მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი - ფაქტობრივად, მოსამართლემ თქვა, რომ ამ ქვეყანაში მე არავინ არაფერს მეკითხება, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილთან მიმართებითო

მე გადაწყვეტილება მივიღე, მეტი რა გავაკეთო, ოთხნი ხართ, წადით და მაშინ, ძალით მოიყვანეთ მიხეილ სააკაშვილი ადვოკატებმა, მეტი არაფერი არ შემიძლიაო, - მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის დიმიტრი საძაგლიშვილის ინფორმაციით, ასეთი პასუხი მიიღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველებმა მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილისგან, იმ ფაქტზე, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე მიყვანასთან დაკავშირებით პენიტენციურმა სამსახურმა არ შეასრულა.

დიმიტრი საძაგლიშვილის შეფასებით, მოსამართლეს, სულ მცირე, ის ბერკეტი ჰქონდა, რომ ეღიარებინა პენიტენციური სამსახურის ქმედების უკანონობა, თუმცა როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებთან განმარტა, ამ განცხადებით მოსამართლემ ის მაინც აღიარა, რომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესზე გადაწყვეტილებას რეალურად ის არ იღებს.

„სასამართლოსა და პროკურორების ერთადერთი ამოცანა დღევანდელ სხდომაზე იყო ის, რომ როგორმე დაეხშოთ ამ პროცესის საქვეყნოობა და არ დაეშვათ პირდაპირ ეთერში სიგნალის გადაცემა სასამართლოს სხდომის დარბაზიდან, რაც პრინციპში ლოგიკურია, ვინაიდან იმდენად სამარცხვინოდ განვითარდება მოვლენები სხდომის დარბაზში, რომ, ბუნებრივია, მათ არ უნდა ჰქონოდათ სურვილი საზოგადოებას ენახა ეს უკანონობა საკუთარი თვალით.

მოგეხსენებათ, რომ სასამართლომ მიიღო გადაწყეტილება, რომლის საფუძველზეც, პენიტენციურ სამსახურს უნდა მოეყვანა მიხეილ სააკაშვილი სასამართლოში. კანონმდებლობის თანახმად, პენიტენციურ სამსახურს არ აქვს უფლება უარი თქვას პირის მოყვანაზე იმ საფუძვლით, რა საფუძველიც დაასახელა ნიკა ცხვარაშვილმა. ეს არის პენიტენციური სამსახურის უკანონო გადაწყვეტილება. ჩვენ მოსამართლეს ვეკითხებით, რა რეაგირება აქვს იმაზე, რომ არ შეასრულეს მისი გადაწყვეტილება, რაზეც მოსამართლის პასუხი იყო, რომ მე გადაწყვეტილება მივიღე, მეტი რა გავაკეთო, ოთხნი ხართ წადით და მაშინ, ძალით მოიყვანეთ მიხეილ სააკაშვილი ადვოკატებმა, მეტი არაფერი არ შემიძლიაო. ფაქტობრივად, მოსამართლემ თქვა, რომ ამ ქვეყანაში მე არავინ არაფერს არ მეკითხება, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილთან მიმართებითო. ეს ხომ ისედაც ვიცით, რომ ბადრი კოჭლამაზაშვილს არავინ არაფერს ეკითხება, ისევე როგორც იმ პროკურორებს არავინ არაფერს ეკითხება და არც ნიკა ცხვარაშვილს არავინ არაფერს ეკითხება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. კარგად ვიცით, რომ თემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიმღები ბიძინა ივანიშვილიც კი არ არის, ვლადიმერ პუტინი იღებს პირდაპირ გადაწყვეტილებებს და ვინ შეეკითხება ბადრი კოჭლამაზაშვილს. უბრალოდ, მნიშვნელოვანი იყო, რომ მისგან მივიღეთ აღიარება. რეალურად ცხადია, რომ აქვს ბერკეტი - მინიმუმ, ის მაინც გაებედა, რომ დაედასტურებინა ცალსახად, რომ უკანონო იყო პენიტენციური სამსახურის უარი, მაგრამ ესეც ვერ გაბედა“, - განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, დაცვის მხარემ მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენეს, რადგან მოსამართლე, რომელიც თავისი გადაწყვეტილების შესრულებას ვერ უზრუნველყოფს, ვერ გააგრძელებს ამ საქმის განხილვას.

„რაც შეეხება აცილების შუამდგომლობას და მასზე უარს, ჩვენ არ გვქონია იმის მოლოდინი, რომ ბადრი კოჭლამაზაშვილი მიუკერძოებელი მოსამართლე დაგვხვდებოდა აქ და პრინციპულობით გამორჩეული წინააღმდეგობას გაუწევდა სახელმწიფოს მახინჯ სისტემას, რომლის მიზანიც არის მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ ტყვეობაში ყოფნა, ამის ილუზია არ გვქონია, მაგრამ სასამართლო დარბაზში წარმართულმა მოვლენებმა ცალსახად დაადასტურა, რომ ამ მოტივით აცილების შუამდგომლობა რომ არ დაგვეყენებინა, ჩვენი მხრიდან იქნებოდა არასწორი და ამიტომ მოვითხოვეთ მისი აცილება. მოსამართლემ, რომელიც საქმეზე, რომელსაც თვითონ წარმართავს, ვერ უზრუნველყოფს საკუთარი გადაწყვეტილების შესრულებას, როგორ უნდა გააგრძელოს ამ საქმის განხილვა. ეს იყო ფარსი, სადაც როლები იყო განაწილებული“,- განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა