რუსთავის #28 საარჩევნო უბანთან ხმაური იყო. ადგილზე პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ხაბეიშვილის მტკიცებით, უბანთან იდგნენ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები სიებით, რომლებიც ახდენდნენ ამომრჩევლის მობილიზებას და მოსყიდვას, რის გამოც საპატრულო პოლიცია გამოიძახეს და რეაგირება მოითხოვეს.
საარჩევნო უბანთან იმყოფებოდა „ქართული ოცნების“ წევრი დეპუტატი ალუდა ღუდუშაური. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, ეს იყო ხაბეიშვილის მიერ მოწყობილი მორიგი შოუ.
„მათ იციან, რომ რუსთავში არჩევნებს აგებენ, ამიტომ მსგავს დესტრუქციულ ქმედებებს ახორციელებენ და ცდილობენ დაძაბონ მდგომარეობა,“ - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.