გიორგი ბარამიძე - მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ხნის წინ ვიშიმშილე, შევუერთდი ამ შიმშილობას

“ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაგეგმილ მასობრივი შიმშილობის პროტესტს პარტიის კიდევ ერთი წევრი, გიორგი ბარამიძეც უერთდება.

როგორც ჟურნალისტებს ბარამიძემ განუცხადა, პროტესტის ეს ფორმა უვადოა და იქამდე გაგრძელდება, ვიდრე პატიმრობიდან არ გათავისუფლდება მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

“რა თქმა უნდა, რთულია უკვე ჩემი ასაკის ადამიანისთვის (შიმშილობა), მანამდე მომიწია მიშას შიმშილობის პროცესში ჩართვა, როდესაც ელენე ხოშტარიას კარგა ხნის დაწყებული ჰქონდა შიმშილობა. ჩემს კოლეგა პარლამენტის წევრებთან ერთად 6 დღე ვიშიმშილე, რაც იოლი ნამდვილად არ არის. არ არის იოლი იშიმშილოს ვიღაცამ ერთი, ორი დღე და მერე თვითონ განსჯის, რამდენად კომფორტულია თუ არა, ასევე მოსახერხებელია თუ არა. ჯანმრთელობისთვის ნამდვილად სახიფათოა, მაგრამ ვთვლი, რომ მე მაქვს ეს ვალდებულება გავაკეთო, როგორც ერთმა ადამიანმა ყველაფერი, რაც შემიძლია, თუნდაც ეს ჩემი ჯანმრთელობის ფასად და პოტენციურად სიცოცხლის ფასად დამიჯდეს. არავინ იცის, ასეთი ტიპის პროცესი როგორ დამთავრდება. ამიტომ, მეც, ბუნებრივია, მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ხნის წინ ვიშიმშილე, შევუერთდი ამ შიმშილობას. რაც მთავარია, ვამაყობ ყველა ჩემი მეგობრით, კოლეგით და თანამებრძოლით, რომელიც უკვე შეუერთდა პროტესტის ამ უკიდურესად რადიკალურ, მაგრამ მშვიდობიან აქციას. დარწმუნებული ვარ, მომდევნო დღეების განმავლობაში კიდევ უფრო მეტი ადამიანი, საქართველოს მოქალაქე, არა მარტო მიხეილ სააკაშვილის მომხრე და “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, არამედ რიგითი მოქალაქეებიც აირჩევენ პროტესტის ამ ფორმას ან რაიმე სხვა ფორმას, რომელიც მიმართული იქნება მიშას გათავისუფლებისკენ”, - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

მისი თქმით, არანაირი მსხვერპლი არ არის საჭირო, უბრალოდ შიმშილობა არის პროტესტის ის უკიდურესი ფორმა, როდესაც არავინ იცის წინასწარ, როგორ დამთავრდება.

“მძევლობაში ჰყავთ, როგორც პუტინის პირადი პოლიტიკური მძევალი ამ ქვეყნის თანამედროვე სახელმწიფოებრიობის შემქმნელი მესამე პრეზიდენტი, ბუნებრივია, ჩვენ გულხელდაკრეფილები ვერ ვიჯდებოდით, ახალ წელს ვერ დაველოდებით და ახალი წლის ზეიმს ვერ ჩავატარებთ, ვითომ ქვეყანაში არაფერი ხდება. ამიტომ, ჩვენი მოვალეობაა ვიბრძოლოთ რამდენადაც შესაძლებელია მშვიდობიანი და არაძალადობრივი გზით, რაც კონსტიტუციითაა დაშვებული”, - აცხადებს ბარამიძე.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს