ადვოკატი - ჩვენი ინფორმაციით, მოხდება იმიტირებული ბუნტი, რომელიც დასრულდება სააკაშვილის ლიკვიდაციით - მოვითხოვთ, მიმდინარე საათებში გადაწყდეს ჰოსპიტალიზაციის საკითხი და გამოირიცხოს ციხის საავადმყოფო

ჯანდაცვის პრობლემებთან ერთად აღვნიშნავთ, რომ ციხის საავადმყოფოში არ არის უსაფრთხოების დაცვის მინიმალური გარანტია - ჩვენი ინფორმაციით, ციხის საავადმყოფოში პრობლემები იქნება იმიტირებული ხელისუფლების მიერ, მოხდება იმიტირებული ბუნტი, რომელიც დასრულდება სააკაშვილის ლიკვიდაციით, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ მესამე პრეზიდენტის ჰოსპიტალიზაციაზე საუბრისას ბრიფინგზე განაცხადა.

ნიკა გვარამიას განცხადებით, ციხეში უკვე შეყვანილია რამდენიმე "სპეცდანიშნულების პატიმარი, რომელიც სააკაშვილის ლიკვიდაციაზე იზრუნებს".

,,უსაფრთხოების სერიოზული პრობლემების გამო, მიხეილ სააკაშვილი არ შეიძლება იყოს გადაყვანილი ციხის სტაციონარში. ჩვენი ინფორმაციით, იგეგმება ე.წ. იმიტირებული ბუნტი ციხის საავადმყოფოში. უკვე შეყვანილია რამდენიმე სპეცდანიშნულების პატიმარი, რომელიც ამაზე იზრუნებს, რაც დაბრალდება აღშფოთებულ ციხის პუბლიკას“, - აღნიშნა ნიკა გვარამიამ.

მისივე განმარტებით, ყველაზე მაღალი რისკი, რომელიც სააკაშვილს ემუქრება გულის გაჩერებაა, შესაბამისად ციხის საავადმყოფოში კარდიოლოგიური სერვისის მეორე დონე უნდა არსებობდეს.

,,ამჟამად დამამშვიდებელი ან დამაიმედებელი განცხადებების გაკეთება შეუძლებელია, ამიტომ საჭიროდ ჩავთვალეთ მივმართოთ საზოგადოებას და საქართველოს ხელისუფლებას. ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები კეთდება იუსტიციის სამინისტროს და კონსილიუმის მხრიდან. იუსტიციის მინისტრის განცხადებით, სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე განხილვა არ ყოფილა, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება კონსილიუმის დასკვნას. ციხის მე-18 სამედიცინო დაწესებულება არ წარმოადგენს კონსილიუმის დასკვნით განსაზღვრულ C კატეგორიის მულტიფუნქციურ კლინიკას, აქ არ არის სათანადო ტექნიკური აღჭურვილობა.

ყველაზე მაღალი რისკი, რაც ახლა ემუქრება სააკაშვილს არის გულის გაჩერების რისკი, შესაბამისად ციხის საავადმყოფოში უნდა იყოს კარდიოლოგიური სერვისის მეორე დონე, კერძოდ ინტერვენციული კარდიოლოგია. მიუხედავად იმისა, რომ ციხის საავადმყოფოში სხვადასხვა პროფილის ექიმები არიან, ეს არ იძლევა შესაძლებლობას სხვადასხვა ტიპის მომსახურება გაკეთდეს. სააკაშვილის პრობლემები ძალიან დიდ სპექტრს ფარავს სამედიცინო მომსახურების საჭიროებებისა“, - აღნიშნა ნიკა გვარამიამ.

სააკაშვილის უფლებადამცველები მოითხოვენ ჰოსპიტალიზაციის საკითხი მიმდინარე საათებში გადაწყდეს და ციხის საავადმყოფო გამოირიცხოს.

,,მოვითხოვთ, რომ მიმდინარე საათებში გადაწყდეს ჰოსპიტალიზაციის საკითხი და ღია განცხადებით გამოირიცხოს ციხის საავადმყოფო. გადაწყვეტილება მიღებული იყოს არამხოლოდ პირადი ექიმის, არამედ ადვოკატებთან ერთად, ვინაიდან ჯანდაცვასთან ერთად ეს არის უფლებადაცვითი საკითხიც. ვთხოვთ სახალხო დამცველს მოახდინოს მონიტორინგი როგორც სააკაშვილის მდგომარეობის, ასევე ციხის საავადმყოფოს შესაბამისობა იმ კრიტერიუმებთან, რომელიც წარმოგვიდგინა კონსილიუმმა. ჯანდაცვის მინისტრმა დაუყონებლივ უნდა განმარტოს საავადმყოფოს შესაბამისობა კონსილიუმის დასკვნასთან დაკავშირებით და მოგვახსენოს არის თუ არა C კატეგორიის კლინიკა ციხის რესპუბლიკური საავადმყოფო. ჩვენი ინფორმაციით, ამ წუთებში მიმდინარეობს მისი შეტანა C კატეგორიის კლინიკების ჩამონათვალში, ყველამ თავი შეიკავოს ამისგან, ეს არის დანაშაული რასაც მოჰყვება მძიმე შედეგი“, - აღნიშნა ნიკა გვარამიამ.

ნიკა გვარამიამ მიხეილ სააკაშვილს მიმართა და განაცხადა, რომ ადვოკატები იბრძვიან იმისთვის, "რომ რეჟიმისგან გამოიხსნან".

„ამ ქვეყანას შენ სჭირდები ჯანმრთელი და სრულფასოვნად ჩართული ამ ქვეყნის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ პროცესებში. ამიტომაც, პირველ რიგში, იფიქრე შენს ჯანმრთელობაზე. შენ არ ხარ მარტო, ძალიან ბევრი ადამიანი დამწუხრებულია შენი მდგომარეობით. მთელი ჩვენი გუნდი, ვგულისხმობ ადვოკატებს, იბრძვის იმისათვის, რომ გამოგიხსნას ამ რეჟიმისგან და შენი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ აღარ იყოს“, - განაცხადა გვარამიამ.

ამასთან, მან ხელისუფლების წარმომადგენლებსა და სამინისტროებს მიმართა.

„ჩვენ გვაქვს თხოვნა სახალხო დამცველთან და მოთხოვნა ჯანდაცვის მინისტრთან, ასევე, იუსტიციის სამინისტრომ უახლოეს საათებში გააკეთოს განმარტება, რას აპირებს მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით - ირჩევს თუ არა ციხის საავადმყოფოს. ჯანდაცვისა და უსაფრთხოების საკითხების გამო ჩვენ ამას კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით. მოვითხოვთ, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში აქტიურად ჩაგვრთონ“, - აღნიშნა გვარამიამ.

რას გულისხმობს ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებები, როგორ მიმდინარეობს სკოლების ავტორიზაციის პროცესი და იგეგმება თუ არა დირექტორების ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადება - ინტერვიუ განათლების მინისტრის მოადგილესთან
ავთანდილ წულაძე  - გერმანიის ექსპერტებმა მოამზადეს მოხსენება, რომლის მიხედვითაც გერმანია ტოტალურად უნდა მოემზადოს რუსეთისაგან თავის დასაცავად
ქართული პრესის მიმოხილვა 27.11.2023
მიხეილ ბატიაშვილი - ქვეყნის ყველაზე მასშტაბური, ციფრული საინფორმაციო ფონდი მალე ხელმისაწვდომი გახდება
გაიცანით Kreston Georgia: გლობალური ექსპერტიზა გლობალური წარმატებისთვის
თიბისის მხარდაჭერით, კოლიერსი საგურამოში და ლისზე საცხოვრებელ პროექტებს განახორციელებს
საქართველოში „The Luxury Collection“-ის კლასის სასტუმრო „პარაგრაფ თბილისი“ გაიხსნა
ახალი Toyota C-HR: ავტომობილი, რომელსაც საქართველოში ბევრი ელოდება
ვალუტის გადარიცხვის ახალი სერვისი - Visa B2B Connect
Gebrüder Weiss თბილისში არსებული ლოგისტიკური ცენტრის რიგით მესამე გაფართოებას იწყებს