იოსებ ბარათაშვილი - მოვლენები მიმდინარეობს არა ხელისუფლების, არამედ მიხეილ სააკაშვილის სცენარით

მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესთან დაკავშირებულ სამართლებრივ და პოლიტიკურ საკითხებზე, „ინტერპრესნიუსი“ ადვოკატსა და უფლებადამცველს იოსებ ბარათაშვილს ესაუბრა.

- ბატონო იოსებ, სასამართლო სხდომა, რომელშიც მონაწილეობას მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ითხოვდა, შედგა.

ახლა მნიშვნელობა აღარ აქვს მისი სასამართლოს დარბაზში გამოჩენა ჩვენი დასავლელი პარტნიორების აქტიურობის შედეგია თუ კიდევ სხვა რამ. ფაქტია, რომ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო რამ მოხდა - სულ ცოტა ხნის წინ ქვეყნის პირველი პირის სასამართლო პროცესი დაიწყო.

ამ სასამართლოს მიმდინარეობაზე ბევრი აზრი გამოითქვა. სასამართლოს დარბაზში მიმდინარე პროცესზე და დარბაზს მიღმა რაც ხდებოდა, ზოგმა რა დაინახა და ზოგმა რა, მაგრამ, ფაქტია, რომ ამ სასამართლო სხდომის მთავარი თემა სააკაშვილის მიმართვა იყო სასამართლოს, საზოგადოებისა და ყველა იმათ, მიმართ, ვინც პროცესებს ადევნებს თვალს როგორც ქვეყნის შიგნით ისე ქვეყნის გარეთ.

სააკაშვილის მიმართვაზე ცალკე გავამახვილებთ ყურადღებას, მაგრამ თქვენზე რა შთაბეჭდილება დატოვა მესამე პრეზიდენტის მონაწილეობით დაწყებულმა სასამართლო პროცესმა?

- ცხადია, რომ იმ სისხლის სამართლის საქმეებს, რომლებზეც ბრალდებები აქვს წარდგენილი ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, სამართლებრივ მხარესთან ერთად გააჩნია პოლიტიკური ასპექტებიც და თქვენს კითხვაზე პასუხის გაცემა შეუძლებელი იქნება იმ პოლიტიკური კონტექსტის გარეშე, რომელშიც ხდება აღნიშნული საქმეების განხილვა.

თავიდან მინდა აღვნიშნო, რომ ქვეყანა, რომელსაც ,,ქართული ოცნება“ უკვე ცხრა წელიწადზე მეტია მართავს, ღრმა ეკონომიკურ კრიზისში იმყოფება, არ განხორციელდა სასამართლოს რეფორმა და სასამართლოსადმი მოსახლეობის ნდობა ძალზე დაბალია. კატასტროფულია კოვიდ პანდემიის შედეგები. მხოლოდ ეს გარემოებები, ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში საკმარისი იქნებოდა ხელისუფლების შესაცვლელად.

ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ვერ შეიქმნა მოსახლეობის ე.წ. ,,კრიტიკული მასა“, რომელიც არჩევნების გზით შეცვლიდა ხელისუფლებას, არის ის, რომ ხალხის უმრავლესობას ჯერ კიდევ ახსოვს ის წარმოუდგენელი სისასტიკე და უსამართლობა, რასაც ადგილი ჰქონდა ,,ნაცმოძრაობის“ მმართველობის დროს.

ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ვერ შეიქმნა მოსახლეობის ე.წ. ,,კრიტიკული მასა“, რომელიც არჩევნების გზით შეცვლიდა ხელისუფლებას, არის ის, რომ ხალხის უმრავლესობას ჯერ კიდევ ახსოვს ის წარმოუდგენელი სისასტიკე და უსამართლობა, რასაც ადგილი ჰქონდა ,,ნაცმოძრაობის“ მმართველობის დროს

აქვე უნდა ითქვას, რომ საქართველოს ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების დიდი ძალისხმევით შეიქმნა ე.წ. ,,შარლ მიშელის დოკუმენტი“, რომლის მთავარი არსი მდგომარეობდა ხელისუფლების მშვიდობიანი გზით შეცვლაში სამართლიანი არჩევნების გზით. თუმცა, ბრძოლის გზა, რომელიც აირჩია ,,ნაცმოძრაობის“ რადიკალურმა ფრთამ მიხეილ სააკაშვილის მეთაურობით, არის მოვლენების რევოლუციური გზით განვითარება.

,,ნაცმოძრაობამ“ შეგნებულად უარყო ,,შარლ მიშელის შეთანხმება“, როდესაც, თავდაპირველად უარი თქვა მასზე ხელმოწერაზე, ხოლო შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებამ გამოიწვია ,,ქართულ ოცნების“ სრული მობილიზება და ადგილობრივ არჩევნებზე ამომრჩეველთა ხმების 43%-ზე მეტის მიღება, რითაც ამ ეტაპზე დღის წესრიგიდან მოიხსნა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების საკითხი.

სწორედ ამ ფონზე სააკაშვილის მონაწილეობით გამართული სასამართლო სხდომა, არაფრით იქნებოდა გამორჩეული მრავალი სხვა სისხლის სასამართლოს პროცესისაგან, რომ არ იხილებოდეს ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის ბრალდების საქმე, რომელსაც აქვს მნიშვნელოვანი პოლიტიკური დატვირთვა.

სააკაშვილის მონაწილეობით გამართული სასამართლო სხდომა, არაფრით იქნებოდა გამორჩეული მრავალი სხვა სისხლის სასამართლოს პროცესისაგან, რომ არ იხილებოდეს ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის ბრალდების საქმე, რომელსაც აქვს მნიშვნელოვანი პოლიტიკური დატვირთვა

ამავე დროს, დადებითად ვაფასებ იმას, რომ სასამართლოს სხდომის მსვლელობაა გადაიცემა პირდაპირი სატელევიზიო ეთერით და როგორც მოსახლეობას ისე უცხოელ დამკვირვებლებს საშუალება აქვთ, დააკვირდნენ და შეაფასონ პროცესის მიმდინარეობა.

- გასაკვირი სულაც არ იყო, რომ სააკაშვილი სასამართლო ტრიბუნას პოლიტიკური განცხადებებისთვის გამოიყენებდა. ფაქტია, რომ მას ჰქონდა შესაძლებლობა არა მარტო 7 ნოემბრის საქმეზე, არამედ ბევრ მნიშვნელოვან თემაზე გაეკეთებინა განცხადებები.

თქვენ როგორ შეაფასებდით სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, რომლებიც პოლიტიკური აქცენტებით გამოირჩეოდა?

- მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა გამორჩეული იყო რევოლუციური პათოსით, პოპულიზმით, არაერთი სიცრუით და საქართველოს ისტორიის ცუდი ცოდნით. არა მგონია ვინმემ დაიჯეროს, რომ 2007 წლის ნოემბრის მოვლენებს სააკაშვილი მხოლოდ ტელევიზორით უყურებდა და მასზე პასუხისმგებლობა მხოლოდ ვანო მერაბიშვილის უნდა დაეკისროს. იგივე შეიძლება ითქვას სხვა ფაქტებზეც.

სხვა საქმეა, გააჩნია თუ არა ბრალდების მხარეს სათანადო მტკიცებულებები წარდგენილი ბრალდებების დასამტკიცებლად. ამას მომავალი სასამართლო სხდომები დაგვანახებს.

ამავე დროს, ჩემთვის ნათელია, რომ მოვლენები მიმდინარეობს არა ხელისუფლების, არამედ მიხეილ სააკაშვილის სცენარით. ,, ქართულ ოცნებას“ ძალზე მცირე დრო და შესაძლებლობა აქვს დარჩენილი იმისათვის, რომ განახორციელოს სიღრმისეული და არა მოჩვენებითი ცვლილებები, რის გარეშეც ის ვერ შეინარჩუნებს ძალაუფლებას.

,,ქართულ ოცნებას“ ძალზე მცირე დრო და შესაძლებლობა აქვს დარჩენილი იმისათვის, რომ განახორციელოს სიღრმისეული და არა მოჩვენებითი ცვლილებები, რის გარეშეც ის ვერ შეინარჩუნებს ძალაუფლებას

- სააკაშვილის მიმართვაზე საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა რომაა ფაქტია. მხარდამჭერები მის განცხადებებით აღფრთოვანებულები არიან, ოპონენტები კი აცხადებენ, რომ მათ არ მისგან არ მოუსმენიათ არაფერი იმაზე, რაზეც მას საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი ედავება.

საუბარი არაა მხოლოდ 7 ნოემბრის, ან თუნდაც გვირგვლიანის საქმეებზე. თქვენი დაკვირვებით, რამდენად დამაჯერებელი იყო სააკაშვილის ბოდიში გარკვეულ თემებზე და გარკვეულ საკითხებში სინანული?

- ბოდიში და სინანული მხოლოდ მაშინ არის მისაღები და დამაჯერებელი, თუ ადამიანი ამის სანაცვლოდ არაფერს ითხოვს და მზად არის პასუხის აგოს მის მიერ ჩადენილ ქმედებებზე.

მიხეილ სააკაშვილი თავისი სინანულის სანაცვლოდ, ფაქტობრივად ითხოვს მისი და ,,ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნებას. ამიტომ, ვფიქრობ, რომ მისი ბოდიში და სინანული არ არის გულწრფელი.

სააკაშვილი თავისი სინანულის სანაცვლოდ, ფაქტობრივად ითხოვს მისი და ,,ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნებას. ამიტომ, ვფიქრობ, რომ მისი ბოდიში და სინანული არ არის გულწრფელი

- ისეთი პირი უჩანს, სააკაშვილის სასამართლო პროცესი კარგა ხანს გაგრძელდება.

არაა გამორიცხული ეს პროცესი ასევე ბევრი თვალსაზრისით აღმოჩნდეს საინტერესო.

თქვენი დაკვირვებით, მესამე პრეზიდენტ სააკაშვილზე სასამართლოს გადაწყვეტილება უფრო სამართლებრივი იქნება თუ პოლიტიკური?

- მიმაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმეებზე გამოტანილი განაჩენები ყველა შემთხვევაში დამოკიდებული იქნება იმ პოლიტიკურ ვითარებაზე, რომელიც ქვეყანაში იქნება განაჩენების გამოტანის დროს.

ამ მოსაზრების საფუძველს მიქმნის ჩემი, როგორც ადვოკატის, მრავალწლიანი გამოცდილება პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების წარმოებისას და სასამართლო პრაქტიკა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებშია ჩამოყალიბებული ამგვარი საქმეების განხილვისას.

- სააკაშვილის სასამართლო პროცესმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ ქვეყანაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემა სწორედ მართლმსაჯულების პრობლემებს უკავშირდება.

გასული კვირა იმით იყო მნიშვნელოვანი, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორების მოწოდებების მიუხედავად მოსამართლეების შერჩევა შეჩერებულიყო, პარლამენტმა მოსამართლეების შერჩევის პროცესი მაინც დაიწყო.

ამაზე საკმაოდ მკვეთრი რეაქცია ჰქონდათ ევროკავშირისა და აშშ-ს ელჩებს საქართველოში. ვხედავთ, რომ მოსამართლეთა კორპუსიც თითქოს აღარაა ისეთი მონოლითური და მურუსიძე-ჩინჩალაძეს დაქვემდებარებული, როგორც სულ ცოტა ხნის წინ იყო.

შესაძლოა, ეგეც საზოგადოების ილუზიებში ყოფნისა თუ იმის საპირწონე რამ იყოს, რომ მართლმსაჯულების სისტემაში არანაირი მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანი არ არსებობს. როგორადაც არ უნდა იყოს, ფაქტია, რომ ამ სისტემაში გარკვეული პროცესები დაწყებულია.

თქვენ როგორ შეაფასებდით იმ პროცესს, რაც ახლა სასამართლო სისტემაში ხდება? რეალურად რასთან გვაქვს საქმე?

- რაც შეეხება სასამართლო სისტემაში დღეს არსებულ ვითარებას, ,,ქართული ოცნების“ დასუსტებასა და საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ქართული მართლმსაჯულების კრიტიკის ფონზე, გამოჩნდნენ მოსამართლეები, რომლებსაც აღარ აქვთ სურვილი დაექვემდებარონ ე. წ. ,,სასამართლო კლანის“ ნება-სურვილს.

,,ქართული ოცნების“ დასუსტებასა და საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ქართული მართლმსაჯულების კრიტიკის ფონზე, გამოჩნდნენ მოსამართლეები, რომლებსაც აღარ აქვთ სურვილი დაექვემდებარონ ე. წ. ,,სასამართლო კლანის“ ნება-სურვილს

ამავე დროს, ვფიქრობ, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს სასამართლო სისტემაში თვისობრივად ახალი ეტაპის დაწყებას. ადრეც მითქვამს, რომ სასამართლო სისტემის გაჯანსაღება უნდა დაიწყოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნდამენტური რეფორმით, რასაც სჭირდება შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები. ვერ ვხედავ, რომ ,, ქართულ ოცნებაში“ დღეს ეს საკითხი ვინმეს აწუხებს.

მიხეილ სააკაშვილმა, სასამართლოში წარმოთქმულ სიტყვაში, მისი მმართველობის უმთავრეს შეცდომად მიიჩნია სასამართლოს მდგომარეობა. მე ვურჩევ დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლებს კარგად დაუკვირდნენ ამ სიტყვებს.

არ ვისურვებდი, რომ რამდენიმე ხნის შემდეგ, მათაც იმავე მდგომარეობაში მოუწიოთ მსგავსი სიტყვების გამეორება, რომელშიც დღეს სააკაშვილი იმყოფება.

ინტერპრესნიუსი

კობა ბენდელიანი

რაულ ჩილაჩავა - აშშ რუსეთის პრეტენზიებზე მომავალ კვირაში გასცემს წერილობით პასუხს, ეს უკვე საინტერესოა, დაველოდოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 20.01.2022
გიორგი კანაშვილი - უკვე გაჩნდა დაკვეთა სხვა პოლიტიკური კულტურის მქონე პოლიტიკოსებზე და დროა, პოლიტიკოსებმა ალღო აუღონ ახალ რეალობას
"ავერსსა" და ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი განახლდა
„ლისი დეველოპმენტმა" International Property Awards-ზე უძრავ ქონებაში ორი ხუთვარსკვლავიანი ჯილდო მიიღო
PSP 2021 წლის „ლიდერ“ ბრენდად დასახელდა
მცირე და საშუალო ბიზნესების გაძლიერების პროგრამა BGROW დაიწყო
"სილქფესტი" მომხმარებლებს ორი დღით სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს შესთავაზებს!