გია ხუხაშვილი - სააკაშვილის მიმართ ხელისუფლების მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯი მისივე სისუსტის დემონსტრირება უფროა, ვიდრე სიძლიერის

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე “ინტერპრესნიუსი“ პოლიტიკის ანალიტიკოს, გია ხუხაშვილს ესაუბრა.

- ბატონო გია, 8 ნოემბერს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით პროცესები უცნაურადაც კი განვითარდა. ვგულისხმობ იმას, რომ რუსთავის ციხიდან სააკაშვილის გაუჩინარებაზე ინფორმაცია კარგა ხანს არ ჰქონდათ ცნობები არც თანაგუნდელებს და არც მისი ოჯახის წევრებს.

შემდგომ ვნახეთ თუ როგორ განვითარდა მოვლენები. სააკაშვილის რუსთავის ციხიდან გლდანის ციხეში გადაყვანით დავიწყოთ. თქვენ როგორ შეაფასებდით მომხდარს?

- სამწუხაროდ, ის პროცესი, რომელიც სააკაშვილთან დაკავშირებით ვითარდება, ეს არ არის მართლმსაჯულება. ეს გახლავთ წმინდა პოლიტიკური პროცესის ნაწილი, სადაც ყველას აქვს თავისი ამოცანები. ხელისუფლების ამოცანაა სააკაშვილის არა ფიზიკური განადგურება, როგორც ამაზე ოპოზიცია აპელირებს, არამედ მისი დამცირება და მორალური განადგურება.

ხელისუფლების ამოცანაა სააკაშვილის არა ფიზიკური განადგურება, როგორც ამაზე ოპოზიცია აპელირებს, არამედ მისი დამცირება და მორალური განადგურება

ეს კეთდება მომავლისთვის, რომ სააკაშვილის ფაქტორი პოლიტიკური პროცესისთვის მნიშვნელოვანი არ იყოს. როგორც ჩანს, ხელისუფლება იმედოვნებს რომ სწორედ ასე მოხდება, რადგან გაფარჩაკებული სააკაშვილი ვერ შეასრულებს იმ როლს, რომელსაც იგი ახლა ასრულებს.

ამის პირველი სერია იყო სპეცოპერაცია კოდური სახელწოდებით „ფაფა“. სიმართლე გითხრათ, ფაფის ჩადება ახლა პირველად ვნახე. ახლა დაწყებულია მეორე სერია, რომლის მიზანია უცნაური ნაბიჯებით სააკაშვილის მორალური განადგურება.

ხელისუფლების მეორე ამოცანაა რადიკალური ოპოზიციის პროვოცირება რადიკალურ ნაბიჯებზე. ხელისუფლებას სჭირდება ფორმალური საფუძვლის შექმნა იმისთვის, რომ ოპოზიციას ფიზიკურად გაუსწორდეს.

ხელისუფლების ამოცანაა რადიკალური ოპოზიციის პროვოცირება რადიკალურ ნაბიჯებზე. ხელისუფლებას სჭირდება ფორმალური საფუძვლის შექმნა იმისთვის, რომ ოპოზიციას ფიზიკურად გაუსწორდეს

8 ნოემბერს, გარდა სააკაშვილის მორალური დამცირებისა, ხელისუფლების ამოცანა იყო ოპოზიციის პროვოცირება. ხელისუფლების ინტერესში იყო, რომ ოპოზიციას წითელი ხაზები გადაეკვეთა და ამის შემდეგ მას ფიზიკურად გასწორებოდა.

ვფიქრობ, რომ განსაკუთრებით მეორე ნაწილში ხელისუფლების ამოცანა ვერ შესრულდა. როგორც ჩანს, ნიკა მელიამ დაინახა ხელისუფლების ტაქტიკური მონახაზი და არ წავიდა ისეთ ნაბიჯებზე, რომლითაც შეიქმნებოდა ფორმალური საფუძველი იმისათვის, რომ ხელისუფლებას სპეცრაზმებითა და კუნთების თამაშით კიდევ უფრო აქტიურად ემოქმედა.

- იუსტიციის სამინისტრომ განაცხადა, რომ სააკაშვილმა გლდანის მე-18 დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ ძვირადღირებული სამედიცინო ტექნიკა დააზიანა, პერსონალს ეჩხუბა და ასე შემდეგ.

ოპოზიცია ამტკიცებს, რომ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან მოტყუებით გაიყვანეს, მაგრამ თუ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობაზეა საუბარი, ჯანდაცვის სამინისტროდან არ მოგვისმენია განცხადება აგრძელებს თუ არა იგი შიმშილს.

თუ შიმშილობს და მკურნალობის სხვა პროცედურები იყო საჭირო, ამისთვის იქნა იგი გადაყვანილი გლდანის ციხეში? მანამდე იუსტიციის სამინისტრო აცხადებდა, რომ გლდანში მრავალპროფილური მკურნალობისთვის პირობები არ არსებობდა.

რა უნდა ვიფიქროთ, სააკაშვილი გლდანში უკეთესი მკურნალობისთვის გადაიყვანეს?

- მე არ ვიცი სააკაშვილმა დაარღვია შიმშილობა თუ ფორმალურად არ დაურღვევია, მაგრამ ჩემთვის აბსოლუტურად არადამაჯერებელი იყო მტკიცება, რომ სააკაშვილი ჩუმ-ჩუმად ცუცნაობს.

რატომ? კი ბატონო რაღაც კადრები კი გვაჩვენეს, მაგრამ ეს იყო ეპიზოდი. მართლა კვებასთან რომ გვქონოდა საქმე, კიდევ ბევრ სხვა რამესაც გვაჩვენებდნენ. ეს კადრები არადამაჯერებელი იყო თუნდაც იმის გამო, რომ იმავე კადრებში ნათლად ჩანს, რომ სააკაშვილი მედიკოსების დანიშნულებით იღებს საკვების შემცველ რაციონს.

თუმცა ეს ყველაფერი ახლა მოწყობილ პროვოკაციას უფრო ჰგავს. როგორც ჩანს, ის დაარწმუნეს, რომ რასაც იღებდა სამედიცინო დანიშნულების შესაბამისად უნდა მიეღო.

ახლაც რაც ხდება, ამის ნაწილია. ვფიქრობ, რომ გლდანის ციხეში სააკაშვილის გადაყვანის სამედიცინო, ანუ მის ჯანმრთელობაზე ზრუნვის ჭრილში განხილვა არ არის სწორი. როგორც ვთქვი, გლდანის ციხეში მისი გადაყვანის მიზეზი მისი მორალური დამცირება იყო.

გლდანის ციხეში სააკაშვილის გადაყვანის სამედიცინო, ანუ მის ჯანმრთელობაზე ზრუნვის ჭრილში განხილვა არ არის სწორი. როგორც ვთქვი, გლდანის ციხეში მისი გადაყვანის მიზეზი მისი მორალური დამცირება იყო

გლადანის ციხეში კრიმინალებისთვის „კომფორტული“ გარემოა შექმნილი, და მომხდარი დაახლოებით ასე გამოიყურება - აბა რა ეგონა სიმონ?! პარადოქსია, მაგრამ რაც ხდება ახლა გლდანის ციხეში, საბოლოო ჯამში, სააკაშვილის სასარგებლოდ მუშაობს.

რატომ? პასუხი მარტივია- რაც სააკაშვილის გლდანის ციხეში მიყვანის შემდეგ ხდებოდა, შეიძლება შეფასდეს, როგორც არადამიანური მოპყრობის მაგალითი. სააკაშვილი რეალურად აღმოჩნდა სერიოზული ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ.

საუბარია მოშიმშილე ადამიანზე, ყოფილ პრეზიდენტზე, რომელიც აღმოჩნდა გარემოში, რომელსაც სჯერა, რომ სააკაშვილი დარბოდა და „მათ ძმებს“ ცოცხებით აუპატიურებდა. სხვათა შორის, ეს არის არგუმენტები სააკაშვილის სასარგებლოდ ნებისმიერ ცივილიზებულ სამართალწარმოებაში.

8 ნოემბერს დაუჯერებელი რაღაც მოხდა. შეუძლებელია ეს ხელისუფლებას არ ესმოდეს, მაგრამ ხელისუფლება ისე მოქმედებს, თითქოს ხარკს უხდის კრიმინალურ სამყაროს. ვგულისხმობ იმას, რომ კრიმინალური სამყარო არჩევნებში ხელისუფლებას დაეხმარა.

8 ნოემბერს დაუჯერებელი რაღაც მოხდა. შეუძლებელია ეს ხელისუფლებას არ ესმოდეს, მაგრამ ხელისუფლება ისე მოქმედებს, თითქოს ხარკს უხდის კრიმინალურ სამყაროს. ვგულისხმობ იმას, რომ კრიმინალური სამყარო არჩევნებში ხელისუფლებას დაეხმარა

მათ ხომ ამ პროცესში ივაჟკაცეს, ვიცით. ჰოდა არაა გამორიცხული, ახლა სააკაშვილისადმი ამგვარი დამოკიდებულებით ხელისუფლება სწორედ მათ უხდის ხარკს.

ამით ხელისუფლება თავის ამოცანასაც ასრულებს. სააკაშვილის დამცირება და მორალური განადგურება ახლა ხელისუფლების ამოცანაა.

- „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარემ ფართომასშტაბიანი აქციები და სახელმწიფო შენობების პიკეტირება დააანონსა. როგორც ითქვა, ამგვარი აქციები, არა მხოლოდ თბილისში, არამედ დიდ ქალაქებშიც გაიმართება.

თუ ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებს მივადევნებთ თვალს, ვნახავთ, რომ თითქოს ქვეყანაში ბევრი არც არაფერი ხდება, მაგრამ ფაქტია, რომ ხდება.

თქვენ როგორ შეაფასებდით იმას, რაც ახლა ჩვენს ირგვლივ და შიდა პოლიტიკაში ხდება?

- ჩვენ ვიმყოფებით პერმანენტული კრიზისის და რყევების ვითარებაში. გასაგებია, რომ ხელისუფლებისთვის ამას აქვს სერიოზული მინუსები, მაგრამ პლუსებიც ბევრი აქვს. ხელისუფლებას აქვს ძალიან ბევრი პრობლემა.

პრობლემა სოციალურ სფეროში, იგივე კოვიდის მართვასთან დაკავშირებით. 8 ნოემბერს 74 ადამიანი დაიღუპა. მათ უნდა ეცოცხლათ და ეს კოვიდის არასწორი მართვის შედეგია. გარდა ამისა, ტარიფები იზრდება, საშუალო სტატისტიკური ქართველი უფრო ღარიბდება.

ნაცვლად იმისა, რომ საზოგადოება პრობლემურ თემებზე პრეტენზიებს უყენებდეს ხელისუფლებას, ხელისუფლებას აქვს კომფორტი რომ მუდმივად აპელირებდეს სააკაშვილის თემით.

მუდმივად იყოს საუბარი სააკაშვილის ჯანმრთელობაზე, სააკაშვილთან დაკავშირებით ისინი თვლიან, რომ მათ აქვთ კონტრარგუმენტები. ანუ, მათ ექმნებათ გარკვეული კომფორტი, რომ იმ არსებულ პრობლემებზეც კი მოიხსნან პასუხისმგებლობა, ხელები დაიბანონ და ხელი ოპოზიციისკენ გაიშვირონ. მათი მიდგომა ასეთია - ოპოზიცია არ ჩერდება თუ არა მე აქამდე ავაშენებდი ქვეყანას.

თავისებური კომფორტი აქვს შექმნილი სააკაშვილსაც, რომლისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია რომ მისი თემით იწყებოდეს დილა და მთავრდებოდეს საღამო. 8 ნოემბრის მოვლენებით სავსე ღამე ვნახეთ რამდენ ხანს გაგრძელდა. მისი ამოცანა ყოველთვის იყო ყოფილიყო მოვლენების ცენტრში და მის ირგვლივ დატრიალებულიყო პროცესი.

ჩემი აზრით, იმით რაც ხდება, გარკვეულ წილად შინაგანი კმაყოფილება ორივე მხარეს ხელისუფლებას და ოპოზიციას აქვს. სამწუხაროდ, ამ ყველაფრის მძევალია ქვეყანა და ქვეყნის ინტერესი.

იმით რაც ხდება, გარკვეულ წილად შინაგანი კმაყოფილება ორივე მხარეს - ხელისუფლებას და ოპოზიციას აქვს. სამწუხაროდ, ამ ყველაფრის მძევალია ქვეყანა და ქვეყნის ინტერესი

რა თქმა უნდა, სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა, შეუძლებელია მას მოსწონდეს რაც მის ირგვლივ ხდება, მე ვგულისხმობ მისთვის პოლიტიკურ კომფორტს და არა ფიზიკურ კომფორტს.

- დაახლოებით ერთი კვირის წინ იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ჩატარდებოდა გლდანის მე-18 ციხეში.

გლდანის ციხეში აპირებს ხელისუფლება სააკაშვილის სასამართლო პროცესის ჩატარებას?

- არ ვიცი, ისმის კითხვა - რატომ? ამით ხომ პატიმრის უფლებები ირღვევა. თუ პატიმარს უნდა სასამართლო პროცესის ნორმალურ პირობებში ჩატარება, რატომ არ უნდა ჩაატარონ ნორმალურ ვითარებაში?

სააკაშვილის მიმართ ხელისუფლების მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯი მისივე სისუსტის დემონსტრირება უფროა, ვიდრე სიძლიერის. სააკაშვილის რუსთავის ციხიდან გლდანის ციხეში გადაყვანისთვის სპეცოპერაციის ჩატარება დასჭირდათ. ვგულისხმობ ფეიკ ვერტმფრენის გამოჩენას, ჯიპების მისვლა-მოსვლას.

სააკაშვილის მიმართ ხელისუფლება რასაც აკეთებს უფრო თავისი სისუსტის და არა სიძლიერის დემონსტრირებაა. როგორც ჩანს, მათ სააკაშვილის რეალურად ეშინიათ. კი ბატონო ამ ფაქტორს სათავისოდ იყენებენ კიდეც, მაგრამ ეტყობა, რომ საკმაოდ ეშინიათ.

საზოგადოება, მინიმუმ სამ ნაწილად არის დაყოფილი. ერთნი არიან პროტესტის მომხრეები, მეორე ხელისუფლების მომხრეები და მესამე ყველაზე დიდი რაოდენობა ადამიანების, რომლებსაც არც ერი მოსწონთ და არც მეორე. ეს სეგმენტი არაა თანახმა, რომ პოლიტიკური პროცესი სააკაშვილის ბელადობით წარიმართოს

საერთოდ, ჩვენი ხელისუფლებისთვის საკმაოდ დამახასიათებელია ამგვარი რამ. ამის მიზეზი შესაძლოა იყოს ის, რომ მათი ფასეულობათა სისტემა თავდაყირაა დაყენებული. საერთოდ, ძალის დემონსტრირება ხდება ღირსეული საქციელით. გაუგებარია რატომ ეშინიათ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა, ან სასამართლოს სასამართლო დარბაზში ჩატარება.

ამით ხომ იმას ამბობენ, რომ იქ მათ მისი დაცვა შეიძლება გაუჭირდეთ. ეს არის იმის დემონსტრირება, რომ რეალურად არიან ისეთები, როგორებიც არიან, ანუ სუსტები.

- ამ პროცესმა თავისი წახნაგებით ისეთი დინამიკა შეიძინა, რომ როგორც ჩანს, იგი კარგა ხანს გაგრძელდება. როგორი გაგრძელება შეიძლება ჰქონდეს ამ პროცესს?

- ძალიან ძნელი სათქმელია. იმიტომ რომ ეს პროცესი არ არის ობიექტური პროცესი. თუ ჩვენ ვლაპარაკობთ მოვლენების რევოლუციური სცენარით განვითარებაზე, ფაქტია, რომ ქვეყანაში რევოლუციური სიტუაცია არ არის.

რევოლუცია ხდება მაშინ, როდესაც ხელისუფლება არის სტერილური და მეორე მხარეს არის კონსოლიდირებული საზოგადოება. საზოგადოებაში ასეთი კონსოლიდაცია არ არის.

საზოგადოება, მინიმუმ სამ ნაწილად არის დაყოფილი. ერთნი არიან პროტესტის მომხრეები, მეორე ხელისუფლების მომხრეები და მესამე ყველაზე დიდი რაოდენობა ადამიანების, რომლებსაც არც ერი მოსწონთ და არც მეორე. ეს სეგმენტი არაა თანახმა, რომ პოლიტიკური პროცესი სააკაშვილის ბელადობით წარიმართოს.

ხელისუფლება იმაზე კი არ ფიქრობს, რომ სახელმწიფოზე იფიქროს, ოპოზიციაზე უპირატესობა მოიპოვოს, არამედ იმაზე, ფიზიკურად მოერიოს ოპოზიციას. ეს მოხდება-აღმოხდება თუ საერთოდ მოხდება თუ არა, ძნელი სათქმელია. ასეა იმიტომ რომ, ბევრი რამაა დამოკიდებული იმაზე, თუ რა გადაწყვეტილებებს მიიღებს ოპოზიცია და მოქმედების რა სტრატეგიას აირჩევს ხელისუფლება და რა დღის წესრიგით ითამაშებს

რევოლუციას ხომ ბელადი სჭირდება. ასეთი პოტენციალური ბელადი კი მხოლოდ სააკაშვილი შეიძლება იყოს. ასეა იმიტომ რომ სააკაშვილიც კომპრომეტირებულია საზოგადოების თვალში.

რადგან რევოლუციური სიტუაცია არ არის, ახლა თვალს ვადევნებთ ტაქტიკურ თამაშებს. ხელისუფლება ცდილობს ოპოზიციის ნაწილს დააშვებინოს შეცდომები, გადააკვეთინოს წითელი ხაზები, რის შემდეგაც შეიქმნება საფუძველი მათი დასჯის. ამაზე ააგოს სახელმწიფო გადატრიალების მორიგი საქმე, რაზეც არაერთი საქმე აღძრული, თაროებზე დევს, მაგრამ არც ერთი არაა ბოლომდე მიყვანილი. ხელისუფლების ამოცანაა რადიკალური ოპოზიცია ფიზიკურად წელში გატეხოს.

ხელისუფლება იმაზე კი არ ფიქრობს, რომ სახელმწიფოზე იფიქროს, ოპოზიციაზე უპირატესობა მოიპოვოს, არამედ იმაზე, ფიზიკურად მოერიოს ოპოზიციას. ეს მოხდება-არმოხდება თუ საერთოდ მოხდება თუ არა, ძნელი სათქმელია. ასეა იმიტომ რომ, ბევრი რამაა დამოკიდებული იმაზე, თუ რა გადაწყვეტილებებს მიიღებს ოპოზიცია და მოქმედების რა სტრატეგიას აირჩევს ხელისუფლება და რა დღის წესრიგით ითამაშებს.

როდის დადგება ის მომენტი, როდესაც ფაქტობრივად ყველაფერი ჩამოიშლება, მე მიჭირს თქმა. მაგრამ, აქეთკენ რომ მივდივართ, ეს ფაქტია

ჩვენ ისიც არ ვიცით, მოქმედების რა რესურსი აქვს ოპოზიციას. გითხრათ სიმართლე მე ეჭვი მეპარება, რომ ოპოზიცია მომდების დიდი რესურსი ჰქონდეს. გრძელვადიანი პროტესტი დიდ რესურსებს მოითხოვს და აქ ჩნდება კითხვები. ამიტომ, ახლა მე თავს შევიკავებდი პროგნოზებისგან.

შემიძლია მხოლოდ ერთი რამის პროგნოზი გავაკეთო - რაც ახლა ჩვენს ირგვლივ ხდება, არყევს და აზიანებს სახელმწიფოს. ჩვენ, ფაქტობრივად, ყველა მიმართულებით დეგრადაცია გვაქვს და ეს დეგრადაციის პროცესი გრძელდება. როდის დადგება ის მომენტი, როდესაც ფაქტობრივად ყველაფერი ჩამოიშლება, მე მიჭირს თქმა. მაგრამ, აქეთკენ რომ მივდივართ, ეს ფაქტია.

ინტერპრესნიუსი

კობა ბენდელიანი

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა