მარიამ ქვრივიშვილი - მთის კურორტებზე ახალი რეგულაციები, რაც კორონავირუსისგან უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფს, ჯანდაცვის სამინისტროს და კერძო სექტორთან კონსულტაციით მოვამზადეთ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე საქართველოს მთის კურორტებზე საბაგიროების უსაფრთხო ოპერირებისათვის შემუშავებული რეგულაციების გადახედვის საკითხი დააყენა, რომელიც საბჭომ მოიწონა.

მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, საქართველო აქტიურად ემზადება მთის კურორტებზე ზამთრის სეზონისთვის და ამ მიზნით, კოვიდ-რეგულაციებს მკაცრად დაიცავს.

მისი თქმით, სამინისტრომ, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და მთის კურორტების განვითარების კომპანიასთან ერთად, ტურიზმის სექტორთან თანამშრომლობის შედეგად, რეკომენდაციები შეიმუშავა, რომელიც, თავის მხრივ, საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებას ეყრდნობა.

„ახალი რეგულაციების შემუშავებაში მონაწილეობდა კერძო სექტორიც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ახალი რეგულაციების შემუშავებაში აქტიურად იყო ჩართული ჯანდაცვის სამინისტრო, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი.

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, აღნიშნული რეგულაციები საქართველოს მთის კურორტებზე კორონავირუსისგან უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფს, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, წარმატებით ვუმასპინძლოთ შიდა და საერთაშორისო ვიზიტორებს.

მისი თქმით, სიახლე ხელს შეუწყობს კურორტებზე არსებულ ღია და დახურული ტიპის საბაგიროებზე მგზავრთა გამტარიანურობის ზრდას.

ახალი რეგულაციებით, დახურულ საბაგირო გონდოლათი, რომელშიც 10 ადამიანი ეტევა, მხოლოდ 8 მგზავრის გადაყვანა იქნება შესაძლებელი. რაც შეეხება ღია ტიპის საბაგიროებს, ისინი სრული დატვირთვით შეძლებენ ფუნქციონირებას. ამავე დროს, უფრო ინტენსიურად მოხდება უშუალოდ საბაგიროთა და მიმდებარე ტერიტორიის დეზინფექცია, ასევე იმოქმედებს დისტანციის დაცვისა და პირბადის ტარების რეგულაცია. რაც შეეხება ღია სავარძლის ტიპის საბაგიროებს, მათ ახალი რეგულაციები არ შეეხება. ამის მიუხედავად, ორივე ტიპის საბაგიროებით მგზავრობის პროცესს მკაცრი მონიტორინგი ჩაუტარდება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-სა და რუსეთის პოზიციების შეჯერება საერთაშორისო არენაზე არსებული დღის წესრიგის საკითხებზე, არარეალისტურად მიმაჩნია
ქართული პრესის მიმოხილვა 26.06.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა” სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი და საქართველოს განსაკუთრებული საინვესტიციო პოტენციალი პოლონეთში წარადგინა
„მაგთის“ „როუმერის“ ინტერნეტპაკეტების ახალი ფასები 9 ლარიდან იწყება
„კოლიერსის“ და „სუბურბანის“ გუნდმა ვიდეო სერიების კამპანია წამოიწყო
ჰარვარდის და კავკასიის უნივერსიტეტების ერთობლივი აღმასრულებელი ლიდერობის პროგრამა დასრულდა
აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
თბილისი, ევრაზიის iGaming ინდუსტრიის დედაქალაქი, რიგით მესამე, ევრაზიის ყველაზე მასშტაბურ SBC Summit Tbilisi 2025-ს მასპინძლობს
Yandex Go საკვების მიტანის სერვისს სპეციალური შეთავაზებით ბათუმშიც ამატებს