ანა ნაცვლიშვილი - გუშინ მარტო ბრალდებულის უფლებები კი არ შელახულა, უფლება წაერთვა დაზარალებულებს და საზოგადოებას, მოესმინათ იმისთვის, ვინც მთავარ ბრალდებულადაა მიჩნეული

გუშინ მარტო ბრალდებულის უფლებები კი არ შელახულა, უფლება წაერთვა დაზარალებულებს და საზოგადოებას, მოესმინათ იმისთვის, ვინც მთავარ ბრალდებულადაა მიჩნეული, - ასე შეაფასა "ლელოს" დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა 7 ნოემბრის საქმეზე გუშინდელი სასამართლო პროცესი. როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლება მართლმსაჯულებას საკუთარ ინსტრუმენტად იყენებს.

„გუშინ ყველაზე ნათლად და მკაფიოდ გამოჩნდა, როგორ უყურებს "ქართული ოცნება" მართლმსაჯულების პროცესს და იდეას, როგორც კერძო ინსტრუმენტს, ყველანაირი საჯარო ვალდებულების თუ ზოგადად, საჯარო განზომილებისგან დაცლილს. ის, რომ ბრალდებული პროცესში არ ჩართეს (არც ფიზიკურად, არც ონლაინ) გარდა იმისა, რომ მისი უფლებების დარღვევაა, არის მართლმსაჯულების, როგორც თავისი ბუნებით, საჯარო იდეის სრულად იგნორირება. მართლმსაჯულების პროცესი კონცეპტუალურად მოიცავს შემდეგ აქტორებს: მხარეებს (ბრალდებული, ბრალმდებელი), მსაჯულს (მოსამართლე), უშუალო დაზარალებულებს და ფართო საზოგადოებას. პროკურატურა, როგორც ბრალმდებელი პროცესზე საკუთარ თავს ან ხელისუფლების ინტერესს კი არ წარმოადგენს და გამოხატავს, არამედ უფლებამოსილია, ბრალი წაუყენოს პირს და მოითხოვოს სასჯელის დანიშვნა, როგორც დაზარალებულების და საზოგადოების ინტერესების დამცველმა (ასეა კანონშიც და თეორიაშიც). ესაა მისი ლეგიტიმაციის წყარო. თუ ის ამას არ აკეთებს, ის კერძო პირივით იქცევა და ამის უფლება არ აქვს. დაზარალებულის ინტერესია, დადგინდეს სიმართლე და აღიდგინოს დარღვეული უფლება, საზოგადოების ინტერესია, დადგინდეს სიმართლე, დანაშაული არ დარჩეს დაუსჯელი, რათა შემდგომში დაცული იყოს მსგავსი დანაშაულების განმეორებისგან.

ამ ინტერესების დაცვისას მათი ჩართულობის ხარისხი კრიტიკულია. ამიტომ, გუშინ მარტო ბრალდებულის უფლებები კი არ შელახულა, უფლება წაერთვა დაზარალებულებს და საზოგადოებას, მოესმინათ იმისთვის, ვინც მთავარ ბრალდებულადაა მიჩნეული. ასევე შეეფასებინათ სრულყოფილად, მათი სახელით მოქმედი (და მათი ჯიბიდან დაფინანსებული) პროკურატურა, რამდენად ასრულებს და იცავს მათ ინტერესებს, რამე სხვა ინტერესი ან მოტივაცია ხომ არ სჭარბობს და ა.შ.

წლებია ხელისუფლება დაზარალებულების და საზოგადოების ინტერესების სახელით საუბრობს ამ ბრალდებაზე და საქმე საქმეზე რომ მიდგა, დაზარალებულიც და საზოგადოებაც პროცესიდან "მოტეხა", არ მისცა მას შესაძლებლობა ბრალდებულის სასამართლოს წინაშე წარდგომის პროცესი ენახა და მისთვის მოესმინა. ამასთან, პროცესის გადაღების უფლება შეზღუდეს მხოლოდ ერთი ტელევიზიით, რომელმაც პროცესი „ლაივშიც“ არ გადასცა. ეს ერთი ტელევიზია საზ.მაუწყებელია, რომელსაც ასევე ჩვენ ვაფინანსებთ. პროცესი კერძო ტელევიზიებმა გვაჩვენეს დაცვის მხარის ადვოკატების „ფეისბუქ ლაივის“ მეშვეობით. სასამართლო რომ მართლმსაჯულების ამ "პრივატიზაციას" დასთანხმდა და სულ ზედ გადაუარა დაზარალებულის და საზოგადოების ინტერესს, ბრალდებულის უფლებასთან ერთად, ეს ცალკე საშინელებაა, რომელზეც ოდესმე მეტი დაიწერება. ის, რომ სასამართლომ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გააუქმა, არაფერს ცვლის პრაქტიკაში, ამიტომაც გააუქმა“,-აცხადებს ნაცვლიშვილი. ცნობისთვის, 7 ნოემბრის საქმეზე სასამართლო პროცესი 11 ნოემბერს გაიმართა, რომელსაც ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი ვერ დაესწრო. საქმეზე მომდევნო სასამართლო პროცესი 29 ნოემბერს ჩაინიშნა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა