ნინო ლაცაბიძე - რუსთავში მთელი დღის განმავლობაში იყო სიმშვიდე, „ნაცმოძრაობის" მხრიდან იყო მცდელობა გამოეწვიათ არეულობა, მოეწყოთ პროვოკაციები და აერიათ სიტუაცია

რუსთავში მთელი დღის განმავლობაში იყო სიმშვიდე ყველა უბანზე, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან იყო მცდელობა გამოეწვიათ არეულობა, მოეწყოთ პროვოკაციები და აერიათ სიტუაცია. მაგალითად, ვნახეთ „ნაციონალური მოძრაობის" წევრის გიორგი კაპანაძის იმდენად აქტიური და დესტრუქციული ქმედებები, რომ საპატრულო პოლიციის მეშვეობით მოხდა ამ ადამიანის უბნიდან გაყვანა, რომ ამომრჩეველს ჰქონოდა საშუალება მისულიყო უბანზე და საკუთარი ნება გამოეხატა",- განაცხადა ქართული ოცნების რუსთავის მერობის კანდიდატმა ნინო ლაცაბიძემ.
ნინო ლაცაბიძემ საარჩევნო უბნებზე დაფიქსირებულ დარღვევებზე ისაუბრა.
„დარღვევები ჩვენი მხრიდან გამოვლინდა: N18,34, 70, 17, 32, 82, 40-ე უბნებზე. ჩვენ დავწერეთ საჩივრები და ამაზე მუშაობს ჯგუფი. ამასთან ერთად, ჩვენ გვქონდა ინფორმაცია და ვისაუბრეთ, რომ აპირებდნენ დრონების მეშვეობით ამომრჩევლების იდენტიფიცირება მოეხდინათ. იმის გარდა, რომ იდენტიფიცირება უნდოდათ მოეხდინათ, ეს არის ძალიან ცუდი ფაქტი, ზემოქმედებენ ადამიანებზე და შეიძლება ვიღაცამ ამის გამო გადაიფიქროს კიდევ არჩევნებზე მისვლა", - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ, რომელმაც ვიდეომასალა წარმოადგინა, სადაც ასახული იყო თუ როგორ დაფრინავს საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე დრონი.
„ასევე, ბოლო საათის განმავლობაში ძალიან აქტიურად შეიმჩნევა უკვე მარკირებიანი ადამიანების მისვლა საარჩევნო უბნებზე. მაგალითისთვის, როგორც საარჩევნო პერიოდში შეცდომაში შეჰყავდათ მოსახლეობა, ჰქონდათ ტყუილი დაპირებები, დღეს თავისი ტელეკომპანიების საშუალებით შეცდომაში შეჰყავთ მაყურებელი და მაგალითად აჩვენებენ ურნებს, რომელიც არის ეგზიტპოლების და ეუბნებიან, რომ ეს არის გადასატანი ყუთი. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ არა "ნაციონალურ მოძრაობას" იმიტომ, რომ მათთან აზრი არ აქვს საუბარს, მოვუწოდებ მოსახლეობას, ჯერ არის კიდევ დრო, არ შეუშინდეთ არც ვანო მერაბიშვილის სიარულს ჩვენს ქალაქში, არც დავით კირკიტაძეს და მისი მეგობრებს, რომლებიც ასე აქტიურად ცდილობენ დაძაბულობა შემოიტანონ ქალაქში ხელოვნურად, მივიდეთ არჩევნებზე და დავასრულოთ ის სიძულვილი და დაპირისპირება, რასაც ბოლო პერიოდში საარჩევნო დღეებში ვხედავდით. ყველაზე მთავარი არის ის, რომ საერთაშორისო მიმართულებით არიან დამკვირვებლები და დიდი იმედი მაქვს, რომ სწორად შეაფასებენ და გააკეთებენ ანალიზს", - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

























