„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" - სახელმწიფო სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებში კორუფციის შემაკავებელი მექანიზმები სუსტია, ხარჯები კი ყოველწლიურად იზრდება

სახელმწიფო სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებში კორუფციის შემაკავებელი მექანიზმები სუსტია, ხარჯები კი ყოველწლიურად იზრდება, - ამის შესახებ ანგარიშს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ავრცელებს.

ორგანიზაციის განმარტებით, წლიდან წლამდე სულ უფრო დიდი საბიუჯეტო რესურსი იხარჯება სახელმწიფო სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებზე, იზრდება მათი რაოდენობა, თანამშრომლების რიცხვი და ხარჯები, ხოლო მათი გამჭვირვალობა და, შესაბამისად მონიტორინგის მექანიზმები, კვლავ მინიმალურია.

„საქართველოში გავრცელებული პრაქტიკაა, როდესაც საჯარო დაწესებულებები, როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე, საკუთარი საჯარო ფუნქციების შესასრულებლად ქმნიან დაქვემდებარებულ იურიდიულ პირებს: საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს (სსიპ) და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს (ა(ა)იპ). წლების განმავლობაში მრავალი კითხვა დაგროვდა ამ ორგანიზაციების ეფექტურობის, მათი საჭიროებისა და კორუფციული მიზნებისთვის მათ შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით.

2017 წელს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ამ პრობლემაზე დეტალურად წერდა: ორგანიზაციები, რომლებიც არსებითად საჯარო საქმიანობით არიან დაკავებულნი და დიდწილად ბიუჯეტიდან ფინანსდებიან სათანადოდ არ ექვემდებარებიან საჯარო სამსახურისა და ანტიკორუფციული მექანიზმების მარეგულირებელ კანონმდებლობას, რაც ქმნის მათი ბოროტად, კორუფციული მიზნებისთვის გამოყენების რისკს.

მდგომარეობა არ შეცვლილა 4 წლის შემდეგაც – წლიდან წლამდე სულ უფრო დიდი საბიუჯეტო რესურსი იხარჯება სახელმწიფო სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებზე, იზრდება მათი რაოდენობა, თანამშრომლების რიცხვი და ხარჯები, ხოლო მათი გამჭვირვალობა და, შესაბამისად მონიტორინგის მექანიზმები, კვლავ მინიმალურია. ეს წარმოშობს მნიშვნელოვან კორუფციულ რისკებს, რომელთა სამართავად ქმედითი ღონისძიებები და საკანონმდებლო ცვლილებები არ ტარდება.

შედეგად, გვაქვს მდგომარეობა, როდესაც ისეთ სფეროებში, რომლებშიც ოპერირებენ სამინისტროები ან მუნიციპალიტეტის ორგანოები, ფაქტობრივად მათივე ფუნქციის შესასრულებლად იქმნებიან დაწესებულებები, რომლებიც გამჭვირვალობის შეუდარებლად დაბალი სტანდარტით საქმიანობენ; და ეს პრაქტიკა უფრო და უფრო აქტიურად გამოიყენება.სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ სსიპ/ა(ა)იპ-ებთან დაკავშირებით შემდეგი ძირითადი პრობლემები იკვეთება:

1. სახელმწიფო უწყებების დაქვემდებარებაში არსებული სსიპ-ებისა და ა(ა)იპ-ების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, მათი დაფუძნების კრიტერიუმები კი ბუნდოვანია და ხშირად ჩნდება კითხვა, რატომ არის კონკრეტული ორგანიზაციის შექმნა საჭირო იმ ფუნქციების შესასრულებლად, რაც სამინისტროს ან მერიის უშუალო მოვალეობას წარმოადგენს. საკითხი განსაკუთრებით პრობლემურია ა(ა)იპ-ების შემთხვევაში, რადგან ამ ორგანიზაციებზე არ ვრცელდება თანამშრომელთა კონკურსის წესით შერჩევის ვალდებულება.

2. პრობლემაა საჯარო დაწესებულებებიდან ინფორმაციის მიღება. კვლევის ობიექტი 150-მდე სსიპ-დან და ა(ა)იპ-დან საჭირო ინფორმაცია მხოლოდ 105-ზე მივიღეთ, საიდანაც ზოგ შემთხვევაში მოწოდებული ინფორმაცია არ იყო სრული. მიღებული ინფორმაციის მიხედვით, 100-მდე ორგანიზაციამ 2020 წელს 28,948 საშტატო და შტატგარეშე თანამშრომლის შრომის ანაზღაურებაზე 372,267,815.23 ლარი დახარჯა.

3. კვლევის ფარგლებში შერჩეული სახელმწიფო იურიდიული პირების რაოდენობა, საშტატო და შტატგარეშე პოზიციებზე დასაქმებულთა რიცხვი, შრომის ანაზღაურებაზე გაცემული თანხა და სხვა ადმინისტრაციული ხარჯები წლიდან წლამდე იზრდება, რაც, კონტროლისა და პრევენციული მექანიზმების არარსებობის პირობებში, კორუფციულ რისკებს ზრდის:

4. არ არსებობს ერთიანი ბაზა/რეესტრი, რომელშიც სახელმწიფო უწყებების დაქვემდებარებაში არსებული სსიპ-ებისა და ა(ა)იპ-ების ზუსტი რაოდენობის, მათში დასაქმებულთა რიცხვისა და ხარჯების შესახებ ინფორმაცია იქნება მოცემული.

5. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებზე არ ვრცელდება მთელი რიგი ანტიკორუფციული რეგულაციები, ორგანიზაციების დიდ უმრავლესობას არ აქვს ინტერესთა შეუთავსებლობის და კორუფციის პრევენციის ეფექტური შიდა მექანიზმები, რაც ზრდის კორუფციულ რისკებს და ართულებს ამ ორგანიზაციებში კონტროლისა და კეთილსინდისიერების ქმედითი მექანიზმების დანერგვას.

6. ერთი მხრივ, ორგანიზაციათა უმეტესობა აცხადებს, რომ აქვს კორუფციული შინაარსის დარღვევების გამოვლენაზე პასუხისმგებელი ორგანო, თუმცა, მეორე მხრივ, სახელმწიფო სსიპ-ებისა და ა(ა)იპ-ების დაახლოებით 96%-ში არ გამოვლენილა არცერთი დარღვევა ბოლო 4 წლის განმავლობაში.

7. სახელმწიფო სსიპ-ების საქმიანობა კანონით მიჩნეულია საჯარო სამსახურად, თუმცა “საჯარო სამსახურის შესახებ კანონის” მიზნების სრულად გავრცელება უკვე 4-ჯერ გადავადდა, რის გამოც ამ ორგანიზაციების თანამშრომლებზე არ ვრცელდება საჯარო მოსამსახურეებისთვის დაწესებული მთელი რიგი ანტიკორუფციული შეზღუდვები, მაგალითად: ეთიკისა და კეთილსინდისიერების ნორმების დაცვა, ინტერესთა შეუთავსებლობის დაფიქსირება და თავიდან არიდება, საჩუქრის მიღებასთან დაკავშირებული წესების გათვალისწინება და ასე შემდეგ.

8. სახელმწიფო ა(ა)იპ-ებზე საერთოდ არ ვრცელდება საჯარო სამსახურისა და ანტიკორუფციული მექანიზმების მარეგულირებელი კანონმდებლობა, რის გამოც ამ ორგანიზაციებში განსაკუთრებით მაღალია კორუფციული დარღვევების რისკი,“- ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ანგარიშში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა