ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, „ოცნება“ მოქმედებს როგორც „მაფიოზური დაჯგუფება“, რომელიც პარტიულ ვერტიკალს უქვემდებარებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს

პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება“, ავტორიტარული სისტემებისთვის დამახასიათებელი მეთოდებით, აგრძელებს დამოუკიდებელი ინსტიტუტების განადგურებას. მისივე თქმით, დღეს, პარლამენტის ბიუროზე განიხილება კანონპროექტი, რომელიც „ოცნებისთვის“ ჩვეულ სტილში - „რეფორმის სახელით“ პარტიულ ვერტიკალს უქვემდებარებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, სისტემის ძალადობისგან მოქალაქეთა დაცვის უკანასკნელ დამოუკიდებელ მექანიზმს.

„ეს ნიშნავს იმას, რომ თუ დაკავებისას ან პატიმრობაში ყოფნისას თქვენზე სამართალდამცავები იძალადებენ, ძალადობის ობიექტურად გამოძიების და დამნაშავეთა დასჯის იმედი აღარ უნდა გქონდეთ - სამართალდამცავთა ძალადობის მაკონტროლებელი დამოუკიდებელი უწყება აღარ იარსებებს. ეს ნიშნავს იმას, რომ ხვალ ლუკა სირაძის მსგავს ტრაგედიებს ობიექტური გამომძიებელიც არ ეყოლება (პროკურატურა და სასამართლო ისედაც აღარ ჰყავს).

ამ ფონზე, „ოცნების“ განცხადებები სამსახურის გაძლიერებაზე არის ფარსი“, - აცხადებს ნათია მეზვრიშვილი.

მისივე თქმით, რეალობა არის შემდეგი: ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი დღეს იმართება პარტიიდან. მართლმსაჯულების სისტემას სრულად აკონტროლებს ხელისუფლება - პარტია მართავს ძალოვან უწყებებს, პროკურატურას, სასამართლოს.

„ერთადერთი დამოუკიდებელი უწყება, რომელიც მოქალაქეებს სისტემის დანაშაულისგან იცავს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურია, რომლის შექმნა 2012 წლამდე ადამიანების მიმართ ხელისუფლების მიერ ჩადენილი მძიმე დანაშაულების გამოძახილი იყო.

ეს სამსახური დღეს განვითარების პროცესშია - ინსტიტუციური დამოუკიდებლობის მინიჭების შემდეგ, მთავარი ამოცანა პრაქტიკული დამოუკიდებლობისთვის ქმედითი ბერკეტების მინიჭება უნდა ყოფილიყო - პირველ რიგში კი პროკურატურისგან დამოუკიდებლად საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების უფლება.

ამის ნაცვლად, „ქართულმა ოცნებამ“, ავტორიტარული მმართველობისთვის დამახასიათებელი მეთოდებით, დემოკრატიაზე მორიგი შტურმი განახორციელა და არჩევითი ორგანოს ლიკვიდაცია გადაწყვიტა (ყველა თანამშრომლის სახლში გაშვებით). ლიკვიდაცია უწყების, რომლის ხელმძღვანელი 6 წლის ვადით, პარლამენტის მიერ არის არჩეული და იმუნიტეტი იცავს. მიზანი მარტივია: უწყების დაკომპლექტება პარტიისადმი ლოიალურად განწყობილი კადრებით.

შეტევა „ოცნებამ“ წინასაახალწლოდ დაგეგმა, როცა საერთაშორისო პარტნიორები ისვენებენ. კანონპროექტი ფართო განხილვის გარეშე, ერთპიროვნულად დაწერა და დაჩქარებული წესით, რიგგარეშე სხდომაზე იხილავს“, - აცხადებს ნათია მეზვრიშვილი.

ის „ქართულ ოცნებას“ მიმართავს და აღნიშნავს, რომ სანამ ინტერესთა კონფლიქტზე და სამსახურის მოჩვენებით გაძლიერებაზე ურცხვად დაიწყებთ ლაპარაკს: განიხილონ საგამოძიებო და საპროკურორო ფუნქციების გამიჯვნის შესახებ სექტემბერში ინიცირებული და თაროზე შემოდებული კანონპროექტი, რომელიც საგამოძიებო უწყებების გაძლიერებას და გამოძიების ხარისხის გაზრდას ისახავს მიზნად;

„გაითხოვეთ თქვენს მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც საგამოძიებო სისტემის რეფორმის იმიტაციაა და მისი თითოეული პუნქტი პროკურატურისთვის ძალაუფლების შენარჩუნების და საგამოძიებო ორგანოების დაკნინების მიზანს ემსახურება. თუ ასეთი კეთილშობილური მიზნები გამოძრავებდათ, მოჩვენებითად ერთი მუხლი მაინც მიგეძღვნათ ინსპექტორის სამსახურის გაძლიერებისთვის (რამ შეგიშალათ ხელი?);

აღმოფხვერით ინტერესთა კონფლიქტი პროკურატურაში - ჩამოართვით ამ უწყებას საგამოძიებო ფუნქცია და გამოძიებაში აქტიური მონაწილეობის უფლება და დაუტოვეთ მხოლოდ საზედამხედველო;

აღმოფხვერით ინტერესთა კონფლიქტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში - გაიტანეთ ცალკე ანტიკორუფციული სამსახური და შექმენით დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტო;

გაატარეთ გენერალური ინსპექციების რეფორმა;

დანერგეთ ეროვნული პოლიციის კონცეფცია, რომლის პირობებში პოლიციის ხელმძღვანელი არ იქნება პოლიტიკური თანამდებობის პირი;

დაშალეთ იუსტიციის უმაღლესი საბჭო და აღმოფხვერით სასამართლო სისტემაში არაფორმალური გავლენები;

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მიეცით საგამოძიებო მოქმედებების დამოუკიდებლად ჩატარების უფლება, შეცვალეთ კანონი და გაათავისუფლეთ პროკურატურაზე დამოკიდებულებისაგან;

გაატარეთ ქვეყანაში კრიმინოგენური მდგომარეობის შესაბამისი თანმიმდევრული პოლიტიკა;

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა აქციეთ ქვეყნის პრიორიტეტად და ამ ყველაფრის შემდეგ იქნებ შეიძინოთ მორალური უფლება, რომ მაგ სიგიჟეზე, რაც დააინიცირეთ, მინიმუმ დისკუსია გახსნათ.

მაგრამ ძალიან კარგად იცით, რომ ამ რეფორმების გატარების ლეგიტიმაცია თქვენ აღარ გაქვთ. ამიტომ, ძალაუფლების განსამტკიცებლად, მოქმედებთ როგორც მაფიოზური დაჯგუფება - აუქმებთ ვადით არჩეულ ინსტიტუტებს; საპარლამენტო რესპუბლიკაში ცხვირსახოცებივით, ახსნა-განმარტების გარეშე ცვლით პარლამენტის თავმჯდომარეებს; მოსყიდვით და დაშინებით ცვლით არჩევნების შედეგებს.

ერთი მხრივ, პროდასავლურობაზე პრეტენზია და მეორე მხრივ, ეს მეთოდები თვისობრივად შეუთავსებელია. დასავლეთში თქვენნაირ მმართველობებს ავტორიტარულს ეძახიან !- წერს ნათია მეზვრიშვილი „ფეისბუქში“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა