იუსტიციის მინისტრი - მესიჯების გავრცელება, რომ  მიხეილ სააკაშვილის მიმართ „არაადამიანურ მოპყრობას“ და „წამებას“ ჰქონდა ადგილი, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის ძალიან უბადრუკი მცდელობაა

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, მტკნარი სიცრუეა, თითქოს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის მიმართ ადგილი ჰქონდა არაადამიანურ მოპყრობას, ან წამებას.

ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ იუსტიციის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც უკრაინის სახალხო დამცველის, ლუდმილა დენისოვას განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც ბრეგაძე აღნიშნავს, გავრცელებული ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ ადგილი ჰქონდა არაადამიანურ მოპყრობას „საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანის უბადრუკი მცდელობაა“.

„თქვენ ამბობთ, რომ იქ არაადამიანური მოპყრობაა და წამებაა. სწორედ ამ მესიჯის გავრცელება მიდის მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რაც არის მტკნარი სიცრუე, საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანის ძალიან უბადრუკი მცდელობაა.

რაც შეეხება „არაადამიანურ მოპყრობას“, „წამებას“ - ამ ტერმინების დამკვიდრებას, ეს ის ნარატივია, რომელსაც ცდილობს ჩვენი ოპონენტები და ოპოზიცია, რაც მტკნარი სიცრუეა.

როდესაც ვინმე, კონკრეტულად პატიმარი წინააღმდეგობას უწევს ჩვენს თანამშრომლებს, ბუნებრივია, თანამშრომელმა უნდა აღასრულოს კანონი და მაქსიმალურად რბილი შესაძლო მეთოდების გამოყენებით აღასრულოს სამართლის ის ნორმები, რომელთა შესრულებაც მისი ვალდებულებაა. მე არავის არაფერში ვადანაშაულებ. მთელი ამ დღეების განმავლობაში ვრცელდება ეს ნარატივი, თითქოს, ადგილი ჰქონდა არაადამიანურ მოპყრობას ან წამებას, რაც სამწუხაროა. მტკნარი სიცრუეა და სიმართლესთან არაფერი აკავშირებს“, - აღნიშნავს ბრეგაძე.

მან მედპერსონალის კვალიფიკაციასთან დაკავშირებით დასმულ კითხვასაც უპასუხა. ბრეგაძე აღნიშნავს, რომ როდესაც პატიმარი სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფება, მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სრულად არის პასუხისმგებელი შესაბამისი პენიტენციური დაწესებულება.

„მე ვამბობ, რომ იქ არიან მაღალკვალიფიციური ექიმები, დიახ. რაც შეეხება დიპლომს, თქვენ მკითხეთ დიპლომზე, რასაც ასე ვერ გეტყვით. თუ გახდება ეს საჭირო და აუცილებელი, ამის შესახებ ინფორმაციის მოწოდება შესაძლებელია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით“,- განმარტავს ბრეგაძე.

ცნობისთვის, უკრაინის სახალხო დამცველი, ლუდმილა დენისოვა რამდენიმე დღის წინ, მიხეილ სააკაშვილის გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულების საავადმყოფოში მოთავსების კადრებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ვიდეოში ნაჩვენებია მიხეილის წამება და მის მიმართ არასათანადო მოპყრობა, რაც ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-3 მუხლის უხეში დარღვევაა.

როგორც განცხადებაში იყო ნათქვამი, „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური სასჯელაღსრულების სამსახურის არასათანადო საქციელით დაირღვა სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულების მე-7 მუხლი და წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის წინააღმდეგ გაეროს კონვენციის 1-ლი მუხლი“.

ხათუნა ბურკაძე - კრემლის აგრესიული პოლიტიკის ფონზე აუცილებელია აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის განახლება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.12.2021
პაატა დავითაია - საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესები ემთხვევა - ბარიერის დაწევა აუცილებელია ქართული დემოკრატიის განვითარებისთვის
Colliers MMS გაფართოებული საინვესტიციო პორტფელი და ახალი შეთავაზება სამშენებლო სექტორს
სამშენებლო კომპანია „მეგა ჰოლდინგი“ მეგა საახალწლო აქციას აანონსებს: ყველა ბინა საჩუქრით
შეიძინე ბინა წინასწარი შენატანის გარეშე - შეთავაზება „ტერასა გლდანი გრინ თაუერისგან“