სტუ-ის „კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის“  მეცნიერის პროექტი, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა 2021 წლის ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსის 54 გამარჯვებული პროექტი გამოავლინა. მათ შორისაა ტექნიკური უნივერსიტეტის „კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის“ მეცნიერის, ოთარ კემულარიას პროექტიც, რომელმაც ინჟინერიისა და ტექნოლოგიების განხრით, პირველი ადგილი დაიკავა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.

2021 წლის ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსში 121 პროექტი მონაწილეობდა. პროექტების შეფასება 3 ეტაპად, ევროპის სამეცნიერო ფონდის დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ (European Science Foundation – Science Connect, ESF-SC) განხორციელდა.

პირველ ეტაპზე კონკურსში მონაწილე თითოეული პროექტი ორმა დამოუკიდებელმა ექსპერტმა შეაფასა. მეორე ეტაპზე კი, კონკურსანტებს მიეცათ შესაძლებლობა, გაცნობოდნენ დამოუკიდებელი ექსპერტების დასკვნებს და განმარტებითი პასუხები მოემზადებინათ.

ოთარ კემულარიას სამეცნიერო პროექტი RPC და STT დეტექტორების ელექტრონიკის გაგრილებისა და სხვა სისტემების მოდელირებას შეეხება. RPC დეტექტორი არის CERN-ის (ჟენევა, შვეიცარია) CMS ექსპერიმენტის ერთ-ერთი ქვედეტექტორი, რომლის განახლებაც PHASE II პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და რომლის დავალებაც, LHC (Large Hadron Collider)-ის უფრო მაღალ ენერგიებზე ოპერირების დროს, "ახალი ფიზიკის" აღმოჩენის პროცესში მონაწილეობა იქნება. RPC და STT დეტექტორების შემუშავება ჯერ არ დასრულებულა, სწორედ ამტომ ახალგაზრდა მეცნიერის პროექტი ორივეს შემუშავების პროცესში ჩართულობასაც მოიცავს.

„ეს კონკურსი ზუსტად ის შესაძლებლობა იყო, რომელიც დამატებითი სახსრებით დაეხმარებოდა ჩემი კვლევების წარმოებას.ფონდის მიერ ასეთი სახის ხელშეწყობა, ზრდის ახალგაზრდების დაინტერესებას მეცნიერებისადმი და სურვილს, თავიანთი აგური დადონ საკუთარი ქვეყნისა და კაცობრიობის მომავლის მშენებლობაში“, - განაცხადა ოთარ კემულარიამ.

ოთარ კემულარიას მართვის სისტემებისა და ტესტ-ინჟინერინგის განხრით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამა აქვს დამთავრებული. „კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტში“ მუშაობა კი, 2016 წლიდან დაიწყო, როდესაც მას ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის, CERN-ის ერთ-ერთ პროექტში ჩართვა შესთავაზეს.

აღნიშნული ინსტიტუტი CERN-თან წლებია მჭიდროდ თანამშრომლობს, შესაბამისად, ახალგაზრდა მეცნიერი საქართველოსა თუ შვეიცარიაში, ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის სხვადასხვა პროექტებზე ხშირად მუშაობს.

რას გულისხმობს ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებები, როგორ მიმდინარეობს სკოლების ავტორიზაციის პროცესი და იგეგმება თუ არა დირექტორების ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადება - ინტერვიუ განათლების მინისტრის მოადგილესთან
ავთანდილ წულაძე  - გერმანიის ექსპერტებმა მოამზადეს მოხსენება, რომლის მიხედვითაც გერმანია ტოტალურად უნდა მოემზადოს რუსეთისაგან თავის დასაცავად
ქართული პრესის მიმოხილვა 27.11.2023
მიხეილ ბატიაშვილი - ქვეყნის ყველაზე მასშტაბური, ციფრული საინფორმაციო ფონდი მალე ხელმისაწვდომი გახდება
გაიცანით Kreston Georgia: გლობალური ექსპერტიზა გლობალური წარმატებისთვის
თიბისის მხარდაჭერით, კოლიერსი საგურამოში და ლისზე საცხოვრებელ პროექტებს განახორციელებს
საქართველოში „The Luxury Collection“-ის კლასის სასტუმრო „პარაგრაფ თბილისი“ გაიხსნა
ახალი Toyota C-HR: ავტომობილი, რომელსაც საქართველოში ბევრი ელოდება
ვალუტის გადარიცხვის ახალი სერვისი - Visa B2B Connect
Gebrüder Weiss თბილისში არსებული ლოგისტიკური ცენტრის რიგით მესამე გაფართოებას იწყებს