გიგი უგულავა - ვერ ვხვდები ოპოზიციონერი ლიდერების განცხადებებს, რომ საინიციატივო ჯგუფს არ უერთდებიან - სააკაშვილის მიმართვის ადრესატები ისინი არც ყოფილან

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას შეფასებით, საინიციატივო ჯგუფის შექმნის თაობაზე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართვის ადრესატი არა პოლიტიკური პარტიები, არამედ საზოგადოების აქტიური ნაწილია.

როგორც უგულავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა, პარტია დიდი ორგანიზმია და მან შეიძლება მასშტაბური ღონისძიებები განახორციელოს, მაგრამ არის უამრავი რამ, რაც პარტიის მიღმა არსებულმა ჯგუფებმა უნდა მოიმოქმედონ.

მიხეილ სააკაშვილის მიმართვის ადრესატად მე არ აღმიქვამს პოლიტიკური პარტიები. ადრესატი არის საზოგადოება, საზოგადოების აქტიური ნაწილი და ჩვენ ვნახეთ ძალიან ბევრი ჯგუფი, რომელიც პარტიული ჯგუფები არ არიან, მაგრამ ამ ღირსების საკითხში აქტიურობენ და სააკაშვილის გათავისუფლება ივანიშვილის ციხიდან არის სწორედ მოქალაქეობრივი ღირსების საკითხი. ამიტომ საერთოდ ვერ ვხვდები სხვადასხვა პოლიტიკური ლიდერების განცხადებებს, „ჩვენ არ ვუერთდებით“, „ჩვენ არ ვუერთდებით“. ადრესატი ისინი არც ყოფილან.

ინიციატივა სწორედ ჯგუფებმა უნდა აიღონ, რომელთაც ბევრად მეტი თავისუფლება აქვთ. ჩვენ, პოლიტიკურ პარტიებს, უფრო მეტი შეზღუდვები გვაქვს. მართალია, „ნაციონალური მოძრაობის“ ნომერ პირველი ამოცანა იყო, არის და სანამ სააკაშვილი არ გათავისუფლდება, იქნება მისი ციხიდან გათავისუფლება, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც ამას პოლიტიკურად არ უყურებენ. მე რომ პოლიტიკოსი არ ვიყო და ასე ვფიქრობდე, როგორც ახლა, მეც ვიქნებოდი იმ საინიციატივო ჯგუფში და ვიქნებოდი ჩვეულებრივი მოქალაქე, რომელიც თვლის, რომ ეს საქმე არის ღირსების საკითხი. პარტიას თავისი მნიშვნელოვანი საქმე და ამოცანა აქვს“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა აღნიშნა ისიც, რომ მიხეილ სააკაშვილის „ივანიშვილის ციხეში ყოფნა სახიფათოა“.

„სააკაშვილი ივანიშვილის პირობებში პოლიტიკური მართლმსაჯულების მსხვერპლი კი არ არის, პირადი შურისძიების მსხვერპლია - ვნახეთ, რომ სანამ კაცი არ წაიქცა, ხელი არ გაანძრიეს. ამიტომ სახიფათოა ამ ადამიანის ხელში ყოფნა.

ივანიშვილისთვის ერთი თამაში დასრულდა, ახლა მეორე სიკვდილ-სიცოცხლის თამაშს წამოიწყებს, მერე მესამეს“, - აღნიშნა მან.

გიგი უგულავამ ვადამდელი არჩევნების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კოალიციური მთავრობის პირობებში „არ მოხდებოდა ის სიგიჟე, რაც მთავრობამ მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში ჩაიდინა“.

„ის სიგიჟე, რაც მთავრობამ ჩაიდინა სააკაშვილთან მიმართებაში, კოალიციური მთავრობის პირობებში მინიმიზირდება, რადგან არცერთი რეალური კოალიციის პარტნიორი „ქართულ ოცნებას“ იმ მარაზმში, რაც ჩაიდინა კობახიძემ და ივანიშვილმა, არ წაყვებოდა, მაგრამ ჩვენ არ გვყავს კოალიცია, გვაქვს მიტაცებული სახელმწიფო, სადაც ერთიანი სახის მქონე აგენტი სმიტები დგანან, ერთნაირი „მესიჯბოქსი“ აქვთ, ერთნაირად აცვიათ, ერთნაირად იცინიან, ერთნაირ სიტყვებს ხმარობენ, ერთ საქმეს აკეთებენ ყოველგვარი ინდივიდუალიზმის გარეშე.

როდესაც ვსაუბრობთ საერთო პოლიტიკურ პლატფორმაზე, ეს არის რიგგარეშე პროპორციული არჩევნების მიღება, როგორც ამ ქვეყანაში სიტუაციის შეცვლისა და სტაბილურობის წინაპირობა, რათა ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ ერთპარტიული დიქტატურა დამთავრდეს“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

რაც შეეხება კითხვას, ხომ არ დადგა დრო, ხელისუფლება და ოპოზიცია ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად მოლაპარაკების მაგიდას მიუჯდეს, უგულავას თქმით, „თუ უნდა დავსხდეთ მაგიდასთან, უნდა დავსხდეთ ფუნდამენტურ საკითხებზე, რომ პოლიტიკური ცხოვრება არ იყოს ასეთი კანიბალიზმით გამორჩეული, რომ ადამიანი ხელისუფლებიდან თუ წახვალ, მერე უნდა დაგიჭირონ“.

„ჩვენი ხელისუფლება ველური მოთამაშეა, მას უნდა აიძულო მაგიდასთან დაჯდომა. ჩვენ, როგორც ერი, ფუნდამენტურ საკითხებზე უნდა შევთანხმდეთ. ეს ვერ მოხდება იმ პირობებში, როდესაც შენ მძევალი გყავს აყვანილი.

2003 წლის რევოლუციის შემდეგ პირველი აქტი, რაც ჩვენ მივიღეთ, იყო თანხმობის აქტი, რამაც არსებითად დაასრულა ზვიადისტური მოძრაობების პარტიზანული ცხოვრება. ეს ხალხი არ იღებდა იმ ხელისუფლებას, ვინც იყო. ჩვენ გვახსოვს 90-იანი წლები - შეიარაღებული დაპირისპირებები. ეს თანხმობა მოიტანა „ვარდების რევოლუციამ“ და მაშინ გადადგმულმა სწორმა ნაბიჯებმა. თქვენ რა გგონიათ, შიგნით არ იყო მოწოლა და მოთხოვნა იმის, რომ შევარდნაძე დაგვეჭირა და დამოუკიდებელ სასამართლოს გაესამართლებინა? როგორ არ იყო, მეტსაც გეტყვით - მაშინ იყო თუ იყო მოწოლა. ბევრი გვაწვებოდა, აღარ დავასახელებ, მაგრამ გარშემო ვინც იყვნენ, მათ შორის ზვიადისტური ფრთა, რადგან მათთვის შევარდნაძე იყო ეშმაკის განსხეულება. შევარდნაძემ მათ მარტო ცხოვრება კი არ დაუნგრია, ლიდერი კი არ მოუკლა, შევარდნაძემ ისინი ააწიოკა. სამეგრელო ააწიოკა, დახვრიტეს. გგონიათ, რომ ეს ისტორიებია, რომლებიც გამოგონილია? მერე რა, რომ 20 წლის წინ იყო? ეს რეალური ტკივილებია, რომელიც ადამიანებს დღესაც ახსოვთ. თუ ჩვენ უნდა დავსხდეთ მაგიდასთან, უნდა დავსხდეთ ფუნდამენტურ საკითხებზე, რომ პოლიტიკური ცხოვრება არ უნდა იყოს ასეთი კანიბალიზმით გამორჩეული, რომ ადამიანი ხელისუფლებიდან თუ წახვალ, მერე უნდა დაგიჭირონ, დაგამცირონ, ყოფა გიტირონ და გაგაძევონ. უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ ვინც ხელს გაწევს სასამართლოზე, იმის ხელი „მოიკვეთება“ და „დაიწვება“, - აღნიშნა გიგი უგულავამ.

ცნობისათვის, მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ საინიციატივო ჯგუფი უნდა შეიქმნას, რომელიც მისი გათავისუფლების კამპანიაზე იმუშავებს. მოგვიანებით მან კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ იმედი აქვს უახლოეს დღეებში შეიქმნება მისი თავისუფლების საზოგადოებრივი კომიტეტი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო