მიხეილ სარჯველაძე - ამ წუთას არ არსებობს რაიმე წინაპირობა, რომ სააკაშვილის გათავისუფლებისთვის საფუძველი შეიქმნას

ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ხელისუფლება საქართველოს მესამე პრეზიდენტის ციხეში შიმშილობის გამო გარდაცვალებას არ დაუშვებს. ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ სტუმრობისას განაცხადა.

მისივე თქმით, არ არსებობს რაიმე წინაპირობა, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისთვის საფუძველი რომ შეიქმნას.

„თუ ვალერი გელაშვილის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის ბრალეულობა იკვეთება, თუ ეს დანაშაული ჩადენილი აქვს, რომ არ იყოს პოლიტიკოსი, იყოს ჩვეულებრივი მოქალაქე, როგორ ფიქრობთ, დასაპატიმრებელია თუ არა? რამე არანორმალური სასჯელია მისჯილი? მარტო იმიტომ, რომ პოლიტიკოსმა ჩაიდინა, ამის გამო შეღავათიანი სასჯელი უნდა დაენიშნოს და გარეთ იყოს? ბოდიშს ვიხდი და მგონი ეს სწორი არ არის! დღეს ვისმენთ, რომ პოლიტიკური პატიმარია იმიტომ, რომ დღევანდელი სასამართლო არ არის კარგი სასამართლო, კარგი სასამართლო რომ გაასამართლებს მერე მის ბრალეულობაზე საუბარი შეიძლებაო, ეს ლოგიკა მისაღებია თქვენთვის? ამ საქმეზე სასამართლომ უნდა დაასაბუთოს, ზედმიწევნით, უმაღლესი სტანდარტით უნდა წარიმართოს ყველა პროცედურა. ამ წუთას არ არსებობს რაიმე წინაპირობა, რომ გათავისუფლებისთვის საფუძველი შეიქმნას. ჩვენ ვერ ვისაუბრებთ ამაზე მიმდინარე საქმეების მიხედვით, დაყენებული მსჯავრის მიხედვით გათავისუფლების საფუძველი ჰორიზონტზე არ ჩანს. ბუნებრივია, კანონმდებლობით, რაღაც გათავისუფლების მექანიზმები არსებობს, მაგალითად შეწყალება, უდოს მექანიზმი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ასეთი მექანიზმები ჰორიზონტზე თუნდაც ჩანს. არ დავუშვებთ სააკაშვილის გარდაცვალებას შიმშილობის გამო. ეს არის სტანდარტი, რომელიც ყველა პატიმართან დაკავშირებით მოქმედებს.

რაც შეეხება დღევანდელ აქციას, ადამიანები დაკავებულები არიან, ჩემი აზრით, სრულიად უსარგებლო არითმეტიკით. უსარგებლოა იმიტომ, რომ ბევრი მოვა თუ ცოტა, ამას თვისობრივად მნიშვნელობა არ აქვს. თუ შესასმენია ერთი კაცის პროტესტიც რომ იყოს, ერთი კაცის პროტესტიც შესასმენია და აქ რაოდენობა არგუმენტების წონას ვერ განსაზღვრავს. გვინდა ისეთ სახელმწიფოში ცხოვრება, სადაც ბევრი ადამიანის ხელმოწერით გათავისუფლებას მოვითხოვთ?“- განაცხადა სარჯველაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა