ადვოკატების ნაწილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა მკაფიო პოლიტიკური მოტივების თანხლებით ხორციელდება

ადვოკატთა ასოციაციის წევრი ადვოკატების ნაწილი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა მკაფიო პოლიტიკური მოტივების თანხლებით ხორციელდება. ამის შესახებ ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნა, რომ პოლიტიკური მდგენელის არსებობაზე მიუთითებს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებები, რომელიც ცალსახად შეიძლება შეფასდეს, როგორც მართლმსაჯულების ორგანოთა პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენების მცდელობა და პოლიტიკური შურისძიების მოტივით ადამიანის დასჯა.

„ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრები საჭიროდ მივიჩნევთ გამოვხატოთ ჩვენი პოზიცია. მიხეილ სააკაშვილის დაკავების შემდეგ მისი თავისუფლების აღკვეთის ზოგიერთი გარემოება ეჭვს აჩენს, რომ მის მიმართ ხორციელდება პოლიტიკური მოტივებით დევნა. კერძოდ, პოლიტიკური მდგენელის არსებობაზე მიუთითებს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებები, რომელიც ცალსახად შეიძლება შეფასდეს, როგორც მართლმსაჯულების ორგანოთა პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენების მცდელობა და პოლიტიკური შურისძიების მოტივით ადამიანის დასჯა. აღნიშნულის მკაფიო დასტურია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სატელევიზიო ინტერვიუში გაჟღერებული თეზისები, რაც პირდაპირ წარმოადგენს პოლიტიკური მოტივებით ადამიანის დევნის მტკიცებულებას. უფრო ზუსტად მან განაცხადა, რომ „სააკაშვილი ან უნდა დაგვეჭირა, ან წასულიყო პოლიტიკიდან და რომ წესიერად მოიქცეს, თორემ დავუმატებთ მუხლებს და სხვებსაც მივაყოლებთ“.

ასევე მიხეილ სააკაშვილს პროკურატურის გადაწყვეტილებით შეეზღუდა სატელეფონო ზარების განხორციელების უფლება, რაც შეუძლებელია იყოს მართლმსაჯულების ლეგიტიმური ინტერესი. აღნიშნული გარემოებები ცხადყოფს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა ხორციელდება მკაფიო პოლიტიკური მოტივების თანხლებით“, - განაცხადა ფანცულაიამ.

ამასთან, ფანცულაიას განცხადებით, „ახლა სასამართლო და პროკურატურა უნდა იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე და არ დაემორჩილოს პოლიტიკურ დაკვეთებს, რომელიც ისმის ხელისუფლებიდან.

„აქ შეკრებილი ადვოკატები მხარს ვუჭერთ საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების განუხრელ დაცვას მიუხედავად ბრალდების შინაარსისა. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ შემაშფოთებელია ის არაერთი გარემოება, რომელიც გამოიკვეთა მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით და რომ მისი საქმის მიმართ არსებული პოლიტიკური ინტერესი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საქმის სამართლებრივ მდგენელზე. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის საქმის მაქსიმალურად გამჭვირვალედ და ეფექტურად წარმართვა, სამართლიანი სასამართლოს სრული რეალიზება და საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების, კანონმდებლობით დადგენილი და საერთაშორისო სტანდარტების დაცვა“, - განაცხადა ფანცულაიამ.

მისივე განმარტებით, განცხადების ავტორი ადვოკატები მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველები ამ ეტაპზე არ არიან.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს