კასპში მეუღლის მკვლელობის დაფარვისთვის მსჯავრდებულის ადვოკატი - სასამართლომ არ გაითვალისწინა არცერთი შემამსუბუქებელი გარემოება - როგორც კი ჩაგვბარდება განაჩენი, მომენტალურად გავასაჩივრებთ

სასამართლომ არ გაითვალისწინა არცერთი შემამსუბუქებელი გარემოება და ფაქტობრივად, მაქსიმალური სასჯელი შეუფარდა - როგორც კი ჩაგვბარდება განაჩენი, მომენტალურად გავასაჩივრებთ, - ამის შესახებ კასპში მეუღლის მკვლელობის დაფარვისთვის მსჯავრდებული ქეთევან ჩხაიძის უფლებადამცველმა ჯაბა კოჭლამაზაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა.

ამასთან, ადვოკატის განცხადებით, დაცვის მხარეს გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი ჰქონდა, თუმცა სასჯელი მოულოდნელი აღმოჩნდა.

„გორის რაიონულმა სასამართლომ ორივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ვაღიარებდით და მოლოდინი გვქონდა, რომ გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანდა ჩვენთან მიმართებაში, სხვას არ ვეხები. თუმცა სასჯელი მოულოდნელი იყო ვინაიდან კანონის თანახმად, როდესაც ბრალდებული აღიარებს მძიმე დანაშაულის ჩადენას, მას სასჯელის სახედ და ზომად მაქსიმალური სასჯელის ¾-ზე მეტი არ უნდა დაენიშნოს, რაც არის 4 წელი და 6 თვე. სასამართლომ გვითხრა დღეს, რომ გინდა აღიარე გინდა ითანამშრომლე, რაც გინდა ის გააკეთე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთვევაში მაინც მაქსიმალური ან მაქსიმალურთან მიახლოებული სასჯელი დაგენიშნება. შესაბამისად, სასამართლომ არ გაითვალისწინა არცერთი შემამსუბუქებელი გარემოება რომ აღიარა, რომ ითანამშრომლა, ჩვენება რომ მისცა, 2 შვილის დედა რომ არის, ნასამართლევი რომ არ არის, ძალადობის მსხვერპლი რომ არის. არაფერი გაიზიარა და ფაქტობრივად, მაქსიმალური სასჯელი შეუფარდა.

როგორც კი ჩაგვბარდება განაჩენი, მომენტალურად გავასაჩივრებთ, ვინაიდან ნამდვილად დაუსაბუთებელია ჩვენთან მიმართებაში. სასჯელთან მიმართებაში ეს განაჩენი იქნება დაუსაბუთებელი და დარწმუნებული ვარ, იმედი მაქვს ყოველ შემთხვევაში, რომ სააპელაციო სასამართლო რეაგირებას მოახდენს“, - განაცხადა ადვოკატმა.

ჯაბა კოჭლამაზაშვილის თქმით, ქეთევან ჩხაიძემ პროცესზე განაცხადა, რომ ქმრის მკვლელობაზე არასდროს უფიქრია.

„ქეთევან ჩხაიძემ განაცხადა, რომ აღიარებს და ინანიებს, რომ არასდროს არ უცდია ამ სასჯელისგან თავის დაღწევა და გაქცევა, მისთვის მთავარი იყო არ დაებრალებინათ მკვლელობა. როდესაც მას წარუდგინეს ბრალდება დანაშაულის დაფარვაში, არცერთი წუთით არ უცდია გაქცეოდა აღნიშნულ სასჯელს. ილაპარაკა მის რთულ ცხოვრებაზე, წარსულზე, მის ურთიერთობაზე მეუღლესთან, მიუხედავად ძალადობისა, რომელიც მეუღლის მხრიდან მოდიოდა, ქეთევანმა აღნიშნა, რომ არასდროს უფიქრია მისი მკვლელობა და მისი ცუდი არასდროს ნდომებია. კახიშვილთან დაკავშირებით ქეთევან ჩხაიძეს არაფერი უთქვამს”, - განაცხადა კოჭლამაზაშვილმა.

როგორც კოჭლამაზაშვილი „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, სასამართლო პროცესზე ნოდარ ღუნაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული ზურაბ კახიშვილი ბრალს არ აღიარებდა. მისივე თქმით, კახიშვილი მოსამართლემ სასამართლო დარბაზიდან გააძევა, რადგან მის საქმესთან დაკავშირებულ პირებს უწმაწური სიტყვებით მოიხსენიებდა.

„თავად კახიშვილი ამბობდა, რომ არის უდანაშაულო, რომ შეუკერეს ეს საქმე, ასე ვთქვათ ჩაუდეს, რომ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს მის წინააღმდეგ და ბრალდებულების კავშირი იყო მოგონილი, ვინაიდან მოტივი შემოეტანათ საქმეში. შემდეგ მოსამართლემ გააძევა დარბაზიდან საერთოდ, ვინაიდან ის უწმაწური სიტყვებით მოიხსენიებდა ყველას, ვინც მისი საქმე „გააყალბა“, - განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, დღეს კასპში მეუღლის მკვლელობის დაფარვისთვის ბრალდებულ ქეთევან ჩხაიძეს 5 წლით და 6 თვით, მკვლელობაში ბრალდებულ ზურაბ კახიშვილს კი უვადო პატიმრობა მიესაჯა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს