გიორგი კანაშვილი - თუ ოპოზიციამ ვერ მოახერხა დამატებითი ამომრჩევლის გამოყვანა, ხოლო „ოცნებამ“ სულ მცირე იგივე რაოდენობა გამოიყვანა, რაც პირველ ტურში, შედეგი ოპოზიციისთვის  მძიმე იქნება

არჩევნების მეორე ტურის წინ არსებული ვითარების თავისებურებებზე, მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წინასაარჩევნო მოქმედებებზე, არჩევნებთან დაკავშირებული საშინაო პოლიტიკის სხვა აქტუალურ პოლიტიკურ და სამართლებრივ საკითხებზე “ინტერპრესნიუსი“, პოლიტოლოგსა და კონფლიქტოლოგს, გიორგი კანაშვილს ესაუბრა.

- ბატონო გიორგი, რადგან მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ორგანიზებით თბილისში გამართული აქცია აქტიურად განხილვადი თემაა და ალბათ არ გაგიკვირდებათ თუ არჩევნების მეორე ტურის წინ არჩევნების პირველ და მეორე ტურებს შორის განვითარებული პროცესების თავისებურებებზე საუბარს ამ თემით დავიწყებთ.

ამ აქციამდე და აქციაზე მმართველი პარტიის ლიდერშიფის გაკეთებული განცხადებებით თუ ვიმსჯელებთ, ძნელი შესამჩნევი არ უნდა ყოფილიყო რომ ეს აქცია მხოლოდ ჩვეულებრივ წინასაარჩევნო აქციას არ ჰგავდა.

ძნელი დასაჯერებელია ხელისუფლებას გაცნობიერებული არ ჰქონოდა თუ რა მასშტაბის ნაბიჯი გადადგა თავად პოლარიზებული საზოგადოების კიდევ უფრო პოლარიზაციისთვის. როგორ შეაფასებდით მმართველი გუნდის მიერ ორგანიზებულ აქციას? რაში დასჭირდა მას ასეთი მასშტაბური კონტაქციის ჩატარება?

- პრინციპში, არაფერი ახალი და განსაკუთრებული არ მომხდარა. ამგვარ აქციებს, რაც მახსოვს, ძალის დემონსტრირების მიზნით ხელისუფლებები და ოპოზიციები ყოველთვის მართავდნენ. აქციის ჩატარების ადგილებიც კი, წლების განმავლობაში უცვლელია - თავისუფლების მოედანი, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია და სხვადასხვა სტადიონები.

ამასთანავე, ამჯერად თამასა გარკვეულ წილად ოპოზიციამ აწია, როდესაც დედაქალაქში ამ რამდენიმე კვირის წინ, საკმაოდ მასშტაბური აქცია მოაწყო. ამ ფონზე, „ქართულ ოცნებას“ უფრო მეტი ხალხი უნდა გამოეყვანა, რაც თითქოსდა მოახეხა კიდევაც. თუმცა, საფუძვლიანია ვივარაუდოთ, რომ ადმინისტაციული რესურსის საყოველთაო მობილიზაციის ხარჯზე. ზოგადად, უნდა ითქვას, რომ „ქართულ ოცნებას“ საკმაოდ უღიმღამო და ნეგატივზე-წარსულზე ორიენტირებული საარჩევნო კამპანია ჰქონდა.

„ქართულ ოცნებას“ უფრო მეტი ხალხი უნდა გამოეყვანა, რაც თითქოსდა მოახეხა კიდევაც. თუმცა, საფუძვლიანია ვივარაუდოთ, რომ ადმინისტაციული რესურსის საყოველთაო მობილიზაციის ხარჯზე. ზოგადად, უნდა ითქვას, რომ „ქართულ ოცნებას“ საკმაოდ უღიმღამო და ნეგატივზე-წარსულზე ორიენტირებული საარჩევნო კამპანია ჰქონდა

- არჩევნების პირველი ტურის წინ ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები და რიტორიკა აშკარად განსხვავდებოდა მეორე ტურის წინ გაკეთებული განცხადებებისა და რიტორიკისაგან.

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში პრემიერმა ღარიბაშვილმა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ამავე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა კახი კალაძემ მეორე ტურის წინ არა გაკეთებულ და გასაკეთებელ საქმეებზე ამჯობინეს საუბარი, არამედ წინა ხელისუფლების მმართველობის 9 წელზე და იმის შეხსენებაზე თუ რა შეცდომები ჰქონდა დაშვებული სააკაშვილის ხელისუფლებას.

შესაძლოა ვცდებოდე, მაგრამ რატომღაც დარჩა შთაბეჭდილება, რომ ამ აქციით ხელისუფლებამ ყველას უთხრა - ქუჩა ჩემია.

დამკვირვებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ აქციით ხელისუფლებამ ოპოზიცია გააფრთხილა - თუ პოლიტიკური პროცესის ქუჩაში გაგრძელებას მოინდომებს იგი ქუჩაში უპირატესობას არავის დაუთმობს. თუ თქვენც ასე ფიქრობთ, სავარაუდოდ, ეს რას შეიძლება ნიშნავდეს?

- სწორი დაკვირვებაა, მართლაც „ქართული ოცნების“ ნაწარმოები კამპანიები განსხვავდებოდა. თუ საწყის ეტაპზე, ასე ვთქვათ - ჰიბრიდული გზავნილები იყო, ანუ ერთის მხრივ საქმეზე საუბარი და მეორე მხრივ „ნაცმოძრაობის“ უსაქციელობის შეხსენება, მეორე ტურის წინ „ქართულმა ოცნებამ“ პირველი კომპონენტი სრულიად ამოაგდო; და მოსახლეობას არმაგედონის ჟანრი შემოგვთავაზა, სადაც წინ ერთი დიდი ბრძოლა გველის, რომლის მოგების შემთხვევაში სამყაროში ხანგრძლივი მშვიდობა და კეთილდღეობა აღდგება.

მეორე ტურის წინ „ქართულმა ოცნებამ“ მოსახლეობას არმაგედონის ჟანრი შემოგვთავაზა, სადაც წინ ერთი დიდი ბრძოლა გველის, რომლის მოგების შემთხვევაში სამყაროში ხანგრძლივი მშვიდობა და კეთილდღეობა აღდგება

სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ ეს შემოთავაზება უტოპიურია - ანტიქრისტე, ანუ „ნაცმოძრაობა,“ არჩევნებში დამარცხების შემთხვევაშიც კი, თავისი 500 ათასი მიმდევარით, არსად არ გაქრება.

რაც შეეხება ქუჩას. როგორც პარალელურმა აქციამ ზუგდიდში აჩვენა, ქუჩა მხოლოდ და ექსკლუზიურად „ქართული ოცნების“ აღარაა.

როგორც პარალელურმა აქციამ ზუგდიდში აჩვენა, ქუჩა მხოლოდ და ექსკლუზიურად „ქართული ოცნების“ აღარაა

თუმცა, მე მაინც დავუბრუნდებოდი პირვანდელ აზრს - ამგვარი თავყრილობები, მეტ-ნაკლებად ჩვეულებრივი ამბავია და თითქმის ყველა არჩევნების პარალელურად ხდება ხოლმე.

- მეორე ტურის წინ დღე არ გასულა, რომ პრემიერ ღარიბაშვილს და მმართველი გუნდის სხვა წარმომადგენლებს „ნაციონალები“ და მესამე პრეზიდენტი არ ეხსენებინათ. ასევე იქცეოდა „ქართული ოცნების“ სახე და თბილისის მოქმედი მერი კახა კალაძე.

საარჩევნო კამპანია პიკშია და ამ ტიპის განცხადებები გასაკვირი არ უნდა იყოს, მაგრამ პრემიერმა პრაქტიკულად ამომრჩეველს უთხრა - თუ მეორე ტურში ხმას ოპოზიციას მისცემთ, ცენტრალური ხელისუფლება „ქართული ოცნებისაა“ და ადგილობრივ ხელისუფლებებს მართვის არანაირი შესაძლებლობა არ ექნება.

ფაქტია, რომ განვითარებული დემოკრატიის ქვეყნებში, ვინც არ უნდა იყოს ცენტრალურ ხელისუფლებაში, ადგილობრივ ორგანოებთან დამოკიდებულება ამგვარი არაა.

ვითარებაში, როცა ჩვენთან თვითმმართველობები ვერც არაფერს წყვეტენ იმის გამო, რომ პრაქტიკულად უფლებამოსილება არ აქვთ საკმარისად განსაზღრული და არც ქონება აქვთ საკმარისი, რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ ხელისუფლება არც კი უშვებს, რომ შესაძლოა, რომელიმე მუნიციპალიტეტს „ქართული ოცნება“ არ მართავდეს?

- ბოლო წლებია, ჩვენ ვაკვირიდებით, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციის უდიდეს ნაწილს შორის ურთიერთმიუღებლობის ხარისხი იზრდება. სიტყვიერი შეურაცხყოფა, ეპითეტებით ერთურთის შემკობა, მეტიც ფიზიკური ძალადობაც კი - ჩვეულებრივ ამბად იქცა. აღარავის გვიკვირს, ამ ყველაფრის ყოველდღიურ რეჟიმში სმენა და ყურება.

ფაქტიურად საგნობრივი მსჯელობა არცერთ საჭირბოროტო საკითხზე არ მიდის, არც პარლამენტში და არც რომელიმე სხვა სივრცეში. ანუ მხარეები ორიენტირებულნი არიან ერთმანეთის სრულ განადგურებაზე. სამწუხაროდ, ესაა თამაშის წესი დღეს და „ქართულ ოცნების“ რიტორიკაც არაა გასაკვირი.

მხარეები ორიენტირებულნი არიან ერთმანეთის სრულ განადგურებაზე. სამწუხაროდ, ესაა თამაშის წესი დღეს და „ქართულ ოცნების“ რიტორიკაც არაა გასაკვირი

გასაგებია, რომ „ქართულ ოცნებას“ არ სურს, არცერთი მუნიციპალიტეტის დათმობა, რადგან ზუსტად იცის, რომ ამ შემთხვევაში დამატებითი წინააღმდეგობის კერა იქმნება.

- „ქართული ოცნების“ ლიდერები აცხადებენ, რომ მეორე ტურში ყველა ქალაქს და მუნიციპალილეტს მოიგებენ, თან დამაჯერებლად. ასეც რომ მოხდეს, გამოვა, რომ ქვეყანაში რეალურად ერთპარტიული მმართველობა იქნება ყველა დონეზე.

„ქართული ოცნების“ ლიდერების მტკიცებით, „ნაციონალების“ დამარცხებით ქვეყანაში პოლარიზაცია დასრულდება. არადა, ფაქტია, რომ ჩვენში არსებული პოლარიზებული გარემო სწორედ არსებულ პოლიტიკურ სისტემას უკავშირდება. მეტიც, ბევრი არ გამორიცხავს, რომ სწორედ ახლა აქვს ქვეყანას შანსი თვითმმართველობის დონეზე ეს პოლარიზება დაძლიოს.

გვახსოვს „ქართული ოცნების“ დაპირება, რომ ქვეყანა 2024 წელს ევროკავშირში გაწევრიანების განცხადებას შეიტანს. როცა ხელისუფლება ისეთი მიდგომებით ხელმძღვანელობს, რომელიც ქვეყანას უფრო რუსეთს ამსგავსებს, ვიდრე ევროპას, გაქვთ განცდა, რომ ქვეყანა ევროკავშირისკენ აპირებს ნაბიჯების გადადგმას?

- ეს დაპირება, სიმართლე, რომ ვთქვათ სერიოზულად არავის აღუქვამს არც ქვეყნის შინგით და არც ქვეყნის გარეთ. მათ შორის და უპირველეს ყოვლისა თვითონ ევროკავშირში. ყველაზე ნაკლებად რაზეც ეხლა ევროკავშირში ფიქრობენ, ეს კავშირის შემდგომი გაფართოებაა.

დღეს და უკვე წლებია, ევროკავშირი ძირითადად შიდა პრობლემების გადაწყვეტითაა დაკავებული. გახსოვთ ალბათ ბრექსიტი, პრობლემები დემოკრატიასთან დაკავშირებით პოლონეთსა და უნგრეთში, მიგრანტებთან დაკავშირებული საკითხები, კოვიდ ეპიდემია და ა.შ.

ამ ფონზე, ევროკავშირის აღმოსავლეთ საზღვრებზე მუდმივი დაძაბულობაა - გაუთავებელი კონფლიქტები, აგრესიული რუსეთი, ჰიბრიდული რეჟიმები - უკრაინაში, საქართველოში, მოლდოვაში, ახლა უკვე სომხეთშიც, სადაც ვერა და ვერ მოხდა ლიბერალური დემოკრატიების კონსოლიდაცია-ჩამოყალიბება.

ნუ დავმალავთ - ევროპაში ბევრია ისეთი, რომელიც ჩვენც და რეგიონის სხვა ქვეყნებსაც დიდი სკეპტიციზმით გვიყურებს. სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენ ამის საფუძველსა და საბაბს ვიძლევით. თუ ქვეყანაში რამე არ შეიცვალა, ვეჭვობ ის იმედები, რომელიც საქართველოს უკავშირდებოდა, საბოლოოდ წარსულს ჩაბარდება.

ევროპაში ბევრია ისეთი, რომელიც ჩვენც და რეგიონის სხვა ქვეყნებსაც დიდი სკეპტიციზმით გვიყურებს. სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენ ამის საფუძველსა და საბაბს ვიძლევით. თუ ქვეყანაში რამე არ შეიცვალა, ვეჭვობ ის იმედები, რომელიც საქართველოს უკავშირდებოდა, საბოლოოდ წარსულს ჩაბარდება

- 2 ოქტომბრის არჩევნების შედეგებით ქართულ პოლიტიკურ ველზე აშკარად ანგარიშგასაწევი ძალა გამოჩნდა გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ სახით. გახარიამ კი განაცხადა, რომ მეორე ტურში იგი არ მოუწოდებს თავის მხარდამჭერებს ან ერთ, ან მეორე მხარს მისცენ ხმა.

მიუხედავად ამისა, ფაქტია, რომ მეორე ტურის შედეგები ბევრად იმაზე იქნება დამოკიდებული ვის სასარგებლოდ მისცემენ ხმას გახარიას მხარდამჭერები. ამომრჩევლის მიყვანას. სავარაუდოდ ვის სასარგებლოდ მისცემენ ხმას გახარიას მხარდამჭერები?

- გახარიამ მიუხედავად მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლისა და პოლიტიკური ველის მეტი რადიკალიზაციისა, არჩევნებში მაინც მნიშვნელოვანი შედეგის დადება მოახერხა. ეს შედეგი აშკარად უკეთესი იქნებოდა, რომ არა მესამე პრეზიდენტის მოულოდნელი გამოჩენა საქართველოში.

თუ გადახედავთ, გახარიის პარტიის თვითმმართველი ქალაქის მერის კანდიდატებმა, ზოგ შემთხვევაში 15 პროცენტის აღებაც კი შეძლეს. იგივე შედეგები გაიმეორეს და ზოგან კიდევ უფრო შთამბეჭდავიც, თვითმმართველი თემის მერის კანდიდატებმა.

განსაკუთრებით, მაღალია მისი მხარდაჭერა სამეგრელოში. აქ, თითქმის ყველგან გახარიას ხმები და „ნაცმოძრაობის“ ხმები აღემატება „ქართული ოცნების“ ხმებს.

ამიტომ, მართალს ბრძანებთ გახარია მეორე ტურში ფაქტორია. თუმცა, მე ფრიად ვეჭვობ, რომ მან რაიმე სახის მოწოდება გააკეთოს. გახარიას ელექტორატი, ჩემი აზრით, ძირითადად „ნაცმოძრაობისადმი“ ანტაგონისტურადაა განწყობილი. შესაბამისად, ასეთი განცხადების შემთხვევაში, გახარიამ შეიძლება საკუთარი ელექტორატი პირწმინდად დაკარგოს.

ამიტომ, ამ ეტაპზე გახარია წესით შეინარჩუნებს ნეიტრალიტეტს, თანაბარდაშორებულობას როგორც „ქართული ოცნებისგან,“ ასევე „ნაცმოძრაობისგან“ და დაელოდება უკეთეს დროს. ამასთანავე, 30 ოქტომბერს, მისი ამომრჩევლის დიდი ნაწილი დროებით ისევ „ქართულ ოცნებას“ მისცემს ხმას.

გახარია მეორე ტურში ფაქტორია... თუმცა, ამ ეტაპზე გახარია შეინარჩუნებს ნეიტრალიტეტს, თანაბარდაშორებულობას როგორც „ქართული ოცნებისგან,“ ასევე „ნაცმოძრაობისგან“ და დაელოდება უკეთეს დროს. ამასთანავე, 30 ოქტომბერს, მისი ამომრჩევლის დიდი ნაწილი დროებით ისევ „ქართულ ოცნებას“ მისცემს ხმას

- თუ პირველი ტური ოპოზიციას ჰქონდა გამოცხადებული რეფერენდუმად, ახლა მეორე ტური ლამის დიდგორად და ვატერლოოდ და უმნიშვნელოვანეს ბრძოლად აქვს გამოცხადებული მმართველ გუნდს.

ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ყველაფერი გააკეთეს რომ 30 ოქტომბერს ამომრჩევლების რეკორდული რაოდენობა უნდა მივიდეს. ამისთვის საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებისთვის ორივე მხარეს ძალა არ დაუშურებია.

რა მოლოდინი გაქვთ 30 ოქტომბერს ამომრჩევლების აქტიურობასთან დაკავშირებით? რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ხელისუფლებამ და ოპოზიციამ მეორე ტურში ისეთი ხალხის მიყვანა შეძლოს, რომლებიც პირველ ტურშიც კი არ ყოფილან?

- ორივე მხარე ხვდება, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საკუთარი ხალხის და დამატებით იმ ამომრჩევლის გამოყვანა, რომელიც შედარებით პასიურია. თუმცა მოდით ესე ვთქვათ, ამ განვლილ პერიოდში რა მოხდა იმაზე მნიშვნელოვანი ვიდრე მიხეილ სააკაშვილი დაჭერა?! ვფიქრობ არც არაფერი.

სააკაშვილის დაჭერამაც კი, ვერ მოახერხა „ნაცმოძრაობის“ ტრადიციულად მხარდამჭერი 500 ათას კაცზე მეტის გამოყვანა. თუ დავაკონკრეტებთ 540 ათასზე მეტის გამოყვანა.

დიახ, ოპოზიციამ გარკვეული სიახლე შემოიტანა მეტი ერთობის კუთხით, ვგულისხმობ „ლელოს“ მიერთებას ოპოზიციურ ერთობასთან. თუმცა, არა მგონია ეს საკმარისი იყოს იმ მუხტის შესაქმნელად, რომელიც ოპოზიციის მხარდამჭერების მეტ მობილიზაციას გამოიწვევდა.

ოპოზიციამ გარკვეული სიახლე შემოიტანა მეტი ერთობის კუთხით, ვგულისხმობ „ლელოს“ მიერთებას ოპოზიციურ ერთობასთან. თუმცა, არა მგონია ეს საკმარისი იყოს იმ მუხტის შესაქმნელად, რომელიც ოპოზიციის მხარდამჭერების მეტ მობილიზაციას გამოიწვევდა

იგივე შეიძლება ითქვას „ქართული ოცნების“ ამომრჩეველზეც. მაქსიმუმი, რისი გამეორებაც „ოცნებისთვის“ ოპტიმალური იქნებოდა, ესაა დაახლოებით 900 ათასი ხმის მოპოვება. რაც ბოლო წლების რეკორდია და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირდა.

- მეორე ტურის წინ აშკარად განსხვავებულად იქცეოდა მეორე ტურში გასული „ნაცმოძრაობა“ და მისი თავმჯდომარე ნიკა მელია. მხედველობაში მაქვს ის, რომ მეორე ტურის წინ მან ამომრჩეველს აშკარად პოზიტიური დღის წესრიგი წარუდგინა. რამდენად რეალიზებადია იგი, ეს სხვა თემაა, მაგრამ მაინც.

მეორე ტურის წინ ოპოზიციამ თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდში, ფოთში და სხვაგანაც აშკარად მომგებიანი ნაბიჯი გადაგა, ძალები გააერთიანეს. მეტიც განაცხადეს, რომ მეორე ტურებში გაერთიანებული პოლიტიკური გუნდები არიან ხელისუფლების ალტერნატივა.

მათ იმედი აქვთ, რომ თბილისსა და რეგიონებში პოლიტიკურ ძალებს შორის თანამშრომლობა და კოორდინაცია გახდება ქვეყანაში მრავალპარტიულობისა და ადგილებზე დემოკრატიის განვითარების მაგალითი.

როგორ შეაფასებდით თბილისსა და 5 თვითმმართველ ქალაქებსა და 15 თვითმმართველ თემში ოპოზიციის შანსებს?

- ფრიად საინტერესო საკითხია და მოდით ისევ რიცხვები დავიხმაროთ. 15 თვითმმართველი თემიდან, რომელშიც განმეორებითი არჩევნები ჩატარდება, 11 დასავლეთ საქართველოშია. აქედან 6 სამეგრელოში. აქედან პირველი დასკვნა - დასავლეთ საქართველო უფრო ოპოზიციურია ვიდრე აღმოსავლეთ საქართველო, განსკუთრებით კი სამეგრელო. აქედან, ოპოზიციას რეალური შანსები აქვს - კობა ნაყოფიას სენაკში, ანზორ მელიას ზუგდიდში, და ასევე წყალტუბოში „ნაცმოძრაობის“ კანდიდატს. დანარჩენ თვითმმართველ თემებში, „ქართულ ოცნებას“ უფრო მყარი პოზიციები აქვს.

ოპოზიციას რეალური შანსები აქვს - კობა ნაყოფიას სენაკში, ანზორ მელიას ზუგდიდში, და ასევე წყალტუბოში „ნაცმოძრაობის“ კანდიდატს. დანარჩენ თვითმმართველ თემებში, „ქართულ ოცნებას“ უფრო მყარი პოზიციები აქვს

რაც შეეხება თვითმმართველ ქალაქებს. აქ ყველაზე რეალური შანსი მოგებისა, ამ ეტაპზე ხატია დეკანოიძეს აქვს ქუთაისში. საქმე იმაშია, რომ ქუთაისში დაახლოებით 5 პროცენტი, სტრატეგია აღმაშენებლის კანდიდატმა მიიღო. თუ ქუთაისში, გახარიას ამომრჩეველმა „ოცნებას“ არ მისცა ხმა, ხოლო აღმაშენებლის ამომრჩეველი „ნაცმოძრაობისკენ“ გადაიხარა - მაშინ დეკანოიძეს მოგება გარანტირებული აქვს.

თუ ქუთაისში, გახარიას ამომრჩეველმა „ოცნებას“ არ მისცა ხმა, ხოლო აღმაშენებლის ამომრჩეველი „ნაცმოძრაობისკენ“ გადაიხარა - მაშინ დეკანოიძეს მოგება გარანტირებული აქვს

დაძაბულ ბრძოლას უნდა ველოდეთ რუსთავსა და ბათუმშიც, თუმცა აქ „ოცნებას“ მოგების მეტი შანსები აქვს. ხოლო ფოთში, გიგი უგულავა აშკარად აგებს არჩევნებს, მისი 38 პროცენტი, მოგების იმედის საფუძველს არ ქმნის.

და ბოლოს თბილისი. თუ, ოპოზიციამ ვერ მოახერხა დამატებითი ამომრჩევლის გამოყვანა, ხოლო „ოცნებამ“ სულ მცირე იგივე რაოდენობა გამოიყვანა, რაც პირველ ტურში, უნდა ვივარაუდოთ რომ კახა კალაძე მეორედ მოგვევლინება ქალაქის მერად.

თუ ოპოზიციამ ვერ მოახერხა დამატებითი ამომრჩევლის გამოყვანა, ხოლო „ოცნებამ“ სულ მცირე იგივე რაოდენობა გამოიყვანა, რაც პირველ ტურში, უნდა ვივარაუდოთ რომ კახა კალაძე მეორედ მოგვევლინება ქალაქის მერად

სხვათა შორის, შედეგებზე აქაც დიდ როლს ითამაშებს ე.წ. შუაშისტი ამომრჩეველი. ქვეყნის მასშტაბით, არა ქოცი - არა ნაცი ამომრჩევლის რაოდენობაა (წინა არჩევნების მონაცემებზე დაყრდნობით) 23 პროცენტი, ხოლო თბილისში 31.

აღარ მინდა მკითხველი გადავღალო რიცხვებით, მაგრამ შუაშისტების ხმები ისე იყოფა, რომ უდიდესი ნაწილი „ქართული ოცნების“ ყულაბაში მიდის. ამიტომ, დიდი ალბათობით, კახა კალაძე დამაჯერებლად ვერა, თუმცა გამარჯვებას ალბათ შეძლებს.

- „ნაციონალებსა“ და იმ ოპოზიციურ პარტიებსა და მოძრაობებს, რომლებიც მეორე ტურის წინ „ნაციონალებთან“ ერთად იღებენ მონაწილეობას, ბევრმა ერთმაენთისკენ გადადგმული ნაბიჯები მოუწონა.

ბევრმა „ლელოს“ მისამართით საყვედურები არ დაიშურა. არიან ისეთებიც, რომლების მომხდარის მიმართ ფრთხილი ოპტიმიზმი კი გამოთქვეს, მაგრამ იქვე გაერთიანებული ოპოზიციის დამარცხების შემთხვევაში საფრთხეები დაინახეს.

თუ მეორე ტურში „ნაცმოძრაობამ“ და მასთან გაერთიანებულმა ოპოზიციამ სასურველ შედეგს ვერ მიაღწია, მოვლენათა ამგვარი განვითარება რა საფრთხეებს შეიცავს და სავარაუდოდ როგორი აღმოჩნდება ქართული პოლიტიკური სცენა?

- გააჩნია დამარცხებას. რამდენიმ თვითმმართველ ქალაქსა და თემში გამარჯვებაც კი, შესაძლოა საკმაოდ დადებითად აისახოს პოლიტიკურ პროცესზე. ყველგან პირწმინდად წაგება, ფრიად მძიმე შედეგი იქნება ოპოზიციისთვის.

ყველგან პირწმინდად წაგება, ფრიად მძიმე შედეგი იქნება ოპოზიციისთვის

- 2 ოქტომბრის არჩევნების შედეგებმა აჩვენა, რომ მესამე პრეზიდენტი სააკაშვილი ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში საკმაოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებს. „ნაცმოძრაობის“ მიერ მიღებული 540 ათასი ხმა ამის დასტურია.

როგორ შეაფასებდით იმას, რაც სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლას, მისი დაკავების შემდგომ განვითარებულ პროცესებს ეხება?

- მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლას, პარადოქსულია, მაგრამ მნიშვნელოვნად არ გაუზრდია „ნაცმოძრაობის“ ხმების რაოდენობა. მაგალითად, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში, „ნაცმოძრაობამ 477 ათასი ხმა მიიღო. ანუ „ნაცმოძრაობამ“ 4 წელიწადში, დაახლოებით 80 ათასი ხმით მოიმატა და ისიც გაუგებარია, ეს მიხეილ სააკაშვილის გამოჩენის გამო მოხდა, თუ რაიმე სხვა მიზეზით.

მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა და მისი ციხეში ყოფნა, უფრო სხვა კუთხითაა საინტერესო. კერძოდ, „ქართულ ოცნებას“ მოსაფიქრებელი და გადასაწყვეტი აქვს, სად უფრო აწყობთ სააკაშვილი ციხეში, თუ ციხის მიღმა, სადმე საზღვარგარეთ.

„ქართულ ოცნებას“ მოსაფიქრებელი და გადასაწყვეტი აქვს, სად უფრო აწყობთ სააკაშვილი ციხეში, თუ ციხის მიღმა, სადმე საზღვარგარეთ

- მიუხედავად იმისა, რომ ევროპარლამენტარები აცხადებენ, რომ სააკაშვილს უნდა ჰქონდეს სამართლიანი სასამართლოს უფლება, ხელისუფლება აცხადებს, რომ მისთვის სასამართლოს განაჩენი გამოტანილი აქვს და იგი ციხეში, მინიმუმ 6 წელს მაინც გაატარებს.

სააკაშვილს შიმშილობა აქვს გამოცხადებული. ფაქტია, რომ მისი შიმშილობა უსასრულოდ ვერ გაგრძელდება. ახლა სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესებასთან დაკავშირებით ბევრი საკმაოდ ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება. ასევე იმაზე, სად შეიძლება მას უმკურნალონ. სამწუხაროდ, საუბრობენ მოვლენათა განვითარების არა ერთ არასასურველ სცენარებზეც.

სავარაუდოდ როგორ განვითარდება მესამე პრეზიდენტის ირგვლივ პროცესები?

- როგორც ავღნიშნე, „ოცნებამ“ უნდა გადაწყვიტოს - სააკაშვილი აქვე ციხეშია უფრო უსაფრთხო, თუ პირიქით - თავისუფლებაზე. ერთის მხრივ, სააკაშვილი ციხეში - მუდმივი თავისტკივილია, ბევრად უფრო კომფორტული იყო მისი უკრაინაში ყოფნა. ასე საფრთხობელის როლს უკეთ ასრულებდა.

მეორე მხრივ, სააკაშვილის გაშვებაც გაუგებარი და „ქართული ოცნების“ ამომრჩევლისთვის რთულად ასახსნელი იქნებოდა.

საბოლოო გადაწყვეტილება სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით ხელისუფლებაში ჯერ არაა მიღებული, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული მოახლოებული არჩევნების შედეგებზე

როგორც ჩანს, სააკაშვილი ჩამოსვლა ხელისუფლებისთვის აბსოლუტური მოულოდნელობა იყო. ვფიქრობ, ამ დღეებში „ოცნების“ რიტორიკა და მისი დიდი ხნით ციხეში ყოფნის პერსპექტივაზე საუბარი, ძირითადად წინასაარჩვენო მოსაზრებებით იყო გაპირობებული.

ვფიქრობ, რომ საბოლოო გადაწყვეტილება სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით ხელისუფლებაში ჯერ არაა მიღებული. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული მოახლოებული არჩევნების შედეგებზეც.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს