთარ პოზიციას ცვლის 180 გრადუსით დღეში სამჯერ, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, კახა ქემოკლიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში გადაცემაში „360 გრადუსი" განაცხადა. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნება“ გიორგი გახარიას და მის პარტიას მოღალატეობას აბრალებს, კულუარებში გარკვეულ შემოთავაზებებს არ ერიდება.

ქემოკლიძე ამბობს, რომ „ფარდის მიღმა“ შემოთავაზებებსა და ვაჭრობას არ ერიდება არც „ნაციონალური მოძრაობა“.

„თუ შესაძლებლობის ფანჯარა არ გავუხსენით ამ ორ ძალას, ისინი ვერასდროს ვერ დასხდებიან ვერც ერთმანეთთან და ვერც ჩვენთან. როგორც მინიმუმ, თუ იარსებებს პოლიტიკური ნება, იქ აუცილებლად გაიხსნება შესაძლებლობის ფანჯარა. იმისთვის, რომ ეს შესაძლებლობის ფანჯარა გაიხსნას, ვიღაცამ ეს წინადადება უნდა წარმოადგინოს. ჩვენ გვქონდა საკმაოდ მიმზიდველი წინადადებები პრაქტიკულ-პრაგმატული პოლიტიკის კონტექსტში. ჩემი აზრით, პარტია „საქართველოსთვის“ გუნდის წევრებმა, ისევე როგორც ბატონმა გახარიამ, გუნდის ლიდერმა, დააფიქსირა ძალიან სწორი, სახელმწიფოებრივი პოზიცია და, ჩემი აზრით, ეს არის მაგალითი ყველა სხვა პარტიებისთვისაც.

ვუტრირებ, როცა ვაჭრობას ვახსენებ, მაგრამ შემოთავაზებები იყო, რომ აი, ჩვენ შეგვიძლია, ურთიერთთანამშრომლობის მექანიზმები შევქმნათ. ერთი გექაჩებოდა თავის მხარეს, მეორე გექაჩებოდა თავის მხარეს. ჩვენ ვუთხარით, რომ იცით რა, კულუარული საუბრები მოდი დავასრულოთ, ყველაფერი გამოვიტანოთ სააშკარაოზე... პოლიტიკის კეთება თუ გვინდა სუფთა ხელებით, ეს ყველაფერი არ უნდა გაკეთდეს ფარდის მიღმა. ქართული პოლიტიკის კეთებას ჩვენ უნდა მივეჩვიოთ სუფთა ხელებით და გახარიას ეს პოზიციონირება სახელმწიფოებრივ პრიზმაში აბსოლუტურად სწორია“, - განაცხადა ქემოკლიძემ.

კახა ქემოკლიძის განცხადებით, გიორგი გახარიამ სწორედ ამ მოცემულობის შეცვლა გადაწყვიტა და „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ სამმხრივი საჯარო, გამჭვირვალე მოლაპარაკებების პროცესი შესთავაზა.

„შეთავაზება, რომელიც გუშინწინ გაკეთდა, ემსახურებოდა ორ ძირითად მიზანს, ერთი არის ის, რომ ჩვენ გარკვეულწილად უნდა მოვახერხოთ და ქართული პოლიტიკური კლასი გადავიყვანოთ სხვა ეტაპზე იმისთვის, რომ ორი მსხვილი პოლიტიკური ძალა მესამე, ახლად წარმოქმნილი პარტია „საქართველოსთვის“ გუნდის წევრებთან ერთად დასხდნენ ერთი მაგიდის ირგვლივ და აბსოლუტურად ღიად წარმართონ დისკუსიები. ეს იყო მიზანი ნომერი ერთი. მიზანი ნომერი ორი იყო ასევე ძალიან მკაფიო - ქართული პოლიტიკა ბოლო წლების განმავლობაში, პრინციპში ბოლო 30 წლის განმავლობაში, ყოველთვის კეთდებოდა კულუარებში, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ეს ტრადიცია დავასრულოთ და ქართული პოლიტიკა გამოვიტანოთ ყველასთვის სააშკარაოზე. ეს სპეკულაციური საუბრები, „ნაციონალური მოძრაობა“ რომ გაბრალებს, რომ „ქართული ოცნების" სატელიტი ხარ, ბატონი ივანიშვილის პროექტი ხარ და ა.შ. ხოლო მეორე მხარე გეუბნება, რომ შენ რაღაც მოღალატეობრივი მიდრეკილებები გაქვს, ეს ცირკი და მასკარადი დავასრულოთ", - განაცხადა კახა ქემოკლიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს