„ჯეოქეისის“ ორგანიზებით, საქართველოს კიბერუსაფრთხოების სტრატეგიის განხილვა გაიმართა

ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ ორგანიზებით, ონლაინ განხილვა სახელწოდებით: “საქართველოს კიბერუსაფრთხოების 2021-2024 წლების ეროვნული სტრატეგიის პრიორიტეტები“ გაიმართა.

ანალიტიკური ორგანიზაციის ცნობით, ღონისძიებას მოდერატორობას „ჯეოქეისის“ თავმჯდომარე, ვიქტორ ყიფიანი უწევდა.

„დღევანდელი ღონისძიების მიზანია 2021 წლის 30 სექტემბერს საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული საქართველოს კიბერუსაფრთხოების 2021-2024 წლების ეროვნული სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმის განხილვა. ასევე, აღსანიშნავია, რომ კიბერუსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია მის სამოქმედო გეგმასთან ერთად განახლებადი დოკუმენტია და საინფორმაციო და საკომუნკაციო ტექნოლოგიების მზარდი განვითარების ფონზე, მნიშვნელოვანია კიბერუსაფრთხოების სამომავლო ტენდენციების განჭვრეტაც. ეს ხელს შეუწყობს ახალ კიბერსაფრთხეებთან გამკლავებისათვის შესაბამისი მექანიზმების დროულად შემუშავებას“,- განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.

ორგანიზაციის ცნობით, განხილვაში მონაწილეობა მიიღეს „ჯეოქეისის“ მრჩეველმა, სამხედრო მეცნიერებათა დოქტორმა, საქართველოს გენერალური შტაბის ყოფილმა უფროსმა, გენერალ-მაიორმა (გადამდგარი)ვახტანგ კაპანაძემ, სსიპ - ციფრული მმართველობის სააგენტოს ციფრული მმართველობისა და კიბერუსაფრთხოების სტრატეგიული მიმართულებების მენეჯერმა, დიმიტრი გუგუნავამ და

"ჯეოქეისის" ამერიკისმცოდნეობისა და ევროატლანტიკური მიმართულების დირექტორმა, პროფესორმა, ხათუნა ბურკაძემ.

ანალიტიკური ორგანიზაციის განმარტებით, დიმიტრი გუგუნავამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს კიბერუსაფრთხოების 2021-2024 წლების ეროვნული სტრატეგიის შემუშავების პროცესზე. ასევე, მან ისაუბრა სტრატეგიის ოთხი ძირითადი მიზნის შესახებ.

„დოკუმენტი ორიენტირებულია შემდეგ მიზნებზე: ინფორმაციული საზოგადოებისა და ორგანიზაციების კიბერკულტურის განვითარებაზე; კიბერუსაფრთხოების მმართველობითი სისტემის მდგრადობასა და საჯარო-კერძო თანამშრომლობის გაძლიერებაზე; კიბერშესაძლებლობების განვითარებაზე ძლიერი ადამიანური რესურსითა და სათანადო ტექნიკური უზრუნველყოფის საშუალებებით; კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს, როგორც უსაფრთხო და დაცული ქვეყნის როლის გაძლიერებაზე“, - დასძინა დიმიტრი გუგუნავამ.

ვახტანგ კაპანაძემ აქცენტი გააკეთა თავდაცვის სამინისტროს როლზე კიბერუსაფრთხოების სისტემაში და იმ სირთულეებზე, რაც ზოგადად ახასიათებს კიბერთავდაცვის ორგანიზებას.ასევე, მან ხაზგასმით აღნიშნა ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის განახლების მნიშვნელობაზე.

„მნიშვნელოვნად უნდა გაძლიერდეს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს როლი კიბერუსაფრთხოების მიმართულებით და მას განესაზღვროს კონკრეტული ამოცანები. აუცილებელია, შეფასდეს საგარეო და შიდა რისკები და მათი სიმძიმის ხარისხი ეროვნული უსაფრთხოების მიმართ. ასევე, მნიშვნელოვანია, რისკებისა და ინციდენტების ადეკვატურად და შესაბამისად მართვის პოლიტიკის კოორდინირება. გარდა ამისა, უმჯობესია, არ იყოს წყვეტა კიბერუსაფრთხოების სტრატეგიებს შორის და მათ მიღებამდე განვაახლოთ ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია“, - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.

ხათუნა ბურკაძემ კიბერუსაფრთხოების მმართველობითი სისტემა გაანალიზა. „უსაფრთხოება იმდენად კომპლექსური სფეროა, რომ მის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევა ყოველთვის მოითხოვს საერთო, სისტემური მიდგომების ჩამოყალიბებას. ეს შესაძლებელია მაშინ, როდესაც ჩვენ ამა თუ იმ მოვლენას საერთო სურათში სწორად ვხედავთ და ვაანალიზებთ. კიბერუსაფრთხოების პოლიტიკის ეფექტიანი განხორციელება მოითხოვს როგორც სტრატეგიულ, ასევე ოპერატიულ დონეზე სახელმწიფო უწყებებს შორის კოორდინირებულ მოქმედებებსა და კიბერსაფრთხეების შესახებ ინფორმაციის რეგულარულად ურთიერთგაცვლას. ასევე, მნიშვნელოვანია, კიბერუსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სპეციალისტების თანამედროვე ტექნოლოგიებითა და სათანადო უნარ-ჩვევებით აღჭურვა. კიბერუსაფრთხოების არქიტექტურის ყველა სუბიექტი უნდა გავაძლიეროთ ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებებით. ყველა დონეზე დაცული ტექნოლოგიების დანერგვა აუცილებელი წინაპირობაა კიბერსივრცის უსაფრთხოებისათვის. ამასთანავე, საჯარო და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობისათვის საჭიროა მუდმივად მოქმედი საკომუნიკაციო პლატფორმის შექმნა“, - აღნიშნა ხათუნა ბურკაძემ.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს