რუსთავის ციხეში მეგის ქარდავას გამოკითხვა მიმდინარეობს

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის მეგის ქარდავას გამოკითხვა მიმდინარეობს.

როგორც დაწესებულებაში შესვლამდე საქმის პროკურომა ლაშა კოტრიკაძემ განაცხადა, გამოკითხვა რამდენიმე დღის წინ პროკურატურის მიერ გასაჯაროებულ კადრებს შეეხება, რომელშიც ქარდავასთან ერთად მე-8 დაწესებულების ყოფილი დირექტორი ალექსანდრე მუხაძე ფიგურირებს. კადრები ერთ-ერთი პატიმრის, რომელიც საქმეში უკვე დაზარალებულია, წამებას შეეხება.

პროკურორი ასევე გამოეხმაურა მეგის ქარდავას მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას და აღნიშნა, რომ ქარდავას ვიდეოკადრების შინაარსზე აქცენტი არ გაუკეთებია და მხოლოდ იმას გაუსვა ხაზი, რომ აღნიშნული კადრები მისი ბინის ჩხრეკისას არ ამოუღიათ.

"მეგის ქარდავას მიერ გუშინ გაკეთებული განცხადებით დავიწყებ. მან განაცხადა, რომ ეს ვიდეოკადრები მისი ბინის ჩხრეკისას არ ამოუღიათ. მინდა დავადასტურო, რომ კადრები ნამდვილად უკრაინაში მდებარე მისი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოიღეს, ეს დოკუმენტურად არის დადასტურებული და ამის გადამოწმება მარტივად შეიძლება. განცხადებაში მეგის ქარდავას არაფერი უთქვამს ვიდეოკადრების შინაარსობრივ მხარეზე, ერთი სიტყვაც არ უთქვამს და ჩვენთვის ეს უფრო საინტერესოა. მოვედით დაწესებულებაში, რომ ამ ვიდეოჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიებამ მეგის ქარდავას კითხვები დაუსვას. თუ რამის თქმა უნდა, ან პრეტენზია გააჩნია, შეუძლია გვითხრას. გამოქვეყნებული კადრები მისი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული კადრების ნაწილია, ამაზე მძიმე კადრები და უმძიმესი კატეგორიის დანაშაულებია, ეს კადრები შედარებით მსუბუქი იყო და აქედან გამომდინარე ჩავთვალეთ, რომ ამის ჩვენება შეიძლებოდა. ისეთ საქმეებზე, რომლებზეც გამოძიება მიმდინარეობდა და კადრების მიხედვით ეპიზოდები დაემთხვა, მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებს დაერთვება. თუ რამე ახალი დანაშაულის შემცველი ინფორმაცია იქნება კადრებზე, ბუნებრივია, გამოძიება დაიწყება. ჩვენ მიერ გავრცელებულ კადრებზე ბრალდებულია მეგის ქარდავა და სამართლებრივი და უსაფრთხოების რეჟიმის იმჟამინდელი უფროსები.

გახსოვთ, 2011 წელს ე.წ. ტერორისტების დაკავების სერიები იყო, ერთ-ერთ ეპიზოდში ამ საქმის დაზარალებული იყო ნარკოტიკებზე დაკავებული, რომელიც გლდანის მე-8 დაწესებულებაში გადმოიყვანეს. მისი სასტიკი მოპყრობის მიზანი იყო არარსებულ ტერორისტულ აქტებზე აღიარებითი ჩვენების მიცემა. ამ საქმის აბსურდულობა ის გახლვათ, რომ მიუხედავად აღიარებითი ჩვენების მიცემისა, ამ კაცზე დევნაც არ დაწყებულა ტერორისტული აქტის ბრალდებით. კადრებში სასტიკი მოპყრობა პირდაპირ არის აღბეჭდილი - დაზარალებულის დახვრეტის ინსცენირება, გაუპატიურების იმიტაცია და ა.შ.",- განაცხადა კოტრიკაძემ.

პროკურორთან და გამომძიებელთან ერთად ციხეში ქარდავას ადვოკატი, მალხაზ ველიჯანაშვილიც იმყოფება, რომელსაც ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.

ცნობისთვის, მეგის ქარდავა საქართველოში სისხლის სამართლის 11 საქმეზეა ექსტრადირებული, მათგან ნაწილზე ის მსჯავრდებულია, ნაწილზე კი - ბრალდებული. ორი დღის წინ პროკურატურის მიერ გავრცელებული კადრებით ირკვევა, რომ 2011 წლის მაისში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულებაში ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის ფაქტზე დაკავებულ პირს, მეგის ქარდავამ და ალექსანდრე მუხაძემ მოსთხოვეს არარსებულ ტერორისტულ აქტებში მონაწილეობის აღიარება, ასევე ამ დანაშაულებრივ საქმიანობაში თითქოსდა მონაწილე სხვა პირებზე ჩვენების მიცემა, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაემუქრნენ გაუპატიურებით. ასევე, საქმეში არსებული ჩვენებების თანახმად, აღნიშნულ პირს, ნარკოტიკული ნივთიერება, დაკავების საფუძვლის შესაქმნელად ჩაუდეს.

აღნიშნულ ეპიზოდზე მეგის ქარდავას საქმე სასამართლო განხილვის ეტაპზეა, ალექსანდრე მუხაძე კი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიეცა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა