ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2021

შემცირდება თუ არა “ბუსტერის” ვადა 3 თვემდე - ომიკრონრევოლუცია სამყაროს სწრაფად ცვლის

რა გავლენას მოახდენს “მწვანე ბარათი” ვაქცინაციის პროცესზე

***

შემცირდება თუ არა “ბუსტერის” ვადა 3 თვემდე - ომიკრონრევოლუცია სამყაროს სწრაფად ცვლის

“ომიკრონს" მსოფლიო ბრძოლის ახალ სტრატეგიაზე გადაჰყავს - ქვეყნები ვაქცინების “ბუსტერ" დოზის ვადებს ამცირებენ, ამასთანავე, მუშაობენ მოდერნიზებულ განახლებულ “პისიარ" ტესტებზე, რომელსაც კორონავირუსის ახალი შტამის სადიაგნოსტიკოდ გამოიყენებენ. ახალ ტესტებს საქართველოც უახლოეს პერიოდში ელოდება, მესამე დოზის გაკეთების ვადას რაც შეეხება, ის შესაძლოა, 6-დან 3 თვემდე შემცირდეს”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, შემცირდება თუ არა “ბუსტერის” ვადა 3 თვემდე - ომიკრონრევოლუცია სამყაროს სწრაფად ცვლის

"ქვეყანაში კორონავირუსული სიტუაცია კვლავ ძალიან რთულია, სადაც დომინანტი "დელტა" შტამია. იმის გამო, რომ ახალი "ომიკრონ" შტამი სწრაფად ვრცელდება, სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ მან საქართველოშიც უახლოეს პერიოდში შემოიაღწიოს. ახალი შტამის გავრცელების ალბათობა არსებობს, რადგან ხალხი მოგზაურობს, შტამი მარტივად მიგრირებს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა. მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო კორონავირუსის ახალ შტამთან დაკავშირებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან კონსულტაციებს გადის. "ამ რისკებისგან ჩვენ დაცული არ ვართ, რადგან ყველა ეპიდუსაფრთხოების წესი, რომელიც უნდა მუშაობდეს, ზედმიწევნით უნდა იყოს დაცული. დამატებით რეკომენდაციებზე ჩვენ კონსულტაციები გვაქვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან. როგორც კი იქნება რეკომენდაციები, ამაზე ვიმუშავებთ. "6 დეკემბერს არის ერთი კონსულტაცია ჩანიშნული, მომდევნო კვირის განმავლობაში დამატებითი ინფორმაცია იქნება გავრცელებული და ამას გავიზიარებთ", - განაცხადა თამარ გაბუნიამ”, - აღნიშნავს გამოცემა.

"დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ახალი დამატებითი საფრთხის გამო, საქართველოში ვაქცინის "ბუსტერ" დოზის გაკეთების ვადა შესაძლოა, ბრიტანეთის მსგავსად 6-დან 3 თვემდე შემცირდეს. "ჩვენთვის ცნობილია ბრიტანეთის მარეგულირებლის გადაწყვეტილება "ბუსტერის" ვადის 3 თვემდე შემცირებაზე. ალბათ, ჩვენთანაც დაიწყება მსჯელობა. აღნიშნულ საკითხზე უკვე გვაქვს შიდა კონსულტაციები. განსაკუთრებით ეს ახალ შტამს "ომიკრონს" უკავშირდება, რომელიც სამხრეთ აფრიკის გარდა ევროპაშიც ცირკულირებს. მოსალოდნელია, რომ აღნიშნული შტამი ყველგან დაფიქსირდეს. ალბათ, იმუნიზაციის საბჭოზე "ბუსტერის" პერიოდის შემცირებაზე იქნება მსჯელობა. აღნიშნულზე იმუნიზაციის სამეცნიერო კომიტეტმა უნდა იმსჯელოს",- აღნიშნავს გამყრელიძემ "ინტერპრესნიუსთან", რომელმაც ასევე განმარტა, რომ ამ ეტაპზე ქვეყანაში ადმინისტრირებულ ყველა ვაქცინაზე "ბუსტერი" მეორე აცრიდან 6 თვის შემდეგ კეთდება. თუმცა, არის გამონაკლისიც, კერძოდ, "სინოფარმით" და "სინოვაკით" აცრილი 50 წელს ზემოთ მოსახლეობისთვის "ბუსტერ" დოზების გაკეთება მეორე აცრიდან 3 თვის შემდეგ არის შესაძლებელი.

ექიმი-ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა "რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ ბუსტერ დოზის ვადის შემცირებას ემხრობა, რადგან ახალი შტამის პირობებში მოსახლეობა რაც უფრო მეტად იქნება იმუნიზირებული, ნაკლები რისკია. "ომიკრონის" შესახებ ჯერ კვლევები გრძელდება, ამიტომ დაზუსტებით საუბარი ცოტა რთულია, მაგრამ "ბუსტერ" დოზის ვადის შემცირება ჩემი აზრით სწორი გადაწყვეტილებაა, რადგან არის კვლევები, რომელიც გვიჩვენებს, რომ არსებული ვაქცინები "ომიკრონიოსგან" მეტ-ნაკლებად გვიცავს, ამიტომ, ვაქცინით რაც უფრო მეტ ადამიანს მოვიცავთ, დაავადების გავრცელებას ხელს შევუშლით. "არის კვლევები, რომელიც გვიჩვენებს, რომ "ომიკრონი" ძირითადად იმ რეგიონებში და იმ ადამიანებში ვრცელდება, ვინც ვაქცინირებულები არ არიან, ამიტომ ვაქცინას ამ შტამის და ნებისმიერი სხვა შტამის შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მოსახლეობის დიდი ნაწილი რაც უფრო კარგად იქნება იმუნიზირეული, მით ნაკლებია რისკები, რომ ნაკლებად გავრცელდეს, გინდ ახალი და გინდ სხვა შტამები. "ამიტომ, ჩემი აზრით, ბუსტერის დოზის ვადის გადმოწევა იმუნური ფენის კიდევ უფრო გაძლიერებას შეუწყობს ხელს, მაგრამ მხოლოდ ეს საკმარისი არაა, რადგან ჩვენი მოზრდილი მოსახლეობის მხოლოდ 35%-მდეა ვაქცინირებული და გარდა ბუსტერისა, დანარჩენ მოსახლეობაში რომელიც იმუნიზირებული არაა, ვაქცინაციის პროცესი აქტიურად უნდა წავიდეს იმისთვის, რომ თუნდაც ომიკრონს და სხვა შტამის აქტიურად გავრცელებას შევუშალოთ ხელი,"- განაცხადა გოგინავამ”, - განაგრძობს გამოცემა.

"რაც შეეხება მოდერნიზებულ პისიარ ტესტებს, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, ამას საქართველო უახლოეს პერიოდში მიიღებს. "სწრაფი ტესტი ვერ ამოიცნობს ახალ შტამს - "ომიკრონს". ახალ შტამზე ეჭვის მიტანა შესაძლებელია ზოგიერთი "პისიარ" მეთოდით, რომელიც ქვეყანაში გამოიყენება და სამ გენზე მუშაობს. ახალი შტამის, "ომიკრონის" ამოცნობა სპეციალური "პისიარით" ხდება. ხვალ, ან ზეგ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან ექნებათ ლუგარის თანამშრომლებს კონსულტაცია. უკვე არის გარკვეული სპეციფიური "პისიარი", რომელიც ჩვენ გვაქვს "დელტა" და "ალფა" შტამზე და მის იდენტიფიცირებას ვახდენთ. "ჩვენთან უკვე შემუშავდა პროტოკოლი, თუ როგორ შეიძლება ეჭვის მიტანა "ომიკრონზე". აღნიშნული გადაეგზავნა ჯანდაცვის სამინისტროს და მთავრობას, ასევე ყველა ლაბორატორიას დაეგზავნება, ვინც აწარმოებს "პისიარ" დიაგნოსტიკას. "ასევე, ჩვენი წინადადებაა, რომ შერჩევითად გარკვეული ნიმუშები გამოიგზავნოს ლუგარის ლაბორატორიაში, რათა ჩატარდეს ძვირადღირებული სეკვენირება, რომლითაც საბოლოოდ დადასტურდება ახალი შტამი. ახალ შტამს სპაიკცილაში 50-ზე მეტი მუტაცია აქვს, აქ არის სპეციფიური მუტაციები, რომელსაც ჩვენ სეკვენირებთ ვადასტურებთ. "ქვეყანაში არსებობს პირველი წინასწარი პროტოკოლი, თუ სად უნდა მივიტანოთ ეჭვი ახალ შტამზე და რა უნდა გავაკეთოთ. ალბათ, სპეციფიური "პისიარი" მალე მოგვეწოდება პარტნიორების მხრიდან, მაგრამ ჩვენც ვაკეთებთ სეკვენირებას, რომელიც ყველაზე ზუსტია. "სპეციფიური "პისიარი", დიდი ალბათობით ამბობს, რომ საქმე გვაქვს "ომიკრონის" შტამთან, თუმცა, საბოლოოდ, მისი იდენტიფიცირება ხდება ვირუსის გენომის სეკვენირებით, დაშლით, რომელსაც ვაკეთებთ სხვა შტამების იდენტიფიცირებისას", - აღნიშნავს გამყრელიძე "ინტერპრესნიუსთან", - დასძენს გამოცემა.

"ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა კი "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ახალი შტამის ბევრი მუტაცია იმის შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ შესაძლოა არსებულმა ტესტ-სისტემებმა ვირუსი ბოლომდე კარგად ვერ ამოიცნოს. "პრობლემა იმაშია, რომ "ომიკრონი“ აქამდე არსებულ სხვა შტამებისგან იმით განსხვავდება, რომ ნანახია ძალიან ბევრი 50-მდე მუტაცია, მათ შორის სპაიკ პროტეინზე, რაც ბადებს იმის განცდას, რომ შესაძლებელია არსებულმა ტესტ სისტემებმა, ეს ვირუსი ბოლომდე კარგად ვერ ამოიცნონ. "აქედან გამომდინარე, მოდერნიზებული, განახლებული ტესტების შექმნა და შემოტანაა აუცილებელი, რაზეც მსოფლიოში უკვე მიდის მუშაობა და იმედია საქართველოშიც ხელმისაწვდომი გახდება "რა თქმა უნდა, არსებობს სპეციფიური კვლევის ტესტები, რომლითაც ამ ვირუსის ამოცნობა შესაძლებელია, ის რომ არსებული ტესტები საერთოდ არ ამოიცნობს, ამაზე არაა საუბარი, აქ საუბარია იმაზე, რომ ამის მოდიფიკაცია მოხდეს, რომ ცდომილება რაც შიძლება ნაკლები იყოს და მეტი შემთხვევა გამოვლინდეს, თორემ არსებული ტესტსისტემებით და სხვა უფრო ღრმა კვლევის საშუალებებითაც ვირუსის გენომის გაშიფვრას ახდენს,"- განაცხადა გოგინავამ. გარდა ამისა, 1-ელი დეკემბრიდან უკვე ძალაში "მწვანე პასპორტები" შემოვიდა, რაც სპეციალისტების ნაწილის აზრით, ეპითვითარების სტაბილიზაციას და იმუნიზაციის პროცესს ხელს შეუწყობს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე განმარტავს, იმას თუ როგორ დააზღვევს სახელმწიფო, რომ პირები, რომლებსაც "მწვანე პასპორტი" არ აქვთ მინიჭებული, სხვა ადამიანების ბარათებით არ ისარგებლებენ. "ყოველთვის კეთილსინდისიერები უნდა ვიყოთ. გარკვეული ხვრელი ყველა რეგულაციაში არსებობს. ეს ყველაფერი პირველ რიგში, ადამიანის კეთილსინდისიერებასა და პატიოსნებაზეა დამყარებული. არ უნდა გავაკეთოთ ეს. "მწვანე პასპორტში" მითითებულია პირადი ნომერი, ასევე სურათიც, QR კოდის სკანირების დროს გამოჩნდება მოქალაქის პირადი ნომერი და ფოტოც. "დაწესებულებები მოახდენენ პირის იდენტიფიცირებას. შესაძლოა, პირს მოსთხოვონ პირადობის მოწმობა და შემდეგ შეადარონ. დაწესებულებებმა უნდა გააკონტროლონ "მწვანე პასპორტი". შრომის ინსპექცია კი დაწესებულებებს შერჩევითად გააკონტროლებს", -აღნიშნა გამყრელიძემ "ინპერპრესნიუსთან". "ომიკრონის" საფრთხეს ისიც ემატება, რომ ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაცია ურთულესია, ამის გამო პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის პირველი მოადგილე ლადო კახაძე საზოგადოებას თხოვნით მიმართავს, რომ ტრაგიკული სურათის თავიდან არიდების მიზნით აიცრან. "მოსახლეობას მივმართავ, მუხლმოდრეკით გთხოვთ, აიცერით. მარტო აცრა კი არ არის მთავარი, ის ვალდებულებები შევასრულოთ, რომელიც ჩვენ ადმინისტრირებაში მექანიკურად დაგვეხმარება ამ ვირუსის არიდებაში - ეს არის ნიღაბი და ვატაროთ ის წესიერად. ნუ მოვერიდებით, ერთმანეთს მივუთითოთ, რომ ნიღაბი ვატაროთ. ნუ ვილაპარაკებთ ერთმანეთთან ძალიან ახლოს, პირისპირ. განზე ელაპარაკეთ! და ძალიან ბევრიც ნუ შევიკრიბებით", - აღნიშნა კახაძემ”, - წერს სტატიის ავტორი.

რა გავლენას მოახდენს “მწვანე ბარათი” ვაქცინაციის პროცესზე

"1-ელი დეკემბრიდან საქართველოში "მწვანე ბარათი" ამოქმედდა. ბარათის გარეშე შესვლა შეუძლებელი ხდება რესტორნების და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში, კინოთეატრებში, თეატრებში, გასართობ ცენტრებში, სათამაშო ბიზნეს ობიექტებზე, სპა ცენტრებში, ფიტნეს დარბაზებსა და სასტუმროებში”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, რა გავლენას მოახდენს “მწვანე ბარათი” ვაქცინაციის პროცესზე

"ამბობენ, რომ რეგულაცია მკაცრად გაკონტროლდება. თუ რომელიმე ობიექტი მწვანე ბარათის კონცეფციას დაარღვევს, ინდ. მეწარმისთვის ჯარიმა 2000 ლარი იქნება, იურიდიული პირისთვის კი 10 000. ასევე, დღეიდან რესტორნებისთვის სამუშაო დროის შეზღუდვა იხსნება და ობიექტები მათთვის სასურველი დროით იმუშავებენ. "მწვანე პასპორტები ეს არის პირობა, რომლის შედეგადაც ეკონომიკა კიდევ უფრო უნდა ამუშავდეს. მოსულ სტუმარს აქვს QR კოდი, რომელიც სმარტფონით ნამდვილად გაკონტროლდება, სადაც დანახული იქნება პიროვნების სახელის და გვარის ინიციალები და სახე და, ამ შემთხვევაში, დადასტურდება, რომ ის აკმაყოფილებს იმ კრიტერიუმებს, რაც "მწვანე პასპორტს" ეკუთვნის,"- აცხადებს საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი შოთა ბურჯანაძე. ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძე ე.წ. მწვანე სტატუსის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ შრომის ინსპექტორები პროცესს უწევენ კონტროლს და ხარვეზები არ დაფიქსირებულა”, - აღნიშნავს გამოცემა.

"გარდა ამისა, ბექა ფერაძის თქმით, დაიწყო აქტიური მუშაობა მწვანე სერტიფიკატებზე, რომელიც იმ ობიექტებს გადაეცემათ, სადაც დასაქმებულთა დიდი უმრავლესობა ვაქცინირებულია. "როგოც მოგეხსენებათ, დღეიდან ამოქმედდა მწვანე ზონების კონცეფცია, რომელიც გულისხმობს გარკვეულ ობიექტებზე იმ პიროვნებების დაშვებას, რომელთაც აქვთ მხოლოდ მწვანე სტატუსი. მწვავე სტატუსის წინაპირობაა, ან უნდა ჰქონდეს გადატანილი პიროვნებას კოვიდი ან უნდა იყოს ვაქცინირებული და ასევე, pcr თუ სწრაფი ტესტით დატესტვა 72 და 24 საათის განმავლობაში არის აბსოლუტურად თავსებადი ამ მოთხოვნებთან. 1-ელი დეკემბრის დილიდან შრომის ინსპექტორები აკონტროლებენ ამ პროცესს, საკმაოდ დადებითად მიმდინარეობს და ხარვეზები არ ფიქსირდება ძირითად შემთხვევაში, ბიზნეს ობიექტები მზად შეხვდნენ ამ პროცესს. მიუხედავად ამისა, არის პირველი დღე და შესაძლებელია გარკვეული კითხვები არსებობდეს, თუმცა კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რომ 1505, ისევე როგოც 1522 და 144-ის ცხელი ხაზი მუშაობს ამ საკითხებთან დაკავშირებით და მუდმივად მივაწვდიან ყველას ინფორმაციას. გარდა ამისა, დავიწყეთ აქტიური მუშაობა მწვანე სერტიფიკატებზე, რომელიც მიენიჭება იმ ობიექტს, რომლის დასაქმებული ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა იქნება აცრილი. დაახლოებით 80%-ზე დღეის მდგომარეობით საუბარი,“ - ამბობს ბექა ფერაძე”, - განაგრძობს გამოცემა.

"ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ საკოორდინაციო საბჭოს შეცდომაა ის, რომ ყველა ადამიანს, ვინც ოდესმე კორონავირუსი გადაიტანა, "მწვანე სტატუსი" ენიჭება. ცერცვაძე ფიქრობს, რომ მხოლოდ იმ პირებს უნდა მიეცეთ კოვიდპასპორტი, ვინც კორონავირუსი ბოლო 6 თვეში გადაიტანა და იმედოვნებს, რომ საბჭო ამას გამოასწორებს. "ეს არის ძალიან დიდი შეცდომა საკოორდინაციო საბჭოსი, რომ ყველა კოვიდგადატანილს აძლევს "მწვანე პასპორტს." მხოლოდ იმათ, ვისაც ბოლო 6 თვეში აქვთ გადატანილი, უნდა მიეცეთ "მწვანე პასპორტი", ასეა უცხოეთის ყველა ქვეყანაში. რა გამოვა - საქართველოს ნება ორი კოვისდპასპორტი - ერთი უცხოელებისთვის სადაც მხოლოდ ბოლო 6 თვის კორონავირუსის გადატანა ჩაითვლება და მეორე, შიდა მოხმარებისთვის - სადაც ყველა კოვიდგანატანილი ჩაითვლება. ეს სწორი არაა და, იმედი მაქვს, გამოასწორებენ,"-აცხადებს ცერცვაძე. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ის გადაწყვეტილება, რომლითაც კორონავირუსგადატანილ ყველა ადამიანს "მწვანე სტატუსი" მიენიჭა, შესაძლოა, გადაიხედოს. მისივე თქმით, დღევანდელი მოცემულობა ახალი შტამებიდან მომდინარე საფრთხეების გათვალისწინებით შეიძლება შეიცვალოს. "გადატანის სტატუსი რამდენად შეიძლება ჩაითვალოს უვადოდ და რამდენად უნდა ჰქონდეს პირს იმის შესაძლებლობა, რომ ჩაითვალოს ეპიდუსაფრთხოდ, გახდა პირველივე დღიდან დავის საგანი ექსპერტების ჯგუფში. დღევანდელი მდგომარეობით, ჩვენ ეს გადაწყვეტილება ამ სახით მივიღეთ, თუმცა, იმ ახალი საფრთხეების გათვალისწინებით, რაც უკავშირდება ახალი შტამების გამოჩენას, ვფიქრობთ, რომ ეს საკითხი შეიძლება დაუბრუნდეს ისევ განხილვას და მივიღოთ ალტერნატიული გადაწყვეტილება,"-განაცხადა თამარ გაბუნიამ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ჯგუფს ექნება რეკომენდაცია, კოვიდგადატანილებთან დაკავშირებით, ე.წ. მუდმივი მწვანე სტატუსის გადაწყვეტილება გადაიხედოს. "იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ჯგუფს ექნება რეკომენდაცია, რომ გადაიხედოს კორონავირუსის გადატანის შემდგომ უვადო მწვანე პასპორტის იდეა და ეს იყოს შემცირებული 6 თვემდე. ვთვლით, რომ 6-თვიანი პერიოდი ეს არის ის, რაც ახლა სჭირდება საქართველოს," - განაცხადა ივანე ჩხაიძემ”, - წერს სტატიის ავტორი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს