„სამართლიანი არჩევნების“ ინფორმაციით, საარჩევნო პროცესებში სკოლის დირექტორებისა და მოადგილეების ჩართვის დამადასტურებელი დოკუმენტი მოიპოვეს

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) ინფორმაციით, საარჩევნო პროცესებში სკოლის დირექტორებისა და მოადგილეების ჩართვის დამადასტურებელი დოკუმენტი მოიპოვეს.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, წყარომ, ანონიმურობის დაცვის გარანტიით მათ მიაწოდა დოკუმენტი, რომელიც მიუთითებს, რომ ყვარლის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრი ორგანიზებას უწევდა საჯარო სკოლების დირექტორებისა და მათი მოადგილეების საარჩევნო კამპანიაში ჩართვას “ქართული ოცნების” საკრებულოს წევრობის კანდიდატის, ქეთევან ჭიპაშვილის სასარგებლოდ.

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ პროკურატურას მოუწოდებს, გამოიძიოს საჯარო სკოლის დირექტორების/მოადგილეების და საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის ფაქტები.

„მოწოდებულ დოკუმენტში ჩანს, რომ რესურს-ცენტრს ჰქონდა წინასწარ შედგენილი სია სახელწოდებით „ქეთევან ჭიპაშვილის მხარდამჭერები (ადამიანები, რომლებიც აქტიურად ჩაერთვებიან წინასაარჩევნო კამპანიაში)”. აღნიშნულ სიაში ჩამოთვლილია ყვარლის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების იმ დირექტორებისა და მათი მოადგილეების სახელები (საკონტაქტო ინფორმაციით), რომელთა კამპანიაში ჩართვაც სავარაუდოდ, ქეთევან ჭიპაშვილის სასარგებლოდ იყო გამიზნული. საგულისხმოა, რომ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ქეთევან ჭიპაშვილმა საარჩევნო კოდექსით დადგენილი აგიტაციის წესი დაარღვია, რასთან დაკავშირებითაც “სამართლიანმა არჩევნებმა” საარჩევნო ადმინისტრაციაში საჩივარი წარადგინა.

ორგანიზაციისთვის უცნობია, ვისი მითითებით მოხდა სიის შედგენა და რა ფორმით იყვნენ სკოლის დირექტორები/მოადგილეები საარჩევნო პროცესებში ჩართული, თუმცა მოპოვებული ინფორმაცია ადასტურებს საგანმანათლებლო დაწესებულებების პოლიტიზებისა და საარჩევნო მიზნით, სამსახურეობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ნიშნებს. აღნიშნული ასევე წარმოადგენს სამსახურებრივად დაქვემდებარებული პირების წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვის მცდელობას, რაც საარჩევნო კოდექსით აკრძალულია და წარმოადგენს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას.

„სამართლიანი არჩევნები” უკვე მრავალი წელია საუბრობს საგანმანათლებლო დაწესებულებების პოლიტიზებისა და ადგილობრივი რესურს-ცენტრების, ასევე საჯარო სკოლების დირექტორების საარჩევნო პროცესებში ჩართვის შესახებ, რომელიც ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს საარჩევნო პერიოდში. აღნიშნული დაწესებულებების პერსონალი ხშირად მიიჩნევა მმართველი პარტიის მიერ მნიშვნელოვან საარჩევნო რესურსად, უფრო მეტიც, მმართველი პარტიის მიერ აქტიურად ხდება მათი გამოყენება სააგიტაციო მიზნებისთვის, მათ შორის არანებაყოფლობითი და იძულებითი ფორმით.

„სამართლიანი არჩევნები” მიიჩნევს, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებების პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენება და პერსონალის ჩართვა წინასაარჩევნო კამპანიაში ეწინააღმდეგება როგორც საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილ წესებს, აგიტაციისა და ადმინისტრაციული რესურსის არამიზნობრივად გამოყენების მხრივ, ასევე არღვევს “ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით განმტკიცებულ პრინციპს, რომლის მიხედვითაც, იკრძალება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების პოლიტიზება.

„სამართლიანი არჩევნები“ მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, გამოიძიოს საჯარო სკოლის დირექტორების/მოადგილეების და საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის ფაქტები და საზოგადოებას უმოკლეს დროში მიაწოდოს ინფორმაცია გამოძიების შედეგების შესახებ; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, თავისი მანდატის ფარგლებში, შეისწავლოს და რეაგირება მოახდინოს აღნიშნულ ფაქტზე. ასევე გადადგას აქტიური ნაბიჯები განათლების სფეროში პოლიტიკური გავლენების აღმოსაფხვრელად“,-აღნიშნულია განცხადებაში.

იხილეთ სრული განცხადება https://cutt.ly/8TcVZ15

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა