ალექსანდრე თვალჭრელიძე - არაფერი შეცვლილა, ჩვენ ვფართხალებთ, ვაქტიურობთ,  მაგრამ პოლიტიკური მატარებელი როგორც მუშტაიდის ბაღში, წრეზე დარბის

2 ოქტომბრის არჩევნების პოლიტიკურ შედეგებზე, არჩევნების შემდეგ არსებული რეალობის თავისებურებებზე, საშინაო პოლიტიკის აქტუალურ პოლიტიკურ და სამართლებრივ საკითხებზე “ინტერპრესნიუსი“, საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტს ალექსანდრე თვალჭრელიძეს ესაუბრა.

- ბატონო ალექსანდრე, როგორც იტყვიან, 2 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა. არჩევნების შედეგებზე ბევრი ითქვა და დაიწერა. ალბათ ბევრი რამ არ ან ვერ ითქვა, მაგრამ დრო გვახსენებს, რომ მალე მეორე ტურის დღეც დადგება.

როგორ შეაფასებთ პირველ ტურსა და მეორე ტურს შორის განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებს?

- ხომ გეუბნებოდით, რომ 2 ოქტომბრის შემდეგ პოლიტიკური სიტუაცია მყისიერად შეიცვლებოდა? არავის კი არ ჯეროდა. რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლას საქართველოში მეც არ ველოდი. ნეტავი ვინ დაარწმუნა ჩვენი ყოფილი პრეზიდენტი, ახლა კი უკრაინის მოქალაქე, რომ საქართველოში ახალი „ვარდების რევოლუციისთვის“ ნიადაგი მომწიფებულია? და იყო ეს რომელიღაც ოპოზიციონერის პოლიტიკურად ბეცური ანალიზი თუ არტისტული სინატიფით ჩატარებული სპეცოპერაცია?

ახლა ხომ გესმით, რომ თქვენთან წინა ინტერვიუში დასმული კითხვა, ვინ არის ამ პოლიტიკური პერფორმანსის რეჟისორი, თურმე უბრალო რიტორიკული ილეთი არ ყოფილა.

პოლიტიკური სიტუაცია კი თავის ჩვეულ, ხავსმოკიდებულ და, მაპატიეთ, ყელში ამოსულ კალაპოტს უბრუნდება - ისევ ძალაშია ორპოლუსიანი პოლიტიკური გარემო, რომლიდანაც საქართველოში მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლამ ყველა „არაქოცური“ და „არანაცური“ აქტორი განდევნა.

პოლიტიკური სიტუაცია კი თავის ჩვეულ, ხავსმოკიდებულ და, მაპატიეთ, ყელში ამოსულ კალაპოტს უბრუნდება - ისევ ძალაშია ორპოლუსიანი პოლიტიკური გარემო, რომლიდანაც საქართველოში მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლამ ყველა „არაქოცური“ და „არანაცური“ აქტორი განდევნა

ამ თვალსაზრისით, ყველაზე დაზარალებული გიორგი გახარია დარჩა, რომელმაც, მისთვის აშკარად არასახარბიელო პოლიტიკური ვითარების მიუხედავად, მაინც შთამბეჭდავი შედეგები აჩვენა და ბევრ მუნიციპალიტეტში მისი პარტიის ხმა გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი იქნება.

ყოველივე ამის მიუხედავად, არჩევნებმა დაახლოებით იგივე შედეგები აჩვენა, რაც წინა თვითმმართველობის არჩევნებმა. ეს კი იმის მანიშნებელია, რომ პრინციპში, ფართო გაგებით, არაფერი შეცვლილა, ჩვენ ვფართხალებთ, ვაქტიურობთ, ვცდილობთ ქვეყნის საკითილდღეო ნაბიჯები გადავდგათ, პოლიტიკური მატარებელი კი, როგორც მუშტაიდის ბაღში, წრეზე დარბის. ძალიან სევდიანია ეს ყველაფერი.

- ოპოზიციის წარმომადგენლები ხელისუფლებას ბრალს სდებენ, რომ მმართველი პარტია რეგიონებში ოპოზიციის აქტივისტებს არა მხოლოდ ავიწროებს, არამედ აკავებს. ამის მაგალითად სამეგრელოში მაღალჩინოსანი და ყოფილი პოლიციელებისთვის იარაღის ჩადებით დაკავება სახელდება. გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამეგრელოში იარაღის სამალავის აღმოჩენის მოტივით სპეცრაზმიც შეიყვანეს.

ასევე საუბარია იმაზე, რომ იმ საარჩევნო უბნებსა და საარჩევნო ოლქებში, რომლებშიც „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნების პირველი ტური წააგო, კომისიის თავმჯდომარეებს ათავისუფლებენ და ამ პოზიციებზე საარჩევნო კომისიების ისეთი წევრები ინიშნებიან, რომლებიც პირველ ტურში უკანონო ქმედებებში იყვნენ შემჩნეული.

ბევრი გამოთქვამდა მოსაზრებას, რომ თუ ხელისუფლება და ოპოზიცია მეორე ტურის უკეთ გასაკონტროლებლად კონკრეტულ მექანიზმებზე ვერ შეთანხმდებოდნენ, მაშინ გამოვა, რომ ორივე მხარე შეგნებულად მიდის ვითარების გამწვავებაზე.

როგორ შეაფასებთ, ერთი მხრივ, ოპოზიციის ბრალდებებს, და მეორე მხრივ, იმას, რომ არაა გამორიცხული ორივე მხარე შეგნებულად მიდიოდეს პროცესის გამწვავებაზე?

- ისე ლაპარაკობენ ახლა ოპოზიციონერი, თავის დროზე კი მმართველი პოლიტიკოსები, თითქოს უმანკო კრავები ყოფილიყვნენ. ვინ აჯობებდა ხათუნა გოგორიშვილს არჩევნების შედეგების გაყალბებაში ანდა ვანო მერაბიშვილს ამომრჩევლის დაშინებაში? მათთან შედარებით, ამჟამინდელი ხელისუფლება შავი საარჩევნო ტექნოლოგიების სასწავლო კურსის პირველ საფეხურზეა.

მართალი გითხრათ, მიამიტურად არ მჯერა, რომ ხელისუფლების ყველა ქმედება ზუსტად არჩევნების მოსაგებადაა მიმართული. აბა, თუ იარაღის სამალავის აღმოჩენის ალბათობა არსებობდა, სპეცრაზმი არ უნდა შეეყვანათ? რა შუაშია არჩევნები?

მეც მსმენია, რომ თითქოს გარკვეულ, „ქართული ოცნებისთვის“ არასახარბიელო უბნებზე ხალხს სამსახურიდან ათავისუფლებენ, მაგრამ ამ ხალხის სახელი არ გამიგია და ვინაობა ვერ დამიდგენია. თქვენ მოახერხეთ?

ახლა მთავარი, რამდენიც არ უნდა იფართხალონ აქტივისტებმა არჩევნებამდე დარჩენილ დროს, არა აქვს მნიშვნელობა ხელისუფლების წარმომადგენლები იქნებიან ისინი თუ ოპოზიციონერები, რა ახალი შავი ტექნოლოგიები არ უნდა გამოიყენონ, 30 ოქტომბერს მივიღებთ იმ შედეგს, როგორც ამას მოისურვებს საქართველოს ამომრჩეველი.

მეჩვენება, რომ ამომრჩეველმა გადაწყვეტილება უკვე მიიღო - ამ არჩევნებში მაინც,“ქართული ოცნება“ უნდა დარჩეს ხელისუფლებაში, ხოლო დანარჩენი - „გაერთიანებულ ოპოზიციაში“. მეჩვენება ისიც, რომ ამ ვითარებას, არმაგედონის გარდა, ვერაფერი შეცვლის.

მეჩვენება, რომ ამომრჩეველმა გადაწყვეტილება უკვე მიიღო - ამ არჩევნებში მაინც, “ქართული ოცნება“ უნდა დარჩეს ხელისუფლებაში, ხოლო დანარჩენი - „გაერთიანებულ ოპოზიციაში“. მეჩვენება ისიც, რომ ამ ვითარებას, არმაგედონის გარდა, ვერაფერი შეცვლის

- გასულ კვირას დღე არ გასულა, რომ პრემიერ ღარიბაშვილს „ნაციონალები“ და მესამე პრეზიდენტი არ ეხსენებინა. ასე იქცეოდა „ქართული ოცნების“ სახე და თბილისის მოქმედი მერი კახა კალაძეც.

საარჩევნო კამპანია პიკშია და ამ ტიპის განცხადებები გასაკვირი არ უნდა იყოს, მაგრამ პრემიერმა პრაქტიკულად ამომრჩეველს უთხრა - თუ მეორე ტურში ხმას ოპოზიციას მისცემთ, ცენტრალური ხელისუფლება „ქართული ოცნებისაა“ და ადგილობრივ ხელისუფლებებს მართვის ყველანაირ შესაძლებლობას გადაუკეტავს.

ფაქტია, რომ განვითარებული დემოკრატიის ქვეყნებში, ვინც არ უნდა იყოს ცენტრალურ ხელისუფლებაში, ადგილობრივ ორგანოებთან დამოკიდებულება ამგვარი არაა.

ვითარებაში, როცა ჩვენთან თვითმმართველობები ვერც ვერაფერს წყვეტენ იმის გამო, რომ პრაქტიკულად უფლებამოსილება არ აქვთ საკმარისად განსაზღრული და არც ქონება აქვთ საკმარისი, რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ ხელისუფლება არც კი უშვებს, რომ შესაძლოა, რომელიმე მუნიციპალიტეტს „ქართული ოცნება“ არ მართავდეს?

- მიამიტი და ალალი კაცია ჩვენი პრემიერ-მინისტრი - ლაპარაკობს იმას, რაც გულში უდევს და არა იმას, რასაც პოლიტიკოსი უნდა გაიძახოდეს. მისი მრავალი მარგალიტი მახსოვს, თუნდაც ასეთი - „ჩვენ ვთქვით, რომ გიორგი გახარია ნარკომანია, და ახლა დაამტკიცოს საწინააღმდეგო“. სადაა უდანაშაულობის პრეზუმფცია?

ახლა დასავლეთის ქვეყნებზე. მე ბევრ ქვეყანაში ადგილობრივი არჩევნების მომსწრე ვარ და იმდენი სიბინძურე მინახავს, ვერც კი წარმოგიდგენიათ. სად არის ახლა ჩვენი მეგობარი ნიკოლა სარკოზი?! ხომ მიუსაჯა მას სასამართლომ შინაპატიმრობა?! და ხომ გაიძახოდა საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი, რომ ეს პოლიტიკური ანგარიშსწორება და დევნაა?! ხომ იძახდა დონალდ ტრამპი, რომ აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნები მასიურად გაყალბებულია?! არ მოგდით თავში ანალოგიები?

კოჰაბიტაციის პირობებში კი ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებებს შორის ურთიერთობა ყველგან დაძაბულია და ადგილობრივი ბიუჯეტი აქ არაფერ შუაშია. არსებობს ცენტრალური ხელისუფლების დისკრეციული უფლებები, რომელსაც თვითმმართველობა ვერ შელახავს და პირიქით. თუ არ იქნება სინერგია, შესაბამისი მუნიციპალიტეტის განვითარება ეჭვქვეშ დადგება.

მარტივი მაგალითი - ვთქვათ, არსებობს მუნიციპალიტეტში ცენტრალური ხელისუფლების მიერ შემუშავებული ინფრასტრუქტურული პროექტი. მას ადგილობრივი ხელისუფლების თანხმობა სჭირდება. ოპოზიციონერი მერი კი ასეთ თანხმობას არ გასცემს. სხვა სიტყვებით, ნებისმიერი ამგვარი დაპირისპირება ყველასთვის, პირველ რიგში კი მოსახლეობისთვის, დამაზარალებელია.

არა მგონია, რომ ოპოზიციამ, როგორც არ უნდა გაერთიანდეს, ბევრ მუნიციპალიტეტში გაიმარჯვოს. მერწმუნეთ იმაშიც, რომ ცენტრალური ხელისუფლება ამ თითო-ოროლა „აჯანყებულ“ რაიონთან, რასაკვირველია, ითანამშრომლებს. პრემიერის მიერ დღეს გამოთქმული მუქარა კი მხოლოდ წინასაარჩევნო ილეთად მიმაჩნია.

არა მგონია, რომ ოპოზიციამ, როგორც არ უნდა გაერთიანდეს, ბევრ მუნიციპალიტეტში გაიმარჯვოს. მერწმუნეთ იმაშიც, რომ ცენტრალური ხელისუფლება ამ თითო-ოროლა „აჯანყებულ“ რაიონთან, რასაკვირველია, ითანამშრომლებს. პრემიერის მიერ დღეს გამოთქმული მუქარა კი მხოლოდ წინასაარჩევნო ილეთად მიმაჩნია

- „ქართული ოცნების“ ლიდერები აცხადებენ, რომ მეორე ტურში ყველა ქალაქს და მუნიციპალიტეტს მოიგებენ, თან დამაჯერებლად. ასეც რომ მოხდეს, გამოვა, რომ ქვეყანაში რეალურად ერთპარტიული მმართველობა იქნება ყველა დონეზე.

„ქართული ოცნების“ ლიდერების მტკიცებით, „ნაციონალების“ დამარცხებით ქვეყანაში პოლარიზაცია დასრულდება. არავინ დავობს, რომ ჩვენში არსებული პოლარიზებული გარემო სწორედ არსებულ პოლიტიკურ სისტემას უკავშირდება. მეტიც, ბევრი არ გამორიცხავს, რომ სწორედ ახლა აქვს ქვეყანას შანსი თვითმმართველობის დონეზე ეს პოლარიზება დაძლიოს.

გვახსოვს „ქართული ოცნების“ დაპირება, რომ ქვეყანა 2024 წელს ევროკავშირში გაწევრიანების განცხადებას შეიტანს. როცა ხელისუფლება ისეთი მიდგომებით ხელმძღვანელობს, რომელიც ქვეყანას უფრო რუსეთს ამსგავსებს, ვიდრე ევროპას, გაქვთ განცდა, რომ ქვეყანა ევროკავშირისკენ აპირებს ნაბიჯების გადადგმას?

- შეიძლება პოლიტიკურად სრული უვიცი ვარ, მაგრამ გულწრფელად არ მესმის, როგორ შეიძლება აღმოიფხვრას პოლიტიკური დაპირისპირება, თუ „ქართულმა ოცნებამ“ ყველა მუნიციპალიტეტში გაიმარჯვა? ან კიდევ, თუ ეგრეთ წოდებულმა „გაერთიანებულმა ოპოზიციამ“ შთამბეჭდავი შედეგები აჩვენა?

ალბათ, სრულიად არ არის აუცილებელი ტალეირანი ან ბისმარკი იყო, რომ გათვალო, რა გველოდება ან პირველ, ან მეორე შემთხვევაში - მართლაც, თუ „ქართულმა ოცნებამ“ ყველგან გაიმარჯვა, მაშინვე დაიწყება პოლიტიკურ დიქტატურაზე ყაყანი. მეორე შემთხვევაში კი ისევ და ისევ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნები დღის წესრიგში დადგება.

ახლა მთავარი, რასაც არავინ აქცევს ყურადღებას. ერთპარტიული მმართველობა არ არის დამოკიდებული იმაზე დგანან თუ არა მუნიციპალიტეტების საჭესთან სხვა პარტიების წარმომადგენლები.

დემოკრატია არა უმრავლესობის მმართველობაა, არამედ უმცირესობის აზრის პატივისცემაა. ამ თვალსაზრისით, ჩვენთან ყოველთვის ერთპარტიული სისტემა იყო, მნიშვნელობა არა აქვს იმას, ვინ იდგა ქვეყნის სათავეში -„მრგვალი მაგიდა“, „მოქკავშირი“, „ნაციონალური მოძრაობა“ თუ „ქართული ოცნება“.

დემოკრატია არა უმრავლესობის მმართველობაა, არამედ უმცირესობის აზრის პატივისცემაა. ამ თვალსაზრისით, ჩვენთან ყოველთვის ერთპარტიული სისტემა იყო, მნიშვნელობა არა აქვს იმას, ვინ იდგა ქვეყნის სათავეში - „მრგვალი მაგიდა“, „მოქკავშირი“, „ნაციონალური მოძრაობა“ თუ „ქართული ოცნება“

ჩვენ არჩევნების მოგება იმისთვის გვსურს, რომ ჩვენი აზრი მოვახვიოთ ქვეყანას და არა იმისთვის, რომ ოპონენტებს მოვუსმინოთ და კონსენსუსს მივაღწიოთ. არსებული ვითარება ცალსახად გვიჩვენებს, რომ ასეთი კონსენსუსის მიღწევა თითქმის შეუძლებელი იქნება.

დაბოლოს, ძალიან გთხოვთ, ნუ ამსგავსებთ საქართველოს რუსეთს და, ვთქვათ, მიხეილ სააკაშვილს ალექსეი ნავალნის. მეორე აშკარად პოლიტრიკური პატიმარია, ხოლო პირველის პოლიტიკურ პატიმრობაზე აზრი სულხან მოლაშვილის მამას ან ბუტა რობაქიძის დედას ჰკითხეთ, ან კიდევ სხვა მისგან დაზარალებულ სამასი ათას ადამიანს.

რუსეთში ერთი ადამიანის დიქტატურაა და ისეთი ფიგურები, როგორიც, მაგალითად, ნიკა მელია ან გიგი უგულავაა, დიდი ხანია ციმბირის ბანაკებში იქნებოდნენ. ჩვენთან კი მათ ციხისგან ზუსტად ოპოზიციონერობა იცავს.

რუსეთში არჩევნები ფარსია და შედეგები კაბინეტებში იწერება, ჩვენთან კი პოლიტიკური კონკურენცია დაძაბულია ზუსტად იმიტომ, რომ ქართველ კაცს ყოველთვის მოგება სურს, გინდ ლატარიაში, გინდ კაზინოში ან თუნდაც პოლიტიკურ პაექრობაში.

რუსეთში არჩევნები ფარსია და შედეგები კაბინეტებში იწერება, ჩვენთან კი პოლიტიკური კონკურენცია დაძაბულია ზუსტად იმიტომ, რომ ქართველ კაცს ყოველთვის მოგება სურს, გინდ ლატარიაში, გინდ კაზინოში ან თუნდაც პოლიტიკურ პაექრობაში

ეჭვი ხომ არ გეპარებათ, რომ მრავალი მანკიერების მიუხედავად, თუ არ ჩავთვლით ბალტიისპირეთს, საქართველო ყველაზე დემოკრატიული და ყველაზე ნაკლებად კორუმპირებული ქვეყანაა პოსტ-საბჭოთა სივრცეში?

- მეორე ტურის წინ ოპოზიციამ თბილისში პოლიტიკური თვალსაზრისით აშკარად მომგებიანი ნაბიჯი გადაგა, ძალები გააერთიანეს, მათი გაერთიანება თბილისში ხელისუფლების ალტერნატივად გამოაცხადეს და იმედი გამოთქვეს, რომ თბილისში პოლიტიკურ ძალებს შორის თანამშრომლობა და კოორდინაცია მომავალში რეგიონებშიც გახდება ქვეყანაში მრავალპარტიულობისა და ადგილებზე დემოკრატიის განვითარების მაგალითი.

როგორ შეაფასებთ მმართველი გუნდის კანდიდატის, კახა კალაძის წინააღმდეგ ოპოზიციის ნაწილის გაერთიანებასა და იმის ახსნას თუ რისთვის და რატომ გადადგეს მათ ნაბიჯები ნიკა მელიას გასამარჯვებლად?

- მომკალით და ასეთი „მრავალპარტიულობის“ არ მწამს. ჩვენ ბევრი გვინახავს საარჩევნო ბლოკები თუ შეთანხმებები. უკლებლივ ყველა დაინგრა. დაინგრა არა იდეოლოგიური განსხვავებების, არამედ ლიდერობის სურვილის გამო.

მეჩვენება ასევე, რომ ასეთი კონგლომერატის შექმნა აშკარად დაგვიანებულია, იგი 2 ოქტომბრამდე უნდა შექმნილიყო. ახლა კი რჩება შთაბეჭდილება, რომ ოპოზიციური ბლოკი არა დემოკრატიის დაუოკებელი წყურვილის, არამედ უიმედობის განცდის გამო დაფუძნდა.

მეჩვენება ასევე, რომ ასეთი კონგლომერატის შექმნა აშკარად დაგვიანებულია, იგი 2 ოქტომბრამდე უნდა შექმნილიყო. ეხლა კი რჩება შთაბეჭდილება, რომ ოპოზიციური ბლოკი არა დემოკრატიის დაუოკებელი წყურვილის, არამედ უიმედობის განცდის გამო დაფუძნდა

ადამიანებს, რომლებიც ქმნიან პოლიტიკურ პარტიას, საერთო იდეოლოგია უნდა აერთიანებდეს. ნიკა მელიას გამარჯვებისთვის კოალიციის შექმნა კი იმაზე მეტყველებს, რომ „ქართული ოცნების“ ზიზღმა ყველაფერი გადაწონა, პრინციპულობაც, იდენტურობაც, უბრალოდ, ადამიანური თავმოყვარეობაც.

გამოდის, რომ, როგორი დასანანიც არ უნდა იყოს, მართალია ირაკლი კობახიძე, როცა აცხადებს, რომ ეს პარტიები „ნაცმოძრაობის“ სატელიტებია. და მაინც, არიან თავმოყვარე პოლიტიკოსები, ალეკო ელისაშვილი, იაგო ხვიჩია და ზოგიერთი სხვა, რომელთათვის პრინციპები პოლიტიკურ პრაგმატიზმზე უფრო ფასეულია. მე ასეთ ადამიანებს დიდ პატივს ვცემ.

არ მჯერა, რომ კოალიციის შექმნამ რაიმე ქმედითი საარჩევნო შედეგი გამოიღოს.

- ფაქტია, რომ ნიკა მელიას გუნდის მიერ წინასაარჩევნო დაპირებები საკმაოდ საინტერესოდ გამოიყურება ამომრჩევლისთვის. მხედველობაში მაქვს დაპირება, რომ სკოლებში ბავშვებს დააპურებენ, ასევე დედაქალაქში მცხოვრები პენსიონრები 100 ლარიან დანამატს მიიღებენ.

ვნახეთ, რომ მეორე ტურის წინ მმართველი გუნდი ოპოზიციისგან კონკრეტულ გეგმებზე საუბარს არ ელოდა. მეტიც, ამ თემებზე მათი გამოხმაურება, აშკარად გავდა ოპოზიციის გეგმებზე რეაქციას. მმართველი გუნდის სრული მობილიზება მის სისუსტეზე უფრი მიუთითებს, ვიდრე თვითდაჯერებულობაზე.

როგორ შეაფასებთ თბილისში მეორე ტურის წინ ოპოზიციისა და ხელისუფლების შანსებს?

- ნიკა მელიას ვურჩევდი, რომ ფულის თვლა ისწავლოს. საიდან აიღებს სახსრებს ასეთი დანამატებისთვის? გადაუდებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებს შეაჩერებს? ასფალტს აღარ დააგებს? ბიუჯეტს გააორმაგებს? რის ხარჯზე? ისევ დაიწყებს ბიზნესების დაყაჩაღებას?

უკვე მერამდენედ ქართველ ამომრჩეველს, მეც მათ შორის, მოუწევს არა მავანის სასარგებლოდ, არამედ მისი ოპონენტის საწინააღმდეგოდ ხმის მიცემა. და აქ ნიკა მელიას შანსები მიზერულად მიმაჩნია.

უკვე მერამდენედ ქართველ ამომრჩეველს, მეც მათ შორის, მოუწევს არა მავანის სასარგებლოდ, არამედ მისი ოპონენტის საწინააღმდეგოდ ხმის მიცემა. და აქ ნიკა მელიას შანსები მიზერულად მიმაჩნია

- 2 ოქტომბრის არჩევნების შედეგებმა აჩვენა, რომ მესამე პრეზიდენტი სააკაშვილი ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში საკმაოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებს. „ნაცმოძრაობის“ მიერ მიღებული 540 ათასი ხმა ამის დასტურია.

როგორ შეაფასებთ იმას, რაც სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლას, მისი დაკავების შემდგომ განვითარებულ პროცესებს ეხება?

- ამაზე ორიოდე სიტყვა უკვე ვთქვი. ცხადია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა დაპირისპირების ახალ ტალღას გამოიწვევს, მაგრამ ხელისუფლებას უკან დახევის ფუფუნება არ გააჩნია.

ამ შემთხვევაში ოპოზიციის მიტინგები მონაგონი იქნება და ქუჩაში გამოვა სამასი ათასი განრისხებული ადამიანი. სხვათა შორის, მიუხედავად იმისა, რომ ქუჩის აქციების პრინციპულად წინააღმდეგი ვარ, მეც მათ შევუერთდები.

- მიუხედავად იმისა, რომ ევროპარლამენტარები აცხადებენ, რომ სააკაშვილს უნდა ჰქონდეს სამართლიანი სასამართლოს უფლება, ხელისუფლება აცხადებს, რომ მისთვის სასამართლოს განაჩენი გამოტანილი აქვს და იგი ციხეში, მინიმუმ 6 წელს მაინც გაატარებს.

სააკაშვილს შიმშილობა აქვს გამოცხადებული. ფაქტია, რომ მისი შიმშილობა უსასრულოდ ვერ გაგრძელდება. ახლა სააკაშვილთან დაკავშირებით მოვლენათა განვითარების არა ერთ სცენარებზე საუბრობენ. თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ, როგორ განვითარდება მესამე პრეზიდენტის ირგვლივ პროცესები?

- რა, არ იყო პროცესი სამართლიანი?! რა, არ მონაწილეობდნენ გამოძიებაში უცხოელი ექსპერტები, მათ შორის ელისაბედ მეორის პირადი ადვოკატი?! რა, არ თქვა სტრასბურგის სასამართლომ თავისი სიტყვა?! რა, ქალბატონი ეკა ზღულაძის მეუღლეს აზრი ობიექტურია?! რა, რომელიმე პოლიტიკოსი შეეხო საქმის არსებით მხარეს და გასცდა ცარიელი ლოზუნგების დონეს?!

ეს ყველაფერი ჩვენ უკვე გავიარეთ და ეს იშვიათი გამონაკლისია, როცა პრემიერის აზრს ვეთანხმები, ოღონდ ამ აზრს უფრო დიპლომატიური ენით გამოვხატავდი.

სანამდე იშიმშილებს სააკაშვილი? ექვსი წელი? სანამდე გაგრძელდება აქციები? ექვსი წელი? რას იზამენ მესამე პრეზიდენტის მომხრეები? იარაღს აიღებენ? სამოქალაქო ომს დაიწყებენ?

ყველამ ამ კითხვებს თვითონ, თავისთვის გულწრფელად მაგრამ მშვიდად, ცივი გონებით უნდა უპასუხოს. და თუ ეს ასე მოხდა, ვნახავთ, რომ ეს „აურზაურია არაფრის გამო“.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია