ქართული პრესის მიმოხილვა 15.11.2021

თენგიზ ფხალაძე - “ვუახლოვდებით კრიტიკულ წერტილს, რომლის მერეც შემობრუნება ძნელი იქნება...“

ახალი ანტირეკორდი და შემაშფოთებელი პროგნოზები - რამდენ ხანს და რა ნიშნულამდე გაგრძელდება სიკვდილიანობის ზრდა

მამუკა არეშიძე - “სააკაშვილი აქ გარანტიების გარეშე არ ჩამოსულა და კარგად ვიცი, ვინ არის ამ გარანტიების მიმცემი”

ღია მინიშნებები “ვარდების რევოლუცია 2”-ზე - რას აპირებს “ნაციონალური მოძრაობა”

კახა გოგოლაშვილი - “საკმარისია აქ ვიღაცამ გაისროლოს, რუსეთი მაშინვე შემოიყვანს ჯარს”

* * *

თენგიზ ფხალაძე - “ვუახლოვდებით კრიტიკულ წერტილს, რომლის მერეც შემობრუნება ძნელი იქნება...“

“ძალიან რთულ ვითარებაში ვართ, მეტიც, ვუახლოვდებით იმ კრიტიკულ წერტილს, რომლის მერეც პროცესების შემობრუნება ძნელი, თითქმის შეუძლებელიც კი იქნება. უკვე ისეთია დაპირისპირება, ისე უკან არის გადაწეული სახელმწიფოს ინტერესები და ისეთ არაადეკვატურ საქციელს ვხედავთ, შეიძლება პროცესებმა ძალიან მძიმე ხასიათი მიიღოს, რადგან საქართველოში ვნებათაღელვის მაღალი მუხტი სერიოზულ რისკს აჩენს. ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიმდინარე პროცესებით ქვეყანა უკვე დაზიანდა. სამწუხაროდ, თუ არ მოხდა დროულად დეესკალაცია, შეიძლება ძალიან მძიმე შედეგები მივიღოთ”, - აცხადებს ექსპერტი თენგიზ ფხალაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ვუახლოვდებით კრიტიკულ წერტილს, რომლის მერეც შემობრუნება ძნელი იქნება...“

“ამ ყველაფერში მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, რომელიც ვალდებულია, ქვეყანაში შექმნას სტაბილური გარემო და ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ დაძაბულობა კი არ გაიზარდოს, არამედ რაც შეიძლება მალე განიმუხტოს. ვითარება არჩევნების წინაც კრიტიკული იყო, მაგრამ დღეს, როდესაც საზოგადოებაში ასეთი აგრესიაა და ხშირად ვითარების დამშვიდების ნაცვლად, პირიქით, რადიკალიზაციის მცდელობას, აგრესიულ განცხადებებს, მოწინააღმდეგის წინ წითელი ნაჭრის ფრიალს ვხედავთ. ძალიან რთული სავარაუდოა, რა შეიძლება მოხდეს. განსაკუთრებით აუხსნელია ხელისუფლების ამგვარი სიჯიუტე. ის უკიდურესად უპასუხისმგებლოდ იქცევა მთელი ქვეყნის, მომხრეებისა და მოწინააღმდეგეების წინაშე. გვინახავს ამგვარი პროცესების მძიმე შედეგები ჩვენი ისტორიის ბოლო 30 წლის განმავლობაში, ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ და კარგად გავიაზროთ პასუხისმგებლობა, რაც ყველას გვაკისრია. ამ პროცესების შედეგი შეიძლება აღმოჩნდეს გაცილებით მძიმე, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თენგიზ ფხალაძე.

“არ ვიცი და არც მაინტერესებს, ამ კადრების გამოქვეყნების ვინ რა მიზეზს ასახელებს. ერთადერთი რამ შემიძლია ვთქვა - არანაირი გამართლება ამ კადრების გამოქვეყნებას არ აქვს და არც შეიძლება ჰქონდეს ბევრი თვალსაზრისით. აქ არ არის ლაპარაკი იმაზე, დამნაშავეა თუ არა სააკაშვილი, ვინ ვის მოსწონს ან არ მოსწონს. ეს არის ყველანაირი სტანდარტის დარღვევა, ქვეყნის შეურაცხყოფა. საქართველოში სახელმწიფო სიმბოლოების, ინსტიტუტების ფეხქვეშ გათელვა რომ ჩვევად გვექცა, ეს ცალკე თემაა... სამწუხაროდ, არც მორალური, არც სამართლებრივი და არც პოლიტიკური ახსნა, რაც მომხდარს ლეგიტიმურს გახდიდა, ბუნებაში არ არსებობს. არის რაღაც, რისი გაკეთებაც არ შეიძლება და ეს სწორედ ის შემთხვევაა. თუკი ხელისუფლებას ვინმემ ურჩია ამგვარი ნაბიჯის გადადგმა, იცოდნენ, რომ ეს მათი და ქვეყნის მტერია და მათთვის ძალიან ცუდი სამსახური გაუწევია. ეს აზიანებს ხელისუფლებას და აზიანებს მთელ ქვეყანას, ქვეყნის იმიჯს და, რაც ყველაზე მძიმეა, აზიანებს ქართველ საზოგადოებას, რომელსაც აჩვევს იმას, რამაც შეიძლება უფსკრულში გადაგვჩეხოს”, - მიიჩნევს რესპონდენტი.

“ამგვარი ნაბიჯებით ვაზიანებთ ჩვენს შვილებს. რის პროპაგანდას ვახდენთ, რის დემონსტრირებას ვცდილობთ? და რა შედეგები მოჰყვება ამას? აღარაფერს ვამბობ ადამიანის უფლებების დაცვაზე. ყველაფერს თავისი წესი აქვს: ადამიანის დაკავებასაც, საპატიმროში ყოფნასაც, გასამართლებასაც და სასჯელის მოხდასაც... მსოფლიოს ისტორიაში ყოფილა პრეზიდენტების გასამართლების მაგალითები და ეს მომხდარა დემოკრატიულ ქვეყნებშიც. აგერ, ცოტა ხნის წინ საფრანგეთის სასამართლომ სარკოზის გამოუტანა ვერდიქტი, მაგრამ არა ამგვარად, რასაც ახლა საქართველოში ვხედავთ. ყველაფერს აქვს თავისი ფორმა, წესი, რაც განასხვავებს და გამოარჩევს დემოკრატიულ სახელმწიფოებს. სამართლიანობის პრინციპია აქ მთავარი. მთავარია ღირებულებები იყოს დაცული. სხვა შემთხვევაში ყველაფერს აზრი ეკარგება - სასამართლოსაც, ვითომ სამართლიანობის აღდგენასაც და კიდევ ბევრ რამეს. შენი ქვეყნის პრეზიდენტყოფილს არ შეიძლება ასე მოექცე და მერე ეს მთელ მსოფლიოს აჩვენო... გარდა ამისა, ეს არ უწყობს ხელს საზოგადოების დამშვიდებას, მეტიც - ეს უფრო აპირისპირებს სხვადასხვა პოზიციაზე მყოფ ადამიანებს და მიმართულია ქართული სახელმწიფოებრიობის ნგრევისკენ”, - განაგრძობს ექსპერტი.

“ის, რაც ფოტიგასთან დაკავშირებით მოხდა, წარმოუდგენელია. ვერც კი დავიჯერე, როცა თავდაპირველად გავიგე. ხელისუფლებამ, მისმა პირველმა პირებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ სააკაშვილთან დაკავშირებული პროცესი სამართლებრივი კი არა, პოლიტიკური გამხდარიყო, ასე რომ, ახლა სხვას ნუ დაადანაშაულებენ პოლიტიკურ შეფასებებში... სამწუხაროდ, ჩვენი პოლიტიკური კლასი, ხელისუფლება ვერ კითხულობს, ვერ თუ არ იგებს იმ პოლიტიკურ გზავნილებს, რაც მოდის დასავლელი პარტნიორებისგან. როდესაც მიხეილ სააკაშვილი დააკავეს, მათი გზავნილი იყო ძალიან ნათელი - ეს თქვენი შიდა საქმეა, მაგრამ დაცული უნდა იყოს დემოკრატიული სახელმწიფოს სტანდარტებიო... და ჩვენ რა გავაკეთეთ? ზუსტად ამის საწინააღმდეგო ნაბიჯები გადავდგით, დავარღვიეთ ყველა სტანდარტი და სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში გადაყვანის კადრები ამის თვალსაჩინო მაგალითია... ჩვენ უარი ვთქვით ევროკავშირისგან ფინანსური დახმარების მიღებაზე იმიტომ, რომ ის დაკავშირებული იყო სასამართლოს რეფორმასთან, არადა, ახლახან ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფომ აიღო დიდი ვალი სხვა წყაროდან, რომელიც არ უკავშირდება რეფორმების განხორციელების ვალდებულებას, ანუ პარადოქსულ ვითარებაში გვიწევს ცხოვრება”, - ამბობს თენგიზ ფხალაძე.

“როდესაც ვლაპარაკობთ დასავლური სახელმწიფოს მშენებლობაზე, კარგად უნდა დავფიქრდეთ, ჩვენი რიტორიკა და ქმედება თუ ემთხვევა ერთმანეთს... ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ რუსეთი არ არის მხოლოდ მავთულხლართი, ოკუპაციის მაჩვენებელი ბანერი ან სხვა რამ... რუსეთი აბსოლუტურად სხვა პრინციპების ქვეყანაა, პრინციპების, რომლებიც დემოკრატიული საზოგადოებისთვის ყოვლად მიუღებელია. ვამბობთ, არა რუსეთსო, მაგრამ ვიქცევით სწორედ რუსული პრინციპებით და რაღაზე ვლაპარაკობთ? დასავლურობა ნიშნავს ღირებულებების, დემოკრატიის, ადამიანის უფლებების ერთგულებას, სახელმწიფო ინსტიტუტების პატივისცემას. თუ ამ ყველაფერზე ვამბობთ უარს ნებსით, უნებლიეთ, უმეცრებით, წინასწარი განზრახვით თუ შეცდომით, ეს შედეგს ვერ ცვლის - ჩვენ ვერ გავხდებით იმ ტიპის სახელმწიფო, როგორიც გვინდა რომ ვიყოთ. თუ გვსურს ვიქცეთ დასავლურ, დემოკრატიულ სახელმწიფოდ, რომელიც შეუერთდება ნატოსა და ევროკავშირს, მაშინ რუსული პრინციპებით მოქმედებაზე უარი უნდა ვთქვათ”, - თვლის რესპონდენტი.

“რამდენიმე კვირაშია აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი. რით მივდივართ ამ სამიტზე? არადა ეს უნდა ყოფილიყო ჩვენგან ძალიან სერიოზული მოთხოვნების დაყენების ფორუმი...ვამბობთ, რომ ვართ ქვეყანა, რომელმაც 2024 წელს ევროკავშირში გაწევრებისთვის განაცხადი უნდა შეიტანოს. ეს მხოლოდ ლაპარაკია და ჯერჯერობით ყველა ნაბიჯი, რაც ამ პერიოდში გადავდგით, ევროკავშირს სულ უფრო და უფრო გვაშორებს. გავიხსენოთ თუნდაც შარლ მიშელის შეთანხმებაზე ასეთი დემონსტრაციული უარი... ამ გზით ევროკავშირისკენ ნამდვილად ვერ მივდივართ. ამას ვინმე ცნობიერად აკეთებს თუ უმეცრებით, ამით შედეგი არ იცვლება - ქვეყნის მომავალი ზიანდება და შეიძლება ძალიან სავალალო მდგომარეობაში აღმოვჩნდეთ. თუკი ჩვენი ქვეყანა არსებობს და რუსეთის ფედერაციამ ჯერ კიდევ ვერ გადაყლაპა, ეს იმის დამსახურებაა, რომ საქართველოს ჰქონდა და კიდევ აქვს დასავლეთის ძალიან სერიოზული მხარდაჭერა. თუ ყველაფერი გავაკეთეთ ამ ურთიერთობის გასაფუჭებლად, რაც ძალიან დიდი შრომის შედეგია, ამით ჩვენს სახელმწიფოებრიობას ამოვაყირავებთ”, - ამტკიცებს ექსპერტი.

“ჩვენ აღმოვჩნდებით მარტოდმარტო იმ სახელმწიფოს პირისპირ, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რომ არა მხოლოდ საქართველოს წარმატებასა და განვითარებას შეუშალოს ხელი, არამედ საერთოდ გააქროს რუკიდან ეს ქვეყანა... რუსეთი ყველაფერს გააკეთებს, რათა მოგვაქციოს იმგვარი გავლენის სფეროში, სადაც ჩვენი განვითარება შეუძლებელი იქნება. შესაძლოა, ჩვენ ვიყოთ კარგი რესტორანი რუსული პოლიტიკური ელიტის გასართობად და ამაში დიდი ფულიც გადაიხადონ, მაგრამ ვერასდროს ვიქცევით სახელმწიფოდ. ეს იქნება ის შედეგი, რაც შეიძლება მოგვიტანოს პროცესებმა, რომლებიც დღეს საქართველოში ვითარდება. ჯერჯერობით ყველა ნაბიჯი, რაც იდგმება, ამ სავალალო შედეგისკენ მიგვაქანებს. დღეს ყველა პოლიტიკური მოთამაშის მხრიდან თუკი რამეა იგნორირებული, ეს არის საქართველო, მისი ინტერესები და მომავალი”, - დაასკვნის თენგიზ ფხალაძე.

“სააკაშვილის მიმართ მრავალნაირი დამოკიდებულება შეიძლება არსებობდეს, მაგრამ ჩვენ ახლა ვლაპარაკობთ იმაზე, რაც არის დემოკრატიული სახელმწიფოს ანაბანა. მიუხედავად იმისა, ადამიანი დამნაშავეა თუ არა, არის სტანდარტები, რომლებიც სახელმწიფომ მასთან დაკავშირებით უნდა დაიცვას. თუ სახელმწიფო ინტერესები დროულად არ გავიხსენეთ, მაშინ კოლაფსის, კატასტროფის წინაშე დავდგებით. როდესაც მეორე მსოფლიო ომი დამთავრდა, კაცობრიობამ გაასამართლა ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი რეჟიმი - ფაშიზმი. ის, რომ ჩატარდა ნიურნბერგის პროცესი, იყო დასავლეთის ყველაზე დიდი გამარჯვება და სწორედ იმ სტანდარტის დამკვიდრება, რომ მტერსაც კი, რომელმაც უამრავი დანაშაული ჩაიდინა, ისე არ უნდა მოექცე, როგორც ის იქცეოდა ან იმაზე უარესად. მასზე მხოლოდ მაშინ გაიმარჯვებ, თუ მორალურად და სამართლებრივად უფრო მაღალი სტანდარტით იმოქმედებ. ყველას აქვს სამართლიანი სასამართლოს, თავის მართლებისა და სამართლებრივი მექანიზმების გამოყენების უფლება. არგუმენტი - იცი, ეგენი რას აკეთებდნენო?! - სრულიად მიუღებელია. უნდა გვესმოდეს, რომ ლინჩის წესის დამკვიდრებით ქვეყანა არ შენდება. არც სიძულვილზე შენდება სახელმწიფო”, - დასძენს თენგიზ ფხალაძე.

ახალი ანტირეკორდი და შემაშფოთებელი პროგნოზები - რამდენ ხანს და რა ნიშნულამდე გაგრძელდება სიკვდილიანობის ზრდა

“საქართველოში ლეტალობის ყოველდღიური მაჩვენებელი შემაშფოთებლად იზრდება, თუმცა, ამის ფონზე ყოველდღიურად ინფიცირებულთა რაოდენობა საგანგაშოდ მზარდი არ არის. ჯანდაცვის სპეციალისტები ამას ადამიანთა ორგანიზმში ვირუსის გაძლიერებით ხსნიან და აცხადებენ, რომ ახლა არსებული სტატისტიკა იმ დიდი რაოდენობით ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებლის შედეგია რაც 10 დღის წინ გვქონდა და შესაძლოა ასეთი ლეტალობა თვის ბოლომდე შენარჩუნდეს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ახალი ანტირეკორდი და შემაშფოთებელი პროგნოზები - რამდენ ხანს და რა ნიშნულამდე გაგრძელდება სიკვდილიანობის ზრდა.

“14 ნოემბრის მონაცემებით, ჩატარებული 38 817 ტესტით გამოვლინდა ინფიცირების 3 700 ახალი შემთხვევა. 12 ნოემბერს ახალი შემთხვევების რაოდენობა 4 445 იყო და 13 ნოემბერს კი - 4 565 ინფიცირებული შეადგინა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 9.53%-ია, ხოლო ერთ დღეში გარდაცვლილთა რაოდენობა, იგივე 14 ნოემბრის მონაცემებით, შეადგენს 81 ადამიანს, რაც ახალი ანტირეკორდია. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 10 975 პირი ემსხვერპლა. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ირაკლი ხმალაძე “რეზონანსთან” საუბრისას მაღალი ლეტალობის ერთ-ერთ მიზეზად იმას ასახელებს, რომ ყოველი გადაცემის შემდგომ ვირუსი უფრო ძლიერდება, რასაც აუცრელი პაციენტის ორგანიზმი ვეღარ უმკლავდება. იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა თქვა, რომ ლეტალობა, როგორც წესი, ინფიცირების მაღალი მაჩვენებლის გამოვლენიდან 10-14 დღის შემდეგ იზრდება. ინფექციონისტ ალექსანდრე გოგინავას აზრით, არსებული შედეგი გასაკვირი არ არის და, სამწუხაროდ, მოსალოდნელიც იყო”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ყოველი გადაცემის შემდეგ ვირუსი უფრო ძლიერდება და ადამიანის ორგანიზმში მეტი სიმწვავით ვითარდება. ასეთი ვირუსი კი აუცრელ ადამიანს ბევრად უფრო დიდ ზიანს აყენებს. სანამ მოსახლეობის სრულ ვაქცინაციას ვერ მოვახერხებთ, ვირუსი უფრო მეტად გაძლიერდება და მზარდი ლეტალობის მაჩვენებელიც, სამწუხაროდ, ხშირად დაფიქსირდება. აუცილებელია ჩამოყალიბდეს სპეციფიური იმუნიტეტი, რადგან არასპეციფიური ვერ ერევა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი ხმალაძე.

“საერთოდ, გარდაცვლილთა მაღალი რაოდენობა მას შემდეგ ფიქსირდება ხოლმე, რაც ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებელი საგრძნობლად მაღალია. პირობითად ვამბობ. ვინც დღეს გარდაიცვალა, მათი ინფიცირება 10-14 დღის წინ მოხდებოდა. აქამდე ისინი სიცოცხლისთვის იბრძოდნენ. ასე რომ, იმ დღეებში არსებული მაღალი ინფიცირების შედეგია ახლა არსებული ლეტალობის ანტირეკორდი. ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ ყოველი გადადების შემდეგ ვირუსი ძლიერდება ადამიანის ორგანიზმში, რასაც ვერ უმკლავდება აუცრელი ადამიანის იმუნიტეტი”, - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ბიძინა კულუმბეგოვი.

“მიუხედავად იმისა რომ ბოლო სამი დღის მანძილზე არ გვაქვს განსაკუთრებით მზარდი ინფიცირებულთა რაოდენობა, დღეს არსებული ლეტალობა იმ მწვავე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შედეგია, როდესაც დღიურად 5 ათასზე მეტი ინფიცირებული გვყავდა ქვეყანაში. მართალია, ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე არ გვაქვს დიდი რაოდენობით ინფიცირებულთა მაჩვენებელი, მაგრამ ვიცით, რომ საკმაოდ ბევრი დაავადებული გვყავდა რამდენიმე კვირის წინ. სწორედ ამის შედეგია დღეს არსებული ლეტალობა, რომელიც შესაძლოა რამდენიმე კვირის მანძილზე კიდევ გაიზარდოს. ზოგადად, როდესაც ამგვარი სტატისტიკა გვაქვს და საქართველოს მოსახლეობის მქონე ქვეყანაში დღიურად არის 4-5 ათასი შემთხვევა, რამდენიმე კვირის დაგვიანებით ეს აღინიშნება გარდაცვალების რაოდენობაზე. ჩვენ ველოდით, რომ მწვავე ეპიდვითარების ფონზე, 2-3 კვირის შემდეგ, სიკვდილიანობაც გაიზრდებოდა და ამიტომ ეს ციფრები კიდევ შეიძლება გაიზარდოს მანამ, სანამ ეპიდვითარება დარეგულირებისკენ არ წავა. ამასთან, აუცრელებში უფრო მწვავედ მიმდინარეობს ვირუსი. ასე რომ, თუ ეპიდვითარებას ქვეყანაში არ დავარეგულირებთ, მოსალოდნელია კიდევ უფრო მეტად აგრესიული და საშიში გახდეს ვირუსი”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ალექსანდრე გოგინავა.

მამუკა არეშიძე - “სააკაშვილი აქ გარანტიების გარეშე არ ჩამოსულა და კარგად ვიცი, ვინ არის ამ გარანტიების მიმცემი”

“ხელისუფლება ცდილობს გარკვეული ჩარჩოებიდან არ გამოვიდეს. ეს ჩარჩოებია კრიზისის ლიკვიდაცია ძალისმიერი მეთოდით. ოპოზიციის დიდი ნაწილისთვის მთავარი სიტუაციის დასტაბილურება კი არა, ძალაუფლების ხელში ჩაგდებაა. გასაგებია, რომ ზოგიერთმა პარტიამ, მაგალითად, “სტრატეგია აღმაშენებელმა” და “ლელომ” წარმოადგინეს შერიგების კონკრეტული გეგმები, მაგრამ ისინი პოლიტიკურ ამინდს ვერ ქმნიან. ერთადერთი ოპოზიციური პარტია, რომელიც დღის წესრიგს აწესებს, “ნაციონალური მოძრაობაა”, - აცხადებს უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “სააკაშვილი აქ გარანტიების გარეშე არ ჩამოსულა და კარგად ვიცი, ვინ არის ამ გარანტიების მიმცემი”.

“ნაციონალების" დათქმა, რომ თუ სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ, მიმდებარე ტერიტორიაზე აქციებს არ ჩაატარებენ და ამასთან, სააკაშვილი შეწყვეტს შიმშილობას, პირობითი დათქმაა. წარმოვიდგინოთ სურათი: სააკაშვილმა საავადმყოფოდან გაავრცელა ინფორმაცია, რომ შესაბამისად არ მკურნალობენ ან რაიმეს აიძულებენ. ხომ წარმოგიდგენიათ, რა მოხდება?! კლინიკას შტურმით აიღებენ, ხელისუფლება გამოიყენებს ძალას და გაიმართება მორიგი სისხლიანი შეტაკება. სააკაშვილის ჩამოსვლის შემდეგ დიალოგის პერსპექტივა ნულის ტოლია და ასე იქნება, სანამ სააკაშვილის ფაქტორი იარსებებს. დღეს ის განსაზღვრავს ოპოზიციის დღის წესრიგს, ისევე როგორც იმას, თუ როგორი უნდა იყოს მედია და როგორ უნდა განვითარდეს პროცესები. საწვავისა და პურის ფასს ვერ განსაზღვრავს, თორემ დანარჩენში მისი ხელი ურევია... ერთადერთი გამოსავალი საქმეში დასავლელი პარტნიორების ჩარევაა. პირველ რიგში ვაშინგტონს ვგულისხმობ. ევროპა უკვე გავიარეთ, ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ახლა აშშ-ია. მხოლოდ ამ ქვეყნის ხელმძღვანელობის პირდაპირი ჩარევით (და არა დეპუტატებისა და სენატორების მცდელობით) შეიძლება ჩვენი პრობლემა სხვა სიბრტყეში გადავიდეს, მოლაპარაკების მაგიდასთან. თუმცა არც ეს არის აპრიორი. იქაც არსებობს სხვადასხვა ინტერესის მქონე პოლიტიკური ძალები...”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.

“პირველ რიგში ვიტყვი, რომ სააკაშვილი აქ გარანტიების გარეშე არ ჩამოსულა, ისევე როგორც 2008 წლის ომი არ დაუწყია გარანტიების გარეშე. კარგად ვიცი, ვინ არის ამ გარანტიების მიმცემი, ქვეყანაშიც და მის გარეთაც, მაგრამ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე არ მინდა თქმა. რაც შეეხება ამერიკას, ამ ქვეყანას აქვს ისეთი ბერკეტები, რომ მის რეკომენდაციებზე უარი ვერავინ თქვას. თუმცა ჩვენნაირი მოკავშირე ასეულობით ჰყავს და ახლა ჩვენთვის ნამდვილად არ სცალია. სხვათა შორის, მიშელის აქტიურობის უკან აშშ-ის ადმინისტრაციის ხელი რომ არ ჩანდა, იმიტომაც დაიკიდა რადიკალურმა ოპოზიციამ ფეხებზე ეს დოკუმენტი და შემდეგ “ოცნებაც” შესაბამისად მოიქცა... ახლა, მოკლედ რომ ვთქვათ, ვაშინგტონს უამრავი შიდა პრობლემა აქვს და პაუზა აქვს აღებული საგარეო პოლიტიკაში. ანუ სიმშვიდე სწორედაც არ გვიწერია”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ბოლო დროს ოპოზიციის ნაწილი ზღვარს გადავიდა. ამ შემთხვევაში `ნაცმოძრაობას~ და სააკაშვილს არ ვგულისხმობ, “გირჩი” მყავს­ მხედველობაში. ის, რაც ზურა ჯაფარიძემ მოდულის შენობასთან გააკეთა, სააკაშვილის დროს რომ გაეკეთებინა, თავისივე ხელით დააჭრევინებდნენ იმ ავტომობილს და ნაწილებად გადააყლაპებდნენ. ხელისუფლებამ უხეში შეცდომები დაუშვა, ეს განპირობებული იყო იმ ხაფანგით, რომლებიც დაუგო ოპოზიციამ, უპირველესად კი სააკაშვილმა. ხელისუფლება გაება, რატომ? არ ვიცი! ჩემთვის გაუგებარია რატომ არ მიიყვანეს სააკაშვილი სასამართლოზე.­ ჩემი ვერსიით, ეს არაპროფესიონალიზმის ან საბოტაჟის ბრალია. ქაოსური მდგომარეობაა, რაც კრიზისის შექმნას უწყობს ხელს”, -მიიჩნევს ექპსერტი და შეკითხვაზე “რას ფიქრობთ გავრცელებულ ჩანაწერზე, სადაც ნაჩვენებია, როგორ მიათრევენ სააკაშვილს. ესეც შეცდომა, არაპროფესიონალიზმის გამოვლინებაა თუ საბოტაჟი?” - პასუხობს:

“სავარაუდოდ, მმარ­თველ გუნდს უნდოდა საზოგადოებას ენახა, რომ სააკაშვილი არ შიმშილობს, მყარად დგას ფეხზე და მანიპულირების საშუალებას არ მისცემს. მართლაც შეუძლებელია კაცმა 40-დღიანი შიმშილის ან ავად ყოფნის დროს ასეთი წინააღმდეგობა გაუწიოს ვინმეს. დღეს თუ ვინმე შიმშილობს, ეს ელენე ხოშტარიაა, ეტყობა კიდეც. ჩემი აზრით, არ იყო საჭირო ამ ჩანაწერის გავრცელება, ისევე როგორც საჭირო არ იყო იმის ჩვენება, თუ რას ჭამდა და სვამდა. ისედაც ყველამ ყველაფერი ვიცოდით, ამბები ძალიან მალე ვრცელდება. რაც შეეხება გავრცელებულ ჩანაწერს, მეტი პროფესიონალიზმი უნდა გამოეჩინათ და სააკაშვილი ასე თრევა-თრევით არ შეეყვანათ პალატაში. მაშინ ამ ჩანაწერს ასეთი აჟიოტაჟი არ მოჰყვებოდა”.

“სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ოპოზიციამ და მმართველმა გუნდმა სხვადასხვაგვარად წაიკითხეს, ნამდვილად იძლევა ორგვარი წაკითხვის საშუალებას. მე მინახავს “იმედისა” და ვანო მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის კატეგორიული გადაწყვეტილება, მაგრამ ის მიკვირს, ოპოზიციამ მისთვის პოზიტიური რა დაინახა, გარდა იმისა, რომ სააკაშვილი მუდმივ მეთვალყურეობაში იქნება. უახლოეს დღეებში მე ესკალაციის გაზრდასა და საკრალური ციფრის - 23 ნოემბრის გადათამაშებას ველოდები. თუმცა არ გამოვრიცხავ, რაიმე მოულოდნელმა ფაქტორმა სიტუაცია რადიკალურად შეცვალოს”, - დასძენს მამუკა არეშიძე.

ღია მინიშნებები “ვარდების რევოლუცია 2”-ზე - რას აპირებს “ნაციონალური მოძრაობა”

“აპირებს თუ არა “ნაციოანლური მოძრაობა” ვარდების რევოლუციის მსგავსი სცენარის გათამაშებას და რას ნიშნავს ოპოზიციის ზოგიერთი ლიდერის მიერ 13 ნოემბრის აქციაზე გაკეთებული განცხადება, რომ მომდევნო 10 დღეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი იქნება? ანალიტიკოსთა აზრით, ოპოზიციამ სწორედ ე.წ. ფერადი რევოლუციების სცენარი აირჩია და გადამწყვეტი მოქმედება შესაძლოა სწორედ ვარდების რევოლუციის მე-18 წლისთავზე - 23 ნოემბერს ჰქონდეს დაგეგმილი. ენმ ქვეყნის მასშტაბით კვლავ აგრძელებს აქციების სერიას ლოზუნგით “ვარყიოთ რეჟიმი სანამ არ ჩამოიშლება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ღია მინიშნებები “ვარდების რევოლუცია 2”-ზე - რას აპირებს “ნაციონალური მოძრაობა”.

“პარტიის ლიდერები აცხადებენ, რომ ამან გარკვეული შედეგები უკვე გამოიღო, ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელია კი მხარდამჭერებს კვლავ ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებს და უკმაყოფილოა იმით, რომ ხალხი გარეთ მასობრივად არ გამოდის. მისი მხარდამჭერები ენმ-ს პირიქით საყვედურობენ, რომ აქციის მონაწილეები არ უნდა იშლებოდნენ და ქუჩაში კარვების გაშლაა საჭირო. “ანალიტიკოსები ამბობენ, რომ, “ნაცმოძრაობის” გეგმა ზუსტად ხავერდოვანი რევოლუციის მზა რეცეპტია, რომელსაც მიჰყვებიან. ხოლო ამ გეგმის განხორციელება მეტწილად ხელისუფლებისა და მიხეილ სააკაშვილის ქმედებებზე იქნება დამოკიდებული”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ამათ არ ესმით სხვა ენა, გარდა ქუჩაში გამოსული მოქალაქისა. ამიტომ ახლა აღარაა დრო მხოლოდ არც სოციალური ქსელების, არც პასიური ნერვიულობისა და გულშემატკივრობის. არც ამათი დამუნათების. დამუნათება შეიძლება იმის, ვისაც მილიგრამი სინდისი მაინც შერჩა! მათი გადარწმუნება შეუძლებელია! ისინი უნდა დავამარცხოთ ერთად! რას იზამს ოპოზიცია? - ოპოზიცია შენ ხარ! ქუჩებში გამოსვლის დროა! თუ დღეს არ გადავდებთ ყველაფერს, ხვალ ვინანებთ, რომ ჩაგვითრიეს რუსულ ჭაობში! ჩვენ თვალწინ მრავალი წლით წამართვეს სამოქალაქო მშვიდობა! ამათი ენა სამოქალაქო ომის ენაა და ამის გაჩერება მხოლოდ ათიათასობოთ ჩვენი მოქალაქის მტკიცე, მწვავე და არაძალადობრივ პროტესტს შეუძლია! გულით გინდა ქვეყნისთვის კარგი? გამოდი ქუჩაში. გულით გინდა რომ არ თელავდნენ ქვეყნის ღირსებას? გამოდი ქუჩაში. გულით გინდა მკვლელობას არ გაყურებინონ? გამოდი ქუჩაში! სისტემა უკვე ირყევა და და შენი ქუჩაში გამოსვლით ჩამოინგრევა კიდეც! ახლა მთავარია ჩვენი სიმტკიცე და დაუღლელობა - არ არსებობს ცალკე ოპოზიცია!“ - წერს ნიკა მელია სოციალურ ქსელში. აქვე მას ენმ-ის მხადამჭერები საყვედურობენ, რომ აქციების დაშლა არ უნდა მოხდეს და ხალხმა ღამე ქუჩაში კარვებში უნდა გაათენოს, რადგანაც აქციების მუხტი ეცემა. მელია კი პასუხობს, რომ ხალხი სახლში თავად მიდის და ქუჩაში არ რჩებიან”, - განაგრძობს გამოცემა.

“არ დაგვშალოთო ვინც მწერთ, 8 ნოემბერს შეგახსნებთ - 95% სახლში წავიდა! ყოველდღიური უწყვეტი, არაძალადობრივი აქციებია გამოსავალი, დანარჩენი კი პოსტში მიწერია”, - პასუხობთ მელია. ოპოზიციის კიდევ ერთი ლიდერი გიგი უგულავა კი ამბობს, რომ ეს ათი დღე ყველაზე კრიტიკული და გადამწყვეტი იქნება. “ჩვენ ვხედავთ, ყოველდღიურად “ქართული ოცნება” უკეტავს კარს ევროპას და უნდა გვესმოდეს - ქვეყანა, რომელიც კარს უკეტავს ევროპას, ის კარს უღებს რუსეთს. “მომდევნო ათი დღე იქნება უკიდურესად კრიტიკულად მნიშვნელოვანი საქართველოს ისტორიაში”, - ამბობს გიგი უგულავა. ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე “რეზონანსთან” აცხადებს, რომ ოპოზიცია პირდაპირ მზა რევოლუციური რეცეპტებით მოქმდებს და მათ უნდათ, რომ ხელისუფლება რაიმე პროვოკაციაზე წამოაგონ. სწორედ ამიტომ, სიტუაციას მედიის დახმარებით მაქსიმალურად ძაბავენ. პატარ-პატარა ჯგუფებით სახელმწიფო დაწესებულებებთან პროვოკაციებს აწყობენ, რათა “ოცნებას” ნებისყოფამ უმტყუნოს და ეს შემდეგ ხალხის მასობრივად ქუჩაში გამოყვანის საბაბად აქციონ”, - დასძენს გამოცემა.

“რევოლუციას ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი სჭირდება - ქვეყნის შიგნით ხალხის და ქვეყნის გარეთ დასავლეთის მხარადჭერა. არც ერთი ეს მხარდაჭერა “ნაციონალებს” არ აქვთ. როდესაც ამბობენ, რომ 10 დღეა კრიტიკული და შესაძლოა ვარდების რევოლუციის გათამაშება უნდოდეთ, არ გამოუვათ. 2003 წელს ვარდების რევოლუცია სააკაშვილმა კი არ დაგეგმა და განახორციელა, არამედ დასავლეთმა, რომელმაც მთავარი როლის შემსრულებლად სააკაშვილი ათამაშა. ახლა, თუ კარგად დააკვირდებით, დასავლეთი დუმს. ამერიკა სააკაშვილს არ გულშემატკივრობს, რადგანაც მისი ისევ ხელისუფლებაში დაბრუნება არ უნდა. მათ არ სურთ ერთპარტიული მმართველობა ისევ იგივე მმართველობით ჩაანაცვლონ. ხედავთ ხალხის რეაქციასაც - არც მათ უნდათ სააკაშვილის ხელისუფლებაში დაბრუნება. ამიტომ ყველაფერი ახლა “ოცნებაზეა” დამოკიდებული“, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

“მისივე თქმით, 2009 წელს ოპოზიციას ხალხის იმაზე ოჯერ მეტი მხარდაჭერა ჰქონდა ვიდრე ახლა აქვთ. თუმცა მაშინ მიხეილ სააკაშვილმა აირჩია ტაქტიკა, რომ რუსთაველზე დაბანაკებულ და კარვებში მცხოვრებ ოპოზიციისთვის ყურადღება არ მიექცია. ამიტომაც ოპოზიცია თავად აილაგმა და ისეთი დეგრადაცია განიცადა, რომ ვიდრე ივანიშვილი არ გამოჩნდა, მათი გაერთიანება ვერავინ ვეღარ შეძლო. “ოცნებამაც” ახლა ამ წნეხს თუ გაუძლო, ენმ არათუ ახალი რევოლუციის ორგანიზებას შეძლებს, არამედ რიგებში ისეთი რეღვევა დაეწყება, რომ სერიოზულ კრიზისამდე მივა. ანალიტიკოსი ზაალ ანაჯარიძე კი ფიქრობს, რომ ენმ-მ დაინახა აქიებზე მოსახლეობის დიდი რაოდენობა რომ არ მიდის და ამიტომაც გადაწყვიტა 100-150-კაციანი ჯგუფებით ხელისუფლების სტრუქტურები პარალიზება და გამოფიტვა. ანალიტიკოსი ამბობს, რომ ეს არის ფერად რევოლუციებში ნაცადი მეთოდი”, - წერს სტატიის ავტორი.

“სახელმწიფო დაწესებულებების მუშაობის შეფერხებისას, როგორც ეს ზურაბ-გირჩი ჯაფარიძემ და მისმა პარტიის წევრებმა გააკეთეს, გარკვეული საპოლიციო რესურსის მობილიზებაა საჭირო. ამის პარალელურად კი პოლიციელებზე ემოციურად მოქმედებენ. ვნახეთ პოლიციელებზე ფსიქოლოგიურად როგორ თამაშობენ და ეუბნებიან, რომ მათი უფროსები მილიონერები არიან, ამათ კი გროშებს უხდიან. ამას კი იმ იმედით აკეთებენ, რომ პოლიცია რაღაცა მომენტში გატყდება, გამოიფიტება და იტყვის, რომ საკუთარ მოვალეობებს აღარ შეასრულებენ. რაც ხდებოდა მაიდანზე და ბელორუსიის არშემდგარი რევოლუციისას, “ნაციონალები” ზუსტად იმეორებენ. თუმცა ამ ყველაფერს ხელისუფლებამ უნდა გაუძლოს. ერთის მხრივ, შეიძლება ოპოზიციის მხარდამჭერები დაიღალონ და თქვან, რომ ამ პატარა აქციებს არაფერი შედეგი არ მოაქვს, აქციების აზრი ვეღარ დაინახონ. ხოლო მეორე ვარიანტია, თუკი ხელისუფლებამ შეცდომები დაუშვა, მაშინ უკმაყოფილო ხალხის რიცხვი ქუჩაში გაიზრდება. კიდევ ბევრი რამ სააკაშვილზე იქნება დამოკიდებული”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.

კახა გოგოლაშვილი - “საკმარისია აქ ვიღაცამ გაისროლოს, რუსეთი მაშინვე შემოიყვანს ჯარს”

“დაძაბულობა, რომელიც შეიქმნა სააკაშვილის დაპატიმრების შემდგომ, ისეთი საშიშია, რომ მისი დიდხანს გაგრძელება არ შეიძლება. ეს ქვეყანას საფრთხეს შეუქმნის. დესტაბილიზაცია და პოლარიზაცია, უპირველესად ქვეყნის განვითარებას აყენებს დარტყმას. დესტაბილიზაცია აშინებს როგორც შიდა, ისე გარე ინვესტორებს და ინვესტიციებისგან თავს შეიკავებენ. ინფლაცია უკვე არის. შეიქმნება საქონლის დეფიციტიც”, - აცხადებს რონდელის ფონდის ევროპული კვლევების დირექტორი კახა გოგოლაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “საკმარისია აქ ვიღაცამ გაისროლოს, რუსეთი მაშინვე შემოიყვანს ჯარს”. “დიახ, გარდა პოლიტიკური რისკებისა, ეკონომიკურიც არის. საერთაშორისო არენაზე ძალიან ნეგატიური ინფორმაცია გადის, ეს კი, რა თქმა უნდა, ქვეყნის ევროპაში ინტეგრაციას აფერხებს. არა აქვს მნიშვნელობა, ვინ არის მართალი, სააკაშვილი თუ მთავრობა. ამაზე შეგვიძლია ბევრი ვიდავოთ, მაგრამ ფაქტია, უცხოეთში ხედავენ, რომ საქართველო არასტაბილური ქვეყანაა, რომელსაც მთავრობა სათანადოდ ვერ მართავს. არა აქვს მნიშვნელობა, სააკაშვილი არის თუ არა დამნაშავე, საბოლოოდ ყველაფერი მაინც “ოცნებას” დაჰბრალდება, რადგან ის არის პასუხისმგებელი სტაბილურობაზე. ევროპამ სანქციები რომ დაგვიწესოს არა მგონია, მაგრამ თუ სააკაშვილის შიმშილობა ფატალურად დასრულდება, დიდი სკანდალი დაიწყება. მთავრობა ევროპის სასამართლომაც გააფრთხილა, რომ პატიმარ სააკაშვილს საჭირო სამედიცინო დახმარება აღმოუჩინონ. ამის პირობები რომ არა აქვთ მე-18 დაწესებულებაში, ეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემაც თქვა. ეს იმას ნიშნავს, რომ უნდა გადაიყვანონ კერძო კლინიკაში”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კახა გოგოლაშვილი.

“თუ მისი გატაცების ეშინოდათ, ოპოზიციას ეყო გონიერება და თქვა, რომ იმ კლინიკასთან აქციას არ გამართავს. ამ საკითხში შეთანხმება შეიძლებოდა. ეს საქმე ძალიან მალე უნდა დასრულდეს, ასე გაგრძელება არ შეიძლება - ოპოზიცია და ხელისუფლება რაღაცაზე უნდა შეთანხმდნენ. ევროკავშირი ცდილობდა დახმარებოდა საქართველოს, რათა ეს ბრძოლა ცივილიზებულად გაგრძელებულიყო, თუმცა რა ბედი ეწია მიშელის დოკუმენტს, ყველამ ვნახეთ. ამას ემატება საფრთხეები ჩვენი არაკეთილმოსურნე ქვეყნებისგან. პირდაპირ უნდა ვთქვათ - უკრაინის საზღვარზე რომ რუსეთის 90-ათასიანი ჯარია, სულაც არ ნიშნავს, რომ რუსეთს არ შეუძლია საქართველოში ინტერვენცია. საკმარისია აქ ძალზე აირიოს ვითარება, მაგალითად, ვიღაცამ გაისროლოს, შეიარაღებული დაპირისპირება მოხდეს, რუსეთი მაშინვე შემოიყვანს ჯარს და როგორც მინიმუმ გადაკეტავს დასავლეთ-აღმოსავლეთ მაგისტრალს. შემდეგ მათი გაყვანა აქედან რთული იქნება. რუსეთს ეშინია საქართველო არ შევიდეს ნატოში, ამიტომ ურჩევნია აქ ჯარები ჰყავდეს”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“მე რომ მკითხონ, ყველაზე კარგი გამოსავალი იქნებოდა უკრაინაში სააკაშვილის ექსტრადირება. გასაგებია, რომ ციხიდან არ გამოუშვებენ და საქართველოში არ დატოვებენ, 2 მუხლს ასე ადვილად არ მოუხსნიან და პრეზიდენტმაც თქვა, არ შევიწყალებო, მაგრამ თუ ციხეში გააგრძელებს ყოფნას, სულ იქნება მიტინგები და მისი გათავისუფლების მოთხოვნები, ეს კი არავის აწყობს. ვფიქრობ, უკრაინა გააგრძელებს ზეწოლას. უკრაინის მოსახლეობა უკვე სულ უფრო ინტერესდება სააკაშვილის ბედით. ამიტომ იქაური პრეზიდენტი და დეპუტატები ჩუმად ვერ იქნებიან. მათთვის ეს ღირსების საკითხიც არის, რადგან სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა მიიღო და ის აქტიურად მონაწილეობდა ქვეყნის შიდაპოლიტიკურ საქმეებში. ასევე დიდი პრობლემაა საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობა. თუ გაფუჭდა, მგონი, უნდა დავივიწყოთ ევროპულ ინტეგრაციასა და ევროკავშირში გაწევრებაზე ფიქრი. უკრაინასთან ჩვენი ურთიერთობა ბევრ რამეზეა დამოკიდებული. ეს ასევე საზიანო იქნება ნატოში გაწევრების პროცესისთვის იმიტომ, რომ უკრაინა ნატოსა და ევროპისთვის სულ უფრო საინტერესო ქვეყანა ხდება. ჩვენზე ათჯერ დიდიც არის, ამიტომ უკრაინასთან კარგი ურთიერთობა უნდა გვქონდეს”, - თვლის რონდელის ფონდის ევროპული კვლევების დირექტორი და შეკითხვაზე - “რატომ არ აქტიურობს ევროპა?” - პასუხობს:

“ევროკავშირის ელჩმა რამდენიმე განცხადება გააკეთა. ამასთან, არა აქვთ ზუსტი ინფორმაცია, სააკაშვილი უსამართლოდ ზის ციხეში თუ სამართლიანად. ევროპას მეტი ინფორმაცია სჭირდება და ამაში ნელ-ნელა გაერკვევიან. საქმე უკვე გადაცემულია სტრასბურგის სასამართლოში და პირველი დადგენილებაც გამოიტანეს, რომ შეწყვიტოს შიმშილობა. ორ კვირაში უფრო მეტ ინფორმაციას მიიღებენ და შემდეგ სათანადო განცხადებასაც გააკეთებენ”. “გასაგებია, რომ საქმეს პოლიტიკური ელფერი აქვს, მაგრამ ისიც გასაგებია, რომ ბრალდებები უსაფუძვლო არ არის. ტყუილად კი არ ითხოვდა ევროპა გავლენებისგან სასამართლოს გათავისუფლებას. თავისუფალი სასამართლო რომ გვქონოდა, კითხვები არც ევროპას და არც ამერიკას არ ექნებოდათ. არ არის გამორიცხული, სტრასბურგმა გამოიტანოს ვერდიქტი, რომ სააკაშვილის საქმე არ მიმდინარეობდა სათანადოდ და ამის გამო მისი გათავისუფლება მოითხოვონ. ეს კი ნიშნავს, რომ პოლიტპატიმრის სტატუსი მიეცემა... არაოფიციალური ვიზიტით ჩამოსული ანა ფოგიტა ევროპარლამენტის წევრია და ეს პატარა საქმე არ არის. ის შეისწავლის აქაურ ვითარებას. შეიძლება კიდევ მოჰყვეს ევროპარლამენტიდან ერთი-ორი დეპუტატის ვიზიტი და მოამზადებენ რეზოლუციას ევროპარლამენტში გასატანად, თანაც მნიშვნელოვანია, ტექსტი რა შინაარსის იქნება. ასე რომ, ჩვენს მთავრობას სანერვიულო ნამდვილად აქვს”, - დასძენს კახა გოგოლაშვილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა